იცოდით თუ არა?
რატომ განკურნა იესომ ბრმა თანდათანობით?
ბეთსაიდაში იესოს მიერ ბრმის განკურნების შესახებ მარკოზის 8:22—26-ში ნათქვამია, რომ იესომ ჯერ ნერწყვი დაადო ბრმას თვალებზე, შემდეგ კი ჰკითხა, ხედავდა თუ არა. მამაკაცის პასუხიდან გამოჩნდა, რომ ის ცოტა დაბნეული იყო: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“. იესო ისევ შეეხო თვალებზე და „კაცმა ნათლად დაინახა, მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერს გარკვევით ხედავდა“. აშკარაა, რომ იესომ ბრმა თანდათანობით განკურნა. რატომ?
ბიბლია ამაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ შეგვიძლია შესაძლო ახსნა ვიპოვოთ. წლების — ან მთელი ცხოვრების — განმავლობაში ბრმისთვის პირველად რაღაცის დანახვა ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებაა. განვიხილოთ ერთი მაგალითი; მაღაროში სამუშაოდ საჭირო პონები სამუშაოს შემდეგაც მაღაროში ჰყავდათ. ისინი იმდენად მიეჩვივნენ სიბნელეში ყოფნას, რომ მაღაროდან ამოყვანის შემდეგ მთელი დღე დასჭირდათ, მზის სინათლეს რომ შეგუებოდნენ. ცხადია, ბრმას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა ასეთ ცვლილებასთან შესაგუებლად. დღეს ქირურგებს შეუძლიათ მხედველობასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეების დაძლევა, მაგალითად, თვალსა და თავის ტვინს შორის კავშირის აღდგენა, რის შედეგადაც ავადმყოფს მხედველობა უბრუნდება. მაგრამ ხშირად პაციენტებს აბრუებთ მოზღვავებული ინფორმაცია, რომელსაც თავის ტვინი ერთბაშად იღებს. უამრავი ფერის, ფორმისა და ხედის დანახვაზე ყოფილი ბრმა იბნევა და ნაცნობ საგნებსაც კი ვერ სცნობს. დროთა განმავლობაში ტვინი „სწავლობს“ იმის აღქმას, რასაც თვალი ხედავს.
ბრმის თანდათანობით განკურნებით იესომ მისადმი სიყვარული გამოავლინა. ბოლოს კაცმა ყველაფერი გარკვევით დაინახა, ანუ ბოლომდე აღიქვა ის, რასაც ხედავდა.
იესოს დღეებში რატომ არ იყო ადვილი გრაგნილიდან კითხვა?
ჩვეულებრივ, გრაგნილებად იყენებდნენ 23—28 სანტიმეტრი სიგრძისა და 15—23 სანტიმეტრი სიგანის ფურცლებს. რამდენიმე ასეთი ფურცელი ერთმანეთზე იყო მიწებებული ან სელის ძაფით მიკერებული. ზოგჯერ გრაგნილებისთვის უფრო გრძელ ფურცლებსაც იყენებდნენ. ესაიას წიგნის მკვდარი ზღვის ხელნაწერები 17 პერგამენტის ფურცლისგან შედგებოდა, რომლის სიგრძე დაახლოებით 7 მეტრია. გრაგნილი, რომლიდანაც იესო ნაზარეთის სინაგოგაში „ესაიას“ კითხულობდა, შეიძლება ამ სიგრძის ყოფილიყო (ლუკა 4:16, 17).
ესაიას წიგნის ამ მონაკვეთის შესახებ ალან მილარდი თავის წიგნში ამბობს: „წამკითხველი [გრაგნილს] მარცხენა ხელით შლიდა, ხოლო მარჯვენაში გრაგნილის თავი ეჭირა და კითხვის პარალელურად გრაგნილს ახვევდა. იესოს ესაიას 61-ე თავის (ეს არის თავი, რომელსაც იესო სინაგოგაში კითხულობდა) წასაკითხად გრაგნილის უმეტესი ნაწილი უნდა გადაეხვია“ (Discoveries From the Time of Jesus).
იმ დროს წიგნი „ესაია“ არ იყო დაყოფილი თავებად და მუხლებად. როდესაც ნაზარეთში იესოს მისცეს გრაგნილი, რომელზეც ესაიას წინასწარმეტყველება ეწერა, მას უნდა ეპოვა ადგილი, რომელიც ჩვენს ბიბლიებში ესაიას 61:1, 2-შია ჩაწერილი. იესომ ადვილად „მოძებნა [ეს] ადგილი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის კარგად იცნობდა ღვთის სიტყვას.