განსწავლულნი იეჰოვას ნების შესასრულებლად
„მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ“ (ფსალმუნი 142:10).
1, 2. ა) როდის უნდა ვისწავლოთ და რა რეალური თვალსაზრისით? ბ) რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვასგან ვიყოთ განსწავლულნი?
ყოველდღე ადამიანს, რომელიც ცოცხალია და ხალისიანია, შეუძლია გარკვეულწილად რაღაც ფასეული ისწავლოს. ამის თქმა შეიძლება შენზეც და სხვებზეც. მაგრამ გარდაცვლილებზე? ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია სწავლება ან სწავლა. ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ მიცვალებულმა ‘არაფერი იცის’. არავითარი ცოდნა არ არსებობს შეოლში — საერთო საკაცობრიო სამარეში (ეკლესიასტე 9:5, 10). ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენი განათლება და დაგროვებული ცოდნა ამაოა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვისწავლეთ და როგორ ვიყენებთ ცოდნას.
2 თუ ჩვენ ვისწავლეთ მხოლოდ წუთისოფლისეული, ჩვენი მომავალი დიდხანს ვერ გაგრძელდება. საბედნიეროდ, ყველა ერის წარმომადგენელი მილიონობით ადამიანი სწავლობს ღვთის ნებას მარადიული სიცოცხლის იმედით. ამ იმედის საფუძველი არის სიცოცხლის მომცემი შემეცნების წყაროსგან, იეჰოვასგან, სწავლა (ფსალმუნი 93:9–12).
3. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო იყო ღვთის პირველი მოსწავლე? ბ) რა მტკიცება გვაქვს იმისა, რომ ადამიანები იეჰოვას მიერ იქნებოდნენ განსწავლულნი, და რა შედეგებით?
3 ღვთის პირმშომ, პირველმა მოწაფემ მასთან ისწავლა ზეციური მამის ნების შესრულება (იგავნი 8:22–30; იოანე 8:28). თავის მხრივ იესომ აღნიშნა, რომ მირიადობით ადამიანი ისწავლიდა ზეციური მამამისგან. რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებიც ღმერთისგან სწავლობენ? იესომ თქვა: „წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. . . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს“ (იოანე 6:45–47).
4. როგორ მოახდინა მილიონობით ადამიანზე ღვთის სწავლებამ გავლენა და რა იმედები აქვთ მათ?
4 იესომ ციტატად მოიყვანა ესაიას 54:13-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც ღვთის სიმბოლურ ქალს, ზეციერ სიონს ეხებოდა. წინასწარმეტყველება განსაკუთრებით მის ძეებს, სულით ცხებულ იესო ქრისტეს 144 000 მოწაფეს ეხება. სულიერი ძეების დარჩენილი ნაწილი დღეს მოღვაწეობს და უძღვება მსოფლიო სასწავლო პროგრამას. შედეგად მილიონობით სხვა ადამიანიც, რომლებიც შეადგენენ ‘უამრავ ხალხს’, სარგებლობენ ამით, სწავლობენ იეჰოვასთან. მათ უნიკალური იმედი აქვთ ისე ისწავლონ, რომ სიკვდილმა არ შეუშალოს ხელი სწავლაში. როგორ? ისინი მათ შორის არიან, რომლებიც გადაიტანენ იმ ‘დიდ გასაჭირს’, რომელიც სწრაფად უახლოვდება კაცობრიობას და მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე (გამოცხადება 7:9, 10, 13–17).
ღვთის ნების შესრულების უდიდესი აუცილებლობა
5. ა) რომელია 1997 წლის წლიური მუხლი? ბ) რას უნდა ვფიქრობდეთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების შესახებ?
5 მთელ მსოფლიოში 80 000-ზე მეტ კრებაში 1997 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს გონებაში ჩაბეჭდილი ექნებათ 142-ე ფსალმუნის მე-10 მუხლის პირველი რამდენიმე სიტყვა: „მასწავლე შესრულება შენი ნებისა“. ეს იქნება წლიური მუხლი 1997 წლისთვის. ეს სიტყვები სამეფო დარბაზებში თვალსაჩინო ადგილას იქნება გამოკრული და ყველას შეახსენებს, რომ ღვთისგან მითითებების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კრების შეხვედრებს, სადაც ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მითითებების უწყვეტ პროგრამაში. როდესაც ძმებთან ერთად ვართ კრებებზე, რომ ვისწავლოთ დიდებული მასწავლებლისგან, თავს შეიძლება სწორედ ისე ვგრძნობთ, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელიც წერდა: ‘გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთო’ (ფსალმუნი 121:1; ესაია 30:20).
