იოსებ არიმათეელი სიმართლის მხარეს დადგა
იოსებ არიმათეელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რომაელი გამგებლის წინაშე წარდგომას გაბედავდა. პონტიუს პილატეს ჯიუტი კაცის სახელი ჰქონდა, მაგრამ იესო ღირსეულად რომ დაეკრძალათ, ვინმეს მისი ცხედარი პილატესგან უნდა გამოეთხოვა. თუმცა მის წინაშე წარდგომა არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც იოსებს ეგონა. მას შემდეგ, რაც პილატემ ასისთავისგან გაიგო, რომ იესო მკვდარი იყო, იოსებს ძელიდან მისი ცხედრის ჩამოხსნის უფლება მისცა. ახლა გულდამძიმებული იოსები ისევ იქ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც იესო წამებით მოკლეს (მარ. 15:42—45).
ვინ იყო იოსებ არიმათეელი?
რა ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან?
რატომ უნდა გვაინტერესებდეს მისი ისტორია?
სინედრიონის წევრი
მარკოზის სახარებაში იოსები „საბჭოს პატივცემულ წევრად“ არის მოხსენიებული. აშკარაა, რომ საბჭოში სინედრიონი იგულისხმებოდა, რომელიც ებრაელების უზენაესი სასამართლო და უმაღლესი ადმინისტრაციული საბჭო იყო (მარ. 15:1, 43). იოსები იუდეველთა ერთ-ერთი მმართველი იყო. სწორედ ამიტომ მოახერხა მან რომაელ გამგებელთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, არც ის არის გასაკვირი, რომ ის მდიდარი იყო (მათ. 27:57).
შეგიძლიათ გაბედულად აღიაროთ იესო თქვენს მეფედ?
სინედრიონის თითქმის ყველა წევრი მტრულად იყო განწყობილი იესოს მიმართ, ამიტომ მისი მოკვლა დაგეგმეს. მაგრამ ბიბლია იოსებს კარგ და მართალ კაცად მოიხსენიებს (ლუკ. 23:50). სინედრიონის ბევრი წევრისგან განსხვავებით, ის პატიოსანი და წესიერი ადამიანი იყო და ყველანაირად ცდილობდა, რომ ღვთის კანონები არ დაერღვია. ის „ღვთის სამეფოს ელოდა“ და შესაძლოა სწორედ ამიტომ გახდა იესოს მოწაფე (მარ. 15:43; მათ. 27:57). როგორც ჩანს, ის სიმართლისა და სამართლიანობის სიყვარულმა მიიზიდა იესოსკენ.
ფარული მოწაფე
იოანეს 19:38-ში იოსებზე ნათქვამია, რომ „იესოს მოწაფე იყო — ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველებისა ეშინოდა“. რა აშინებდა იოსებს? მან იცოდა, რომ იუდეველებს სძულდათ იესო და გადაწყვეტილი ჰქონდათ, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებდა (იოან. 7:45—49; 9:22). სინაგოგიდან მოკვეთილი ადამიანი ხალხისგან მოძულებული, გარიყული და განდევნილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ვერ ბედავდა იოსები, სხვების წინაშე ეღიარებინა, რომ სწამდა იესო. შეიძლება მას აშინებდა, რომ თანამდებობას დაკარგავდა ან რეპუტაცია შეელახებოდა.
ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში მხოლოდ იოსები არ იყო. იოანეს 12:42-ის თანახმად, „ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის [იესო], მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ“. მსგავს მდგომარეობაში იყო სინედრიონის კიდევ ერთი წევრი, ნიკოდემე (იოან. 3:1—10; 7:50—52).
მიუხედავად იმისა, რომ იოსები იესოს მოწაფე იყო, ამის ხმამაღლა აღიარების გამბედაობა არ ყოფნიდა. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იესოს სიტყვებს: „ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, მეც ვაღიარებ ზეციერი მამის წინაშე, რომ ერთობაში ვარ მასთან. ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მათ. 10:32, 33). რა თქმა უნდა, იოსებს პირდაპირ არ უარყვია იესო, მაგრამ არც იმის გამბედაობა ეყო, რომ სხვების წინაშე ეღიარებინა ის. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსებმა მხარი არ დაუჭირა იესოს წინააღმდეგ სინედრიონის განზრახვას (ლუკ. 23:51). არსებობს მოსაზრება, რომ იოსები არ ესწრებოდა იესოს გასამართლებას. თუმცა ერთი რამ ცხადია: იოსებს მოსვენებას დაუკარგავდა ასეთი საშინელი უსამართლობა, რომელსაც წინ ვერანაირად ვერ აღუდგებოდა!
შიშის დაძლევა
აშკარაა, რომ უფლის სიკვდილის დღეს იოსებმა შიში დაძლია და გადაწყვიტა, დახმარებოდა იესოს მიმდევრებს. ეს კარგად ჩანს მარკოზის 15:43-დან: „[მან] გამბედაობა მოიკრიბა, შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა“.
