თავი 5
როგორ დავრჩეთ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი?
„[თქვენ] ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19)
1. რაზე გაამახვილა იესომ ყურადღება სიკვდილის წინა ღამეს?
სიკვდილის წინა ღამეს იესომ წარმოთქვა სიტყვები, საიდანაც ჩანს, რომ მას აღელვებდა თავისი მიმდევრების მომავალი. ის ევედრებოდა მამას: „იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:15, 16). ამ წრფელი გულით წარმოთქმული ლოცვიდან გამოჩნდა, რომ იესოს ძალიან უყვარდა მოწაფეები და რომ მის მიერ ცოტა ხნის წინ მათთვის ნათქვამი სიტყვები მეტად მნიშვნელოვანი იყო: „[თქვენ] ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19). აშკარაა, იესოს მთელი გულით უნდოდა, რომ მისი მიმდევრები ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი ყოფილიყვნენ.
2. რა არის „ქვეყნიერება“, რომელიც იესომ მოიხსენია?
2 იესოს მიერ მოხსენიებულ „ქვეყნიერებაში“ იგულისხმება ღვთისგან გაუცხოებული ყველა ადამიანი, რომელთა მმართველიც სატანაა და რომლებიც სატანისგან მომდინარე ეგოიზმისა და სიამაყის სულს ემონებიან (იოანე 14:30; ეფესოელები 2:2; 1 იოანე 5:19). ასეთ „ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა“ (იაკობი 4:4). როგორ შეგვიძლია ღვთის სიყვარულში დარჩენის მსურველთ ვიცხოვროთ ქვეყნიერებაში და, ამავე დროს, გამოყოფილნი ვიყოთ მისგან? ამაში დაგვეხმარება: 1) ღვთის სამეფოსადმი ერთგულება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; 2) ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევა; 3) მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა; 4) თვალის სუფთად დაცვა და 5) სულიერი საჭურვლით შემოსვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ერთგულება და ნეიტრალიტეტი
3. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა იესოს პოლიტიკაზე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესოს სულითცხებული მიმდევრები ელჩებად მსახურობენ? (იხილეთ სქოლიო)
3 იესო არ ერეოდა პოლიტიკაში; მისთვის უმთავრესი იყო, ხალხისთვის ექადაგა ზეციერი მთავრობის, ღვთის სამეფოს შესახებ, რომლის მეფეც თავად გახდებოდა (დანიელი 7:13, 14; ლუკა 4:43; 17:20, 21). ამიტომ რომაელი გამგებლის, პილატეს წინაშე მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). ერთგული მიმდევრები ჰბაძავენ იესოს — ისინი ქრისტესა და მისი სამეფოს ერთგულები არიან და ამ სამეფოს შესახებ ქადაგებენ (მათე 24:14). პავლე მოციქულმა დაწერა: «ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად . . . ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორინთელები 5:20).a
4. როგორ ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სამეფოსადმი ერთგულებას? (იხილეთ ჩარჩო „პირველი ქრისტიანები იცავდნენ ნეიტრალიტეტს“.)
4 ელჩები უცხო ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ და უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევიან. თუმცა ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს სულითცხებულ მიმდევრებზე, რომელთა „მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფილიპელები 3:20). სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით ისინი ქრისტეს მილიონობით „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, რომ ღმერთს შერიგებოდნენ (იოანე 10:16; მათე 25:31—40). „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები კი, ასე ვთქვათ, დესპანები არიან და იესოს ცხებულ ძმებს ეხმარებიან. ერთ ფარად გაერთიანებული ეს ორი ჯგუფი მხარს უჭერს მესიანურ სამეფოს, მტკიცედ იცავს ნეიტრალიტეტს და არ ერევა პოლიტიკაში (წაიკითხეთ ესაიას 2:2—4).
5. რით განსხვავდება ქრისტიანული კრება ძველი ისრაელისგან და რაში ჩანს ეს განსხვავება?
