თავი 52
იესო ხალხს რამდენიმე პურითა და თევზით აპურებს
მათე 14:13—21; მარკოზი 6:30—44; ლუკა 9:10—17; იოანე 6:1—13
იესო 5000 კაცს აპურებს
გალილეაში სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ იესოს 12 მოციქული თავის მოძღვართან გახარებული ბრუნდება. ისინი მას უყვებიან „ყველაფერს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს“. ბუნებრივია, მოციქულები დაღლილ-დაქანცულები არიან. მათთან იმდენი ხალხი მიდი-მოდის, რომ ჭამის დროც კი არა აქვთ, ამიტომ იესო ეუბნება თავის მოციქულებს: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:30, 31).
კაპერნაუმის მახლობლად იესო მოციქულებთან ერთად ნავზე ადის და ისინი გეზს ერთი უკაცრიელი ადგილისკენ იღებენ, რომელიც მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით, ბეთსაიდის შემოგარენში მდებარეობს. ბევრი ხედავს, როგორ მიემგზავრება იესო, ზოგი კი სხვებისგან იგებს ამის შესახებ. ისინი ნაპირ-ნაპირ მისდევენ ნავს და იქ იესოზე ადრე ჩადიან.
ნავიდან გადმოსვლისას იესო უამრავ ხალხს ხედავს და გული ეწვება მათ გამო, რადგან ისინი უმწყემსო ცხვრებივით არიან. ამიტომ იესო „ბევრ რამეს ასწავლის მათ“ სამეფოს შესახებ (მარკოზი 6:34). ის აგრეთვე კურნავს მათ, „ვისაც განკურნება სჭირდება“ (ლუკა 9:11). მოგვიანებით მოწაფეები იესოს ეუბნებიან: „უკაცრიელი ადგილია, თანაც უკვე გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და თავიანთთვის საჭმელი იყიდონ“ (მათე 14:15).
იესო პასუხად ამბობს: „არ არის საჭირო მათი წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი“ (მათე 14:16). იესომ უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს, თუმცა გამოსაცდელად ფილიპეს ეკითხება: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“. ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე უკეთ ფილიპემ იცის, ის ხომ იქვე ახლოს მდებარე ბეთსაიდიდანაა. მაგრამ როგორ იყიდიან 5 000 კაცისთვის პურს?! თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქ ქალებიც და ბავშვებიც არიან, შეკრებილთა რაოდენობა შესაძლოა ორჯერ მეტიც იყოს. ფილიპე პასუხობს: „ორასი დინარის [ერთი დინარი ერთი დღის გასამრჯელოა] პურიც კი არ ეყოფათ, თითოეულს ცოტა მაინც რომ შეხვდეს“ (იოანე 6:5—7).
როგორც ჩანს, ანდრია ხედავს, რომ შეუძლებელია ამდენი ხალხის დაპურება და სურს, ეს სხვებსაც დაანახვოს, ამიტომ ამბობს: „აქ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი პატარა თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ (იოანე 6:9).
ახლა ახ. წ. 32 წლის გაზაფხულია. მთის ფერდობებზე შეფენილი ველ-მინდვრები მწვანედ ბიბინებს. პასექის დღესასწაული კარსაა მომდგარი. იესო თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ ხალხი 50—100-კაციან ჯგუფებად დაყონ და ძირს დასხან. ის იღებს ხუთ პურსა და ორ თევზს და ღმერთს მადლობას უხდის. შემდეგ ტეხს პურს, თევზს ანაწილებს და მოწაფეებს ეუბნება, ხალხს დაურიგონ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკვები ყველას ჰყოფნის!
ცოტა ხნის შემდეგ იესო ეუბნება მოწაფეებს: „მოაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გაფუჭდეს“ (იოანე 6:12). მათაც მოაგროვეს და 12 კალათი აავსეს იმ პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.