თავი 14
„მივიდა მასთან დიდძალი ხალხი“
1—3. რა მოხდა, როდესაც მშობლებმა იესოს ბავშვები მიუყვანეს, და რას ვიგებთ იესოს შესახებ?
იესომ იცოდა, რომ სულ მალე, რამდენიმე კვირაში დედამიწაზე მისი ცხოვრება დასრულდებოდა. მას ჯერ კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. იმ დროს იესო მოციქულებთან ერთად პერეაში ქადაგებდა, რომელიც მდინარე იორდანის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მათ სამხრეთით, იერუსალიმისკენ აიღეს გეზი, სადაც იესოს ბოლო პასექი უნდა ეზეიმა; თან გზადაგზა ქადაგებდნენ.
2 მას შემდეგ, რაც იესომ რელიგიურ წინამძღოლებთან საუბარი დაასრულა, ჩოჩქოლი ატყდა. მშობლებს ბავშვები იესოსთან მიჰყავდათ. ბავშვები სხვადასხვა ასაკის იქნებოდნენ, რადგან ამ შემთხვევის აღწერისას მარკოზმა იგივე სიტყვა გამოიყენა, რომლითაც მანამდე თორმეტი წლის ბავშვი მოიხსენია, ლუკამ კი ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელიც შეიძლება „ჩვილად“ ითარგმნოს (ლუკა 18:15; მარკოზი 5:41, 42; 10:13). ხშირად იქ, სადაც ბავშვები არიან, ხმაურია. გარდა ამისა, მოწაფეები შეიძლება ფიქრობდნენ, მოძღვარს ბავშვებისთვის არ სცალიაო, და მშობლებს გაკიცხვა დაუწყეს. როგორ მოიქცა იესო?
3 იესო აღშფოთდა. ვისზე? ბავშვებზე? მშობლებზე? არა, თავის მოწაფეებზე. მან უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“. ბავშვებს ეხვეოდა და აკურთხებდა (მარკოზი 10:13—16). მარკოზის სიტყვებიდან ჩანს, რომ იესო ბავშვებს თბილად ექცეოდა. შესაძლოა ზოგიერთი ჩვილი ხელშიც კი აჰყავდა. იესოს უყვარდა ბავშვები. როგორც ვხედავთ, იესო ისეთი ადამიანი იყო, რომელთანაც თავისუფლად იგრძნობდი თავს.
4, 5. ა) საიდან ჩანს, რომ იესოსთან ხალხი თავისუფლად მიდიოდა? ბ) რომელ საკითხებზე ვისაუბრებთ ამ თავში?
4 იესო მკაცრი, ცივი ან ამაყი ადამიანი რომ ყოფილიყო, მშობლები თავისუფლად ვერ მიიყვანდნენ ბავშვებს და, ალბათ, არც ბავშვები მიეკარებოდნენ. რა ბედნიერები იქნებოდნენ მშობლები, როდესაც დაინახავდნენ, რომ ეს კეთილი კაცი თბილად ექცეოდა მათ შვილებს და აკურთხებდა, რაც ცხადყოფდა, რომ ბავშვები იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან! მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, იესოსთან ხალხი მაინც თავისუფლად მიდიოდა.
5 კიდევ ვინ გრძნობდა იესოსთან თავს თავისუფლად? რატომ გრძნობდნენ მასთან თავს თავისუფლად? და ჩვენ როგორ მივბაძოთ იესოს?
ვინ გრძნობდა იესოსთან თავს თავისუფლად?
6—8. ძირითადად ვისთან ჰქონდა იესოს ურთიერთობა და რით განსხვავდებოდა რელიგიური წინამძღოლებისგან?
6 სახარებებში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, საიდანაც ჩანს, რომ ხალხს არ უჭირდა იესოსთან მისვლა. მაგალითად, „მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან“, „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი“, „დიდძალი ხალხი იკრიბებოდა მის მოსასმენად“ (მათე 4:25; 15:30; ლუკა 5:15).
7 ეს ძირითადად ის ხალხი იყო, ვისაც რელიგიური წინამძღოლები სიძულვილის ნიშნად „მიწის ხალხს“ ეძახდნენ. ფარისევლები და მღვდლები პირდაპირ ამბობდნენ: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:49). ეს რაბინების ხელნაწერებითაც დასტურდება. რელიგიურ წინამძღოლებს ასეთი ხალხი იმდენად სძულდათ, რომ მათთან ერთად არ ჭამდნენ, მათგან არაფერს ყიდულობდნენ და არც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ მათთან. ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ვინც ზეპირ კანონს არ იცნობდა, მკვდრეთით ვერ აღდგებოდა. ეს უბრალო ადამიანები გაურბოდნენ ასეთ წინამძღოლებს; დახმარების თხოვნაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. იესო განსხვავდებოდა მათგან.
