საზრუნავი, წუხილი
ებრაულში საზრუნავისა და წუხილის აზრს რამდენიმე სიტყვა გადმოსცემს. ერთ-ერთია ცარარ, რომელიც შებოჭილად ყოფნას ნიშნავს და ითარგმნება, როგორც შეკვრა, ჩაკეტვა, ვიწროდ ყოფნა (გმ. 12:34; 2სმ. 20:3; ეს. 49:19). გადატანითი მნიშვნელობით ის შეწუხებასა და გასაჭირში ყოფნას ნიშნავს (დბ. 32:7; 1სმ. 28:15). კიდევ ერთი სიტყვაა დაʼაგ, რომელიც დარდად, შეშინებად ითარგმნება, მისი მონათესავე სიტყვა დეʼაგაჰ — წუხილად (1სმ. 9:5; ეს. 57:11; იგ. 12:25). ბერძნული არსებითი სახელი მერიმნა საზრუნავად ითარგმნა, მისი მონათესავე ზმნა მერიმნაო კი — წუხილად (მთ. 13:22; ლკ. 12:22).
წუხილი საზიანოა, ვინაიდან ის ემოციურად თრგუნავს, ძალებს აცლის და აქტიური მოქმედების უნარს უკარგავს ადამიანს. ღვთივშთაგონებულ იგავში ნათქვამია: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს“ (იგ. 12:25). წუხილი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზეც. ერთ წიგნში აღნიშნულია: «ექიმებმა კარგად იციან, როგორ მოქმედებს წუხილი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. მან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება (ან დაქვეითება), ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა; ღვიძლზე ადრენალინის ზემოქმედებით სისხლში შეიძლება მოიმატოს შაქრის დონემ. ცვლილება შეიძლება განიცადოს ელექტროკარდიოგრამამაც. ექიმი ჩარლზ მეიო აღნიშნავს: „წუხილი უარყოფით გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე, გულზე, ჯირკვლებზე და მთელ ნერვულ სისტემაზე“» (How to Master Your Nerves, პ. სტაინკრონი და დ. ლაფია, 1970, გვ. 14).
ზედმეტი წუხილი უფრო დიდ საფრთხეს სულიერ ჯანმრთელობას უქმნის. იესო ქრისტემ ახსნა, რომ „ღვთის სიტყვისადმი“ მადლიერება შეიძლება სრულიად მოაშთოს საზრუნავმა, რომელსაც ეს ქვეყნიერება უჩენს ადამიანს. როგორც ეკლები უშლის ხელს მცენარეს ზრდასა და ნაყოფის გამოღებაში, ისე საზრუნავი უშლის ხელს ადამიანს სულიერ ზრდასა და ღვთის განმადიდებელი ნაყოფის გამოღებაში (მთ. 13:22; მრ. 4:18, 19; ლკ. 8:7, 11, 14). ის, ვინც ცხოვრებისეული საზრუნავის გამო დროს არ უთმობს სულიერ საკითხებს, თავს ვერ გაიმართლებს ღვთის ძის წინაშე მისი დიდებით მოსვლის დროს და მარადიულ განადგურებას დაექვემდებარება (ლკ. 21:34—36).
ის, რაზეც ღირს წუხილი. გონივრულია, თუ ადამიანს ის აღელვებს, როგორ ასიამოვნოს იეჰოვა ღმერთს და არ დაკარგოს ღვთისგან კურთხევები. მძიმე ცოდვის ჩამდენი იმავეს უნდა განიცდიდეს, რასაც ფსალმუნმომღერალი: „დამამწუხრა ჩემმა ცოდვამ“ (ფს. 38:18). ჩადენილი დანაშაულის გამო წუხილი შემცოდველს ცოდვის აღიარებისა და მონანიებისკენ აღძრავს და უზენაესთან კარგი ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება.
ქრისტიანები უნდა ზრუნავდნენ თანამორწმუნეთა სულიერ, ფიზიკურ თუ მატერიალურ მოთხოვნილებებზე (1კრ. 12:25—27). ასეთი მზრუნველობა გამოსჭვივის გაიუსისთვის მიწერლ იოანეს წერილში: „საყვარელო, ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და ყველაფერში წარმატებას აღწევდე ისე, როგორც ახლა ხარ წარმატებული“ (3ინ. 2). მოციქული პავლე წუხდა ყველა კრებისთვის (2კრ. 11:28). მას სურდა, რომ ყველა ქრისტიანი ბოლომდე ღვთის ძის ერთგული მიმდევარი დარჩენილიყო.
