შაბათი
განმარტება: „შაბათი“ ებრაული სიტყვაა („შავათ“) და სიტყვასიტყვით ნიშნავს „დასვენებას, შეჩერებას, შეწყვეტას“. ებრაელებისთვის შაბათი იყო კვირის ბოლო დღე, რომელიც იწყებოდა პარასკევს მზის ჩასვლით. ეს დღე დასვენების დღედ ითვლებოდა. მოსეს კანონის თანახმად, ებრაელებს სხვა წმინდა დღეებიც ჰქონდათ. გარდა ამისა, განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ მეშვიდე და ორმოცდამეათე წელს. ასეთი დღეებისა და წლების ერთობლიობა ქმნიდა „შაბათების სისტემას“. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი ტრადიციულად კვირადღეს მიიჩნევს დასვენებისა და თაყვანისმცემლობის დღედ. ზოგი ებრაულ კალენდარს მიჰყვება და შაბათს თვლის დასვენების დღედ.
ევალებათ ქრისტიანებს შაბათის დაცვა?
გამ. 31:16, 17: „დაიცვან ისრაელის ძეებმა შაბათი, რათა სრულდებოდეს ის მათ თაობებში. ეს არის მარადიული შეთანხმება. ეს არის მარადიული ნიშანი ჩემსა და ისრაელის ძეებს შორის“ (ყურადღება მიაქციეთ, რომ შაბათის დღესასწაული იყო „ნიშანი“ იეჰოვასა და ისრაელს შორის. იეჰოვა ამას არ იტყოდა, შაბათის დაცვა სხვა ერებისთვისაც რომ ყოფილიყო სავალდებულო. „მარადიულად“ ნათარგმნია ებრაული სიტყვა „ოლამ“, რაც ძირითადად ნიშნავს დროის დიდ მონაკვეთს, რომლის ხანგრძლივობაც აწმყოს გადასახედიდან არ ჩანს და გაურკვეველია. ამ სიტყვაში შეიძლება მარადიულობაც იგულისხმებოდეს, თუმცა ყოველთვის არა. რიცხვების 25:13-ში იგივე სიტყვაა დაკავშირებული მღვდლობასთან. მღვდლობა კი, ებრაელების 7:12-ის თანახმად, მოგვიანებით გაუქმდა).
რომ. 10:4: „კანონის დასასრული ქრისტეა, რათა სიმართლე ჰქონდეს ყველას, ვისაც სწამს იგი“ (შაბათის დაცვა მოსეს კანონით იყო გათვალისწინებული. ქრისტეს მეშვეობით ღმერთმა გააუქმა ეს კანონი. დღეს ღმერთმა ჩვენი თაყვანისცემა რომ მოიწონოს, ქრისტე უნდა ვირწმუნოთ. საჭირო აღარ არის შაბათის დაცვა) (აგრეთვე გალატელების 4:9—11; ეფესოელების 2:13—16).
კოლ. 2:13—16: „[ღმერთმა] მთელი გულით გვაპატია ყველა შეცოდება და წაშალა დადგენილებების ხელნაწერი საბუთი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იყო . . . ამიტომ ნურავინ გაგასამართლებთ საჭმლისა და სასმლის გამო ან დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათის გამო“ (გამოსვლის 31:14-ისა და რიცხვების 15:32—35-ის თანახმად, თუ შაბათს შებღალავდა ადამიანი, რომელსაც მოსეს კანონის დაცვა მოეთხოვებოდა, ის მთელ კრებულს უნდა ჩაექოლა. შაბათის დაცვის მომხრეები დღეს მადლიერნი უნდა იყვნენ, რომ არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა. ზემოთ ციტირებული მუხლებიდან გამომდინარე, შაბათის დაცვაზე აღარაა დამოკიდებული, მოიწონებს თუ არა ღმერთი ადამიანის თაყვანისცემას).
როგორ იქცა კვირადღე ქრისტიანულ სამყაროში თაყვანისმცემლობის მთავარ დღედ?
მართალია იესო კვირადღეს აღდგა, მაგრამ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ის ქრისტიანებისთვის წმინდა დღე უნდა იყოს.