სავარაუდოდ, იოსებმა საკუთარი თვალით იხილა იესოს სიკვდილი, რადგან მან პილატეზე ადრე იცოდა ამის შესახებ. როცა იოსებმა იესოს ცხედარი გამოითხოვა, პილატეს „უნდოდა გაეგო, უკვე მკვდარი იყო თუ არა იესო“ (მარ. 15:44). თუ იოსები მართლა გახდა იესოს მტანჯველი სიკვდილის თვითმხილველი, შეიძლებოდა ამ საშინელ ფაქტს დაეფიქრებინა ის და აღეძრა, სიმართლის მხარეს დამდგარიყო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: იოსებმა იმოქმედა, რითაც ცხადყო, რომ აღარ სურდა, იესოს ფარული მოწაფე ყოფილიყო.
იოსები მარხავს იესოს
კანონით ებრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ სიკვდილით დასჯილი ადამიანის გვამი მზის ჩასვლამდე დაემარხათ (კან. 21:22, 23). თუმცა რომაელები დამნაშავეების გვამს ან ძელზე ტოვებდნენ გასახრწნელად, ან საერთო სამარხში მარხავდნენ. მაგრამ იოსებს იესოს ცხედრის არც ძელზე დატოვება სურდა და არც საერთო სამარხში დამარხვა. იმ ადგილთან ახლოს, სადაც იესო ძელზე გააკრეს, იოსებს კლდეში გამოკვეთილი სამარხი ჰქონდა, რომელშიც ჯერ არავინ იყო დასვენებული. ის ფაქტი, რომ სამარხი გამოუყენებელი იყო, იმაზე მიანიშნებს, რომ იოსები არიმათეიდანa იერუსალიმში ახალი გადასული იყო და სურდა, რომ ეს აკლდამა მისი საგვარეულო სამარხი გამხდარიყო (ლუკ. 23:53; იოან. 19:41). თავის საგვარეულო სამარხში იესოს დაკრძალვა იოსების მხრიდან დიდსულოვანი საქციელი იყო. ამით შესრულდა მესიის შესახებ წინასწარმეტყველება, რომ იესო მდიდრებთან დაიმარხებოდა (ეს. 53:5, 8, 9).
არის თქვენთვის რაიმე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იეჰოვასთან ურთიერთობა?
ოთხივე სახარებაში ვკითხულობთ, რომ ბოძიდან ჩამოხსნილი იესოს ცხედარი იოსებმა საუკეთესო სელის ტილოში გაახვია და ახალ სამარხში დაასვენა (მათ. 27:59—61; მარ. 15:46, 47; ლუკ. 23:53, 55; იოან. 19:38—40). ერთადერთი ადამიანი, ვინც მხარში დაუდგა იოსებს, ნიკოდემე იყო, რომელმაც მას სურნელოვანი მცენარეები მიუტანა. რადგან მათ მაღალი მდგომარეობა ეკავათ, გვამის წაღება და დამარხვა თვითონ არ მოუწევდათ. ამას ისინი, სავარაუდოდ, თავიანთ მსახურებს დაავალებდნენ. ასე იყო თუ ისე, მათ საკმაოდ კარგი საქმე გააკეთეს. მოსეს კანონის თანახმად, ის, ვინც გვამს შეეხებოდა, შვიდი დღის მანძილზე უწმინდური იქნებოდა და, რასაც ის შეეხებოდა, უწმინდურად ჩაითვლებოდა (რიცხ. 19:11; ანგ. 2:13). გაუწმინდურების შემთხვევაში ისინი პასექის დროს ყველასგან განცალკევებით უნდა ყოფილიყვნენ და არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნაში (რიცხ. 9:6). იესოს დამარხვის გამო იოსები სინედრიონის სხვა წევრებს შეიძლებოდა ქვეყნის სასაცილო გაეხადათ. მაგრამ ამჯერად ის უკვე მზად იყო ყველაფრისთვის, რაც შეიძლებოდა იესოს ღირსეულად დაკრძალვასა და საკუთარი თავის ქრისტეს მოწაფედ გამჟღავნებას მოჰყოლოდა.
იოსების ამბის დასასრული
ამ შემთხვევის გარდა, ბიბლია იოსებ არიმათეელს მეტად აღარ მოიხსენიებს, რაც ლოგიკურ კითხვას ბადებს: როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება? ამ კითხვაზე პასუხი არა გვაქვს, თუმცა ზემოხსენებული შემთხვევიდან გამომდინარე, მან შეიძლება სახალხოდ აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ ყველაზე რთულ და კრიტიკულ მომენტში გამოავლინა გაბედულება და ძლიერი რწმენა, რაც ნამდვილად კარგის ნიშანი იყო.
იოსების შემთხვევამ თითოეული ღრმად უნდა დაგვაფიქროს შემდეგ კითხვაზე: არის ჩემთვის რაიმე — თანამდებობა, კარიერა, ქონება, ოჯახი ან თუნდაც თავისუფლება — იეჰოვასთან ურთიერთობაზე ძვირფასი?
a არიმათეა, როგორც ჩანს, იგივე რამაა, დღევანდელი რენტისი (რანტისი). ეს იყო წინასწარმეტყველ სამუელის მშობლიური ქალაქი, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 35 კმ-ში მდებარეობდა (1 სამ. 1:19, 20).