ბიბლიის თვალსაზრისი
მართალია, რომ იესო სამმა მეფემ მოინახულა ბეთლემში?
როდესაც იესო დაიბადა, აღმოსავლეთის გამოჩენილი ადამიანები ბეთლემისკენ გაემგზავრნენ, რომ თაყვანი ეცათ იესოსთვის, როგორც იუდეველთა მეფისთვის. დღემდე მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი, რომლებიც შობას ზეიმობენ, მათს სტუმრობას აღნიშნავს.
ზოგ მხარეში ხალხი ქმნის საშობაო სცენას, რომელშიც აღმოსავლეთიდან მისული დიდებულები სამ მეფედ არიან წარმოდგენილები და რომლებიც საჩუქრებით მიდიან ახალშობილ იესოსთან. სხვა ქვეყნებში კი ბავშვები „წმინდა მეფეების“ ტანისამოსს იცვამენ და სამეზობლოში გადიან. მიუხედვავად იმისა, რომ მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა, ხალხს ჯერაც ახსოვს ის უჩვეულო სტუმრები. ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში?
მეფეები იყვნენ ისინი?
ამ ისტორიული შემთხვევის შესახებ ცნობა ბიბლიაში, მათეს სახარებაშია, ჩაწერილი. მასში ნათქვამია: „როცა იესო დაიბადა. . . მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის, იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას“ (მათე 2:1, 2, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). რატომ წერია ბიბლიაში, რომ ისინი ვარსკვლავთმრიცხველები ანუ ასტროლოგები იყვნენ და არა მეფეები?
ბიბლიაში აქ გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „მაგოს“-ის მრავლობითი ფორმა. სხვადასხვა თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია სიტყვებად: „ბრძენნი“ „ასტროლოგები“, „ვარსკვლავთმრიცხველნი“ ან, უბრალოდ, მის ტრანსლიტერაციას აკეთებენ. მოგვებს იმათ უწოდებენ, ვინც ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგების მიხედვით იძლევა რჩევებს და წინასწარმეტყველებს. ამრიგად, როგორც ბიბლია ამბობს, ბეთლემში ჩასული სტუმრები მარჩიელები იყვნენ, რადგან ისინი ოკულტიზმს მიმართავდნენ, რასაც ღმერთი კრძალავდა (მეორე რჯული 18:10—12).
ისინი მეფეებიც იყვნენ? თუ დიახ, გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთ შემთხვევაში ბიბლია მათ მეფეებადაც მოიხსენიებდა. მათეს 2:1—12-ში ოთხჯერ არის გამოყენებული სიტყვა „მეფე“, რომელთაგანაც ერთი იესოს ეხება, დანარჩენი სამი კი — ჰეროდეს. მაგრამ მოგვები არც ერთხელ არ არიან მეფეებად მოხსენიებული. ამ საკითხთან დაკავშირებით „კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ეკლესიის მამებიდან არავინ ამბობს, რომ ის მოგვები მეფეები იყვნენ“. არც ბიბლია ამბობს ამას.
სამი მივიდა?
ბიბლია არ გვატყობინებს მათს რიცხვს. მიუხედავად ამისა, საშობაო სცენებსა და სიმღერებში, ტრადიციულად, სამი მეფე ჩნდება. როგორც ჩანს, ასეთი აზრი იმიტომ გავრცელდა, რომ მოგვებმა სამნაირი ძღვენი მიართვეს იესოს. ამასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს: „გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა“ (მათე 2:11, აფ).
გონივრული იქნებოდა დაგვესკვნა, რომ, რადგან სამი სახის ძღვენი მიართვეს, სამნი იყვნენ? განვიხილოთ, რას გვატყობინებს ბიბლია ისრაელში სხვა გამოჩენილი ადამიანის სტუმრობის შესახებ. ერთხელ მეფე სოლომონს საბას დედოფალი ესტუმრა და „ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები“ მიართვა (მესამე მეფეთა 10:2). მიუხედავად იმისა, რომ აქ სამნაირ ძღვენზეა საუბარი, ისინი ერთმა ადამიანმა, საბას დედოფალმა, მიუტანა მეფეს. მისი ძღვენის სახეობის რაოდენობა არ მიანიშნებს, რომ ისინი სამმა კაცმა მიართვა სოლომონს. მსგავსად ამისა, რადგანაც იესოს სამნაირი ძღვენი მიართვეს, ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ მასთან სამი მოგვი მივიდა.
„კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „სახარება არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენი მოგვი მივიდა, და ამასთან დაკავშირებით არ არსებობს განსაკუთრებული ტრადიცია. ეკლესიის ზოგი მამა ამბობს, რომ ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ძღვნის სახეობის მიხედვით განსაზღვრავენ“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ სხვადასხვა მხატვარი იესოსთან მისულ მოგვებს ორს, სამს, ოთხსა და რვასაც ხატავს. ზოგი ტრადიციის მიხედვით მათი რიცხვი 12-საც კი აღწევს. ზუსტი რიცხვის დადგენა, უბრალოდ, შეუძლებელია.
ცნობილი, მაგრამ მცდარი ამბავი
გავრცელებული რწმენის საპირისპიროდ, მოგვები, იესოს დაბადების დროს, თავდაპირველად ბეთლემში კი არა, იერუსალიმში ჩავიდნენ. ისინი არ შესწრებიან იესოს დაბადებას. მოგვიანებით კი, ბეთლემში ჩასვლისას, ბიბლიის თანახმად, „როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა“ (მათე 2:1, 11). აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ იმ დროისათვის, როდესაც მოგვებმა იესო იხილეს, მისი ოჯახი უკვე ნორმალურ საცხოვრებელში ცხოვრობდა. მათი მისვლისას იესო არ წოლილა ბაგაში.
ბიბლიის თანახმად, ცნობილი ამბავი იმის შესახებ, რომ დაბადებისას იესოსთან სამი მეფე მივიდა თაყვანისსაცემად, მცდარია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლია გვატყობინებს, რომ იესოსთან მისული მოგვები მეფეები კი არა, ასტროლოგები იყვნენ, რომლებიც ოკულტიზმს მიმართავდნენ. საღვთო წერილი არაფერს ამბობს მათი რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, ისინი არ მისულან იესოსთან მისი დაბადებისთანავე, როდესაც ის ბაგაში იწვა, არამედ — ცოტა მოგვიანებით, როდესაც მისი ოჯახი სახლში გადავიდა.
სამი მეფის შესახებ ეს ცნობილი ამბავი და სხვა ტრადიციული საშობაო ისტორიები, მიუხედავად იმისა, რომ საღვთო წერილს არ ეთანხმება, უვნებელ სადღესასწაულო მოთხრობებად მიაჩნიათ. მაგრამ ქრისტიანები დიდად აფასებენ თაყვანისცემას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი სიყალბისგან. ასევე იყო იესოც. ერთხელ, მამისადმი ლოცვისას, მან თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). მან თქვა, რომ „ჭეშმარიტი თავყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23).
[სურათი 23 გვერდზე]
„მოგვთა თაყვანისცემა“.