«ყოველკვირეული ქრისტიანული დღესასწაული თავის წარმართულ სახელწოდებას „Dies Solis“ („მზის დღე“, ინგლისურად „სანდეი“) დიდად უნდა უმადლოდეს წარმართული და [ეგრეთ წოდებული] ქრისტიანული შეხედულებების შერწყმას, რის შედეგადაც კონსტანტინემ [ახ. წ. 321 წელს გამოცემული ედიქტით] თავის ქვეშევრდომებს — როგორც წარმართებს, ისე ქრისტიანებს — კვირის პირველი დღე [კვირა] „მზის სათაყვანებელ დღედ“ დაუდგინა . . . იმპერიის სხვადასხვა რელიგიის შერწყმა და ერთ ინსტიტუტად ჩამოყალიბება მისი ჩვეული მეთოდი იყო» („Lectures on the History of the Eastern Church“, ა. სტენლი, ნიუ-იორკი, 1871, გვ. 291). ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა შემდეგი ციტატაც: «ქართველებს შვიდეულის დღეების შაბათის სისტემის სახელები ქრისტიანობის შეთვისებასთან ერთად IV ს-ში უნდა შეეძინათ . . . კვირა დღის ნამდვილ ქართულ სახელად ს. ორბელიანის ცნობით . . . „მზის დღე“ უნდა ყოფილიყო» („თხზულებანი თორმეტ ტომად“, ივ. ჯავახიშვილი, თბილისი, 1979, ტ. I, გვ. 158, 164).
მოეთხოვებოდა ყოველი მეშვიდე დღის დაცვა ადამს და, შესაბამისად, ყველა მის შთამომავალს?
მას შემდეგ, რაც ადამიანთა საცხოვრებლად საჭირო პირობები შექმნა, იეჰოვა ღმერთმა დაისვენა ანუ შეწყვიტა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობა. ამის შესახებ ვკითხულობთ დაბადების 2:1—3-ში. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ღმერთმა ადამს ყოველი მეშვიდე დღე წმინდა დღედ დაუდგინა.
კან. 5:15: „გახსოვდეს, რომ შენც [ისრაელ] მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით. ამიტომ გიბრძანა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა შაბათის დაცვა“ (იეჰოვა შაბათის კანონს ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლებას უკავშირებს და არა ედემში მომხდარ მოვლენებს).
გამ. 16:1, 23—29: «ეგვიპტის მიწიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის ძეების მთელი კრებული . . . სინის უდაბნოში. მან [მოსემ] უთხრა: „აი რა თქვა იეჰოვამ. ხვალ შაბათის დღესასწაულია, იეჰოვას წმინდა შაბათი“ . . . „ექვს დღეს შეაგროვებთ [მანანას], მეშვიდე დღე კი შაბათია. მაშინ არაფერი იქნება“ . . . უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ . . . გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ მოგცათ შაბათი“» (მართალია დროის დაყოფა შვიდდღიან მონაკვეთებად მანამდეც იყო გავრცელებული, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ღმერთი შაბათის დაცვას მოითხოვს).
მოეთხოვებათ ქრისტიანებს ათი მცნების დაცვა?
გამოყოფდა იესო ათ მცნებას მოსეს კანონის დანარჩენი ნაწილისგან?
მათ. 5:17, 21, 23, 27, 31, 38: „არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი“. ყურადღება მიაქციეთ იესოს შემდეგ სიტყვებს: «თქვენ გსმენიათ, რომ ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ მოკლა“ [გამ. 20:13; მეექვსე მცნება] . . . თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან [კან. 16:16, 17; არ შედის ათ მცნებაში] . . . თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“ [გამ. 20:14; მეშვიდე მცნება] . . . ისიც თქმულა: „ვინც ცოლს ეყრება, მას გაყრის მოწმობა მისცეს“ [კან. 24:1; არ შედის ათ მცნებაში] . . . თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“ [გამ. 21:23—25; არ შედის ათ მცნებაში]» (იესომ ერთად მოიხსენია მონაკვეთები ათი მცნებიდან და კანონის დანარჩენი ნაწილიდან. მას არ მიუნიჭებია განსაკუთრებული მნიშვნელობა ათი მცნებისთვის. განა ჩვენც ასეთი შეხედულება არ უნდა გვქონდეს?).