8 იესო არ გაურბოდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობას. მათთან ერთად ჭამდა, კურნავდა მათ, ასწავლიდა და ანუგეშებდა. იესო რეალურად აფასებდა სიტუაციას. მან იცოდა, რომ ბევრი არ გახდებოდა იეჰოვას მსახური (მათე 7:13, 14). თუმცა თითოეულ მათგანს იმედით უყურებდა და ბევრში ღვთის მომავალ მსახურს ხედავდა. როგორ განსხვავდებოდა იესო უგულო მღვდლებისა და ფარისევლებისგან! როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მღვდლებიცა და ფარისევლებიც მიდიოდნენ იესოსთან. ზოგიერთი მათგანი შეიცვალა კიდეც და იესოს მიმდევარი გახდა (საქმეები 6:7; 15:5). იესოსთან მისვლა არც მდიდარ და გავლენიან ადამიანებს უჭირდათ (მარკოზი 10:17, 22).
9. რატომ გრძნობდნენ თავს ქალები იესოსთან თავისუფლად?
9 იესოსთან ქალებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს. რელიგიური წინამძღოლებისგან კი არაერთხელ იგრძნობდნენ თავს შეურაცხყოფილად. რაბინები ცუდი თვალით უყურებდნენ მათ, ვინც ქალებს ასწავლიდა. ქალებს არც მოწმეებად გამოსვლის უფლება ჰქონდათ; მათ არასაიმედო მოწმეებად მიიჩნევდნენ. რაბინები ლოცვაში მადლობასაც კი სწირავდნენ ღმერთს, რომ ქალებად არ დაიბადნენ. იესო კი ქალებს პატივისცემით ეპყრობოდა. მასთან ბევრი მათგანი მიდიოდა, რომ ესწავლათ. გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა მარიამი, ლაზარეს და, იესოს ფერხთით იჯდა და მთელი გულისყურით უსმენდა უფალს, მაშინ როცა მისი და მართა საჭმლის კეთებით იყო დაკავებული. იესომ შეაქო მარიამი სწორი არჩევნისთვის (ლუკა 10:39—42).
10. რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით როგორ ეპყრობოდა იესო ავადმყოფებს?
10 იესოსთან ავადმყოფებიც თავისუფლად მიდიოდნენ. მათ რელიგიური წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ. მართალია, მოსეს კანონის მიხედვით კეთროვნები საზოგადოებისგან შორს უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მათ ცუდად მოპყრობოდნენ (ლევიანები, თავი 13). რაბინები თავიანთ კანონებში კეთროვნებს ექსკრემენტებს ადარებდნენ. ზოგი რელიგიური წინამძღოლი ქვებსაც კი უშენდა კეთროვნებს, რომ ახლოს არ მისულიყვნენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში კეთროვნებს გამბედაობა მოეკრიბათ და რომელიმე მასწავლებელთან მისულიყვნენ, მაგრამ იესოსთან მივიდნენ. ერთმა მათგანმა მტკიცე რწმენა ასე გამოხატა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“ (ლუკა 5:12). შემდეგ თავში ვნახავთ, თუ რა უპასუხა იესომ. ეს შემთხვევა იმის ნათელი მტკიცებაა, რომ იესოსთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობდა.
11. რომელი შემთხვევა აჩვენებს, რომ ვისაც ჩადენილი ცოდვები მოსვენებას არ აძლევდა, იესოსთან თავისუფლად მიდიოდა, და რატომ არის ეს დღეს საყურადღებო?
