„ვინ შეიცნო იეჰოვას გონება?“
«„ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს» (1 კორ. 2:16).
1, 2. ა) რა სირთულე იქმნება ზოგჯერ ადამიანებს შორის? ბ) რისი თქმა შეიძლება ჩვენსა და იეჰოვას აზროვნებაზე?
ზოგჯერ ხომ არ გიჭირთ, ახსნა მოუძებნოთ ადამიანის საქციელს? თუ ახალდაქორწინებული ხართ, შეიძლება თქვენი მეუღლის ბოლომდე არ გესმით. ცნობილია, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად აზროვნებენ და სათქმელს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ის კი არადა, ზოგ კულტურაში ერთ ენაზე მოლაპარაკე კაცები და ქალები სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობენ. გარდა ამისა, კულტურულმა და ენობრივმა სხვაობამ შეიძლება ადამიანებს განსხვავებული მენტალიტეტი და ქცევის წესები ჩამოუყალიბოს. თუმცა ფაქტია, რაც მეტად ვეცნობით სხვებს, მით უფრო გვიადვილდება, ჩავწვდეთ მათ აზროვნებას.
2 ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი აზროვნება ძალიან განსხვავდება იეჰოვას აზროვნებისგან. ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის, არც თქვენი გზებია ჩემი გზები“. შემდეგ ეს განსხვავება იეჰოვამ მათ თვალსაჩინო მაგალითით დაანახვა: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ეს. 55:8, 9).
3. რომელი ორი საშუალებით უნდა ვეცადოთ იეჰოვასთან დაახლოებას?
3 მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ არც კი უნდა ვეცადოთ, ჩავწვდეთ იეჰოვას აზროვნებას? რა თქმა უნდა, არა. მართალია, იეჰოვას ყველა ჩანაფიქრს სრულად ვერასდროს ჩავწვდებით, მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, მასთან „ახლო ურთიერთობა“ გვქონდეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14; იგავების 3:32). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვასთან დაახლოების ერთ-ერთი საშუალებაა, ჩავუკვირდეთ მის საქმეებს და დავაფასოთ ისინი (ფსალმ. 28:5). გარდა ამისა, ღმერთთან დაახლოებაში დაგვეხმარება, ჩავწვდეთ „ქრისტეს გონებას“, რადგან ქრისტე „უხილავი ღვთის ანარეკლია“ (1 კორ. 2:16; კოლ. 1:15). თუ ჩავუღრმავდებით ბიბლიას და ვიფიქრებთ წაკითხულზე, უკეთესად გავიცნობთ იეჰოვას და მის აზროვნებას ჩავწვდებით.
მოერიდეთ არასწორ აზროვნებას
4, 5. ა) ახსენით, რას უნდა მოვერიდოთ. ბ) რა მცდარი აზროვნება განივითარეს ისრაელებმა?
4 როცა იეჰოვას საქმეებს ვუფიქრდებით, უნდა მოვერიდოთ ჩვენი კრიტერიუმებით ღვთის შეფასებას. ეს რომ ადამიანს ახასიათებს, კარგად ჩანს ფსალმუნის 50:21-ში ჩაწერილი იეჰოვას სიტყვებიდან: „გეგონა, შენ დაგემსგავსებოდი“. 175 წლის წინათ ერთმა ბიბლეისტმა დაწერა: „ადამიანი მიდრეკილია, ღმერთი საკუთარი საზომით განსაჯოს და იფიქროს, რომ ის იმავე კანონებით იზღუდება, რითაც ადამიანი“.
5 ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვაზე წარმოდგენა ჩვენი ნორმებისა და სურვილების საფუძველზე არ ჩამოგვიყალიბდეს. რატომ არის სიფრთხილის გამოჩენა მნიშვნელოვანი? როცა ბიბლიას ვიკვლევთ, იეჰოვას ზოგი მოქმედება ჩვენი შეზღუდული და არასრულყოფილი გონებით შეიძლება მთლად სწორი არ მოგვეჩვენოს. ძველად ისრაელებმა არასწორი აზროვნება განივითარეს და დაასკვნეს, რომ იეჰოვა მათ უსამართლოდ ექცეოდა. ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა იეჰოვამ ისრაელებს: „თქვენ იტყვით, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სამართლიანი?! განა თქვენი გზები არ არის უსამართლო?!“ (ეზეკ. 18:25).
