რას ამბობს ბიბლია ქალწულ მარიამზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიის თანახმად მარიამს დიდი პატივი ხვდა წილად, როცა, ჯერ კიდევ ქალწულმა, გააჩინა იესო. ეს სასწაული ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას წიგნში და მისი შესრულება მათესა და ლუკას სახარებებშია ჩაწერილი.
მესიის დაბადებასთან დაკავშირებით ესაიამ იწინასწარმეტყველა: „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს“ (ესაია 7:14). ღვთივშთაგონებით სახარების დამწერმა მათემ ესაიას წინასწარმეტყველება მოიხსენია, როცა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გაიგო მარიამმა იესოს სასწაულებრივად ჩასახვის შესახებ. ის წერს: „დაორსულდება ქალწული, ვაჟს გააჩენს და დაარქმევენ მას ემანუელს, რაც ასე ითარგმნება: „ღმერთი ჩვენთანაა“a (მათე 1:22, 23).
სახარების დამწერი ლუკაც მოიხსენიებს მარიამის სასწაულებრივად დაორსულების ამბავს. მან დაწერა, რომ ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა „ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე დავითის სახლიდან. ქალწულს მარიამი ერქვა“ (ლუკა 1:26, 27). მარიამის სიტყვებიდანაც გამოჩნდა, რომ ის ქალწული იყო. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იესოს ანუ მესიის დედა უნდა გამხდარიყო, მან იკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკა 1:34).
როგორ შეეძლო ქალწულს შვილის გაჩენა?
მარიამი დაორსულდა წმინდა სულის, ღვთის მოქმედი ძალის, მეშვეობით (მათე 1:18). მარიამს ანგელოზმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“b (ლუკა 1:35). ღმერთმა სასწაულებრივად გადაიტანა თავისი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში და მას ნაყოფი ჩაესახა.
რა მიზანი ჰქონდა ქალწულის მიერ შვილის გაჩენას?
ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა ქალწულის მიერ იესოს შობა, რათა იესო სრულყოფილი ადამიანური სხეულით დაბადებულიყო. სრულყოფილი იესო შეძლებდა კაცობრიობის ხსნას ცოდვისა და სიკვდილისგან (იოანე 3:16; ებრაელები 10:5). ღმერთმა იესოს სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. მას შემდეგ ღვთის წმინდა სული იცავდა ჩანასახს არასრულყოფილების ყოველგვარი გავლენისგან (ლუკა 1:35).
იესო სრულყოფილი სხეულით დაიბადა, ისეთი სხეულით, როგორიც ადამს ჰქონდა შეცოდებამდე. ბიბლია იესოზე ამბობს: „მას არც ცოდვა ჩაუდენია“ (1 პეტრე 2:22). სრულყოფილ იესოს შეეძლო გამოსასყიდის გადახდით ადამიანების ცოდვისა და სიკვდილისგან დახსნა (1 კორინთელები 15:21, 22; 1 ტიმოთე 2:5, 6).
იყო მარიამი მარადქალწული?
ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამი მარადქალწული იყო. პირიქით, ბიბლიიდან ჩანს, რომ მარიამს სხვა შვილებიც შეეძინა (მათე 12:46; მარკოზი 6:3; ლუკა 2:7; იოანე 7:5).
უჭერს მხარს ქალწულის მიერ იესოს შობა მარიამის „უბიწოდ ჩასახვის“ შესახებ სწავლებას?
არა. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად „უბიწოდ ჩასახვის“ სწავლება იმაზე მიუთითებს, რომ „ქალწული მარიამი ჩასახვის მომენტიდანვე დაცული იყო მემკვიდრეობითი ცოდვის ყოველგვარი ბიწიერებისგან. ყველა სხვა ადამიანი მემკვიდრეობით იღებს ცოდვით შებღალულ ადამიანურ ბუნებას. მაგრამ მარიამს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი — ის დაცული იყო მემკვიდრეობითი ცოდვისგან“.c
ამის საპირისპიროდ, ბიბლიიდან არ ჩანს, რომ მარიამი მემკვიდრეობითი ცოდვისგან დაცული იყო (ფსალმუნი 51:5; რომაელები 5:12). როდესაც მოსეს კანონის თანახმად მარიამმა ცოდვის შესაწირავი წარადგინა ღვთის წინაშე, ამით ფაქტობრივად ცხადყო, რომ ცოდვილი იყო (ლევიანები 12:2—8; ლუკა 2:21—24). „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია: „უბიწოდ ჩასახვის სწავლება ბიბლიაში ნათლად არ არის გადმოცემული ... ეს ეკლესიის სწავლებას წარმოადგენს“.
უნდა ვცემდეთ თაყვანს მარიამს?
მარიამი რწმენის, მორჩილების, თავმდაბლობისა და სულიერი მოწიფულობის შესანიშნავი მაგალითია. ის ღვთის იმ ერთგულ მსახურთა შორის მოიაზრება, რომელთაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვეს (ებრაელები 6:12).
მართალია, როგორც იესოს დედას, მას განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, მაგრამ ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ან ლოცვით მივმართოთ მას. იესო დედამისს განსაკუთრებულ პატივს არ მიაგებდა და არც თავის მოწაფეებს მოუწოდებდა ამისკენ. სახარებებისა და საქმეების წიგნის ერთი მონაკვეთის გარდა, მარიამი „ახალი აღთქმის“ დანარჩენ 22 წიგნში აღარ მოიხსენიება (საქმეები 1:14).
წმინდა წერილებში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარიამი განსაკუთრებულ ყურადღებას იღებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებისგან ან ვინმე ეთაყვანებოდა მას. ნაცვლად ამისა, ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, რომ თაყვანი მხოლოდ ღმერთს ვცეთ (მათე 4:10).
a ებრაული სიტყვა „ალმაჰ“, რომელიც „ახალგაზრდა ქალად“ არის ნათარგმნი, შესაძლოა ეხებოდეს, როგორც ქალწულს, ასევე გათხოვილ ქალს. თუმცა ღვთის სულით აღძრულმა მათემ გამოიყენა უფრო კონკრეტული ბერძნული სიტყვა „პართენოსი“, რომელიც ნიშნავს ქალწულს.
b ზოგისთვის მიუღებელია ფრაზა „ღვთის ძე“ და ამას ცოტა უცნაური მიზეზით ხსნიან. მათი თქმით, ეს ფრაზა მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთს კავშირი ჰქონდა ქალთან. თუმცა წმინდა წერილები ამ მოსაზრებას კატეგორიულად გამორიცხავს. ბიბლია იესოს „ღვთის ძეს“ და „პირმშოს ყველა ქმნილებას შორის“ იმიტომ უწოდებს, რომ ის იყო პირველი და ერთადერთი ქმნილება, რომელიც პირადად ღმერთმა შექმნა (კოლოსელები 1:13—15). ბიბლია პირველ მამაკაცსაც, ადამსაც, „ღვთის ძეს“ უწოდებს, რადგან ისიც ღმერთმა შექმნა (ლუკა 3:38).
c მეორე გამოცემა, ტომი 7, გვერდი 331.