ლაზარე
[სავარაუდოდ ებრ. სახელის, ელეაზარის (ნიშნავს: ღმერთი დაეხმარა) ბერძ. ფორმა].
1. მართასა და მარიამის ძმა. მისი მკვდრეთით აღდგომა იესო ქრისტეს ერთ-ერთი დიდი სასწაული იყო (ინ. 11:1, 2). ეს ოჯახი ბეთანიაში, იერუსალიმიდან „დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე“, იერიხონისკენ მიმავალ გზაზე ცხოვრობდა. იესოს ძალიან უყვარდა ისინი (ინ. 11:5, 18) და, ალბათ, ხშირად სტუმრობდა მათ (ლკ. 10:38—42).
იესო მდინარე იორდანის გაღმა იყო, როცა მართამ და მარიამმა მას თავიანთი ძმის, ლაზარეს მძიმე ავადმყოფობის შესახებ შეუთვალეს. დებს აშკარად იმის იმედი ჰქონდათ, რომ იესო განკურნავდა მათ ძმას (ინ. 11:3, 21, 32). მაგრამ იესო მაშინვე არ გაეშურა ბეთანიისკენ და არც შორიდან უცდია ლაზარეს განკურნება, როგორც ასისთავის მსახური განკურნა (მთ. 8:5—13). იესო ბეთანიაში მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაემგზავრა. ბეთანიას რომ უახლოვდებოდა გზაზე ჯერ მართა, შემდეგ კი მარიამი შეეგება. ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო (ინ. 11:6, 17, 20, 30—32).
მართასთან საუბრის დროს იესომ მკვდრეთით აღდგომაზე გაამახვილა ყურადღება (ინ. 11:23—27). ცოტა ხანში იესოს თავისი სიტყვებისთვის ხორცი უნდა შეესხა. როცა იესო ლაზარეს სამარხს მიუახლოვდა, ბრძანა სამარხთან მიდებული ლოდის მოშორება და შემდეგ თავის ზეციერ მამას მიმართა. როგორც მისი ლოცვიდან გამოჩნდა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი ხდებოდა, იყო ირგვლივ მდგომი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ იესო ღვთისგან იყო გამოგზავნილი (ინ. 11:38—42). შემდეგ იესომ მკვდარი ლაზარე გამოიხმო და ისიც, ყველას გასაოცრად და გასახარად, სამარხიდან გამოვიდა (ინ. 11:43, 44).
ამ სასწაულის შემდეგ ბევრმა ირწმუნა იესო, უფროსი მღვდლები და ფარისევლები კი მის მოსაკლავად შეითქვნენ. ვინაიდან იესოსა და გაცოცხლებული ლაზარეს სანახავად უამრავი იუდეველი მოდიოდა, უფროსი მღვდლები უფრო გაცეცხლდნენ. ლაზარეს გამო ბევრმა იუდეველმა ირწმუნა იესო, ამიტომ უფროსმა მღვდლებმა ლაზარეს მოკვლაც განიზრახეს (ინ. 11:45—53; 12:1—11). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათ განახორციელეს ლაზარეს წინააღმდეგ თავიანთი ბოროტი განზრახვა.
იოანეს მიერ მოთხრობილ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ისტორიას ბიბლიის ზოგი კრიტიკოსი ეჭვის თვალით უყურებს. მათი აზრით, ეჭვს იწვევს ის, რომ სხვა სახარების დამწერები ამ მოვლენის შესახებ სდუმან. თუმცა შედარების საფუძველზე კარგად ჩანს, რომ სინოპტიკური სახარებების დამწერებიც არ მოგვითხრობენ იესოს ნამოქმედარის შესახებ ყველაფერს. მაგალითად, ნაინელი ქვრივის ვაჟის გაცოცხლების ამბავს მხოლოდ ლუკა გვამცნობს (ლკ. 7:11—15). როგორც წესი, იოანე არ იმეორებს სხვა სახარებების ავტორთა მონათხრობს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაული ორ დიად მიზანს ემსახურებოდა: ღვთის ძის ძლევამოსილების წარმოჩენასა და იესოსადმი და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენის განმტკიცებას (ინ. 11:4, 41, 42). იესომ ლაზარე, სავარაუდოდ, ახ. წ. 33 წლის დასაწყისში აღადგინა მკვდრეთით. საბოლოოდ, როდის, სად და რა პირობებში გარდაიცვალა ლაზარე ბიბლია არ გვამცნობს (იხ. აღდგომა [აღდგომის შემთხვევები გამოსასყიდის გაღებამდე]).
არ არსებობს არც ბიბლიური და არც სხვა რაიმე საფუძველი იმისა, რომ იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე გავაიგივოთ იმ ლაზარესთან, რომელიც იესომ მდიდრისა და მათხოვარ ლაზარეს მაგალითში მოიხსენია.