6. რას ვგებულობთ დავითის სიტყვებით?
6 დიახ, ჩვენ გვსურს, ვისწავლოთ ღვთის ნების შესრულება და არა ჩვენი მოწინააღმდეგე ეშმაკისა თუ არასრულყოფილი ადამიანების ნება. ასე რომ, ღმერთს, რომელსაც ვეთაყვანებით და ვემსახურებით, დავითის მსგავსად ჩვენც ვაღიარებთ: „რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში“ (ფსალმუნი 142:10). იმის ნაცვლად, რომ სიცრუის მოყვარულთა შორის გარეულიყო, დავითს ერჩია ყოფილიყო იქ, სადაც იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა მეფობდა (ფსალმუნი 25:4–6). დავითს შეეძლო მიყოლოდა სიმართლის გზებს, რადგან ცდილობდა, რომ ღვთის სულს ეხელმძღვანელა მისი ნაბიჯებისთვის (ფსალმუნი 16:5; 22:3).
7. როგორ მოქმედებდა ღვთის სული ქრისტიანულ კრებაზე?
7 უფრო დიდი დავითი, იესო ქრისტე, თავის მოციქულებს არწმუნებდა, რომ სულიწმიდა ასწავლიდა მათ ყველაფერს და გაახსენებდა ყოველივე იმას, რაც მათ უთხრა (იოანე 14:26). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იეჰოვამ თანდათან უფრო მეტად გააცხადა ‘ღვთის სიღრმეებიც’, რაც მის დაწერილ სიტყვაში იყო მოცემული (1 კორინთელთა 2:10–13). ეს მან გააკეთა ხილული „არხის“ მეშვეობით, რომელსაც იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ უწოდა. ის სასწავლო პროგრამისთვის სულიერ საზრდოს აწვდის ღვთის ხალხს მთელი მსოფლიოს კრებებში (მათე 24:45–47).
იეჰოვას ნების სწავლა ჩვენს შეხვედრებზე
8. რატომ არის ძვირფასი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაში მონაწილეობა?
8 ყოველკვირეულ კრებებზე „საგუშაგო კოშკში“ მოცემული მასალა ხშირად ბიბლიური პრინციპების გამოყენებას შეეხება. ეს, რასაკვირველია, გვეხმარება, გავუმკლავდეთ ცხოვრებაში არსებულ მრავალ საზრუნავს. სხვა შეხვედრებზე ხდება ღრმა სულიერი ჭეშმარიტებების ან ბიბლიური წინასწარმეტყველებების განხილვა. რა ბევრს ვსწავლობთ ასეთი შესწავლების დროს! მრავალ ქვეყანაში ასეთი შეხვედრებისას სამეფო დარბაზებში ტევა არ არის. მაგრამ ზოგ ქვეყანაში შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვმა იკლო. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი? ზოგმა სამსახურის გამო ხომ არ შეწყვიტა შესაკრებელზე მისვლა, სადაც შეეძლოთ ერთობლივად და რეგულარულად ‘წაეხალისებინათ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ’? იქნებ ძალიან ბევრ დროს უთმობენ საზოგადოებრივ საქმეებს ან სატელევიზიო გადაცემების ყურებას, რის გამოც მათ ყოველი დღე უზომოდ გადატვირთული აქვთ და ყველა შეხვედრაზე დასწრებისთვის დროს ვერ ნახულობენ? გაიხსენე ღვთის მიერ შთაგონებული ბრძანება, რომელიც ებრაელთა 10:23–25-შია ჩაწერილი. ნუთუ ღვთიური მითითებების მისაღებად ერთად შეკრება უფრო მნიშვნელოვანი არაა დღეს, როდესაც ‘ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’?
