იჩენს ღმერთი ყურადღებას ჩვენ მიმართ?
ᲠᲐᲖᲔ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲡ ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲜᲘ
ახალშობილისთვის პირველ ერთ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ დროს იქმნება დედასა და შვილს შორის მჭიდრო ემოციური კავშირი, რაც მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ბავშვის ზრდასა და განვითარებას.a
რა უღვიძებს დედას ახალშობილის მიმართ სათუთ გრძნობებს? მედიცინის დოქტორი სამეანო-გინეკოლოგიის დარგში ჯანეტ კრენშო ხსნის, რომ „მშობიარობის შემდეგ უხვად წარმოქმნილი ჰორმონი ოქსიტოცინი დედობრივ გრძნობებს აძლიერებს და დედა განსაკუთრებით მაშინ გრძნობს ახალშობილთან სიახლოვეს, როცა უცქერის მას, ეხება და ძუძუს აწოვებს“ (The Journal of Perinatal Education). ამ დროს დედის ორგანიზმში გამოიყოფა კიდევ ერთი ჰორმონი, რაც ხელს უწყობს იმას, რომ დედასა და ჩვილს შორის ემოციური კავშირი დამყარდეს და მიჯაჭვულობის გრძნობა გაძლიერდეს. რატომ არის ეს საყურადღებო?
ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის, იეჰოვაb ღმერთის დამსახურებაა, რომ დედასა და შვილს შორის ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა ყალიბდება. მეფე დავითი ხოტბას ასხამდა ღმერთს იმისთვის, რომ გამოიყვანა დედის მუცლიდან და დედის მკერდზე თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა. დავითი ლოცულობდა: „დაბადებიდან ჩემზე ზრუნავ; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი“ (ფსალმუნი 22:9, 10).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თუკი ღმერთმა ქალი ისე შექმნა, რომ მის ორგანიზმში ასეთი რთული პროცესები წარმოქმნილიყო, რათა ახალშობილის მიმართ სათუთი გრძნობები გასჩენოდა და ეზრუნა მასზე, განა ლოგიკური არაა, ვიფიქროთ, რომ ღმერთი თითოეული ჩვენგანის მიმართაც იჩენს ყურადღებას?! (საქმეები 17:29).
ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?
იესო ქრისტემ, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს შემოქმედს, თქვა: „განა ორ ბეღურას ერთ ასარად არ ყიდიან?! მაგრამ არცერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31).
რომელი ჩვენგანი აკვირდება ყველა იმ ჩიტს, რომლებიც ირგვლივ დაფრინავენ?! იმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, რომ მათი მიწაზე დაცემა შევნიშნოთ?! რაც შეეხება ჩვენს ზეციერ მამას, მას არც ერთი მათგანი არ რჩება მხედველობიდან! ჩიტებს, რამდენიც არ უნდა იყვნენ ისინი, ვერასდროს ექნებათ ღვთის თვალში ისეთივე ფასი, როგორიც თუნდაც ერთ ადამიანს აქვს. აქედან გამომდინარე, ნუ გექნებათ იმის შიში, რომ ღმერთი ვერ შეგამჩნევთ. დარწმუნებული იყავით, რომ იგი დიდ ყურადღებას იჩენს პირადად თქვენ მიმართ!
ღმერთი გვაკვირდება, ვუყვარვართ და აღელვებს ჩვენი მდგომარეობა
ღვთის სიტყვა გვარწმუნებს:
„იეჰოვას თვალები ყველაფერს ხედავს; კეთილსაც აკვირდება და ბოროტსაც“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 15:3).
„იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 34:15).
„დიდად გავიხარებ შენი სიკეთით, რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 31:7).
„ᲘᲡᲔᲗᲘ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ ᲛᲘᲩᲜᲓᲔᲑᲝᲓᲐ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲐᲠ ᲕᲣᲧᲕᲐᲠᲓᲘ“
შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში რამე, თუ გვეცოდინება, რომ ღმერთი გვაკვირდება, ვუყვარვართ და აღელვებს ჩვენი მდგომარეობა? რასაკვირველია. ეს კარგად ჩანს ხანასc შემთხვევიდან, რომელიც ინგლისში ცხოვრობს. ის ამბობს:
„ხშირად ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს იეჰოვას არ ვუყვარდი და არ მპასუხობდა ლოცვებზე. მეგონა, ეს სუსტი რწმენის ბრალი იყო. ვფიქრობდი, რომ ღმერთი მსჯიდა და თვალს მარიდებდა, რადგან მისთვის არაფერს წარმოვადგენდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღვთისთვის სულერთი ვიყავი“.
მაგრამ დღეს ხანას უკვე აღარ ეპარება ეჭვი იეჰოვას მზრუნველობასა და სიყვარულში. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში? ის ჰყვება: „ცვლილებები თანდათანობით მოხდა. წლების წინ ერთმა ბიბლიურმა მოხსენებამ, რომელიც იესოს გამოსასყიდს ეხებოდა, ღრმა კვალი დატოვა ჩემზე და იეჰოვას სიყვარულში დამარწმუნა. როცა ვხედავდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, რადგან ვხვდებოდი, რომ მას მართლა ვუყვარდი. ბიბლიის შესწავლისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების შედეგად უკეთ გავეცანი იეჰოვას, გავიგე, როგორი პიროვნებაა ის და რა დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. დღეს აშკარად ვხედავ, როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში, როგორ ვუყვარვართ და როგორ ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე“.
ხანას სიტყვები მართლაც გამამხნევებელია! მაგრამ თქვენ როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ღმერთს ესმის თქვენი და მისთვის სულერთი არ არის, რას გრძნობთ? ამას მომდევნო სტატიიდან გაიგებთ.
a ზოგ დედას, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს, უჭირს ბავშვთან ასეთი ემოციური კავშირის დამყარება. მაგრამ მათ ამის გამო არ უნდა დაიდანაშაულონ თავი. აშშ-ს ფსიქიატრიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას „სავარაუდოდ არაერთი ფაქტორი განაპირობებს, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური . . . მაგრამ ის დედის მიზეზით არასდროსაა გამოწვეული“. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში სტატია „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“.
b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).
c ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.