ერთგულებო, ლოცვით აღაპყარით ხელები
«ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა [„ერთგულ“, აქ] ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე» (1 ტიმოთე 2:8).
1, 2. ა) რას ამბობს 1-ლი ტიმოთეს 2:8 იეჰოვას ხალხის ლოცვის შესახებ? ბ) რას განვიხილავთ ახლა?
იეჰოვა თავისი ხალხისგან მოელის, რომ ისინი მისადმი და ერთმანეთისადმი ერთგულები იქნებიან. მოციქულმა პავლემ ერთმანეთთან დააკავშირა ერთგულება და ლოცვა: «ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა [„ერთგულ“, აქ] ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე» (1 ტიმოთე 2:8). როგორც ჩანს, აქ პავლე ლაპარაკობდა საჯარო ლოცვაზე „ყველგან“, სადაც კი ქრისტიანები იკრიბებოდნენ. ვის უნდა წარმოეთქვა კრების შეხვედრებზე ღვთის ხალხისთვის ლოცვები? მხოლოდ წმინდა, მართალ, ღვთისმოშიშ მამაკაცებს, რომლებიც ღვთის მიმართ ყველა ბიბლიურ მოვალეობას ასრულებდნენ (ეკლესიასტე 12:13, 14). ისინი სულიერად და ზნეობრივად წმინდები და მხოლოდ იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნილები უნდა ყოფილიყვნენ..
2 ‘ხელები ლოცვით’ განსაკუთრებით კრების უხუცესებმა უნდა ‘აღაპყრონ’. იესო ქრისტეს სახელით აღვლენილი მხურვალე ლოცვებით ისინი ერთგულებას ავლენენ იეჰოვა ღმერთის მიმართ და ეს კამათისა და განრისხებისგანაც იცავს მათ. არც ერთ მამაკაცს, რომელიც ქრისტიანული კრებისთვის საჯაროდ ლოცულობს, არ უნდა ახასიათებდეს რისხვა, მტრობა და იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ორგულობა (იაკობი 1:19, 20). კიდევ რა ბიბლიური მითითებები არსებობს მათთვის, რომლებიც საჯაროდ ლოცულობენ? რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული პირად ლოცვასა და ოჯახთან ერთად ლოცვაში?
წინასწარ გაიაზრე ლოცვა
3, 4. ა) რატომ არის სასარგებლო საჯარო ლოცვისთვის წინასწარ მომზადება? ბ) რა არის ბიბლიაში ნაჩვენები ლოცვის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით?
3 თუ საჯაროდ ლოცვას გვთხოვდნენ, ალბათ, გვექნებოდა შესაძლებლობა წინასწარ დავფიქრებულიყავით, თუ რაზე ვილოცებდით. ამის გაკეთება საშუალებას მოგვცემს, სათანადო მნიშვნელოვანი საკითხები ისე მოვიხსენიოთ ლოცვაში, რომ ის ვრცელი და გაუგებარი არ გამოვიდეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია პირადი ლოცვებიც ხმამაღლა წარმოვთქვათ. თან ისინი შეიძლება ნებისმიერი ხანგრძლივობის იყოს. იესომ 12 მოციქულის არჩევამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მაგრამ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას პურისა და ღვინოს ჩამოტარების წინ მისი ლოცვა საკმაოდ მოკლე იყო (მარკოზი 14:22–24; ლუკა 6:12–16). და ვიცით, რომ იესოს ეს მოკლე ლოცვებიც ღვთისთვის სრულიად მისაღები იყო.
4 დავუშვათ, სადილის წინ ოჯახთან ერთად უნდა ვილოცოთ. ასეთი ლოცვა შედარებით მოკლე უნდა იყოს, მაგრამ მასში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ საზრდოს მოცემისთვის მადლიერების გამომხატველი სიტყვები. თუ ქრისტიანული შეხვედრის დაწყების ან დასრულების შემდეგ საჯაროდ ვლოცულობთ, საჭირო არ არის ხანგრძლივი ლოცვის წარმოთქმა და ლოცვაში მრავალი საკითხის მოხსენიება. იესო განსჯიდა მწიგნობრებს, რომლებიც ‘მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობდნენ’ (ლუკა 20:46, 47). ღვთისმოსაწონი პიროვნება არასოდეს ისურვებდა ასე მოქცევას. მაგრამ ზოგჯერ შედარებით ხანგრძლივი საჯარო ლოცვა შეიძლება მართებული იყოს. მაგალითად, უხუცესი, რომელიც კონგრესის დასრულებისას წარმოთქვამს ლოცვას, წინასწარ უნდა იყოს მომზადებული და შეიძლება ლოცვაში რამდენიმე საკითხს შეეხოს. მაგრამ ასეთი ლოცვებიც კი არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი.