9. ა) როგორ გვამზადებს სამსახურებრივი შეხვედრა მსახურებისთვის? ბ) როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია დამოწმებასთან დაკავშირებით?
9 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა ღვთის მსახურად ყოფნაა. სამსახურებრივი შეხვედრის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ გვასწავლოს ღვთისადმი მსახურების ეფექტური შესრულება. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ მივმართოთ ადამიანებს, რა ვუთხრათ, როგორ მოვიქცეთ თუ კეთილად გამოგვეხმაურებიან და როგორ — თუ უარყოფენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცნობას (ლუკა 10:1–11). ამ ყოველკვირეულ შეხვედრებზე განიხილება ეფექტური მეთოდები და ასევე კეთდება ინსცენირებები, რის მეშვეობითაც ჩვენ უკეთესად ვემზადებით, მივიდეთ ადამიანებთან არა მხოლოდ კარდაკარ ქადაგებისას, არამედ ქუჩებში, ავტოსადგომებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებში, სამსახურებში ან სკოლებში. თხოვნასთან ერთად, ‘გვასწავლოს თავისი ნების შესრულება’, გვექნება სურვილი, რომ ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ და შევასრულოთ ჩვენი ბატონის მოწოდება: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა. . . ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16).
10. როგორ შეგვიძლია, რომ ნამდვილად დავეხმაროთ ‘ღირსეულებს’?
10 კრების ასეთ შეხვედრებზე ჩვენ აგრეთვე ვსწავლობთ, როგორ უნდა შეუერთდნენ სხვებიც მოწაფეების რიცხვს. როცა ვხედავთ ადამიანის ინტერესს ან როცა ვინმე იღებს ლიტერატურას, ჩვენი მიზანია კვლავ ვინახულოთ და დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ფაქტობრივად ეს ჰგავს მოციქულების ‘დარჩენას ღირსეულებთან’, რომ ასწავლონ ის, რაც იესომ ბრძანა (მათე 10:11; 28:19, 20). მსახურების ბოლომდე შესასრულებლად კარგად ვართ აღჭურვილი შესანიშნავი დამხმარე საშუალებებით, მაგალითად, წიგნით, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (2 ტიმოთე 4:5). როცა სამსახურებრივ შეხვედრებსა და თეოკრატიული სამსახურის სკოლას ყოველკვირეულად ესწრები — გაქვს შესწავლისა და დამხმარე საკითხების გამოყენების სურვილი — ცხადყოფს, რომ შეესაბამები ღვთის მიერ სათანადოდ მომზადებულ მსახურს, რომელიც ასრულებს მის ნებას (2 კორინთელთა 3:3, 5; 4:1, 2).
11. როგორ გამოავლინა ბევრმა რწმენა მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების მიმართ?
11 ღვთის ნებაა, რომ ‘უპირველესად სასუფეველი და მისი სიმართლე ვეძებოთ’ (მათე 6:33). დაუსვი შენს თავს კითხვა: „როგორ გამოვიყენებდი ამ პრინციპს, თუ ჩემი [ან ჩემი მეუღლის] სამსახურის მოთხოვნები შეხვედრებზე დასწრებას უშლის ხელს?“ მრავალი სულიერად მოწიფული პიროვნება ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ამ საკითხზე ესაუბროს უფროსს. ერთმა სრული დროით მსახურმა პიროვნებამ თავის უფროსს აუხსნა, რომ ყოველკვირეულად ესაჭიროებოდა დრო, რომ კრების შეხვედრებს დასწრებოდა. უფროსმა თხოვნა შეუსრულა. მაგრამ დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა შეხვედრებზე და გამოთქვა სურვილი თვითონაც დასწრებოდა. შეხვედრაზე მან მოისმინა მოახლოებულ საოლქო კონგრესთან დაკავშირებული განცხადება. შედეგად უფროსმა საქმეები ისე მოაგვარა, რომ მთელი დღით დასწრებოდა კონგრესს. რა გაკვეთილს წარმოადგენს ეს ჩვენთვის?
ღვთის ნების სწავლა ღვთისმოსავი მშობლების დახმარებით
12. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანმა მშობლებმა მოთმინებითა და სიმტკიცით, რომ ბავშვებმა ისწავლონ იეჰოვას ნება?