11 იესოსთან ისინიც თავისუფლად მიდიოდნენ, ვისაც ჩადენილი ცოდვა მოსვენებას არ აძლევდა. გავიხსენოთ ის შემთხვევა, იესომ ერთ ფარისეველთან რომ ისადილა. იქ ერთი ქალი მივიდა, რომელსაც ცოდვილის სახელი ჰქონდა და იესოს ფერხთით დაჯდა. ჩადენილი ცოდვების გამო ტიროდა, ცრემლებით უსველებდა იესოს ფეხებს და თმით უმშრალებდა. ფარისეველმა მასპინძელმა გულში განსაჯა იესო იმის გამო, რომ ქალი ახლოს მიუშვა. იესომ შეაქო ქალი გულწრფელი მონანიებისთვის და უთხრა, რომ იეჰოვამ აპატია (ლუკა 7:36—50). დღესაც, თუ ადამიანს ჩადენილი ცოდვა მოსვენებას არ აძლევს, თავისუფლად უნდა მიდიოდეს მასთან, ვისაც შეუძლია ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმაროს. მაინც რატომ გრძნობდა ყველა თავს იესოსთან თავისუფლად?
რატომ გრძნობდნენ თავს იესოსთან თავისუფლად?
12. რატომ გრძნობდნენ თავს იესოსთან თავისუფლად?
12 იესო ზედმიწევნით ჰბაძავდა თავის საყვარელ ზეციერ მამას (იოანე 14:9). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). იეჰოვა, „ლოცვების მომსმენი“ ღმერთი, ყოველთვის აძლევს ურთიერთობის საშუალებას როგორც თავის ერთგულ მსახურებს, ისე მათ, რომლებიც გულწრფელად ეძებენ მას, რათა ემსახურონ (ფსალმუნი 65:2). უბრალოდ წარმოიდგინე, სამყაროში ყველაზე ძლევამოსილ პიროვნებასთან ყველაზე ადვილია ურთიერთობა! მამამისის მსგავსად იესოსაც უყვარს ადამიანები. მომდევნო თავებში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ძლიერი სიყვარული ამოძრავებდა იესოს. ხალხი ხედავდა, რომ იესოს ძლიერ უყვარდა ისინი და, ძირითადად, ამიტომ მიდიოდნენ თავისუფლად. ახლა ვნახოთ, როგორ ავლენდა იესო ასეთ სიყვარულს.
13. რაში უნდა მიჰბაძონ მშობლებმა იესოს?
13 ხალხი ხედავდა, რომ იესოს თითოეული ადამიანის მდგომარეობა აღელვებდა, მაშინაც კი, როცა მძიმე წუთები ედგა. როგორც დავინახეთ, იესოს მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, მაგრამ მაინც მოიცალა ბავშვებისთვის. ეს მშობლებისთვის კარგი მაგალითია. ბავშვების აღზრდა დღეს უფრო და უფრო რთულდება. მიუხედავად ამისა, ბავშვები უნდა ხედავდნენ, რომ მშობლებს ყოველთვის სცალიათ მათთვის. მშობლებო, მართალია ზოგჯერ ისე ხართ დაკავებულნი, რომ ბავშვს ვერ უთმობთ საჭირო ყურადღებას, მაგრამ უთხარით, რომ როგორც კი მოიცლით, მიაქცევთ ყურადღებას. თუ პირობას შეასრულებთ, ბავშვი დაინახავს, რომ მოთმინება ნამდვილად ღირდა. ამის შემდეგ ის ყოველთვის მოვა თქვენთან, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.
14—16. ა) რამ უბიძგა იესოს, რომ პირველი სასწაული მოეხდინა და რატომ იყო ეს დიდი სასწაული? ბ) რას ვიგებთ იესოზე კანაში მომხდარი სასწაულიდან, და რას ასწავლის ეს მშობლებს?
14 ხალხი ხედავდა, რომ იესო შედიოდა მათ მდგომარეობაში. გავიხსენოთ იესოს პირველი სასწაული. იესო გალილეის ქალაქ კანაში საქორწილო ნადიმზე იყო მიწვეული. შეიქმნა უხერხული მდგომარეობა, ღვინო გათავდა. ეს დედამისმა, მარიამმა იესოს შეატყობინა. როგორ მოიქცა იესო? მომსახურეებს ექვსი ქვის ჭურჭელი წყლით აავსებინა. თამადამ ახალ ღვინოს გემო რომ გაუსინჯა, ძალიან მოეწონა. ფოკუსი გააკეთა იესომ? არა, იესომ ‘წყალი ღვინოდ აქცია’ (იოანე 2:1—11). საუკუნეების განმავლობაში ერთი საგნის მეორედ გადაქცევა ადამიანებისთვის დიდი ხნის ოცნება იყო. მაგალითად, ალქიმიკოსები ცდილობდნენ, ტყვია ოქროდ ექციათ, მაგრამ უშედეგოდ, არადა ტყვია და ოქრო საოცრად მსგავსი ელემენტებიაa. წყალი თუ გადაიქცეოდა ღვინოდ? წყალი მარტივი ქიმიური ნაერთია, ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება. ღვინო კი ათასამდე ნაერთს შეიცავს, რომელთა უმეტესობაც რთული შედგენილობისაა. მხოლოდ იმიტომ მოახდინა იესომ ასეთი სასწაული, რომ საქორწილო ნადიმზე ღვინო ჰქონოდათ?