2. მდიდრისა და ლაზარეს იგავის სახელით ცნობილ იესოს მაგალითში მოხსენიებული მათხოვრის სახელი (ლკ. 16:19—31). ოსუარიუმებზე (სათავსი მიცვალებულის ძვლების შესანახად) გაკეთებული წარწერებით დასტურდება, რომ ებრაული სახელი, ლაზარე, ძველად საკმაოდ გავრცელებული იყო.
იგავი მოგვითხრობს ერთ დაწყლულებულ მათხოვარზე, ლაზარეზე, რომელიც მდიდარი კაცის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე. ის მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობდა. გავიდა დრო, მათხოვარი მოკვდა და ანგელოზებმა ის აბრაამის მკერდთან (ძველად ჭამის დროს ჯდომის ასეთი წესი იყო: სუფრასთან მყოფნი მხარ-თეძოზე იყვნენ წამოწოლილი ერთმანეთის გვერდიგვერდ) მიიყვანეს. ამის შემდეგ საუბარი გაიმართა აბრაამსა და მდიდარ კაცს შორის, რომელიც იმ დროისთვის უკვე მკვდარი და დამარხული იყო, და ჰადესში იტანჯებოდა. მდიდარ კაცსა და აბრაამთან მყოფ ლაზარეს გადაულახავი „დიდი უფსკრული“ ჰყოფდა. მდიდარმა აბრაამს სთხოვა, ლაზარე გაეგზავნა თავის ხუთ ძმასთან საფუძვლიანად დასამოწმებლად, რათა მათ მისი ბედი არ გაეზიარებინათ, მაგრამ მდიდარმა უარი მიიღო იმის გამო, რომ მათ ჰყავდათ „მოსე და წინასწარმეტყველები“, და თუ მისი ძმები მათ არ უსმენდნენ, მკვდრეთითაც რომ აღმდგარიყო ვინმე, ესეც ვერ დაარწმუნებდათ (იხ. მაგალითები).
უდევს თუ არა საფუძვლად იესოს მაგალითს მდიდარსა და ლაზარეზე რაბინთა წარმოდგენები მკვდრების შესახებ?
რელიგიათმცოდნეების ვარაუდით, მდიდრისა და ლაზარეს მაგალითი იესო ქრისტემ ქვესკნელის შესახებ ძველ რაბინულ წარმოდგენებსა და სწავლებებზე დააფუძნა. აი, რას წერს იოსებ ფლავიუსი იესოს თანამედროვე ფარისევლების შეხედულებებზე: „მათ სწამთ, რომ ადამიანთა სულები სიკვდილის შემდეგ განაგრძობენ სიცოცხლეს და მიწისქვეშა სამყაროში ჯილდოს ან სასჯელს დაიმსახურებენ იმისდა მიხედვით სიცოცხლეში კარგს იქმოდნენ თუ ავს. ბოროტთა ხვედრი მარადიული ბორკილებია, ხოლო კეთილთა სულები დაუბრკოლებლად ეზიარებიან ახალ სიცოცხლეს“ („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 14 [i, 3], ინგლ.). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ იესო კატეგორიულად უარყოფდა ცრუ შეხედულებებს, მათ შორის ფარისევლების სწავლებებს (მთ. 23). ის საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმებდა, თუ მდიდარი კაცისა და ლაზარეს მაგალითს ქვესკნელის შესახებ რაბინთა ცრუ შეხედულებებზე დააფუძნებდა. მართალია, იესოს მაგალითი რაბინთა ცრუსწავლების ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ ეს დეტალები არაბიბლიურ სწავლებას კი არ უჭერდა მხარს, არამედ ამ მაგალითის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას წარმოაჩენდა.
მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ მაგალითის კონტექსტიც და შინაარსიც ცხადყოფს, რომ ეს არის იგავი და არა რეალური ამბავი. ამ მაგალითით იესოს არ დაუგმია სიმდიდრე და არ განუდიდებია სიღარიბე. იგავში ძირითადად საუბარია ლაზარესა და მდიდარი კაცის ტიპის ადამიანების ქცევაზე, მათ მიერ მიღებულ ჯილდოსა და მათი სულიერი მდგომარეობის ცვლილებაზე. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ამ იგავში მდიდარი კაცის ძმები მოსესა და წინასწარმეტყველთა კანონის უარმყოფელებად არიან გამოყვანილი, იმაზე მეტყველებს, რომ ეს მაგალითი უფრო ღრმა აზრის მატარებელი იყო და უფრო სერიოზულ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე სიღარიბისა და სიმდიდრის ერთმანეთთან დაპირისპირებას.