12 მაგრამ მხოლოდ კრების შეხვედრები და კონგრესები არ არის იმისთვის განკუთვნილი, რომ ისწავლო ღვთის ნების შესრულება. ღვთისმოსავ მშობლებს ეძლევათ მითითებები, აღზარდონ, გაწვრთნან და გაზარდონ შვილები, რომ განადიდონ იეჰოვა და შეასრულონ მისი ნება (ფსალმუნი 147:12, 13; იგავნი 22:6, 15). ამისთვის საჭიროა, რომ ‘ბავშვებიც’ ვატაროთ შეხვედრებზე, სადაც შეეძლებათ ‘გაგონება და სწავლა’, მაგრამ რა შეიძლება ითქვას წმიდა წერილიდან მათ სწავლებაზე ოჯახში? (მეორე რჯული 31:12; 2 ტიმოთე 3:15). მრავალ ოჯახში შეგნებულად იქნა დაწყებული ბიბლიის რეგულარული შესწავლის პროგრამა, მაგრამ მალე შეაჩერეს მისი რეგულარულობა და ბოლოს საერთოდ მიივიწყეს. შენც მოგსვლია თუ არა მსგავსი რამ? ნუთუ ფიქრობ, რომ რეგულარული შესწავლისთვის მოცემული რჩევა შეუფერებელია შენთვის ან შენი ოჯახის ვითარება იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია რჩევის გათვალისწინება? როგორიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, თქვენ მშობლებო, გთხოვთ, გადახედოთ „საგუშაგო კოშკის“ შესანიშნავ სტატიებს სათაურით: „ჩვენი მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა“ და „დაჟინების ჯილდო“, 1995 წლის 1-ლი აგვისტოს რუსული გამოცემიდან.
13. როგორ არის შესაძლებელი, რომ ოჯახებისთვის სასარგებლო იყოს ყოველდღიური მუხლის განხილვა?
13 ოჯახებს მოუწოდებენ, ჩვევად აქციონ ყოველდღიური მუხლის განხილვა პუბლიკაციიდან: „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“. წაკითხვა და კომენტარი კარგია, მაგრამ უფრო სასარგებლოა მუხლის განხილვა და ცხოვრებაში გამოყენება. მაგალითად, თუ ხდება ეფესელთა 5:15–17-ის განხილვა, ოჯახის წევრებს შეუძლიათ იმსჯელონ, თუ როგორ ‘მოივაჭრონ დრო’ პირადი შესწავლისთვის, სრული დროით მსახურებისთვისა და სხვა თეოკრატიული დანიშნულებების შესრულებისთვის. დიახ, ყოველდღიური მუხლის ოჯახური განხილვა შესაძლოა ერთს ან ბევრს ‘შეაცნობინებს [უფრო ღრმად] ღვთის ნებას’.
14. როგორი მასწავლებლები უნდა იყვნენ მშობლები მეორე რჯულის 6:6, 7-ის თანახმად და რა მიზნით?
14 მშობლები მონდომებული მასწავლებლები უნდა იყვნენ შვილებისთვის (მეორე რჯული 6:6, 7). მაგრამ ეს არ ნიშნავს შვილებისთვის მხოლოდ შენიშვნების მიცემას ან ბრძანებას. დედ-მამამ აგრეთვე უნდა მოუსმინონ, რადგან უკეთესად გაიგებენ, თუ რა უნდა აუხსნან, გააგებინონ, დაანახონ ან გაუმეორონ შვილებს. მაგალითად, ერთ ქრისტიანულ ოჯახში მშობლები გულღიად ესაუბრებიან შვილებს და ეს ამხნევებს ბავშვებს, შეკითხვები დაუსვან იმ საკითხზე, რაც არ ესმით ან რაც აღელვებთ. ამგვარად მშობლებმა გაიგეს, რომ პატარა ვაჟს არ ესმოდა, რას ნიშნავდა, რომ იეჰოვას არ ჰქონია დასაწყისი. მშობლებმა შეძლეს, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციები გამოეყენებინათ და აეხსნათ ბავშვისთვის, რომ დრო და სივრცე უსასრულოა. ეს მაგალითი დაეხმარა მათ, აეხსნათ შვილისთვის გაუგებარი საკითხი და ამან დააკმაყოფილა ბავშვი. ასე რომ, გამოყავი იმისთვის დრო, რომ ნათლად უპასუხო წმიდა წერილიდან შვილების შეკითხვებს, დაეხმარო მათ, გაიგონ, რომ ღვთის ნების შესწავლა ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, კიდევ რას სწავლობს დღეს ღვთის ხალხი, დიდი თუ პატარა?