5 ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს მხოლოდ ქრისტესადმი ერთგულების დასამტკიცებლად არ ვიცავთ. ძველი ისრაელისგან განსხვავებით, რომელსაც ღმერთმა საცხოვრებლად ქვეყანა მისცა, ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვცხოვრობთ და საერთაშორისო საძმოს წევრები ვართ (მათე 28:19; 1 პეტრე 2:9). ასე რომ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში თუ გავერთიანდებით, ღვთის სამეფოს შესახებ თამამად ვეღარ ვიქადაგებთ და ჩვენს ქრისტიანულ ერთობას საფრთხე დაემუქრება (1 კორინთელები 1:10). ამასთანავე, ომის დროს იძულებული ვიქნებით, ვებრძოლოთ თანამორწმუნეებს, რომლებიც, იესოს მიერ მოცემული მცნების თანახმად, უნდა გვიყვარდეს (იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:10—12). აქედან გამომდინარე, იესოს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, როცა მოწაფეებს უთხრა, მახვილი არ აეღოთ. მან იმისკენაც კი მოუწოდა მათ, რომ ჰყვარებოდათ მტრები (მათე 5:44; 26:52; იხილეთ ჩარჩო „ვიცავ ნეიტრალიტეტს?“).
6. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს „კეისრის“ მიმართ მას შემდეგ, რაც თავი მივუძღვენით იეჰოვას?
6 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიცოცხლე ღმერთს მივუძღვენით და არა რომელიმე ადამიანს, ორგანიზაციას ან ერს. „თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, რადგან ფასით ხართ ნაყიდნი“, — ვკითხულობთ 1 კორინთელების 6:19, 20-ში. მართალია, იესოს მიმდევრები „კეისარს“ კუთვნილს ვაძლევთ, როცა მას პატივისცემით ვეკიდებით, გადასახადებს ვიხდით და მისდამი პირობით მორჩილებას ვავლენთ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ღვთისა ღმერთს მივცეთ (მარკოზი 12:17; რომაელები 13:1—7). ეს მოიცავს ღვთის თაყვანისცემას, სულითა და გულით სიყვარულს, ერთგულებასა და მორჩილებას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ღვთისთვის სიცოცხლეც კი გავიღოთ (ლუკა 4:8; 10:27; წაიკითხეთ საქმეების 5:29 და რომაელების 14:8).
„ქვეყნიერების სულისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა
7, 8. რა არის „ქვეყნიერების სული“ და როგორ „მოქმედებს“ ის „ურჩობის ძეებში“?
7 ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი რომ დარჩნენ, ქრისტიანებმა ასევე წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ქვეყნიერების ბოროტ სულს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორინთელები 2:12). ეფესოელებს მან მისწერა: „ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფესოელები 2:2, 3).
8 ქვეყნიერების „ჰაერი“ ან სული არის უხილავი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს ადამიანებს და მათში „ხორცის სურვილს [და] თვალთა სურვილს“ აღძრავს (1 იოანე 2:16; 1 ტიმოთე 6:9, 10). ქვეყნიერების სულის „ძალაუფლება“ ანუ ძალა იმაშია, რომ ის მიმზიდველია ცოდვილი ბუნებისთვის, შემპარავია, გამუდმებით ცდილობს გავლენის მოხდენას და ჰაერის მსგავსად ყველგან აღწევს. უფრო მეტიც, მისი მოქმედებით ადამიანში თანდათანობით ვითარდება უღვთო მიდრეკილებები, როგორიცაა ეგოიზმი, ამპარტავნობა, ამბიცია, დამოუკიდებლობისა და ურჩობის სული.b მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნიერების სული თანდათანობით ნერგავს ადამიანის გულში ეშმაკისთვის დამახასიათებელ თვისებებს (იოანე 8:44; საქმეები 13:10; 1 იოანე 3:8, 10).
9. როგორ შეიძლება ქვეყნიერების სულმა გავლენა მოახდინოს ჩვენს გულსა და გონებაზე?
9 შეიძლება ქვეყნიერების სულმა მოგიწამლოს გული და გონება? რასაკვირველია, თუ ამის ნებას მისცემ და სიფხიზლეს მოადუნებ (წაიკითხეთ იგავების 4:23). ეს სული შეიძლება შემოგეპაროს იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც, ერთი შეხედვით, კარგები ჩანან, სინამდვილეში კი არ უყვართ იეჰოვა (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33). ქვეყნიერების სულის გავლენაში შეიძლება მოექცე გამხრწნელი ლიტერატურის, პორნოგრაფიული ან განდგომილთა საიტების, არაჯანსაღი გართობისა და მეტოქეობის სულით გაჟღენთილი სპორტის სხვადასხვა სახეობის მეშვეობით, ანუ ნებისმიერი რამის ან ვინმეს მეშვეობით, რომელიც სატანისა და მისი ქვეყნიერების აზროვნებას ირეკლავს.
10. როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ქვეყნიერების სულს?
10 როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ქვეყნიერების შემპარავ სულს და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში? ჩვენ სრულად უნდა ვისარგებლოთ ყველაფრით, რითაც იეჰოვა ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ყოველთვის ვთხოვოთ მას ლოცვაში წმინდა სული. იეჰოვა ეშმაკსა და მის ბოროტ ქვეყნიერებაზე ბევრად ძლიერია (1 იოანე 4:4). იეჰოვასთან ლოცვით ახლო ურთიერთობის შენარჩუნება მართლაც მნიშვნელოვანია!
მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა
11. როგორ ახდენს გავლენას ქვეყნიერების სული ჩაცმულობაზე?
11 ადამიანის შინაგან სამყაროზე ბევრ რამეს ამბობს მისი ჩაცმულობა, გარეგნობა და პირადი ჰიგიენისადმი მისი დამოკიდებულება. მრავალ ქვეყანაში ჩაცმულობის ნორმები იმდენად დაეცა, რომ ერთი ტელეწამყვანის აზრით, მალე ბევრ გოგონას მეძავისგან ვეღარ განვასხვავებთ. როგორც ერთი გაზეთი იუწყებოდა, პატარა გოგონებიც აჰყვნენ მოდას — „მეტი სიშიშვლე, ნაკლები მოკრძალება“. მოდურია აგრეთვე დაუდევარი ჩაცმულობა, რომელიც ურჩობის სულსა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას ირეკლავს.
12, 13. რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა საქმე ეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას?
12 როგორც იეჰოვას მსახურებს, გვინდა საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, ანუ გვეცვას სუფთად, კარგი გემოვნებით და მოვლენის შესაფერისად. ჩვენი გარეგნობა ყოველთვის უნდა ირეკლავდეს „მოკრძალებასა და საღ აზროვნებას“, რაც „კარგ საქმეებთან“ ერთად უნდა ახასიათებდეს ნებისმიერს, კაცსა თუ ქალს, ვინც ამბობს, რომ ღვთისმოშიშია. ჩვენ არ ვცდილობთ, სხვების ყურადღების მიპყრობას, არამედ გვინდა, „ღვთის სიყვარულში“ დავრჩეთ (1 ტიმოთე 2:9, 10; იუდა 21). ჩვენ გვსურს, გვამკობდეს „შინაგანი ადამიანი, რომელიც . . . ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ (1 პეტრე 3:3, 4).
13 გახსოვდეს, რომ ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა სხვებს წარმოდგენას უქმნის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე. როცა ბიბლიაში „მოკრძალებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ზნეობასთან დაკავშირებით გამოიყენება, მიუთითებს მოწიწებაზე, შიშზე და სხვისი გრძნობების და თვალსაზრისის გათვალისწინებაზე. ამიტომ სხვების სინდისი საკუთარ უფლებებზე წინ უნდა დავაყენოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ძლიერ უნდა გვსურდეს, პატივი მივაგოთ იეჰოვას და მის ხალხს, ყოველმხრივ ვუშუამდგომლოთ საკუთარ თავს, როგორც ღვთის მსახურებმა, და „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ ვაკეთოთ (1 კორინთელები 4:9; 10:31; 2 კორინთელები 6:3, 4; 7:1).
14. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს გარეგნობასა და პირად ჰიგიენაზე?
14 ჩვენს ჩაცმულობას, გარეგნობასა და სისუფთავეს განსაკუთრებით მაშინ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა საქადაგებლად ან ქრისტიანულ შეხვედრებზე მივდივართ. ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ ვიქცევ ზედმეტ ყურადღებას ჩემი ჩაცმულობით ან მაკიაჟით? ხომ არ გრძნობს ჩემთან ხალხი თავს უხერხულად? ვიცავ ჰიგიენის ნორმებს? ხომ არ წუხდება ხალხი ჩემ გვერდით? ამ საკითხში საკუთარი უფლებები უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია თუ ის, რომ შევესაბამებოდე გარკვეულ მოთხოვნებს კრებაში ამა თუ იმ პასუხისმგებლობის მისაღებად? (ფსალმუნი 68:6; ფილიპელები 4:5; 1 პეტრე 5:6).
15. რატომ არ ადგენს ღვთის სიტყვა კონკრეტულ წესებს ჩაცმულობაზე, გარეგნობასა და პირად ჰიგიენაზე?
