რომელმა ვარსკვლავმა მიიყვანა მოგვები იესოსთან?
საშობაო ისტორიებში ამ ვარსკვლავს ღვთისგან მოვლენილ ნიშნად მიიჩნევენ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
◼ სახარების ერთ-ერთი დამწერის, მათეს ცნობით, აღმოსავლელი მოგვების ყურადღება ერთმა უჩვეულო ვარსკვლავმა მიიქცია, რომელმაც ისინი საბოლოოდ პატარა იესოსთან მიიყვანა (მათე 2:1—12, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). საშობაო ისტორიებში ამ ვარსკვლავს ღვთისგან მოვლენილ ნიშნად მიიჩნევენ. ერთი ნაშრომი ამ ვარსკვლავს უწოდებს „ღვთიურ ნიშანს, რომლითაც . . . მამამ პატარა იესო განადიდა და სხვების წინაშე დაამოწმა, რომ ის მისი საყვარელი ძე იყო“. ამ ვარსკვლავს საშობაო სიმღერებშიც განადიდებენ. რა ვარსკვლავი იყო ეს?
ზოგი ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივი ციური სხეული იყო. ზოგი სწავლულის აზრით, შესაძლოა ეს პლანეტების გროვა იყო. მაგრამ ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ „ასეთ გროვას შეუძლებელია ვარსკვლავი ეწოდოს“ (The New Bible Dictionary). როცა რამდენიმე პლანეტა ერთმანეთს ჩაუვლის, თითოეულის ნათება აღიქმება ცალ-ცალკე და არა როგორც ერთი ვარსკვლავი. ზოგს კი ეს ვარსკვლავი სხვა ციური სხეული ჰგონია, მაგალითად კომეტა ან ზეახალი ვარსკვლავი. გარდა ამისა, არც ერთ ციურ სხეულს არ შეუძლია ადამიანი კონკრეტულ ქალაქსა და სახლში მიიყვანოს.
ვარსკვლავი, რომელიც მოგვებს გაუძღვა, ჩვეულებრივი ციური სხეული იყო თუ ამაში ღვთის ხელი ერია? დავფიქრდეთ შემდეგზე: აქ მოხსენიებულ მოგვებში არ იგულისხმება არც სწავლულები და არც მეფეები. თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, ისინი ასტროლოგები იყვნენ. წმინდა წერილები კი გმობდა მათ საქმიანობას (კანონი 18:10—12). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბიბლიის თანახმად, ეს ვარსკვლავი მხოლოდ მათ იხილეს. ეს რომ ჩვეულებრივი ვარსკვლავი ყოფილიყო, ის შუქურასავით ყველასთვის ხილული იქნებოდა. მეფე ჰეროდესაც არ შეუნიშნავს ის და მოგვებს მისი გამოჩენის დრო ჰკითხა. ამ ვარსკვლავმა ისინი იერუსალიმში მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, რომელიც მომავალი მესიის დაუძინებელი მტერი იყო. მას პატარა იესოს მოკვლა სურდა. შემდეგ ვარსკვლავმა ასტროლოგები სამხრეთით, ბეთლემისკენ წაიყვანა, რითაც იესოს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
ეს ცხადყოფს, რომ ვარსკვლავი ბოროტი ძალისგან, სატანა ეშმაკისგან იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ცრუ ნიშნებსა და საკვირველებებს ახდენს (2 თესალონიკელები 2:9). ამიტომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ აკვირვებთ ის, რომ სატანამ მარტო ასტროლოგებს დაანახვა ვარსკვლავის მსგავსი ციური სხეული და მისი მეშვეობით მიიყვანა ღვთის ძესთან, რომლის განადგურებაც უნდოდა. მაგრამ თავისი განზრახვის განხორციელებაში იეჰოვა ღმერთს ხელს ვერავინ შეუშლიდა. გასაკვირი არ არის, რომ სატანამ ვერ შეძლო თავისი მზაკვრული განზრახვის შესრულება და სიცოცხლე ვერ მოუსწრაფა პატარა იესოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღმერთმა იესოს დაბადება სასწაულებრივად აუწყა მწყემსებს. იესოს დაბადების ღამეს მწყემსებს ანგელოზი გამოეცხადა და „მხსნელის“ დაბადება ამცნო. ანგელოზმა მწყემსებს ახალდაბადებული იესოს ადგილსამყოფელიც შეატყობინა, რათა წასულიყვნენ და ენახათ ის. ამის მერე ცაში ღვთის განმადიდებელ ანგელოზთა ლაშქარი გამოჩნდა (ლუკა 2:8—14). თავისი ძის დაბადება ღმერთმა ხალხს ანგელოზების და არა ვარსკვლავის მეშვეობით ამცნო.