სასწავლო სტატია 38
„მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“
„მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28).
სიმღერა 17 მსურს
მოკლე შინაარსიa
1. იესოს რომელ დაპირებას ვკითხულობთ მათეს 11:28—30-ში?
თავის მსმენელებს იესომ შესანიშნავი დაპირება მისცა: „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“ (წაიკითხეთ მათეს 11:28—30). ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. გაიხსენეთ, რა გააკეთა მან საშინელი დაავადებით გატანჯული ქალისთვის.
2. რა გააკეთა იესომ ავადმყოფი ქალისთვის?
2 სასოწარკვეთილ და მძიმე დაავადებით გატანჯულ ქალს დახმარება სჭირდებოდა. 12 წლის მანძილზე მან არაერთ ექიმს მიმართა განკურნების იმედით, თუმცა ამაოდ. მოსეს კანონის თანახმად, ის უწმინდურად ითვლებოდა (ლევ. 15:25). როგორც კი შეიტყო, რომ იესოს ავადმყოფების განკურნების ძალა ჰქონდა, ქალი მაშინვე მის მოსაძებნად წავიდა. როცა იპოვა, მას ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო და უმალვე განიკურნა. აღსანიშნავია, რომ იესომ უბრალოდ მძიმე დაავადებისგან კი არ განკურნა ეს ქალი, არამედ ღირსების გრძნობაც დაუბრუნა. მან სითბო და პატივისცემა გამოავლინა, როცა მასთან მიმართებით სიტყვა „შვილო“ გამოიყენა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა და გამოაცოცხლებდა მას ასეთი მოპყრობა (ლუკ. 8:43—48).
3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
3 ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალმა თავად მოძებნა იესო, ანუ ძალისხმევა მოახმარა მასთან მისვლას. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა: იესოსთან „მისასვლელად“ ძალისხმევა გვჭირდება. მართალია, დღეს იესო სასწაულებრივად არ კურნავს მასთან „მისულებს“, მაგრამ ის კვლავაც გვიწვევს: „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“. ამ სტატიაში ხუთ კითხვას გავცემთ პასუხს: როგორ შეგვიძლია იესოსთან „მისვლა“? რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა: „დაიდგით ჩემი უღელი“? რის სწავლა შეგვიძლია იესოსგან? რატომ არის მისგან დავალებული საქმე გამომაცოცხლებელი? და რა უნდა გავაკეთოთ, რომ იესოს უღელი ყოველთვის გამომაცოცხლებელი იყოს ჩვენთვის?
„მოდით ჩემთან“
4, 5. როგორ შეგვიძლია იესოსთან „მისვლა“?
4 იესოსთან „მივდივართ“, როცა მისი სწავლებებისა და საქმეების შესახებ მეტ ცოდნას ვიღებთ (ლუკ. 1:1—4). ამიტომ თითოეულმა უნდა გამოვიკვლიოთ ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც ქრისტეს შესახებ მოგვითხრობს. იესოსთან მაშინაც „მივდივართ“, როცა ვინათლებით და მისი მოწაფეები ვხდებით.
5 ქრისტესთან „მისასვლელი“ კიდევ ერთი გზა უხუცესებისთვის დახმარების თხოვნაა. ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელსაც იესომ თავის ცხვარზე ზრუნვა მიანდო (ეფეს. 4:7, 8, 11; იოან. 21:16; 1 პეტ. 5:1—3). ჩვენ თავად უნდა ავიღოთ ინიციატივა და დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ. არ უნდა მოველოდეთ, რომ ისინი უთქმელადაც მიხვდებიან, რა გვაწუხებს ან რა გვჭირდება. ერთი ძმა, სახელად ჯულიანი, ამბობს: „ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბეთელიდან წამოსვლა მომიწია. მეგობარმა მირჩია, უხუცესებისთვის სამწყემსო მონახულება მეთხოვა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს არ მჭირდებოდა, თუმცა მოგვიანებით ვითხოვე დახმარება. ის სამწყემსო მონახულება განსაკუთრებული იყო ჩემთვის“. ასეთი ერთგული უხუცესები გვეხმარებიან, რომ შევიცნოთ „ქრისტეს გონება“, ანუ ისეთივე დამოკიდებულება და აზროვნება განვივითაროთ, როგორიც იესოს ჰქონდა (1 კორ. 2:16; 1 პეტ. 2:21). რა შეიძლება გააკეთონ მათ ჩვენთვის ამაზე უკეთესი?!
