რატომ უნდა შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?
„იეჰოვა, გამასამართლე . . . ჩემი უმწიკვლობისამებრ!“ (ფსალმ. 7:8).
1, 2. რომელ სიტუაციებში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი უმწიკვლობა?
წარმოიდგინეთ სამი სხვადასხვა სიტუაცია. ბიჭს კლასელები მასხარად იგდებენ. მათ უნდათ, ბიჭმა მოთმინება დაკარგოს და უწმაწური სიტყვები თქვას ან იჩხუბოს. წამოეგება ის ანკესზე თუ თავს შეიკავებს და გზას გააგრძელებს? დაქორწინებული მამაკაცი სახლში მარტოა და ინტერნეტში რაღაცას ეძებს. უცებ ეკრანზე უხამსი ვებ-გვერდის სარეკლამო ფანჯარა ჩნდება. აჰყვება ცდუნებას და გააგრძელებს ყურებას თუ მოერიდება? ქრისტიანი ქალი სხვა ქრისტიანებთან საუბრისას ხვდება, რომ მათი საუბარი ერთ-ერთ დაზე ჭორაობაში გადადის. გააგრძელებს მასზე საუბარს თუ თემას შეცვლის?
2 სამივე სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთოც აქვთ. სამივე შემთხვევაში მათგან ქრისტიანული უმწიკვლობის შენარჩუნება მოითხოვება. გახსენდებათ თქვენც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომ უმწიკვლობა უნდა შეინარჩუნოთ? ყოველდღიურად ადამიანები ბევრ რამეზე ფიქრობენ, მაგალითად გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე, თავის რჩენაზე, სხვებთან წარმატებულ თუ წარუმატებელ ურთიერთობებზე, მათ შორის რომანტიკულ ურთიერთობებზე. ზოგჯერ ასეთ საკითხებზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობთ. მაგრამ ჩვენი გულების კვლევისას იეჰოვას ყველაზე მეტად ჩვენი უმწიკვლობის დანახვა სურს (ფსალმ. 139:23, 24).
3. რა არჩევნის გაკეთების უფლება მოგვცა იეჰოვამ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 იეჰოვამ, რომელიც „ყოველ კარგ ძღვენსა და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ იძლევა, ბევრი რამით დაგვაჯილდოვა (იაკ. 1:17). მისი წყალობით გვაქვს სხეული, გონება, ჯანმრთელობა და სხვადასხვა უნარი (1 კორ. 4:7). მაგრამ იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ უმწიკვლონი ვიყოთ. ჩვენ თვითონ ვირჩევთ, გვექნება თუ არა ეს თვისება (კან. 30:19). ამიტომ უნდა გავიგოთ, რა არის უმწიკვლობა. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სამ მიზეზზე, რატომ არის ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანი.
რა არის უმწიკვლობა?
4. რა მნიშვნელობა აქვს „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვების ფუძეს და რას ვიგებთ შესაწირავების შესახებ იეჰოვას კანონიდან?
4 ბევრი უმწიკვლობას პატიოსნებასთან აიგივებს. თუმცა ეს თვისებაც მნიშვნელოვანია, ის უმწიკვლობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა. „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვების ფუძე ნიშნავს საღს, მთელს ან უნაკლოს. ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი იეჰოვასთვის განკუთვნილ შესაწირავთან დაკავშირებით გამოიყენება. იეჰოვასთვის მხოლოდ მაშინ იყო შესაწირავი მისაღები, თუ ის საღი, უნაკლო იყო (წაიკითხეთ ლევიანების 22:19, 20). იეჰოვა მკაცრად განსჯიდა მათ, ვინც შეგნებულად არღვევდა მის მითითებას და კოჭლ, სნეულ და ბრმა ცხოველებს სწირავდა (მალ. 1:6—8).
5, 6. ა) რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ადამიანები აფასებენ იმას, რაც მთელია? ბ) საჭიროა უმწიკვლობის შესანარჩუნებლად სრულყოფილება? ახსენით.
5 ადამიანებიც აფასებენ იმას, რაც მთელია ან სრულია. წარმოიდგინეთ, რომ წიგნების კოლექციონერი ხანგრძლივი ძიების შემდეგ პოულობს ძვირფას წიგნს, მაგრამ ხედავს, რომ მას რამდენიმე მთავარი ფურცელი აკლია. იმედგაცრუებულმა შეიძლება წიგნი თაროზე დააბრუნოს. ან წარმოიდგინეთ ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ქალი, რომელიც ნაპირზე გამორიყულ ნიჟარებს აგროვებს. მათი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გაოცებული დროდადრო მათ ასაღებად იხრება. როგორ ნიჟარებს არჩევს ის? მთელ, დაუზიანებელ ნიჟარებს. მსგავსად, ღმერთიც ისეთ ადამიანებს ეძებს, რომელთაც „მთელი“, უმწიკვლო გული აქვთ (2 მატ. 16:9).