ერთხელ იესოს ჰკითხეს: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“. ათი მცნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების ნაცვლად, მან თქვა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები» (მათ. 22:35—40). თუ ვინმე ამბობს, რომ ქრისტიანებს მოსეს კანონიდან მხოლოდ ათი მცნების (კან. 5:6—21) დაცვა მოეთხოვებათ, უგულებელყოფს იესოს სიტყვებს (რომლებსაც ის ციტირებდა კანონის 6:5-დან და ლევიანების 19:18-დან).
წერია ბიბლიაში, რომ მოსეს კანონთან ერთად ათი მცნებაც გაუქმდა?
რომ. 7:6, 7: «ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან, რადგან დავიხოცეთ იმისთვის, რასაც ჩაჭიდებულნი ვიყავით . . . მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა? არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა. მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“, არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი» (პავლე ამბობს, რომ იუდეველი ქრისტიანები ‘გათავისუფლებულნი არიან კანონისგან’. შემდეგ მას მაგალითად მოჰყავს მეათე მცნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსეს კანონთან ერთად ეს მცნებაც გაუქმდა).
2 კორ. 3:7—11: „თუ კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება და ქვებზე იყო ამოტვიფრული, დიდებით მოვიდა, ისე რომ ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე მოფენილი დიდების გამო, რომელიც უნდა გაუქმებულიყო, განა ბევრად მეტი დიდება არ უნდა ჰქონდეს სულის მსახურებას?. . თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, დიდებით მოვიდა, ბევრად მეტი დიდება ექნება იმას, რაც რჩება“ (პავლე მოიხსენიებს კანონებს, რომლებიც „ქვებზე იყო ამოტვიფრული“ და ამბობს, რომ ამ კანონების მიღების დროს „ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე“. რას გულისხმობდა ის? გამოსვლის 34:1, 28—30-ში აღწერილ შემთხვევას, როცა ისრაელებმა ქვის ფილებზე ამოტვიფრული ათი მცნება მიიღეს. აშკარაა, რომ ფრაზა „რაც უნდა გაუქმებულიყო“ ათ მცნებასაც ეხება).
ნიშნავს მოსეს კანონისა და ათი მცნების გაუქმება იმას, რომ ღმერთი აღარ გვიდგენს ზნეობრივ ნორმებს?
სრულებითაც არა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც ვხვდებით ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც ათი მცნებით იყო დადგენილი (თუმცა შაბათის დაცვის აუცილებლობა აღარ არის მოხსენიებული). რაც არ უნდა კარგი იყოს კანონი, ადამიანი ვერ შეძლებს მის სრულყოფილად დაცვას, სანამ ცოდვისკენ მიდრეკილება გავლენას ახდენს მის სურვილებზე. ახალი შეთანხმების შესახებ, რომელმაც შეცვალა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, ებრაელების 8:10-ში ნათქვამია: „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — გონებაში ჩავუდებ და გულში ჩავუწერ მათ ჩემს კანონებს. მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“. ასეთი კანონები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ქვის ფილებზე ამოტვიფრული კანონები.
რომ. 6:15—17: „ხომ არ შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით, არამედ წყალობას? არავითარ შემთხვევაში! ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისთვის? მადლობა ღმერთს, რომ ცოდვის მონები კი იყავით, მაგრამ გულით დაემორჩილეთ იმ სწავლებას, რომელსაც თავი გადაეცით“ (იხილეთ აგრეთვე გალატელების 5:18—24).
რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს შაბათს ქრისტიანებისთვის?
ქრისტიანებისთვის ‘შაბათის დასვენება’ ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.
ებრაელების 4:4—11-ში წერია: «ერთგან [დაბადების 2:2-ში] მან მეშვიდე დღის შესახებ ასე თქვა: „დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან“, და კვლავ თქვა [ფსალმუნის 95:11-ში]: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“. მაშ, რადგან ზოგიერთები ჯერ არ შესულან მასში — ისინი კი, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ — ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში [ფსალმუნის 95:7, 8] ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს“. იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე. ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს. ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან. მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს».