„დაიდგით ჩემი უღელი“
6. რა იგულისხმა იესომ სიტყვებში „დაიდგით ჩემი უღელი“?
6 იესოს სიტყვები „დაიდგით ჩემი უღელი“, შეიძლება ასე გავიგოთ: „აღიარეთ ჩემი ძალაუფლება“ ან „ერთ უღელქვეშ დავდგეთ და ერთად ვიშრომოთ იეჰოვასთვის“. ორივე შემთხვევაში ჩვენგან რაღაცის გაკეთება მოითხოვება.
7. მათეს 28:18—20-ის თანახმად, რა საქმე მოგვენდო და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
7 ჩვენ ვიღებთ იესოს მოწვევას, როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას და ვინათლებით. იესო ყველას იწვევს. ის ხელს არასდროს ჰკრავს მას, ვისაც გულწრფელად სურს ღვთისმსახურება (იოან. 6:37, 38). ქრისტეს მიმდევრებს დიდი პატივი ხვდათ წილად, მონაწილეობა მიიღონ საქმეში, რომელიც იეჰოვამ თავის ძეს დაავალა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება და დაგვეხმარება ამ საქმის შესრულებაში (წაიკითხეთ მათეს 28:18—20).
„ისწავლეთ ჩემგან“
8, 9. რატომ იზიდავდა იესო თავმდაბალ ადამიანებს და რაზე უნდა დავფიქრდეთ?
8 იესო თავმდაბალ ადამიანებს იზიდავდა (მათ. 19:13, 14; ლუკ. 7:37, 38). დავფიქრდეთ, როგორ განსხვავდებოდა ის ფარისევლებისგან. ეს რელიგიური წინამძღოლები გულცივები და ქედმაღლები იყვნენ (მათ. 12:9—14). იესო კი გულთბილი და თავმდაბალი იყო. პატივმოყვარე ფარისევლები ამაყობდნენ თავიანთი სოციალური სტატუსით. იესოსთვის კი მიუღებელი იყო პატივმოყვარეობა, ამიტომ თავის მოწაფეებს თავმდაბლობასა და სხვების მომსახურებას ასწავლიდა (მათ. 23:2, 6—11). ფარისევლები ხალხის დამორჩილებას დაშინებითა და მუქარით ცდილობდნენ (იოან. 9:13, 22). იესო კი სიტყვითა თუ საქმით სხვების მიმართ სიყვარულსა და სიკეთეს ავლენდა.
9 ჰბაძავთ იესოს ამ მხრივ? ჰკითხეთ საკუთარ თავს: მაქვს რბილი და თავმდაბალი ადამიანის რეპუტაცია? მეთაკილება შავი სამუშაოს შესრულება, რათა სხვებს მოვემსახურო? ვავლენ სიკეთეს სხვების მიმართ?
10. როგორ გარემოს უქმნიდა იესო თანამსახურებს?
10 იესო თანამსახურებს სასიამოვნო გარემოს უქმნიდა და სიხარულით ასწავლიდა მათ (ლუკ. 10:1, 19—21). მოწაფეები იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ მასთან თავს, რომ კითხვებს ადვილად უსვამდნენ. თავის მხრივ, იესოც ინტერესდებოდა მათი აზრით და ცდილობდა, კითხვების მეშვეობით გაეგო, რას ფიქრობდნენ ისინი (მათ. 16:13—16). როგორც სათბურში ხარობს მცენარე, ისე ხარობდნენ მოწაფეები მის გვერდით. მათ ბევრი კარგი რამ შეითვისეს იესოსგან და თავადაც გამოიღეს შესაბამისი ნაყოფი — კარგი საქმეები.