15 ბიბლია ჩაცმულობაზე, გარეგნობასა და პირად ჰიგიენაზე ქრისტიანებს კონკრეტულ წესებს არ უდგენს. იეჰოვას არ სურს, რომ წაგვართვას არჩევანის თავისუფლება ან იმის უფლება, რომ გამოვიყენოთ აზროვნების უნარი. მას სურს, ვიყოთ სულიერად მოწიფული ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბიბლიის პრინციპებით, „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). რაც მთავარია, მას უნდა, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყოს (წაიკითხეთ მარკოზის 12:30, 31). ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ არჩევანის თავისუფლება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჩავიცვამთ. ამას ადასტურებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას ხალხის ნაირფეროვანი ჩაცმულობა.
თვალის სუფთად დაცვა
16. როგორ უპირისპირდება ქვეყნიერების სული იესოს სწავლებას და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
16 ქვეყნიერების სული მაცდურია; მისი გავლენის ქვეშ მოქცეულ მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ ბედნიერება ფულსა და სიმდიდრეშია. მაგრამ იესომ თქვა: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). იესო არ იყო ასკეტიზმის ანუ საკუთარი თავის სრულიად უარყოფის მომხრე; ის ასწავლიდა, რომ ბედნიერნი ისინი იქნებოდნენ, ვინც „სულიერს მოწყურებულნი“ არიან და თვალს სუფთად იცავენ, ანუ ვისი თვალიც წმინდაა და სულიერზეა კონცენტრირებული (მათე 5:3; 6:22, 23). ჰკითხე საკუთარ თავს: «მართლა მჯერა იმის, რასაც იესო ასწავლიდა თუ „სიცრუის მამის“ გავლენაში ვარ?» (იოანე 8:44). „რაზე მეტყველებს ჩემი სიტყვები, მიზნები, პრიორიტეტები და ჩემი ცხოვრების წესი?“ (ლუკა 6:45; 21:34—36; 2 იოანე 6).
17. რა კურთხევები აქვთ მათ, ვინც თვალს სუფთად იცავს?
17 იესომ თქვა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). დაფიქრდი, რა კურთხევები აქვთ მათ, ვინც თვალს სუფთად იცავს. მათ სიამოვნებას ანიჭებს მსახურება (მათე 11:29, 30). ისინი თავიდან ირიდებენ ზედმეტ საწუხარს და ამის შედეგად გამოწვეულ ემოციურ ტკივილს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10). მათ აკმაყოფილებთ, რაც აქვთ, ამიტომ მეტი დრო რჩებათ ოჯახთან და თანაქრისტიანებთან ურთიერთობისთვის. შედეგად მშვიდად სძინავთ (ეკლესიასტე 5:12). ისინი შეძლებისდაგვარად ეხმარებიან სხვებს, რაც დიდ სიხარულს ანიჭებთ (საქმეები 20:35). ისინი უხვობენ იმედში და განიცდიან შინაგან მშვიდობასა და კმაყოფილებას (რომაელები 15:13; მათე 6:31, 32). ეს მართლაც შესანიშნავი კურთხევებია!
სულიერი საჭურვლით შემოსვა
18. როგორ აღწერს ბიბლია ჩვენს მტერს, მის მეთოდებსა და იმას, თუ ჩვენ როგორ ბრძოლას ვეწევით?
18 მათ სულიერობას, ვინც ღვთის სიყვარულში რჩება, საფრთხე არ ემუქრება სატანისგან, რომელსაც მათთვის არა მარტო ბედნიერების, არამედ მარადიული სიცოცხლის წართმევა სურს (1 პეტრე 5:8). პავლემ თქვა: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). დედნისეულ ენაზე სიტყვა „ვიბრძვით“ მიუთითებს ხელჩართულ ბრძოლაზე. ამასთანავე, სიტყვები „მთავრობები“, „ხელისუფლებები“ და „ქვეყნიერების მპყრობელები“ იმაზე მიანიშნებს, რომ სულიერი ქმნილებებისგან თავდასხმა ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ხდება.
19. აღწერე ქრისტიანის სულიერი საჭურველი.
19 მაგრამ სისუსტეებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ამისთვის საჭიროა, შევიმოსოთ „სრული საჭურვლით, რომელიც ღვთისგან არის“ (ეფესოელები 6:13). ეს საჭურველი აღწერილია ეფესოელების 6:14—18-ში: „მაშ, მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი, სიმართლის ჯავშნით შემოსილნი და მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. უპირველეს ყოვლისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას. აგრეთვე, აიღეთ ხსნის მუზარადი [ანუ იმედი] და სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა, მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა და ვედრება სულით“.