15 ნეფე-პატარძლისთვის ღვინის გათავება უმნიშვნელო რამ არ ყოფილა. ძველად, ახლო აღმოსავლეთში სტუმრისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ დახვდებოდა მასპინძელი. საქორწილო ნადიმზე ღვინის გათავება ნეფე-პატარძალს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, ქორწილის დღეს ჩაუმწარებდა და ეს წლების მანძილზე უსიამოვნო მოგონებად დარჩებოდათ. იესო შევიდა მათ მდგომარეობაში და უხერხულობას აარიდა. ხედავ, რატომ მიდიოდა ხალხი იესოსთან თავისუფლად?!
16 მშობლებისთვის ესეც კარგი მაგალითია. როგორ მოიქცევი, შვილი რომ მოვიდეს და მოგიყვეს ის, რაც აწუხებს? შეიძლება ეს უმნიშვნელო პრობლემად მოგეჩვენოს, შეიძლება გაგეცინოს კიდეც. შენს პრობლემებთან შედარებით ბავშვის პრობლემა შეიძლება მართლაც უმნიშვნელო ჩანდეს. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ეს ბავშვისთვის უმნიშვნელო არ არის. თუ რაღაც აწუხებს მას, ვინც ძალიან გიყვარს, არ შეხვალ მის მდგომარეობაში?! თუ ბავშვი დაინახავს, რომ, რაც მას აწუხებს, შენთვის უმნიშვნელო არ არის, არ გაუჭირდება შენთან მოსვლა.
17. რა მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა იესომ და რატომ არის რბილი ხასიათი სიმტკიცის მაჩვენებელი?
17 როგორც მე-3 თავიდან დავინახეთ, იესო რბილი და თავმდაბალი ადამიანი იყო (მათე 11:29). რბილი ხასიათის გამოსავლენად თავმდაბლობაა საჭირო. რბილი ხასიათი წმინდა სულის ნაყოფია და ღვთიური სიბრძნე ახასიათებს (გალატელები 5:22, 23; იაკობი 3:13). იესო სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგეები ყველანაირად ცდილობდნენ, მდგომარეობიდან გამოეყვანათ. იესოს რბილი ხასიათი არ იყო სისუსტის მაჩვენებელი. ერთი მეცნიერის აზრით, რბილი ხასიათის მიღმა ფოლადისებური სიმტკიცე ჩანს. ხშირად ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ არ განვრისხდეთ და სხვებს რბილად მოვეპყროთ. იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, თუ შევეცდებით, მივბაძოთ იესოს რბილი ხასიათის გამოვლენაში. შედეგად კი სხვებს არ გაუჭირდებათ ჩვენთან ურთიერთობა.
18. რა შემთხვევიდან ჩანს იესოს გონიერება და თავისუფლად რატომ იგრძნობდი თავს მასთან, ვინც გონიერებას ავლენს?
18 იესო გონიერებას ავლენდა. ერთხელ, ტვიროსში რომ იმყოფებოდა, იესოსთან ერთი ქალი მივიდა, რომლის გოგონასაც ‘საშინლად ტანჯავდნენ დემონები’. იესომ სამჯერ მიანიშნა ქალს, რომ სათხოვარს ვერ შეუსრულებდა. თავდაპირველად არაფერი უთქვამს; მეორედ მიზეზი აუხსნა, თუ რატომ ვერ შეუსრულებდა სათხოვარს, მესამედ კი მაგალითი მოუყვანა. ასეთი საქციელი იესოს გულცივობასა და სიჯიუტეზე ხომ არ მეტყველებს? ხომ არ აგრძნობინა იესომ ქალს, რომ დიდებული ადამიანის წინაშე იდგა და არ უნდა შეპასუხებოდა? არა. ქალი თამამად ელაპარაკებოდა იესოს. ერთხელ კი არ სთხოვა, შვილი განმიკურნეო, ეხვეწებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იესო, ერთი შეხედვით, გულგრილი ჩანდა. იესომ დაინახა, რომ ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა (მათე 15:22—28). უდავოა, რომ იესო გონივრულად იქცეოდა, უსმენდა სხვებს და საჭიროების შემთხვევაში დათმობაზეც მიდიოდა. ხალხი ამას რომ ხედავდა, იმიტომ უადვილდებოდა მასთან მისვლა.