11. რაზე უნდა დავფიქრდეთ?
11 თუ სხვებზე გარკვეული უფლებამოსილება გაქვთ, დაფიქრდით შემდეგზე: როგორ გარემოს ვუქმნი თანამშრომლებსა თუ ოჯახის წევრებს? ვცდილობ, ხელი შევუწყო მშვიდობას? უადვილდებათ ჩემთვის კითხვების დასმა? მზად ვარ მათი აზრის მოსასმენად? ნამდვილად არ გვინდა, რომ ფარისევლებს დავემსგავსოთ, რომლებიც ურისხდებოდნენ და უხეშად ეპყრობოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მათ ნათქვამს ან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა (მარ. 3:1—6; იოან. 9:29—34).
„გამოცოცხლდება თქვენი სული“
12—14. რატომ არის იესოს მიერ დავალებული საქმე გამომაცოცხლებელი?
12 რატომ არის გამომაცოცხლებელი იესოს მიერ დავალებული საქმე? ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ქვემოთ მხოლოდ რამდენიმეზე ვიმსჯელებთ.
13 გვყავს საუკეთესო ზედამხედველები. იეჰოვა, სამყაროს უზენაესი ღმერთი, უმადურ და უხეშ ბატონს არ ჰგავს, რომელიც არაფრად აგდებს თავის მსახურთა შრომას. პირიქით, ის ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის ვაკეთებთ (ებრ. 6:10). იეჰოვა ძალასაც გვაძლევს, რომ მონდობილი საქმე შევასრულოთ (2 კორ. 4:7; გალ. 6:5). ჩვენმა მეფემ, იესომ, სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს (იოან. 13:15). უხუცესები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, ცდილობენ, „დიდებულ მწყემსს“, იესოს მიჰბაძონ (ებრ. 13:20; 1 პეტ. 5:2). ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კეთილად მოგვეპყრონ, გაგვამხნეონ და გაბედულად დაგვიცვან და იზრუნონ ჩვენზე.
14 გვყავს საუკეთესო მეგობრები. რა ბედნიერებაა, რომ ყველაზე ღირებულ საქმეს ვასრულებთ და ყველაზე თბილ და მოსიყვარულე ხალხს მივეკუთვნებით. უბრალოდ დაფიქრდით: გვაქვს პატივი, მათ მხარდამხარ ვიშრომოთ, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, თუმცა ამის გამო სხვებს ზემოდან არ უყურებენ. ისინი ნიჭიერები და უნარიანები არიან, მაგრამ მოკრძალებას ინარჩუნებენ და თავს სხვებზე უკეთესებად არ მიიჩნევენ. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ თანამსახურებად კი არა, მეგობრებად ვთვლით. ჩვენ შორის არსებული სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მზად ვართ, სიცოცხლეც კი დავთმოთ ერთმანეთისთვის.
15. როგორ უნდა ვუყუროთ ჩვენზე მონდობილ საქმეს?
15 ვასრულებთ საუკეთესო საქმეს. ჩვენ ჭეშმარიტებას ვასწავლით იეჰოვას შესახებ და ვააშკარავებთ ეშმაკის სიცრუეს (იოან. 8:44). სატანა თავისი ტყუილებით მძიმე ტვირთს ჰკიდებს ადამიანებს, რომლის ტარებაც ძალიან უჭირთ. მაგალითად, მას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა არასდროს გვაპატიებს ცოდვებს და მისი სიყვარულის ღირსი ვერასდროს გავხდებით. ასეთი სიცრუე ანადგურებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს! სიმართლე კი ისაა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გვპატიობს ცოდვებს, როცა ვეხმაურებით მოწვევას და ქრისტესთან „მივდივართ“ (რომ. 8:32, 38, 39). უდიდეს სიხარულს ვგრძნობთ, როცა ადამიანებს იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში ვეხმარებით და საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ყოველთვის გამომაცოცხლებელი იყოს თქვენთვის ქრისტეს უღელი
16. რით განსხვავდება იესოს ტვირთი ცხოვრებისეული საზრუნავისგან?