ღვთისთვის მოკრძალებით მიმართვა
5. ა) რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, როდესაც საჯაროდ ვლოცულობთ? ბ) რატომ უნდა ვილოცოთ მოწიწებითა და პატივისცემით?
5 როდესაც საჯაროდ ვლოცულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ადამიანებს არ მივმართავთ. ლოცვისას ჩვენ, ცოდვილი ქმნილებები, უზენაეს უფალს, იეჰოვას, ვევედრებით (ფსალმუნი 8:4–6, 10; 72:28). ამიტომ მოკრძალებით აღსავსე უნდა ვიყოთ და გვეშინოდეს, რომ ჩვენი სიტყვებითა და მათი გადმოცემის მანერით უსიამოვნება არ მივაყენოთ მას (იგავნი 1:7). ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით“ (ფსალმუნი 5:8). თუ ასეთი აზროვნება გვექნება, როგორ ლოცვას წარმოვთქვამთ, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრაზე საჯაროდ ლოცვა რომ გვთხოვონ? თუ მიწიერ მეფესთან მოგვიწევდა საუბარი, ალბათ, მასთან პატივისცემითა და მოწიწებით ვილაპარაკებდით. განა უფრო მეტი მოწიწებითა და პატივისცემით არ უნდა იყოს აღსავსე ჩვენი ლოცვები, ვინაიდან ამ დროს მივმართავთ იეჰოვას, ‘ხალხთა [„მარადისობის“, აქ] მეფეს’? (გამოცხადება 15:3). ამიტომ ლოცვისას უნდა მოვერიდოთ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: „დილა მშვიდობისა იეჰოვა“, „მოგიკითხავთ სიყვარულით“ ან „კარგად იყავი“. როგორც საღვთო წერილიდან გამომდინარეობს, ღვთის მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, თავის ზეციერ მამას არასოდეს მიმართავდა მსგავსი სახით.
6. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ‘მადლის ტახტს მივეახლებით’?
6 პავლემ თქვა: „თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს“ (ებრაელთა 4:16). ჩვენი ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე შეგვიძლია „თამამად“ მივმართოთ იეჰოვას (საქმეები 10:42, 43; 20:20, 21). მაგრამ „თამამად“ საუბარი იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთთან ვილაყბოთ ან უპატივცემლოდ ვისაუბროთ. საჯაროდ წარმოთქმული ჩვენი ლოცვები ღვთისთვის სასიამოვნო რომ იყოს, ისინი სათანადო პატივითა და მოწიწებით უნდა წარმოითქვას. მიუღებელი იქნებოდა მათი გამოყენება განცხადებების გასაკეთებლად, ვინმესთვის რჩევების მისაცემად ან მსმენელებისთვის ნოტაციის წასაკითხად.
თავმდაბლად ლოცვა
7. როგორ გამოავლინა სოლომონმა თავმდაბლობა, როდესაც იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნის დროს ლოცულობდა?
7 საჯაროდ ვლოცულობთ თუ პირადად, უნდა გვახსოვდეს ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური პრინციპი — გამოვავლინოთ თავმდაბლობა (მეორე ნეშტთა 7:13, 14). მეფე სოლომონმა თავმდაბლობა გამოავლინა იერუსალიმში იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნის დროს საჯაროდ აღვლენილ ლოცვაში. მან ის-ის იყო დაასრულა დედამიწაზე ოდესმე აშენებულთაგან ყველაზე დიდებული შენობის აგება. მიუხედავად ამისა, ის თავმდაბლად ლოცულობდა: „ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?“ (მესამე მეფეთა 8:27).
8. რომელი სხვადასხვა გზით ვლინდება თავმდაბლობა საჯარო ლოცვაში?