6. რა ისწავლა იობმა და ჩვენ რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
6 თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენი გონება შეზღუდულია და ხანდახან სერიოზულად ვცდებით, იეჰოვას საკუთარი კრიტერიუმებით არ შევაფასებთ. იობს დასჭირდა ამის სწავლა. ტანჯვის დროს ის სასოწარკვეთილი იყო და საკუთარ თავზე გახდა კონცენტრირებული. მას დაავიწყდა, რომ უფრო სერიოზული საკითხებიც არსებობდა. მაგრამ იეჰოვა მას თბილად მიუდგა და თვალსაწიერი გაუფართოვა. ღმერთმა იობს 70-ზე მეტი კითხვა დაუსვა, მაგრამ მან ვერც ერთს ვერ უპასუხა. ამით იეჰოვამ იობს უჩვენა, რომ მას ბევრი რამე არ ესმოდა. იობმა თავმდაბლად მიიღო იეჰოვასგან შენიშვნა და თვალსაზრისი შეიცვალა (წაიკითხეთ იობის 42:1—6 ).
ჩავწვდეთ „ქრისტეს გონებას“
7. როგორ დაგვეხმარება იესოს საქმეებზე დაკვირვება, ჩავწვდეთ იეჰოვას აზროვნებას?
7 იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას სიტყვით და საქმით (იოან. 14:9). ამიტომ, იესოს საქმეებზე დაკვირვება დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ იეჰოვას აზროვნებას (რომ. 15:5; ფილ. 2:5). განვიხილოთ სახარებებიდან ორი ეპიზოდი.
8, 9. იოანეს 6:1—5-ის თანახმად, რა პრობლემა წამოიჭრა უკაცრიელ ადგილას და რა მიზნით დაუსვა იესომ ფილიპეს კითხვა?
8 წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი. ახ. წ. 32 წელს, პასექის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, გალილეაში საქადაგოდ წასული იესოს მოციქულები დაღლილები დაბრუნდნენ. ამიტომ იესომ ისინი მიყრუებულ ადგილას, გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე წაიყვანა. მაგრამ მათ ათასობით ადამიანი გაჰყვა. მას შემდეგ, რაც იესომ უამრავი ადამიანი განკურნა და ბევრი რამ ასწავლა, ერთი პრობლემა წამოიჭრა: სად იშოვიდა მოშიებული ხალხი საჭმელს ამ უკაცრიელ ადგილას? იესომ ფილიპეს, რომელიც იმ მხარიდან იყო, ჰკითხა: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“ (იოან. 6:1—5).
9 რატომ დაუსვა იესომ ეს კითხვა ფილიპეს? ნუთუ იესომ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა? ცხადია, იცოდა. მაშ, რა ჰქონდა იესოს ჩაფიქრებული? იოანე მოციქული, რომელიც იქ იყო, წერს: „ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა“ (იოან. 6:6). იესოს აინტერესებდა, რამდენად გაიზარდნენ მისი მოწაფეები სულიერად. ამ კითხვის დასმით, იესომ მოწაფეებს რწმენის გამოხატვის საშუალება მისცა, კერძოდ, სწამდათ, თუ არა, რომ მას ხალხის დაპურება შეეძლო. მაგრამ მოწაფეებმა იესოს მოლოდინი ვერ გაამართლეს და ამით გამოჩნდა, რომ ბევრ რამეს ვერ სწვდებოდნენ (წაიკითხეთ იოანეს 6:7—9). ამის შემდეგ იესომ მოწაფეებს დაანახვა, რომ მას ისეთი რამის გაკეთება შეეძლო, რასაც ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ. მან სასწაულებრივად დააპურა ათასობით მშიერი ადამიანი (იოან. 6:10—13).
10—12. ა) სავარაუდოდ, რატომ მაშინვე არ შეუსრულა იესომ ბერძენ ქალს სათხოვარი? ბ) რას განვიხილავთ?
10 ეს შემთხვევა დაგვეხმარება, ავხსნათ იესოს კიდევ ერთი მოქმედება. უამრავი ხალხის დაპურების შემდეგ, იესო და მისი მოწაფეები ჩრდილოეთისკენ, ისრაელის საზღვრებს გარეთ, ტვიროსისა და სიდონის მხარეებისკენ გაემგზავრნენ. იქ შეხვდნენ ერთ ბერძენ ქალს, რომელმაც იესოს თავისი გოგონას განკურნება სთხოვა. თავიდან იესომ მას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ, როცა ქალმა დაჟინებით სთხოვა, იესომ უთხრა: „ჯერ შვილები უნდა გაძღნენ. არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“ (მარ. 7:24—27).