16 ტვირთი, რომლის ტარებასაც ქრისტე გვთხოვს, დიდად განსხვავდება ცხოვრებისეული საზრუნავისგან, რომელიც ტვირთად გვაწევს. მაგალითად, სამუშაო დღის ბოლოს დაღლილობასა და სიცარიელეს ვგრძნობთ, მაშინ როცა იეჰოვასა და იესოს მსახურება უდიდეს კმაყოფილებას გვანიჭებს. ზოგჯერ დღის ბოლოს ისეთი გადაღლილები ვართ, რომ კრებაზე წასასვლელად თავს ძალას ვატანთ, თუმცა შინ, როგორც წესი, გამოცოცხლებული ვბრუნდებით. იგივე შეიძლება ითქვას ქადაგებასა და პირად შესწავლაზე. მართალია, ორივე საქმის შესრულება ჩვენგან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჯილდო, რომელსაც შედეგად ვიღებთ, ნებისმიერ ძალისხმევას აღემატება.
17. რა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა და რაზე უნდა დავფიქრდეთ?
17 თითოეულმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებთ. მაგალითად, შეიძლება მთელი ენერგია ქონების დაგროვებას შევალიოთ. მაგრამ გაიხსენეთ, რა უპასუხა იესომ მდიდარ ახალგაზრდას კითხვაზე: „რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. აღსანიშნავია, რომ ეს ახალგაზრდა უკვე ცხოვრობდა მოსეს კანონის თანახმად. როგორც ჩანს, ის კარგი ადამიანი იყო, რადგან მარკოზის სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო „სიყვარულით აღიძრა მისდამი“ და უთხრა: „წადი, გაყიდე რაც გაქვს . . . მერე მოდი და გამომყევი“. ამის მოსმენამ დაანაღვლიანა მდიდარი ახალგაზრდა, რადგან ძალიან სურდა, გამოხმაურებოდა იესოს მოწვევას, თუმცა სიმდიდრე არ ეთმობოდა (მარ. 10:17—22). სამწუხაროდ, მან უარი თქვა იესოს უღელზე და კვლავაც სიმდიდრის მონობა არჩია (მათ. 6:24). თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?
18. რა უნდა გავაკეთოთ დროდადრო და რატომ?
18 კარგი იქნება, თუ დროდადრო გადავხედავთ ჩვენს პრიორიტეტებს, რათა ენერგია ფუჭ საქმეებს არ შევალიოთ. აი რას ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად მარკი: „წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ცხოვრება გამარტივებული მქონდა. პიონერი კი ვიყავი, მაგრამ სულ ფულსა და კომფორტზე ვფიქრობდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ცხოვრება დამიმძიმდა, ამიტომ მიზეზის ძებნა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ, ძირითადად, საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი და იეჰოვას საქმეს მორჩენილ დროსა და ენერგიას ვუთმობდი“. მარკმა შეიცვალა აზროვნება და ცვლილებები მოახდინა, რათა უფრო მეტად დახარჯულიყო ღვთისთვის. ის განაგრძობს: „ზოგჯერ ცხოვრებისეული საზრუნავი საფიქრალს მიჩენს, მაგრამ იეჰოვასა და იესოს დახმარებით მთავარი ყურადღება ღვთის მსახურებაზე მაქვს გადატანილი“.
19. რატომ არის სწორი თვალსაზრისის ქონა მნიშვნელოვანი?