8 სოლომონის მსგავსად, ჩვენც თავმდაბლობა უნდა გამოვავლინოთ, როდესაც საჯაროდ ვლოცულობთ. ჩვენი ხმის ტონში თავმდაბლობა უნდა ჩანდეს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოვერიდოთ ხმის ფარისევლურად შეცვლას. თავმდაბლად წარმოთქმული ლოცვები მაღალფარდოვანი და თეატრალური არ უნდა იყოს. ისინი ყურადღებას უნდა აპყრობდეს არა ლოცვების წარმომთქმელს, არამედ მას, ვისკენაცაა ლოცვა მიმართული (მათე 6:5). თავმდაბლობა იმითაც ვლინდება, თუ რას ვამბობთ ლოცვისას. თუ თავმდაბლად ვლოცულობთ, ჩვენს სიტყვებში არ გამოჩნდება მოთხოვნა, რომ ღმერთმა გარკვეული საკითხები ჩვენი სურვილისამებრ მოაგვაროს. პირიქით, იეჰოვას თავისი წმინდა ნების შესაბამისად მოქმედებას ვთხოვთ. ფსალმუნმომღერალმა სწორი განწყობის მართებული მაგალითი დაგვიტოვა: „გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!“ (ფსალმუნი 117:25; ლუკა 18:9–14).
მთელი გულით ლოცვა
9. იესოს მიერ მოცემული რომელი შესანიშნავი რჩევაა ჩაწერილი მათეს 6:7-ში და როგორ შეიძლება მისი გამოყენება?
9 ჩვენი საჯარო თუ პირადი ლოცვები იეჰოვასთვის სასიამოვნო რომ იყოს, ისინი მთელი გულით უნდა აღვავლინოთ. ამგვარად, გამუდმებით არ გავიმეორებთ ლოცვის გარკვეულ ნიმუშს ისე, რომ არც კი დავუფიქრდეთ, თუ რას ვამბობთ. მთაზე ქადაგებისას იესომ გვირჩია: „ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ აღნიშნა: „უაზროდ ნუ ილაპარაკებთ და ფუჭ გამეორებებსაც მოერიდეთ“ (მათე 6:7).
10. რატომ იქნებოდა მართებული ერთი და იმავე საკითხზე ბევრჯერ გველოცა?
10 რა თქმა უნდა, დროდადრო ჩვენ ერთი და იმავე საკითხზე ვლოცულობთ. ეს არასწორი არ არის, რადგან იესო მოგვიწოდებდა: «ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ» (მათე 7:7). შეიძლება იეჰოვამ აკურთხა ადგილობრივი კრების სამქადაგებლო საქმიანობა და შეიქმნა ახალი სამეფო დარბაზის საჭიროება (ესაია 60:22). ამიტომ მართებული იქნებოდა ამ საჭიროების არაერთხელ მოხსენიება პირად ლოცვებში ან იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე საჯაროდ ლოცვისას. ეს სულაც არ იქნებოდა ‘ფუჭი გამეორება’.
გახსოვდეთ მადლიერება და ხოტბის შესხმა
11. როგორ შეიძლება ფილიპელთა 4:6, 7-ის გამოყენება პირად თუ საჯარო ლოცვებში?
11 მრავალი მხოლოდ იმისთვის ლოცულობს, რომ ღმერთს რაღაცა სთხოვოს, მაგრამ იეჰოვასადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, პირად თუ საჯარო ლოცვებში მისადმი მადლიერება გამოვხატოთ და ხოტბა შევასხათ. „არაფერზე იზრუნოთ, — წერდა მოციქული პავლე, — მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). დიახ, თხოვნა-ვედრების გარდა იეჰოვასადმი მადლიერებაც უნდა გამოვხატოთ სულიერი თუ მატერიალური კურთხევებისთვის (იგავნი 10:22). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი“ (ფსალმუნი 49:14). დავითის მიერ სიმღერით წარმოთქმულ ლოცვაში შემდეგი გულში ჩამწვდომი სიტყვებიც შედის: „ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით“ (ფსალმუნი 68:31). განა იგივე არ უნდა გავაკეთოთ საჯარო თუ პირად ლოცვებში?
12. როგორ სრულდება დღეს ფსალმუნის 99:4, 5 და რისთვის უნდა ვემადლიერებოდეთ ღმერთს და ხოტბას ვასხამდეთ მას?
12 ღმერთთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში — ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი“ (ფსალმუნი 99:4, 5). დღეს ყველა ერის წარმომადგენელი შედის იეჰოვას ტაძრის ეზოებში, რისთვისაც მადლობა შეგვიძლია შევწიროთ მას და ხოტბა შევასხათ. გამოხატავ მადლიერებას სამეფო დარბაზისთვის და ავლენ ამას იეჰოვას სხვა მოყვარულებთან ერთად იქ რეგულარულად მისვლით? იქ ყოფნისას მღერიხარ მთელი გულით ჩვენი ზეციერი მოსიყვარულე მამისადმი ხოტბის შემსხმელ და მადლიერების გამომხატველ სიმღერებს?
