-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
‘მთესველი ღამით იძინებს’
13, 14. ა) მოკლედ მოყევით იესოს მაგალითი მთესველზე. ბ) ვინ არის წარმოდგენილი მთესველით და რა არის თესლი?
13 მარკოზის 4:26—29 მუხლებში იესოს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს მთესველზე: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე. ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში. როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“.
14 ვინ არის მთესველი? ქრისტიანულ სამყაროში ზოგი მიიჩნევს, რომ მთესველი თვითონ იესოა. მაგრამ შეიძლება კი იმის თქმა, რომ იესოს სძინავს და არ იცის, როგორ იზრდება თესლი?! იესომ რასაკვირველია იცის, როგორ მიმდინარეობს ზრდის პროცესი! პირველ მაგალითში მოხსენიებული მთესველის მსგავსად, ეს მთესველიც წარმოადგენს სამეფოს მაუწყებლებს, რომლებიც სამეფოს თესლს თავიანთი გულმოდგინე ქადაგებით თესავენ. თესლი, რომელიც მიწაზე ვარდება, არის ღვთის სიტყვა, რომელსაც ისინი ქადაგებენb.
15, 16. რა მსგავსებაა თესლის ზრდასა და სულიერ ზრდას შორის?
15 იესოს თქმით მთესველი „ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს“. ის, რომ მთესველი იძინებს, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ის უყურადღებოა. ჩვეულებრივ, ღამის ძილი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ მუხლში მოყვანილი სიტყვებით აღწერილია ის ფაქტი, რომ ადამიანი დღისით მუშაობს, ღამით კი მას სძინავს. იესომ ახსნა, თუ რა ხდება იმ დროს, როცა ადამიანს სძინავს. „თესლი აღმოცენდება და იზრდება, — ამბობს იესო და შემდეგ დასძენს, — მან [მთესველმა] კი არ იცის, როგორ“. იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზრდა „თავისით“ ხდებაc.
16 რისი თქმა უნდოდა იესოს ამით? შენიშნეთ, რომ იესო აქ ყურადღებას ამახვილებს ზრდაზე და იმაზე, რომ ზრდა თანდათანობით ხდება. „მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში“ (მარ. 4:28). ზრდა თანდათანობით, ეტაპობრივად ხდება. გარდა ამისა, ზრდის პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ ზრდაზე. სულიერი ზრდაც ეტაპობრივად ხდება — იეჰოვა თანდათანობით ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს სწორად განწყობილი ადამიანის გულში (საქ. 13:48; ებრ. 6:1).
17. ვინ ხარობს, როდესაც ჭეშმარიტების მარცვალს ნაყოფი გამოაქვს?
17 „როგორც კი მწიფდება ნაყოფი“, მთესველი მონაწილეობას იღებს მკაში. როდესაც იეჰოვა ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს ახალი მოწაფეების გულში, ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მათ, რომ თავიანთი სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნან. მიძღვნის ნიშნად ისინი წყალში ინათლებიან. ძმები, რომლებიც მონათვლის შემდეგ სულიერად წინ მიიწევენ, კრებაში თანდათანობით უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. სამეფოს ნაყოფს იმკიან როგორც მთესველი, ასევე სამეფოს სხვა მაუწყებლებიც, რომლებსაც შესაძლოა უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ახალი მოწაფის გულში ჭეშმარიტების მარცვლის ჩათესვაში (წაიკითხეთ იოანეს 4:36—38). მართლაც, ‘მომკელიც და მთესველიც ერთად ხარობენ’.
-
-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
b ამ ჟურნალში წინათ იხსნებოდა, რომ თესლი წარმოადგენს სულიერი ზრდისთვის საჭირო თვისებებს, რომლებზეც გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ იესოს მაგალითში თესლი არ იცვლება და არ იქცევა ცუდ თესლად ან დამპალ ნაყოფად. ის უბრალოდ იზრდება და მწიფდება (იხილეთ 1980 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—19 [ინგლ.]).
c ეს გამოთქმა ბიბლიაში კიდევ ერთ ადგილას გვხვდება, კერძოდ საქმეების 12:10-ში, სადაც ვკითხულობთ, რომ რკინის კარები „თავისით“ გაიღო.
-