რისგან უნდა დაისვენონ ქრისტიანებმა? ‘თავიანთი საქმეებისგან’. რა იგულისხმება ამ საქმეებში? ის, რითაც ადრე ცდილობდნენ ღვთის თვალში გამართლებას. მათ დღეს უკვე იციან, რომ გარკვეული კანონებისა და წესების დაცვით ღვთის მოწონებასა და მარადიულ სიცოცხლეს ვერ დაიმსახურებენ. სწორედ ამაში ცდებოდნენ ურწმუნო იუდეველები, რომლებიც „საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ [და] არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (რომ. 10:3). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ დაბადებიდან ყველა ცოდვილია და ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის გარეშე ადამიანი ღვთის თვალში ვერ იქნება მართალი. ისინი ცდილობენ ღვთის ძის სწავლებების გულთან ახლოს მიტანას და გათვალისწინებას; თავმდაბლურად იღებენ ბიბლიის რჩევებს და მზად არიან გამოსასწორებლად. ამას სიყვარულითა და რწმენით აკეთებენ და არა იმ აზრით, რომ ამგვარად დაიმსახურებენ ღვთის მოწონებას. ისინი არ ჰბაძავენ იუდეველთა „ურჩობის მაგალითს“.
დაბადების 2:2-ში მოხსენიებული „მეშვიდე დღე“ არ ყოფილა 24-საათიანი დღე (იხილეთ გვერდი 395, „შემოქმედება“). შესაბამისად, არც ‘შაბათის დასვენება’ გრძელდება 24 საათი. რწმენის გამოვლენით და ბიბლიის რჩევების გათვალისწინებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეუძლიათ „დაისვენონ“ დღიდან დღემდე. ეს „დასვენება“ გაგრძელდება ახალ ქვეყნიერებაშიც.
ადამიანებს ათასწლიანი „შაბათის“ დასვენება ელით.
მარ. 2:27, 28: «[იესომ] დასძინა: „შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის. ამიტომ კაცის ძე შაბათის უფალიც არის“».
იესომ იცოდა, რომ შაბათი იყო „ნიშანი“ იეჰოვასა და ისრაელს შორის და ისრაელებს შრომისგან დასვენების შესაძლებლობას აძლევდა. იესომ ისიც იცოდა, რომ მისი სიკვდილით მოსეს კანონი გაუქმდებოდა, რადგან თავის დანიშნულებას შეასრულებდა. მას ესმოდა, რომ მოსეს კანონი, შაბათის კანონის ჩათვლით, „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო (ებრ. 10:1; კოლ. 2:16, 17). „მომავალ კურთხევებთან“ დაკავშირებულია „შაბათიც“, რომლის უფალიც თვითონ იქნება.
ქრისტე, „უფალთა უფალი“, ათასი წელი იქნება დედამიწის მმართველი (გამოცხ. 19:16; 20:6; ფსალმ. 2:6—8). დედამიწაზე ყოფნისას იესომ შაბათს მოახდინა რამდენიმე სასწაული ადამიანთა განკურნების მიზნით. ამით მან გვაჩვენა, თუ როგორ შვებას მოუტანს ყველას ათასწლიანი მეფობის დროს (ლუკ. 13:10—13; იოან. 5:5—9; 9:1—14). ვისაც სწორად ესმის შაბათის მნიშვნელობა, ექნება ამ „შაბათის“ კურთხევების მიღების შესაძლებლობა.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ქრისტიანისთვის შაბათი უქმე უნდა იყოს“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „რატომ ფიქრობთ ასე?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ალბათ დამეთანხმებით, რომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც ბიბლია ამბობს ამ საკითხზე . . . თუ წინააღმდეგი არა ხართ, ბიბლიაში რამდენიმე მუხლს გაჩვენებთ“ (შემდეგ მოიხსენიე შესაფერისი აზრები წინა გვერდებზე მოცემული მასალიდან).
„რატომ არ იცავთ შაბათს?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „რას გულისხმობთ შაბათის დაცვაში? . . ღმერთი ებრაელებისგან მოითხოვდა შაბათის დაცვას. იცოდით, რომ ბიბლია მოიხსენიებს სხვა შაბათსაც, რომელიც ქრისტიანებს ეხება?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) «ჩვენ კვირის რომელიმე დღეს არ ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან ბიბლია ამბობს, რომ შაბათთან დაკავშირებული კანონი „უნდა გაუქმებულიყო“» (2 კორ. 3:7—11; იხილე 387-ე და 388-ე გვერდებზე მოცემული ინფორმაცია). 2) «თუმცა არსებობს „შაბათი“, რომელიც ყველას გვეხება» (ებრ. 4:4—11; იხილე გვერდები 389, 390).