11 რატომ უთხრა თავიდან იესომ ქალს დახმარებაზე უარი? მასაც ფილიპესავით ხომ არ სცდიდა, რათა გაეგო, გამოავლენდა თუ არა ქალი რწმენას? მართალია, ბიბლიიდან არ ჩანს, როგორი ტონით მიმართა იესომ მას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას ისე არ მიუმართავს, რომ ქალს გული სტკენოდა. როცა იესომ ბერძნები ფინიებს შეადარა, ამ სიტყვის ისეთი ფორმა გამოიყენა, რითაც შედარება შეარბილა. იესო იმ მშობელივით მოიქცა, რომელსაც განზრახული აქვს შვილს სურვილი შეუსრულოს, მაგრამ ამას მაშინვე არ აკეთებს. მშობელს სურს, დარწმუნდეს ნამდვილად უნდა თუ არა შვილს ის, რასაც ითხოვს. როგორც უნდა ყოფილიყო, იესო დარწმუნდა, რომ ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა და მისი თხოვნა დააკმაყოფილა (წაიკითხეთ მარკოზის 7:28—30).
12 ეს ორი ეპიზოდი საშუალებას გვაძლევს, კარგად ჩავწვდეთ „ქრისტეს გონებას“. ახლა განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება ეს შემთხვევები, უკეთესად გავეცნოთ იეჰოვას აზროვნებას.
იეჰოვასა და მოსეს საუბარი
13. რაში დაგვეხმარება იესოს აზროვნება?
13 იესოს აზროვნებას თუ ჩავწვდებით, ზოგიერთი რთული ბიბლიური მონაკვეთის გაგება გაგვიადვილდება. მაგალითად, დავფიქრდეთ იმ სიტყვებზე, რომლებიც იეჰოვამ მოსეს უთხრა, მას შემდეგ, რაც ისრაელებმა ოქროს ხბოს დაუწყეს თაყვანისცემა. ღმერთმა უთხრა მოსეს: „ვუყურებ ამ ხალხს და ვხედავ, რომ ქედმოუხრელნი არიან. მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი, შენ კი დიდ ხალხად გაქციო“ (გამ. 32:9, 10).
14. როგორ იმოქმედა მოსეზე იეჰოვას სიტყვებმა?
14 ამის შემდეგ «მოსემ ვედრება დაუწყო იეჰოვას, თავის ღმერთს, გულის მოსალბობად: „იეჰოვა, რატომ უნდა აენთოს შენი რისხვა შენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტის მიწიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე? რატომ უნდა თქვან ეგვიპტელებმა, ბოროტი განზრახვით წაიყვანაო ისინი, რათა მოეკლა მთებს შორის და აღეგავაო დედამიწის პირიდან? ზურგი აქციე შენს ანთებულ რისხვას და შეიწყალე შენი ხალხი; არ დაატეხო უბედურება. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურები, რომლებსაც შენი თავი დაუფიცე: ‘ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს და მთელ ამ მიწას, რომელსაც გიჩვენებთ, მივცემ თქვენს შთამომავალს, რომ მარადიულად დაეუფლოს მას’“. შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა» (გამ. 32:11—14).a
15, 16. რისი შესაძლებლობა მისცა იეჰოვას სიტყვებმა მოსეს?
15 საჭიროებდა იეჰოვა მოსესგან აზრის შესწორებას? რასაკვირველია, არა. მართალია, იეჰოვამ თქვა, რისი გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა სცდიდა მოსეს, სწორედ ისე, როგორც იესომ გამოსცადა ფილიპე და ბერძენი ქალი. ღმერთმა მოსეს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება მისცა.b იეჰოვამ ის შუამავლად დააყენა თავისსა და ისრაელს შორის. ამრიგად, ღმერთი პატივს სცემდა მოსეს, როგორც ერის წინამძღოლს. აჰყვებოდა მოსე რისხვას? ისარგებლებდა ამ მომენტით და შეაგულიანებდა იეჰოვას, დაევიწყებინა ისრაელი და მხოლოდ მისი შთამომავლებისგან წარმოეშვა ძლიერი ერი?
16 მოსეს პასუხმა გამოააშკარავა მისი რწმენა და ის, რომ სჯეროდა იეჰოვას სამართლიანი გადაწყვეტილების. მისი ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ საკუთარ ინტერესებზე ნაკლებად ფიქრობდა; მას ის უფრო აღელვებდა, რომ იეჰოვას სახელი არ შებღალულიყო. მოსემ ცხადყო, რომ ამ საკითხში „იეჰოვას გონებას“ კარგად სწვდებოდა (1 კორ. 2:16). რით დასრულდა ეს ამბავი? ვინაიდან იეჰოვას კონკრეტული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, მან შეიწყალა თავისი ერი, როგორც ამას ღვთივშთაგონებული სიტყვა გვამცნობს.
იეჰოვასა და აბრაამის საუბარი
17. როგორ გამოიჩინა იეჰოვამ სულგრძელობა აბრაამთან საუბრისას?