6 მაგრამ შეიძლება ფიქრობთ, რომ უმწიკვლობისთვის სრულყოფილება მოითხოვება. ჩვენ ცოდვილები და არასრულყოფილები ვართ, რის გამოც შეიძლება გვგონია, რომ ღვთის თვალში „ფურცლებამოხეული წიგნივით“ ან „დაზიანებულ ნიჟარასავით“ ვართ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა არ ითხოვს სრულყოფილებას ამ სიტყვის სრული გაგებით. ის ჩვენს შესაძლებლობაზე მეტს არ გვთხოვს (ფსალმ. 103:14; იაკ. 3:2)a. მაგრამ ჩვენგან ის უმწიკვლობას მოელის, რადგან უმწიკვლობა და სრულყოფილება ერთი და იგივე არ არის. მაგალითად, ბიჭს უყვარს გოგო და მასზე დაქორწინებას აპირებს. არაგონივრული იქნება, თუ ის საცოლეს სრულყოფილებას მოსთხოვს. მაგრამ სავსებით გონივრულია, თუ მოელის, რომ მომავალ მეუღლეს მთელი გულით ეყვარება და რომანტიკული გრძნობები მხოლოდ მის მიმართ ექნება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვაზე. ის „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთია“ (გამ. 20:5). ის არ ითხოვს სრულყოფილებას. მას სურს, მთელი გულით გვიყვარდეს ის და მხოლოდ მას ვცემდეთ თაყვანს.
7, 8. ა) უმწიკვლობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ? ბ) ბიბლიური გაგებით, რას ნიშნავს უმწიკვლობა?
7 შეიძლება გვახსენდება იესოს სიტყვები, რომლებიც მან ერთ მწიგნობარს მიუგო კითხვაზე, რომელი იყო უპირველესი მცნება (წაიკითხეთ მარკოზის 12:28—30). იესოს პასუხი ცარიელი სიტყვები არ ყოფილა; ის ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა. მან ღვთის მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით სიყვარულის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. იესომ დაგვანახვა, რომ უმწიკვლობა სიტყვებით კი არა, საქმეებით მტკიცდება, რომელთაც წრფელი მოტივები უდევს საფუძვლად. თუ გვინდა, რომ უმწიკვლოები ვიყოთ, იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ (1 პეტ. 2:21).
8 აქედან გამომდინარე, ბიბლიური გაგებით უმწიკვლობა იეჰოვა ღმერთის, მისი ნებისა და განზრახვების მიმართ უანგარო ერთგულებას ნიშნავს. უმწიკვლობას შევინარჩუნებთ, თუ ყოველდღე შევეცდებით, ვასიამოვნოთ იეჰოვას. მისთვის მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. განვიხილოთ სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე.
1. ჩვენი უმწიკვლობა და იეჰოვას უზენაესობა
9. როგორ უკავშირდება ჩვენი უმწიკვლობა უზენაესობის საკითხს?
9 ჩვენი უმწიკვლობა არ წყვეტს, იქნება თუ არა იეჰოვა უზენაესი ხელისუფალი. მისი უზენაესობა სამართლიანი, მარადიული და ყოვლისმომცველია, და ეს ასე იქნება იმის მიუხედავად, რას იტყვის ან რას გააკეთებს მისი რომელიმე ქმნილება. მაგრამ ღვთის უზენაესობას ზეცაში და დედამიწაზე ცრუბრალდებების გამო ჩრდილი მიადგა. ყველა მოაზროვნე ქმნილების წინაშე უნდა დამტკიცდეს, რომ მის უზენაეს ხელისუფლებას სამართლიანობა და სიყვარული უდევს საფუძვლად. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ვესაუბრებით ხალხს ღვთის უზენაესობის შესახებ. მაგრამ პირადად რით ცხადვყოფთ, ვის მხარეს ვართ? რით ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას უზენაეს მმართველობას ვუჭერთ მხარს? იმით, რომ უმწიკვლობას ვინარჩუნებთ.
10. რაში დასდო ბრალი სატანამ კაცობრიობას და შენ რა პასუხის გაცემა გსურს ამ ბრალდებაზე?