არასოდეს მოგერიდოს ლოცვა
13. რომელი ბიბლიური მაგალითი ცხადყოფს, რომ იეჰოვას უნდა ვევედროთ მაშინაც კი, როდესაც დანაშაულის გამო საკუთარ თავს უღირსად მივიჩნევთ?
13 მაშინაც კი, როდესაც დანაშაულის გამო საკუთარ თავს უღირსად მივიჩნევთ, საჭიროა ღმერთს მთელი გულით შევევედროთ. როდესაც იუდეველებმა შესცოდეს და უცხოელი ცოლები მოიყვანეს, ერთგულ ეზრას ხელები ღვთისკენ ჰქონდა აპყრობილი და მუხლმოყრილი თავმდაბლად ლოცულობდა: „ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა. ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვართ. . . და ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო (თუმცა შენ, ღმერთო ჩვენო, დაგვინდე, მიუხედავად ჩვენი უკეთურებისა, და მოგვივლინე ხსნა), ნუთუ კვლავ გადავალთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? ხომ მოგვსპობს შენი რისხვა, ისე რომ ჩვენი ნატამალიც არ დარჩება? უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენს წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენს წინაშე დგომა ამის გამო“ (პირველი ეზრა 9:1–15; მეორე რჯული 7:3, 4).
14. როგორც ეზრას დღეებში გამოჩნდა, რა არის საჭირო ღვთისგან მიტევების მისაღებად?
14 ღმერთმა რომ მოგვიტევოს, საჭიროა ვაღიაროთ და მოვინანიოთ ცოდვები, აგრეთვე ‘გამოვიღოთ მონანიების ღირსი ნაყოფები’ (ლუკა 3:8; იობი 42:1–6; ესაია 66:2). ეზრას დღეებში მონანიებას ცუდი საქმეების გამოსწორება მოჰყვა — იუდეველებმა უცხოელი ცოლები გაუშვეს (პირველი ეზრა 10:3; შეადარე 2 კორინთელთა 7:8–13). თუ სერიოზულად შეცოდების შემდეგ ღვთის მიტევებას ვეძებთ, მოდი ღვთის წინაშე თავმდაბლად წარმოთქმულ ლოცვაში ვაღიაროთ ჩადენილი ცოდვა და მონანიების ღირსი ნაყოფები გამოვიღოთ. მონანიება და შეცდომის გამოსწორების სურვილი ქრისტიანი უხუცესებისგან სულიერი დახმარების ძიებისკენაც აღგვძრავს (იაკობი 5:13–15).
ნუგეში ჰპოვეთ ლოცვაში
15. როგორ გვიჩვენებს ხანას შემთხვევა, რომ ლოცვაში შეიძლება ნუგეში ვპოვოთ?
15 როდესაც გარკვეული მიზეზების გამო გული გვტკივა, შეგვიძლია ლოცვაში ვპოვოთ ნუგეში (ფსალმუნი 50:19; იგავნი 15:13). ასე მოიქცა ერთგული ხანა. მის დროს ისრაელში დიდი ოჯახები იყო მიღებული, ხანას კი შვილი საერთოდ არ ჰყავდა. მის ქმარს, ელკანას, მეორე ცოლის, ფენინასგან, ჰყავდა ძეები და ასულები და ფენინა დასცინოდა ხანას უშვილობისთვის. ხანა მხურვალედ ლოცულობდა და აღთქმა დადო, რომ, თუ ღმერთი აკურთხებდა და ძეს გააჩენდა, ‘უფალს დაუთმობდა მას’. ლოცვითა და მღვდელმთავარ ელის სიტყვებით ნუგეშცემულ ხანას „აღარ დამწუხრებია სახე“. ქალს შეეძინა ძე, რომელსაც სამუელი დაარქვა. მოგვიანებით მან ეს ბავშვი იეჰოვას ტაძარში მიიყვანა (პირველი მეფეთა 1:9–28). ღვთის მიერ მის მიმართ გამოვლენილი სიკეთისთვის ხანამ მადლიერების ლოცვა აღავლინა, რომელშიც მან იეჰოვა უბადლო ღმერთად მოიხსენია (პირველი მეფეთა 2:1–10). ხანას მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ლოცვით ვინუგეშოთ თავი და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი შეისმენს ყველა სათხოვარს, რაც კი მის ნებას არ ეწინააღმდეგება. მისთვის გულის გადაშლის შემდეგ ‘აღარ დავმწუხრდეთ’, რადგან ის მოგვაშორებს ამ ტვირთს ან მისი ზიდვის ძალას მოგვცემს (ფსალმუნი 54:23).