განსწავლულნი სიყვარულისა და ბრძოლისთვის
15. როდის შეიძლება გამოიცადოს ჩვენი ძმური სიყვარულის ჭეშმარიტება?
15 იესოს ახალი მცნების თანახმად ჩვენ ‘ღვთივგანსწავლულნი ვართ ერთიმეორის სიყვარულში’ (1 თესალონიკელთა 4:9). როდესაც ყველაფერი წყნარადაა და საქმეები კარგად მიდის, ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ყველა ძმა ძალიან გვიყვარს. მაგრამ, რა ხდება, როდესაც ხასიათებშიც განსხვავებებს ვხედავთ ან ნაწყენი ვრჩებით იმის გამო, რასაც თანაქრისტიანი ამბობს ან აკეთებს? ამ შემთხვევაში ჩვენი სიყვარულის ჭეშმარიტება იცდება (შეადარე 2 კორინთელთა 8:8). რას გვასწავლის ბიბლია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ეცადო ბოლომდე გამოავლინო სიყვარული (1 პეტრე 4:8). იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ინტერესები ვეძებოთ, უბრალო შეცდომებზე გავბრაზდეთ ან გულში ჩავიტოვოთ ყოველი წყენა, უნდა ვეცადოთ, ბევრი რამ გადავფაროთ სიყვარულით (1 კორინთელთა 13:5). ჩვენ ვიცით, რომ ეს ღვთის ნებაა, რადგან ამას ასწავლის მისი სიტყვა.
16. ა) როგორი ბრძოლის გადატანა უნდა ისწავლონ ქრისტიანებმა? ბ) როგორ ვართ მომზადებული?
16 იმ დროს, როდესაც ბევრისთვის სავსებით შეუთავსებელია სიყვარული და ომი, ჩვენ კიდევ ერთ რამეს ვსწავლობთ — სავსებით განსხვავებულ ბრძოლას. დავითი ხვდებოდა, რომ იეჰოვას შეეძლო ესწავლებინა მისთვის, როგორ ეომა, მაგრამ იმ დროისთვის ეს ისრაელის მტრების წინააღმდეგ პირდაპირი გაგებით ბრძოლას ნიშნავდა (პირველი მეფეთა 17:45–51; 19:8; მესამე მეფეთა 5:3; ფსალმუნი 143:1). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს ბრძოლაზე დღეს? ჩვენი იარაღი არ არის ხორციელი (2 კორინთელთა 10:4). ჩვენი ბრძოლა სულიერი ბრძოლაა, რისთვისაც სულიერი აღჭურვილობა გვესაჭიროება (ეფესელთა 6:10–13). მისი სიტყვითა და მის მიერ შეკრებილი ხალხის მეშვეობით, იეჰოვა გვასწავლის, თუ სულიერი ბრძოლით როგორ მივაღწიოთ წარმატებას.
17. ა) როგორ ხერხებს იყენებს სატანა, რომ შეგვაცდინოს? ბ) რას უნდა მოვერიდოთ ბრძნულად?
17 დამაბნეველი, მზაკვრული ხერხებით ეშმაკი ხშირად იყენებს წუთისოფლისეულ ცდუნებებს, განდგომილებსა და ჭეშმარიტების სხვა მოწინააღმდეგეებს, რომ სავსებით არასაჭირო საქმეებით დაგვაინტერესოს (1 ტიმოთე 6:3–5, 11; ტიტე 3:9–11). თითქოს ის ხედავს, რომ აქვს ჩვენზე გამარჯვების პატარა შანსი პირდაპირი, ძლიერი შეტევით ასე რომ, ცდილობს დაგვაშვებინოს შეცდომა, მოგვცეს წუწუნისა და უგუნური ეჭვიანი შეკითხვების დასმის სურვილი, რასაც არავითარი სულიერი ღირებულება არა აქვს. როგორც ფხიზელი მეომრები ყოველთვის მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ასეთ საშიშროებებთან დაკავშირებით, რადგან ფრონტზე თავდასხმის სამიზნეებს წარმოვადგენთ (1 ტიმოთე 1:3, 4).