წმინდა წერილი მოგვიწოდებს, რომ უფლისაზე ვიფიქროთ, ანუ ვიზრუნოთ იმაზე, რაც ღვთის ძის ინტერესებს ემსახურება. ვინაიდან დაუქორწინებელ ქრისტიანებს არც მეუღლეზე უწევთ ზრუნვა და არც შვილებზე, ისინი დაქორწინებულებზე უფრო ნაკლებად წუხან „ქვეყნიურ საქმეებზე“ და მეტ დროს უთმობენ უფლის საქმეს (1კრ. 7:32—35).
პავლე მოციქული წერდა, რომ ქრისტიან ცოლებსა და ქმრებს ქვეყნიური საქმეები უფრო აფიქრებთ, შესაბამისად, მეტი რამ უშლით ხელს ღვთის მსახურებაში, ვიდრე დაუქორწინებელ ქრისტიანებს. რაც შეეხება საკვებს, ჩასაცმელსა თუ საცხოვრებელს, დაუქორწინებელს გაცილებით ნაკლები სჭირდება, ვიდრე ოჯახს. ვინაიდან ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, მათ ის უფრო აფიქრებთ, როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს, აგრეთვე, როგორ იზრუნონ მთელი ოჯახის ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ კეთილდღეობაზე. მაშინაც კი, თუ ოჯახში არავინ ავადმყოფობს, არავის აქვს შეზღუდული შესაძლებლობები და არ არის შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა, ბავშვიან წყვილებს მაინც უფრო მეტი დროის დათმობა უწევთ ქვეყნიური საქმეებისთვის (ყოველდღიური საზრუნავისთვის, რაც სულიერ საქმიანობას არ უკავშირდება), ვიდრე მარტოხელა ქრისტიანებს.
მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიური საზრუნავისთვის არ ღირს ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება. ამაზე იესო ქრისტემ ლაზარეს დას, მართას გაუმახვილა ყურადღება. მართა იმდენად გაერთო სტუმრების გამასპინძლებაზე ზრუნვით, რომ იესოს მოსასმენად დრო ვეღარ გამონახა. მისმა დამ, მარიამმა კი უკეთესი აირჩია — ის ყურს უგდებდა ღვთის ძეს და სულიერად იმოძღვრებოდა (ლკ. 10:38—42).
მეტისმეტი წუხილი. თუ ადამიანს ღრმად სწამს, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის მსახურებზე, ზედმეტ წუხილს არ მიეცემა (იერ. 17:7, 8). მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ ამის შესახებ ილაპარაკა და მსჯელობა შემდეგი რჩევით დაასრულა: „მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მთ. 6:25—34). ქრისტიანს ყოველდღე ისედაც საკმარისი პრობლემა აქვს, ხვალინდელ პრობლემებზე ფიქრით თავი რომ არ დაიმძიმოს. თანაც არ ღირს წუხილი იმაზე, რაც შეიძლება არც კი მოხდეს.
იეჰოვას მიმართ ნდობა ქრისტიანს მაშინაც ათავისუფლებს წუხილისგან, როცა იდევნება და დაკითხვებს უწყობენ. ასეთი განსაცდელის დროს იეჰოვა წმინდა სულის მეშვეობით მხარში უდგას თავის მსახურს და კარგად დამოწმების ძალასაც აძლევს (მთ. 10:18—20; ლკ. 12:11, 12).
როცა ქრისტიანს წუხილის, მოუსვენრობისა და შიშის განცდა ეუფლება, ლოცვაში ზეციერ მამას უნდა მიმართოს, ყველა საწუხარი მას მიანდოს და დარწმუნებული იყოს, რომ მზრუნველი ღმერთი შეისმენს მის ლოცვას (1პტ. 5:7). შედეგად ის მოიპოვებს შინაგან სიმშვიდეს, ღვთის მშვიდობას, რაც დაიცავს მის გულსა და გონებას. მისი გული გათავისუფლდება მოუსვენრობის, საფრთხის მოლოდინისა თუ შფოთისგან, გონება კი არ იქნება კონცენტრირებული იმაზე, რაც წუხილსა და შეცბუნებას იწვევს (ფლ. 4:6, 7).