16. როგორც იაკობის შემთხვევიდან ჩანს, რატომ უნდა ვილოცოთ, როდესაც შიში გვიპყრობს ან რაღაც საზრუნავი გვღრღნის?
16 როდესაც რაღაც მდგომარეობის გამო შიში გვიპყრობს, გული გვტკივა ან რაღაც საზრუნავი გვღრღნის, ნუგეშისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართოთ და ვილოცოთ (ფსალმუნი 54:2–5). დიდი ხნის უნახავ ძმასთან, ესავთან, შეხვედრის წინ იაკობი შიშმა შეიპყრო. ამიტომ ის ლოცულობდა: „ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს. აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!“ (დაბადება 32:9–12). ესავს არ დაუხოცავს იაკობი და მისი თანმხლებნი. ამგვარად, იეჰოვამ იაკობს ‘სიკეთე უყო’.
17. ფსალმუნის 118:52-ის თანახმად, როგორ შეიძლება ლოცვამ გვანუგეშოს მძიმე განსაცდელების დროს?
17 სათხოვრის წარმოთქმისას შეიძლება ღვთის სიტყვიდან რომელიღაც ადგილები გაგვახსენდეს და ამან გვანუგეშოს. ყველაზე დიდ ფსალმუნში — რომელიც მუსიკის თანხლებით წარმოთქმულ შესანიშნავ ლოცვას წარმოადგენს — შეიძლება მეფე ეზეკია იყო, რომ მღეროდა: „ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი“ (ფსალმუნი 118:52). მძიმე გამოცდის დროს თავმდაბლად ლოცვის წარმოთქმისას შეიძლება გაგვახსენდეს ბიბლიური პრინციპი ან კანონი, რომელიც იმ მანუგეშებელ აზრამდე მისვლაში დაგვეხმარება, რომ ზეციერი მამის მოსაწონად ვმოქმედებთ.
ერთგულებო, განაგრძეთ ლოცვა
18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ‘ყველა ერთგული ილოცებს ღვთის მიმართ’?
18 ყველა, ვინც იეჰოვა ღმერთის ერთგულია, ‘ლოცვაში მდგრადი’ იქნება (რომაელთა 12:12). ოცდამეთერთმეტე ფსალმუნში, რომელიც შესაძლებელია დავითმა ბათშებაყთან შეცოდების შემდეგ დაწერა, აღწერილია ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიც დავითი ჩავარდა იმის გამო, რომ არ ეძიებდა მიტევებას, და შვება, რომელიც მონანიებამ და ღვთის წინაშე ცოდვის აღიარებამ მოუტანა. შემდეგ კი დავითი მღეროდა: «ამიტომ [რადგან იეჰოვა მიუტევებს ყველა ნამდვილად მონანიეს] ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი [„ერთგული“, აქ] სვებედნიერ ჟამს» (ფსალმუნი 31:6).
19. რატომ უნდა აღვაპყროთ ლოცვით ერთგული ხელები?
19 თუ ძალიან ვაფასებთ იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობას იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, ვილოცებთ მის გულმოწყალებაზე. რწმენით შეგვიძლია თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს და მადლი და დროული შემწეობა ვპოვოთ (ებრაელთა 4:16). მართლაც რომ ბევრი მიზეზი არსებობს ლოცვისთვის! ამიტომ ‘ვილოცოთ განუწყვეტლივ’ და ხშირად ჩავრთოთ ლოცვებში ღვთისადმი მთელი გულით ხოტბის შემსხმელი და მადლიერების გამომხატველი სიტყვები (1 თესალონიკელთა 5:17). დღითა და ღამით ლოცვით აღვაპყროთ ერთგული ხელები!
როგორ უპასუხებდი?
◻ რა სარგებლობა მოაქვს საჯარო ლოცვის წინასწარ მომზადებას?
◻ რატომ უნდა ვილოცოთ პატივისცემითა და მოწიწებით?
◻ როგორი სული უნდა გამოვავლინოთ ლოცვისას?
◻ რატომ არ უნდა გამოგვრჩეს ლოცვისას მადლიერება და ხოტბის შესხმა?
◻ როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ ლოცვამ შეიძლება გვანუგეშოს?
[სურათი 17 გვერდზე]
მეფე სოლომონმა თავმდაბლობა გამოავლინა იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნის დროს აღვლენილ საჯარო ლოცვაში.
[სურათები 18 გვერდზე]
ხანას მსგავსად, შენც შეგიძლია ლოცვით ინუგეშო თავი.