17 იეჰოვა თავის მსახურებს რწმენისა და ნდობის გამოვლენის საშუალებას რომ აძლევს, იმ შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, როცა აბრაამმა ქალაქ სოდომის დანდობა სთხოვა იეჰოვას. იეჰოვამ დიდი სულგრძელობა გამოიჩინა, როცა უფლება მისცა აბრაამს, რვაჯერ გაემეორებინა სათხოვარი. ერთ მომენტში აბრაამი აღშფოთებული ეუბნება ღმერთს: „შეუძლებელია, ასე მოიქცე და გაანადგურო მართალი ბოროტთან ერთად და მართალსაც იგივე შეემთხვას, რაც ბოროტს, შეუძლებელია! განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (დაბ. 18:22—33).
18. რისი სწავლა შეგვიძლია აბრაამისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან?
18 რას ვიგებთ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ? ვერ მიიღებდა იეჰოვა სწორ გადაწყვეტილებას აბრაამთან მსჯელობის გარეშე? რა თქმა უნდა, მიიღებდა. იეჰოვას შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რატომ აპირებდა სოდომის განადგურებას. მაგრამ კითხვების მეშვეობით იეჰოვამ აბრაამს დრო მისცა, დაფიქრებულიყო მის გადაწყვეტილებაზე და ჩასწვდომოდა მის აზროვნებას. აბრაამს იმის შესაძლებლობა მიეცა, მიმხვდარიყო, რამდენად თანამგრძნობი და სამართლიანი იყო ღმერთი. დიახ, იეჰოვა აბრაამს ისე ეპყრობოდა, როგორც მეგობარს (ეს. 41:8; იაკ. 2:23).
გაკვეთილი ჩვენთვის
19. როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ იობს?
19 რა გავიგეთ „იეჰოვას გონების“ შესახებ? ღვთის სიტყვა გვეხმარება ზუსტად ჩავწვდეთ „იეჰოვას გონებას“. არასდროს უნდა განვსაჯოთ იეჰოვა ჩვენი შეზღუდული გონებით. იობმა დაწერა: „[ღმერთი] ჩემსავით კაცი კი არ არის, რომ პასუხი გავცე და ერთად წარვდგეთ სასამართლოზე“ (იობ. 9:32). როცა იობის მსგავსად ნელ-ნელა ვწვდებით „იეჰოვას გონებას“, ჩვენც ვამბობთ: „აი, მისი გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობ. 26:14).
20. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბიბლიაში რთულად გასაგებ მონაკვეთს ვხვდებით?
20 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბიბლიაში რთულად გასაგებ მონაკვეთს ვკითხულობთ, განსაკუთრებით, თუ არ გვესმის იეჰოვას ესა თუ ის მოქმედება? თუ საკითხის კარგად გამოკვლევის შემდეგ მაინც ვერ მივიღებთ ნათელ პასუხს, შეგვიძლია ეს ჩვენს გამოცდად ჩავთვალოთ, ვენდობით თუ არა იეჰოვას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გაუგებარი მონაკვეთები შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვხატოთ რწმენა იეჰოვას მოქმედებებისადმი, რომლებშიც მისი თვისებები ვლინდება. მოდი, თავმდაბლად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ, რასაც იეჰოვა აკეთებს, არ გვესმის (ეკლ. 11:5). ამგვარად, ჩვენც გავიზიარებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: «ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები! „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება? ან ვინ გახდა მისი მრჩეველი?“ ან „ვინ მისცა მას პირველმა, რომ უკან დაუბრუნოს?“ მისგან, მისით და მისთვის არის ყველაფერი. მას დიდება მარადიულად. ამინ» (რომ. 11:33—36).
[სქოლიოები]
a მსგავსი შემთხვევა აღწერილია რიცხვების 14:11—20-ში.
b ზოგი მეცნიერის აზრით, გამოსვლის 32:10-ში გამოყენებული ებრაული იდიომი, რომელიც „მიმიშვად“ არის ნათარგმნი, გამოხატავს ერთგვარ მოწოდებას. მათი აზრით, იეჰოვამ მოსეს შესაძლებლობა მისცა ისრაელი ერისთვის ეშუამდგომლა, ანუ მასსა და ‘მათ შორის ჩამდგარიყო’ (ფსალმ. 106:23; ეზეკ. 22:30). ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: მოსე თავისუფლად გამოთქვამდა თავის აზრს იეჰოვასთან.
გახსოვთ თუ არა?
• რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვა ჩვენი კრიტერიუმებით არ განვსაჯოთ?
• როგორ დაგვეხმარება იესოს საქმეებზე დაფიქრება იეჰოვასთან დაახლოებაში?
• რა ისწავლეთ იეჰოვას საუბრიდან მოსესა და აბრაამთან?
[სურათები 5 გვერდზე]
როგორ გამოჩნდა იეჰოვას აზროვნება მოსესა და აბრაამთან საუბრისას და რას ვსწავლობთ აქედან?