შენთან როგორ გრძნობენ თავს?
19. როგორ გავიგოთ, თავისუფლად გრძნობენ თუ არა სხვები ჩვენთან თავს?
19 ზოგს ჰგონია, რომ მასთან თავისუფლად გრძნობენ თავს. მაგალითად, ზოგიერთი თანამდებობის პირის აზრით, თანამშრომლებს ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ მათთან მისვლა. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრი ლაპარაკობს თავის სიკეთეზე, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?“ (იგავები 20:6). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენთან თავისუფლად გრძნობენ თავს, მაგრამ მართლა ასეა ეს? იესოს მსგავსად, მართლა ვავლენთ სიყვარულს ასეთი სახით? ეს რომ გავიგოთ, ჩვენ თვითონ კი არ უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი, არამედ დავაკვირდეთ, სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ჩვენს თავს კითხვა უნდა დავუსვათ: „როგორ მაფასებენ სხვები?“ „როგორი რეპუტაციით ვსარგებლობ?“
20. ა) რატომაა აუცილებელი, რომ უხუცესები შეეცადონ, თანაქრისტიანებს არ გაუჭირდეთ მათთან მისვლა? ბ) რატომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ბევრს ხომ არ მოველით კრების უხუცესებისგან?
20 განსაკუთრებით ქრისტიანი უხუცესები არ იშურებენ ძალისხმევას იმისათვის, რომ სხვებს არ გაუჭირდეთ მათთან მისვლა. ისინი ცდილობენ, რომ ესაიას 32:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად იმოქმედონ: „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“. უხუცესები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ სულიერად დაიცვან, ანუგეშონ და გაამხნეონ ქრისტიანები, თუ შეეცდებიან, რომ ქრისტიანებს არ გაუჭირდეთ მათთან მისვლა. უხუცესებისთვის ასე მოქმედება ადვილი არ არის. მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, თანაც ბოლო დღეები დგას. მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, არასოდეს აფიქრებინონ თანაქრისტიანებს, რომ ვერ იცლიან იეჰოვას ცხვრისთვის (1 პეტრე 5:2). კრების წევრები კი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, ბევრს ხომ არ მოელიან უხუცესებისგან, და თავმდაბლურად უნდა ითანამშრომლონ მათთან (ებრაელები 13:17).
21. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ მათთან მისვლა, და რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
21 არც მშობლებმა უნდა დაიშურონ ძალისხმევა იმისათვის, რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ მათთან მისვლა. ამაზე ბევრია დამოკიდებული. მშობლებმა უნდა დაანახვონ შვილებს, რომ თუ დედ-მამას გაანდობენ თავიანთ საწუხარს, არასოდეს ინანებენ. ქრისტიანმა მშობლებმა მძაფრი რეაქციის გამოხატვის ნაცვლად გონიერება უნდა გამოავლინონ და რბილად მიუდგნენ შვილებს, როდესაც ისინი შეცდომას აღიარებენ ან რაღაც საკითხი არასწორად ესმით. მშობლები მოთმინებით უნდა ასწავლიდნენ შვილებს და, ამავე დროს, აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას აძლევდნენ. მართლაც ყველას გვინდა, რომ იესოს ვბაძავდეთ და სხვები ჩვენთან თავისუფლად გრძნობდნენ თავს. მომდევნო თავში ვისაუბრებთ იმაზე, რომ იესო თანამგრძნობი ადამიანი იყო, რისი წყალობითაც ხალხი მასთან თავისუფლად მიდიოდა.
a ქიმიკოსებისთვის ცნობილია, რომ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ტყვია და ოქრო ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგას. ტყვიის ატომის ბირთვი ოქროს ატომის ბირთვთან შედარებით სამით მეტ პროტონს შეიცავს. თანამედროვე ფიზიკოსებმა შეძლეს მცირეოდენი ტყვია ოქროდ ექციათ, თუმცა ეს ურთულესი პროცესია და არ არის მომგებიანი.