სანდალი
ტყავის, ხის ან ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული უქუსლო ლანჩა ტერფზე თასმებით დამაგრებული. ტყავის თასმა ცერა თითსა და მეორე თითს შორის იყო გამოტარებული და ქუსლსა და წინა ტერფზე იყო შემოხვეული. ზოგიერთი სანდლის თასმას კოჭზე იკრავდნენ.
ეგვიპტური სანდლები ჩვეულებრივ ჭვინტიანი (წაწვეტებული და ზევით აწეული ცხვირით) იყო. ზოგიერთი ასურული სანდალი მხოლოდ ქუსლსა და ტერფის გვერდებს ფარავდა და ტერფზე თასმებით იყო დამაგრებული, ხოლო ტერფის წინა, თითების მხარე ლანჩის გარეშე იყო. სანდლები რომაელებსაც ჰქონდათ. ისინი თანამედროვე ფეხსაცმლის მსგავს ფეხსამოსსაც ატარებდნენ. ასურეთში, რომსა თუ სხვა სახელმწიფოებში სამეფო ოჯახის წევრები და დიდგვაროვნები უფრო დახვეწილ სანდლებსა და ჩექმისმაგვარ ფეხსამოსს იცვამდნენ. სინას მთის შემოგარენში მომთაბარე ბედუინები დიუგონის (სელაპისმაგვარი წყლის ცხოველი) ტყავისგან დამზადებულ სანდლებს ატარებენ. იეჰოვამ იერუსალიმზე ხატოვანი ენით თქვა, რომ „სელაპის ტყავით“ (ებრ. თახაშ) შეუმოსა ფეხი (ეზკ. 16:10).
ისრაელში მღვდლები კარავსა თუ ტაძარში, როგორც ჩანს, ფეხშიშველი მსახურობდნენ (შდრ. გმ. 3:5; იეს. 5:15; სქ. 7:33). თუმცა გარეთ ფეხშიშველი სიარული გლოვისა და დამცირების ნიშანი იყო (2სმ. 15:30; ეს. 20:2—5; შდრ. ეზკ. 24:17, 23).
შორ გზაზე მიმავალს, ჩვეულებრივ, თან კიდევ ერთი წყვილი სანდალი მიჰქონდა, რადგან გზაში სანდლები შეიძლება გასცვეთოდა ან თასმები გასწყდომოდა. როცა იესომ თავისი მოციქულები, სხვა დროს კი 70 მოწაფე გაგზავნა საქადაგებლად, ორი წყვილი სანდლის წაღება აუკრძალა, რადგან მათ იმ ხალხის სტუმართმოყვარეობის იმედი უნდა ჰქონოდათ, ვინც სასიხარულო ცნობას გამოეხმაურებოდა (მთ. 10:5, 9, 10; მრ. 6:7—9; ლკ. 10:1, 4).
გადატანითი მნიშვნელობით. მოსეს კანონის თანახმად, ქვრივ ქალს სანდალი უნდა გაეხადა მისთვის, ვინც უარს იტყოდა მაზლის მოვალეობის შესრულებაზე და მის ცოლად მოყვანაზე. ასეთი კაცის სახლს „სანდალგახდილის სახლი“ დაერქმეოდა (კნ. 25:9, 10). ქონების ან გამოსყიდვის უფლების გადაცემის დროს ერთი მხარე მეორეს სანდალს აძლევდა (რთ. 4:7—10; იხ. მაზლის ვალდებულება).
სიტყვებით „ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს“ (ფს. 60:8; 108:9), იეჰოვას შესაძლოა იმის თქმა სურდა, რომ ედომი სხვისი მორჩილი გახდებოდა. როგორც ჩანს, ეს გამოთქმა უკავშირდებოდა ჩვეულებას, როცა სანდალს აგდებდნენ უცხო მიწაზე მისი დაუფლების ნიშნად. არ არის გამორიცხული, რომ ღმერთმა ამ ფრაზით ზიზღი გამოხატა ედომისადმი, ვინაიდან ამავე მუხლში ღმერთი მოაბს „დასაბან ჭურჭელს“ უწოდებს. ახლო აღმოსავლეთში სანდლის გადაგდება დღემდე ზიზღის გამომხატველი ჟესტია.
დავითმა სოლომონს იოაბის დასჯა უბრძანა, რადგან იოაბმა მშვიდობიან დროს „ომის სისხლით გაისვარა ... ფეხებზე სანდლები“. მას ბრალი მიუძღოდა ორი მხედართმთავრის, აბნერისა და ამასას მკვლელობაში (1მფ. 2:5, 6). სანდლის ჩაცმა საქმეზე წასვლასაც ნიშნავდა (შდრ. სქ. 12:8). აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ მოუწოდა მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს, რომ ყოფილიყვნენ „მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“ (ეფ. 6:14, 15).
სხვისი სანდლის თასმების შეხსნა ან სანდლების ხელით ტარება მოსამსახურისა და მონის საქმე იყო. იოანე ნათლისმცემელმა სანდლის თასმების შეხსნა იმის ხაზგასასმელად ახსენა, თუ რამდენად დაბალი მდგომარეობა ეკავა ქრისტესთან შედარებით (მთ. 3:11; მრ. 1:7).