20. რით განსხვავდება ჩვენი მდგომარეობა ჯარისკაცის მდგომარეობისგან?
20 ვინაიდან სულიერი საჭურველი ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ის ყოველთვის დაგვიცავს, თუ მისით შევიმოსებით. ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომელთაც შეიძლება ბრძოლებს შორის დიდი შუალედები ჰქონდეთ, ქრისტიანები გამუდმებით იბრძვიან — ისინი ჩაბმულნი არიან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, რომელიც არ დასრულდება მანამ, სანამ ღმერთი არ გაანადგურებს სატანის ქვეყნიერებას და უფსკრულში არ ჩაყრის ბოროტ სულიერ ქმნილებებს (გამოცხადება 12:17; 20:1—3). ასე რომ, თუ სისუსტეებს ან არასწორ სურვილებს ებრძვი, ფარ-ხმალს ნუ დაყრი! ჩვენ ყველანი „ვცემთ“ საკუთარ თავს, რომ იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ (1 კორინთელები 9:27). სინამდვილეში წუხილის მიზეზი მაშინ გვაქვს, თუ არ ვიბრძვით!
21. როგორ შეგვიძლია გამარჯვება მოვიპოვოთ სულიერ ბრძოლაში?
21 ამ ომში ჩვენი ძალით გამარჯვება შეუძლებელია. ამიტომ პავლე მოციქული შეგვახსენებს, რომ მუდამ აღვავლინოთ ლოცვა და ვედრება სულით. ამავე დროს, უნდა მოვუსმინოთ იეჰოვას; ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ შევისწავლით მის სიტყვას და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს „თანამებრძოლებთან“. მანუგეშებელია, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არა ვართ! (ფილიმონი 2; ებრაელები 10:24, 25). ის, ვინც ითვალისწინებს ზემოთქმულს, არა მარტო გაიმარჯვებს ბრძოლაში, არამედ სხვების წინაშე მტკიცედ დაიცავს თავის რწმენას.
მზად იყავი შენი რწმენის დასაცავად!
22, 23. ა) რატომ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად ჩვენი რწმენის დასაცავად და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს? ბ) რა საკითხს განვიხილავთ მომდევნო თავში?
22 იესომ თქვა: „რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ . . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19). ასე რომ, ქრისტიანები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ თავიანთი რწმენის დასაცავად და ეს რბილად და პატივისცემით უნდა გააკეთონ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15). ჰკითხე საკუთარ თავს: „მესმის, რატომ უკავიათ ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია? როცა თავად მიწევს განსხვავებული პოზიციის დაკავება, ბოლომდე მჯერა, რომ ბიბლია და ერთგული მონა სიმართლეს ამბობენ?“ (მათე 24:45; იოანე 17:17). „თუ საქმე მოითხოვს, მზად ვარ, განსხვავებულად მოვიქცე და ვიამაყო კიდეც ამით?“ (ფსალმუნი 34:2; მათე 10:32, 33).
23 თუმცა შეიძლება ძლიერი სურვილი გვაქვს, ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი დავრჩეთ, მაგრამ ეშმაკი ხშირად მზაკვრული მეთოდებით ცდილობს ჩვენს ცდუნებას. მაგალითად, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ის გართობის სხვადასხვა სახეობას იყენებს იმისთვის, რომ იეჰოვას მსახურები ქვეყნიერების სულით მოწამლოს. როგორ შეგვიძლია ავირჩიოთ ჯანსაღი გართობა, რომელიც გამოგვაცოცხლებს და სინდისს არ შეგვიბღალავს? ამ საკითხს მომდევნო თავში განვიხილავთ.
a ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული ქრისტე მეფობს დედამიწაზე მყოფი სულითცხებული მიმდევრების კრებაზე (კოლოსელები 1:13). 1914 წელს ქრისტე „ქვეყნიერების სამეფოზე“ გამეფდა. ასე რომ, დღეს სულითცხებული ქრისტიანები მესიანური სამეფოს ელჩებადაც მსახურობენ (გამოცხადება 11:15).
b იხილეთ „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 365—368. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c იხილეთ დანართი „დროშისთვის სალმის მიცემა, არჩევნებში მონაწილეობა და სამოქალაქო სამსახური“.