10 განვიხილოთ, რა როლს თამაშობს უზენაესობის საკითხში ჩვენი უმწიკვლობა. სატანა ამტკიცებდა, რომ ღვთის უზენაესობას არც ერთი ადამიანი არ დაუჭერდა მხარს და არავინ ემსახურებოდა იეჰოვას უანგაროდ. უამრავი ანგელოზის წინაშე ეშმაკმა უთხრა იეჰოვას: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). აქედან გამომდინარე, სატანამ მხოლოდ მართალ კაცს, იობს კი არ დასდო ბრალი, არამედ მთელ კაცობრიობას. ამიტომ უწოდებს ბიბლია სატანას „ჩვენი ძმების ბრალმდებელს“ (გამოცხ. 12:10). ის ცინიკურად ეუბნება იეჰოვას, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დარჩება ერთგული, მათ შორის შენც. ის ამტკიცებს, რომ შენ უღალატებ იეჰოვას საკუთარი თავის გადასარჩენად. როგორია ასეთი ბრალდების მოსმენა? გინდა დაამტკიცო, რომ სატანა მატყუარაა? ამას მხოლოდ უმწიკვლობის შენარჩუნებით შეძლებ.
11, 12. ა) როგორც მაგალითებიდან ჩანს, როგორ უკავშირდება ყოველდღიური გადაწყვეტილებები ჩვენს უმწიკვლობას? ბ) რატომ არის უმწიკვლობის შენარჩუნება დიდი პატივი?
11 აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიქცევით და რა არჩევანს ვაკეთებთ ყოველდღიურად. გავიხსენოთ ზემოთ მოხსენიებული სამი შემთხვევა. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომ თავიანთი უმწიკვლობა დაამტკიცონ? ბიჭს კლასელები მასხარად იგდებენ; ის დიდი ცდუნების წინაშე დგას, რომ სამაგიერო გადაუხადოს, მაგრამ მას ახსენდება რჩევა: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომ. 12:19). ამიტომ ის არ ჩერდება და გზას განაგრძობს. დაქორწინებული მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში რაღაცას ეძებს, ეროტიკული მასალის ყურების ცდუნების წინაშე დგას, მაგრამ მას ახსენდება იობის სიტყვები: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობ. 31:1). ის თვალს არიდებს უხამს გამოსახულებებს, რადგან თვლის, რომ ისინი საწამლავივით მოქმედებს. ქრისტიან ქალს, რომელიც სხვა ქრისტიანებთან საუბრისას ხვდება, რომ მათი საუბარი ერთ-ერთ დაზე ჭორაობაში გადადის, ახსენდება მითითება: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად“ (რომ. 15:2). ჭორაობით ის ვერავის აღაშენებს. ჭორი არც იმ ქრისტიანის რეპუტაციაზე იმოქმედებს დადებითად და არც მის ზეციერ მამას მოეწონება. ამიტომ ის ენას კბილს აჭერს და საუბრის თემას ცვლის.
12 ამგვარი გადაწყვეტილებებით ქრისტიანი, ფაქტობრივად, ამბობს: „იეჰოვაა ჩემი მმართველი. ისე მოვიქცევი, როგორც მას მოეწონება“. თუ შენც ასე იქცევი, მაშინ ემორჩილები იგავების 27:11-ში ჩაწერილ გულშიჩამწვდომ სიტყვებს: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“. რამხელა პატივია, რომ იეჰოვას გულის გახარება შეგვიძლია! განა არ ღირს ძალისხმევად უმწიკვლობის შენარჩუნება?!
2. ღმერთი უმწიკვლობის საფუძველზე გვასამართლებს
13. როგორ ცხადყვეს იობმა და დავითმა, რომ იეჰოვა ჩვენი უმწიკვლობის საფუძველზე გვასამართლებს?
13 უმწიკვლობის შენარჩუნებით იეჰოვას უზენაესობას ვუჭერთ მხარს. ღმერთი სწორედ ამის საფუძველზე გვასამართლებს. იობს კარგად ესმოდა ეს (წაიკითხეთ იობის 31:6). მან იცოდა, რომ ღმერთი „ზუსტ სასწორზე“ წონის მთელ კაცობრიობას და თავისი სამართლიანი ნორმების მეშვეობით იგებს, რამდენად უმწიკვლონი ვართ. დავითიც ამბობდა: „იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს. იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა და ჩემი უმწიკვლობისამებრ! . . . გულსა და თირკმელებს მართალი ღმერთი იკვლევს“ (ფსალმ. 7:8, 9). ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანის შინაგანი პიროვნების ანუ მისი სიმბოლური „გულისა და თირკმელების“ გამოკვლევა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რას ეძებს ის ჩვენში. როგორც დავითმა თქვა, იეჰოვა ჩვენი უმწიკვლობისამებრ გვასამართლებს.
14. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არასრულყოფილი, ცოდვილი ბუნების გამო უმწიკვლობას ვერ შევინარჩუნებთ?
14 იეჰოვა ღმერთი მილიარდობით ადამიანის გულს იკვლევს (1 მატ. 28:9). რამდენ უმწიკვლო ადამიანს ნახავს ის? ალბათ, ძალიან ცოტას. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არასრულყოფილების გამო უმწიკვლობას ვერ შევინარჩუნებთ. პირიქით, შეგვიძლია დავითივით და იობივით ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა დაინახავს, არასრულყოფილების მიუხედავად როგორ ვინარჩუნებთ უმწიკვლობას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სრულყოფილება არ არის უმწიკვლობის გარანტია. დედამიწაზე მხოლოდ სამი სრულყოფილი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მათგან ორმა, ადამმა და ევამ, უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა; მილიონობით არასრულყოფილი ადამიანი კი უმწიკვლო დარჩა. ასე მოქცევა თქვენც შეგიძლიათ.
3. ჩვენი იმედი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული
15. როგორ ცხადყო დავითმა, რომ ჩვენი მომავალი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული?
15 ჩვენი მომავალი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული, რადგან იეჰოვა ამის საფუძველზე გვასამართლებს. დავითმა კარგად იცოდა ეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 41:12). ის არასდროს კარგავდა იმედს, რომ ღმერთი მარადიულად გამოავლენდა მისდამი წყალობას. ჭეშმარიტი ქრისტიანების მსგავსად, დავითს იმედი ჰქონდა, რომ მარადიულად ემსახურებოდა ღმერთს და უფრო და უფრო დაუახლოვდებოდა მას. დავითს ესმოდა, რომ იმედი იმ შემთხვევაში გაუმართლდებოდა, თუ უმწიკვლო დარჩებოდა. თუ ჩვენც ვინარჩუნებთ უმწიკვლობას, იეჰოვა მხარში გვიდგას, გვასწავლის, გვხელმძღვანელობს და კურთხევებს არ გვაკლებს.
16, 17. ა) რატომ გადაწყვიტე, რომ არასდროს დათმო უმწიკვლობა? ბ) რომელ კითხვებზე გავიგებთ პასუხს შემდეგი სტატიიდან?
16 იმედი ბედნიერების საწინდარია. სირთულეების დროს ის სიხარულის შენარჩუნებაში გვეხმარება. ის იცავს ჩვენს გონებას. ამიტომ ბიბლიაში იმედი მუზარადთან არის შედარებული (1 თეს. 5:8). როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს ბრძოლის დროს, ისე იმედი გვიცავს სატანის მომაკვდავ ქვეყნიერებაში გავრცელებული უარყოფითი, პესიმისტური აზროვნებისგან. იმედის გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება. ჩვენ გულწრფელად უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რამდენად უმწიკვლონი ვართ და რამდენად ძლიერია ჩვენი იმედი. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ უმწიკვლობის შენარჩუნებით მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და ვუფრთხილდებით მომავლის შესანიშნავ იმედს. მოდი არასდროს დავთმოთ ჩვენი უმწიკვლობა!
17 ვინაიდან ეს თვისება ასე მნიშვნელოვანია, საჭიროა, დავფიქრდეთ: როგორ განვივითაროთ და როგორ შევინარჩუნოთ ის? რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც კონკრეტულ სიტუაციაში ვერ შეინარჩუნა უმწიკვლობა? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
[სქოლიო]
a იესომ თქვა: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48). როგორც ჩანს, ის იმას გულისხმობდა, რომ არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ იყვნენ სრულყოფილები, თუმცა არა პირდაპირი გაგებით. ჩვენ შეგვიძლია მთელი გულით გვიყვარდეს სხვები, რითაც ღმერთს ვასიამოვნებთ. მაგრამ იეჰოვა სრულყოფილია ამ სიტყვის სრული გაგებით. როცა სიტყვა „უმწიკვლობა“ იეჰოვას მიმართ გამოიყენება, ის სრულყოფილებასაც გულისხმობს (ფსალმ. 18:30).
როგორ უპასუხებთ?
• რა არის უმწიკვლობა?
• როგორ უკავშირდება უმწიკვლობა უზენაესობის საკითხს?
• რატომ არის ჩვენი იმედი უმწიკვლობაზე დამოკიდებული?
[სურათები 5 გვერდზე]
ყოველდღიურად უმწიკვლობის სხვადასხვა გამოცდას ვხვდებით