19 იესოს უღელი ყოველთვის გამომაცოცხლებელი იქნება, თუ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს გავითვალისწინებთ. პირველი, შევინარჩუნებთ სწორ თვალსაზრისს. ჩვენ მუშები ვართ, ამიტომ ჩვენი ბატონის, იეჰოვას საქმე ისე უნდა შევასრულოთ, როგორც მას სურს (ლუკ. 17:10). თუ უღელში შებმული ხარი ბატონს გაუძალიანდება, შეიძლება ძალა გამოეცალოს და დიდი ზიანი მიადგეს. მსგავსად, ღვთის მიერ დავალებულ საქმეზე საკუთარი ძალით შეჭიდება უღლის ტარებას ძალიან გაგვიძნელებს. მეორე მხრივ, იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა წარმოუდგენელ საქმეებს გაგვაკეთებინებს და ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. გახსოვდეთ, რომ ღვთის ნების შესრულებას წინ ვერავინ აღუდგება! (რომ. 8:31; 1 იოან. 4:4).
20. რა მოტივით უნდა დავიდგათ ქრისტეს უღელი?
20 მეორე, ვიმსახუროთ სწორი მოტივით. ჩვენი მიზანია, დიდება მივაგოთ ზეციერ მამას, იეჰოვას. პირველ საუკუნეში ხარბმა და ეგოისტმა ადამიანებმა სიხარული მალევე დაკარგეს და უარი თქვეს იესოს უღლის ტარებაზე (იოან. 6:25—27, 51, 60, 66; ფილ. 3:18, 19). ისინი კი, ვისაც უანგაროდ უყვარდათ ღმერთი და მოყვასი, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულით ატარებდნენ ქრისტეს უღელს იმ იმედით, რომ მასთან ერთად იმსახურებდნენ ზეცაში. სიხარულს არც ჩვენ დავკარგავთ, თუ ქრისტეს უღელს სწორი მოტივით ვატარებთ.
21. მათეს 6:31—33-ის თანახმად, რას მოველით იეჰოვასგან?
21 მესამე, გვქონდეს რეალური მოლოდინი. როგორც ღვთის მსახურები, მზად ვართ, გულმოდგინედ ვიშრომოთ და თავგანწირვის სული გამოვავლინოთ. იესოს გაფრთხილების თანახმად ვიცით, რომ დევნა გარდაუვალია, თუმცა მოველით, რომ იეჰოვა ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. რაც მეტად მოვითმენთ, მით მეტად გაგვიძლიერდება რწმენა (იაკ. 1:2—4). ღვთის მსახურები იმასაც მოველით, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე; იესო, როგორც მწყემსი, გვიხელმძღვანელებს; და-ძმები კი გაგვამხნევებენ (წაიკითხეთ მათეს 6:31—33; იოან. 10:14; 1 თეს. 5:11). ფაქტობრივად, ყველაფერი გვაქვს, რაც მოთმინებისთვის გვჭირდება.
22. რისთვის ვართ მადლიერები?
22 სისხლდენით გატანჯული ქალი განკურნებისთანავე გამოცოცხლდა. მაგრამ, თუ ის ქრისტეს ერთგული მოწაფე გახდებოდა, მისი სიხარული მარადიულად გასტანდა. თქვენი აზრით, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? თუ ამ ქალმა ქრისტეს უღელი დაიდგა, წარმოუდგენელ ჯილდოს მიიღებდა — მას იესოსთან ერთად ზეცაში მსახურების შესაძლებლობა მიეცემოდა. ეს იქნებოდა ჯილდო, რომელიც მის მიერ გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს გადაწონიდა. არა აქვს მნიშვნელობა, დედამიწაზე ველით მარადიულ სიცოცხლეს თუ ზეცაში, მადლიერები ვართ, რომ შეგვიძლია გამოვეხმაუროთ იესოს მოწვევას: „მოდით ჩემთან“!
სიმღერა 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია
a იესო გვიწვევს, მასთან მივიდეთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვეხმაუროთ მის მოწვევას? ამ კითხვაზე წინამდებარე სტატია გაგვცემს პასუხს და შეგვახსენებს, რატომ არის იესოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის გამომაცოცხლებელი.
b სურათის აღწერა: იესო სხვადასხვა საშუალებას იყენებდა სხვების გამოსაცოცხლებლად.
c სურათის აღწერა: იესოს მსგავსად ძმა სხვადასხვა საშუალებით ცდილობს სხვების გამოცოცხლებას.