ნაზარეთელი
[შესაძლოა ნაწარმოებია ებრ. სიტყვიდან ნეცერ, რომელიც ნიშნავს ყლორტს]
ეპითეტი, რომელიც იესოსა და მოგვიანებით მისი მიმდევრების მიმართ გამოიყენებოდა.
უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რომ იესოს ნაზარეთელს უწოდებდნენ, ვინაიდან ბავშვობიდან (დაახლ. სამი წლის ასაკიდან) ის ნაზარეთში, იერუსალიმის ჩრდ.-ით 100 კმ-ში მდებარე ქალაქში იზრდებოდა დურგლის ოჯახში. იმ დროს მიღებული იყო სახელთან ერთად სადაურობის მოხსენიება (2სმ. 3:2, 3; 17:27; 23:25—37; ნამ. 1:1; სქ. 13:1; 21:29).
სხვადასხვა მხარეში იესოს ნაზარეთელად იცნობდნენ (მრ. 1:23, 24; 10:46, 47; 14:66—69; 16:5, 6; ლკ. 24:13—19; ინ. 18:1—7). მას არასდროს უარყვია, რომ ნაზარეთელი იყო (ინ. 18:5—8; სქ. 22:6—8). პილატემ იესოს წამების ბოძზე ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე ასეთი წარწერა გააკეთა: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“ (ინ. 19:19, 20). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული მოციქულები თუ სხვები იესო ქრისტეს ნაზარეთელს უწოდებდნენ (სქ. 2:22; 3:6; 4:10; 6:14; 10:38; 26:9).
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათე წერდა, რომ წინასწარმეტყველების თანახმად იესო ქრისტეს ნაზარეთელი დაერქმეოდა და ეს ერთ-ერთი ნიშანი იქნებოდა იმისა, რომ ის აღთქმული მესია იყო. მათე ამას ამბობს იმ კონტექსტში, სადაც საუბარია ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებისა და მარიამის ბავშვთან ერთად ეგვიპტიდან დაბრუნებაზე. მათე წერდა: «თანაც ღმერთმაც გააფრთხილა სიზმარში [იოსები] და გალილეის მხარეში წავიდა. მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი: „მას ნაზარეთელი დაერქმევა“» (მთ. 2:19—23).
ებრაულ წერილებში ნაზარეთი არ არის მოხსენიებული. ზოგის აზრით მათე დაესესხა რომელიღაც დაკარგულ წინასწარმეტყველურ წიგნს ან ზეპირგადმოცემას, მაგრამ ფრაზაში „წინასწარმეტყველთა ნათქვამი“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები ყოველთვის გულისხმობდნენ ებრაული წერილების იმ კანონიკურ კრებულს, რომელიც ჩვენს დრომდეა მოღწეული. როგორც ჩანს, მათემ სიტყვა ნაზარეთი იმიტომ გამოიყენა, რომ იგი თავისი მნიშვნელობით უკავშირდება სიტყვა ნეცერს, რაც ყლორტს ნიშნავს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მათე აშკარად მესიაზე წარმოთქმულ ესაიას წინასწარმეტყველებას გულისხმობდა: „ამოვა ყლორტი [ვენეცერ] იესეს ძირკვიდან და ნაყოფიერი იქნება მისი ფესვის ამონაყარი“ (ეს. 11:1). ებრაულ ენაში არსებობს ყლორტის აღმნიშვნელი კიდევ ერთი სიტყვა ცემახ, რომელიც სხვა წინასწარმეტყველებმა მესიას დაუკავშირეს. მათემ მრავლობითი რიცხვი გამოიყენა და თქვა, რომ „წინასწარმეტყველებმა“ მოიხსენიეს ყლორტის გამოჩენა. მაგალითად, იერემიამ დაწერა „მართალ ყლორტზე“, დავითის ამონაყარზე (იერ. 23:5; 33:15). ზაქარიამ ახსენა მეფე და მღვდელი, რომლის სახელიც ყლორტია. ამ წინასწარმეტყველებას იესო ნაზარეთელის, დიდებული სულიერი ტაძრის მშენებლის გარდა სხვას ვერავის დავუკავშირებთ (ზქ. 3:8; 6:12, 13).