18. რას ნიშნავს სინამდვილეში, რომ მეტად აღარ ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის?
18 ჩვენ არც ადამიანთა სურვილებს და არც ერების ნებას ვადიდებთ. იეჰოვამ იესოს მაგალითის მეშვეობით გვასწავლა, რომ ჩვენთვის კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ აღვიჭურვოთ იმავე თვალსაზრისით, რაც ქრისტესთვის იყო დამახასიათებელი და ღვთის ნებისთვის ვიცხოვროთ (2 კორინთელთა 5:14, 15). წარსულში შესაძლოა ვცხოვრობდით თავაშვებული, გარყვნილი ცხოვრებით, ვკარგავდით ძვირფას დროს. თავაშვებული გართობები, უზომო სმის სიყვარული და უზნეობა ახასიათებს ამ ბოროტ წუთისოფელს. ახლა რასაც ვსწავლობთ, არის ღვთის ნების შესრულება და ნუთუ მადლიერები არა ვართ, რომ გამოვეყავით ამ გახრწნილ ქვეყნიერებას? ასე რომ, დაე, მუხლჩაუხრელად ვიბრძოლოთ სულიერად, რომ მოვერიდოთ გახრწნილ ქვეყნიურ მოქმედებებს (1 პეტრე 4:1–3).
სწავლება ჩვენდა სასიკეთოდ
19. რით არის სასარგებლო იეჰოვას ნების სწავლა და შემდეგ მისი შესრულება?
19 სავალდებულოა იმის გაგება, რომ იეჰოვას ნების შესრულების სწავლა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. გასაგებია, ჩვენი მხრივ უნდა ვეცადოთ, დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ, რომ ვისწავლოთ და მივყვეთ იმ მითითებებს, რომლებიც ღვთის ძის, მისი სიტყვისა და მისი შეკრებილი ხალხის მეშვეობით გვეძლევა (ესაია 48:17, 18; ებრაელთა 2:1). ასეთი მოქმედებით ჩვენ გაძლიერებული ვიქნებით, მტკიცედ ვიდგეთ ამ მძიმე დროს და გავუძლოთ საშინელ ქარიშხლიან ამინდებს (მათე 7:24–27). დღესაც კი ვასიამოვნებთ ღმერთს მისი ნების შესრულებით დარწმუნებულები, რომ ჩვენს ლოცვებზე პასუხი გაცემულია (იოანე 9:31; 1 იოანე 3:22). და მომავალში ვიგრძნობთ ნამდვილ ბედნიერებას (იოანე 13:17).
20. რის შესახებ იქნებოდა კარგი ფიქრი იმ დროს, როდესაც მთელი წლის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა კითხულობდე 1997 წლის წლიურ მუხლს?
20 ხშირად გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ 1997 წლის განმავლობაში ვიკითხოთ და განვიხილოთ წლიური მუხლი ფსალმუნის 142:10-დან: „მასწავლე შესრულება შენი ნებისა“. ასეთ დროს დაე გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ვიფიქროთ იმაზე, რითაც იეჰოვამ უზრუნველგვყო და რაც ზემოთ იყო ნათქვამი. და დაე ამ სიტყვებზე ფიქრმა სტიმული მოგვცეს, რომ ვიმოქმედოთ ამ მუდარის თანახმად და გვახსოვდეს, რომ ‘ღვთის ნების აღმსრულებელი რჩება უკუნისამდე’ (1 იოანე 2:17).
როგორ უპასუხებდი?
◻ ვინ არიან დღეს იეჰოვას ნებით განსწავლულები?
◻ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე ფსალმუნის 142-ე თავის მე-10 მუხლმა 1997 წლის განმავლობაში?
◻ როგორ ვსწავლობთ იეჰოვას ნების შესრულებას?
◻ რა მოეთხოვებათ ქრისტიან მშობლებს შვილების სწავლებისას?