მოდი, გავიგოთ იესოს აზრი
ბევრი ღვთისმოშიში ადამიანი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რელიგია პოლიტიკაში ჩაერიოს. ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიას კაცობრიობის პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ სხვა გულწრფელ ქრისტიანებს სჯერათ, რომ რელიგია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? უნდა ჰქონდეს ამ ორ ძლიერ „გიგანტს“ ერთმანეთისთვის ხელი ასე მძლავრად ჩაკიდებული?
იესო ქრისტეზე ამბობენ, რომ „რელიგიის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა“. წარმოიდგინეთ, მისთვის რომ შეგვეძლოს კითხვის დასმა, უნდა ერეოდეს თუ არა რელიგია პოლიტიკაში, რას გვიპასუხებდა იგი? დედამიწაზე ყოფნის დროს მან ამ კითხვაზე პასუხი თავისი სიტყვითა და საქმით გასცა. მაგალითად, მთაზე ქადაგებისას, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, იესომ მითითებები მისცა თავის მიმდევრებს, თუ რისი გაკეთება მართებდათ გარშემომყოფთათვის. განვიხილოთ ამ მითითებებიდან რამდენიმე.
ნუ გაერიყებით საზოგადოებას!
იესომ აღნიშნა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მის მიმდევრებს ქვეყნიერების მიმართ. მან თქვა: „თქვენ ხართ მიწის მარილი და თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად, რომ ხალხმა ზედ იაროს. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე . . . თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:13—16). რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები მარილსა და სინათლეს?
ამ სიტყვებში იესო გულისხმობდა, რომ მისი მიმდევრები მხოლოდ ადამიანთა პატარა ჯგუფისთვის კი არ იქნებოდნენ მარილის მსგავსი, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. იმავეს თქმა შეიძლება სინათლეზეც; ისინი არა მარტო ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის იქნებოდნენ სინათლე, არამედ ყველასთვის, ვისაც მკაფიოდ დანახვის სურვილი ექნებოდა. ამ შედარებით იესომ თავის მიმდევრებს დაანახა, რომ არ უნდა გარიყულიყვნენ საზოგადოებისგან.
აღსანიშნავია, რომ მარილი პროდუქტს ვერ შეინახავს, თუ არ დაამარილებ მას. ლამპა სიბნელეში ვერ გაანათებს, თუ მას ბნელ ოთახში არ შეიტან. ამიტომ, იესო არასდროს მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ სადმე გადახვეწილიყვნენ და მორწმუნეთა საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ. არც იმისკენ მოუწოდებდა მათ, რომ განდეგილებივით მონასტრებსა თუ ტაძრებში გამოკეტილიყვნენ. პირიქით, როგორც მარილი უნდა შეერიოს საკვებს და ნათელმა გაანათოს ბნელი, ისე ქრისტიანებიც უნდა გაერიონ ხალხში და მათ კეთილდღეობაზე იზრუნონ.
„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, არ გარიყოდნენ საზოგადოებას. მაგრამ იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს პოლიტიკის მიმართ? სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ლოცვაში ღმერთს სთხოვა: „იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:15, 16). მაშ, როგორ შეიძლება ქრისტიანები არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი და ამავე დროს, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, დავფიქრდეთ სამ საკითხზე:
• ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?
• რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?
• როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?
[ჩანართი 4 გვერდზე]
იესომ ნათლად აჩვენა, რომ არ სურდა, მისი მიმდევრები საზოგადოებას გარიყოდნენ