როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?
წინა სტატიებში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არ ერევიან ნამდვილი ქრისტიანები პოლიტიკაში. მაშ, როგორ აჩვენებენ ქრისტიანები, რომ ინტერესდებიან გარშემომყოფთა კეთილდღეობით? მაგალითად, ისინი მიჰყვებიან იესოს მითითებას: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
იესოს დავალება, „მოემზადებინათ მოწაფეები“, პირდაპირ უკავშირდება მისსავე მოწოდებას, რომ მისი მოწაფეები ქვეყნიერებისთვის მარილივით და სინათლესავით უნდა ყოფილიყვნენ (მათე 5:13, 14). რა კავშირია ამ ორ მითითებას შორის? როგორ მოქმედებს ხალხზე ეს საქმიანობა?
ქრისტეს ცნობა იცავს და გზას უნათებს ადამიანებს
მარილი იცავს საკვებს გაფუჭებისგან. მარილის მსგავსად, იმ ცნობასაც, რომლის გაცხადებაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა მთელ მსოფლიოში, მავნე გავლენისგან დაცვა შეუძლია. ისინი, ვინც ითავისებენ იესოს სწავლებებს და მიჰყვებიან მის მითითებებს, დაცულნი არიან უზნეობისგან, რომელიც დღეს ასეა გავრცელებული. როგორ იცავს ეს ცნობა ხალხს? ისინი თავს ანებებენ სიცოცხლისთვის საზიანო ჩვევებს, მაგალითად, სიგარეტის მოწევას. ამავე დროს, ხდებიან მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, მომთმენი და კეთილი ადამიანები (გალატელები 5:22, 23). სწორედ ამ თვისებების გამო არიან იეჰოვას მოწმეები საზოგადოების ღირსეული წევრები. ქრისტიანები, რომლებიც ამ ცნობას მოყვასს უზიარებენ, საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვანწილად უწყობენ ხელს.
რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები სინათლეს? როგორც მთვარე ირეკლავს სინათლეს მზისგან, ისე ქრისტეს მიმდევრები ირეკლავენ „სინათლეს“ იეჰოვა ღმერთისგან. ისინი იეჰოვას „სინათლეს“ მაშინ ირეკლავენ, როცა სასიხარულო ცნობას გადასცემენ სხვებს და სიკეთეს უკეთებენ მათ (1 პეტრე 2:12).
მოგვიანებით იესომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მსგავსება იყო სინათლესა და მის მიმდევრობას შორის: „ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე“. სალამპრეზე დადგმული ანთებული ლამპარი ყველას უნათებს. მსგავსად ამისა, სამქადაგებლო საქმიანობა და ნამდვილი ქრისტიანების კარგი საქმეებიც ყველასთვის ნათელია. იესომ თქვა, რომ ყველა, ვინც ხედავს ქრისტიანთა კარგ საქმეებს, თავად მათ კი არა, ღმერთს განადიდებს (მათე 5:14—16).
თითოეული ქრისტიანის მოვალეობა
როდესაც იესომ თქვა — „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“ და „თქვენი სინათლე ანათებდეს“ — მან ყველა თავის მოწაფეს მიმართა. იესოს დავალებას ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ვერ შეასრულებდა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებში იქნებოდნენ მიმოფანტული. ნაცვლად ამისა, ყველას უნდა „ენათებინა“. შვიდ მილიონ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც 235-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, სჯერათ, რომ თითოეული მათგანის მოვალეობაა, თავიანთ მოყვასს გაუზიარონ ცნობა, რომლის ქადაგებაც მათ იესომ დაავალა.
რა ცნობას გადასცემენ იეჰოვას მოწმეები ხალხს? როდესაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ, მას არ უთქვამს მათთვის, რომ ესაუბრათ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეფორმებზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაერთიანებაზე ან მსგავს საკითხებზე. ნაცვლად ამისა, მან იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც მიჰყვებიან იესოს მითითებებს, ქადაგებენ ღვთის სამეფოს, ერთადერთი მმართველობის შესახებ, რომელიც სატანის ბოროტ ქვეყნიერებას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით ჩაანაცვლებს.
როდესაც სახარებებს ვკითხულობთ, იესოს მსახურების ორ განსაკუთრებულ მხარეს ვხედავთ, რაც დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანების მსახურებიდანაც იკვეთება. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
[ჩანართი 8 გვერდზე]
რით ჰგავს სასიხარულო ცნობა მარილს?
[ჩანართი 9 გვერდზე]
რით ჰგავს ქრისტეს ცნობა სიბნელეში ანთებულ ლამპარს?