„გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“
მოგვითხრო ჯორჯ კაუჩმა
დილიდან შუადღემდე კარდაკარ მსახურების შემდეგ ჩემმა თანამსახურმა ორი სენდვიჩი ამოიღო. ჭამას რომ მოვრჩით, სიგარეტის მოწევა დავაპირე. „რამდენი ხანია რწმენაში ხარ?“ — მკითხა მან. „გუშინ საღამოს პირველად დავესწარი შეხვედრას“, — ვუპასუხე მე.
დავიბადე 1917 წლის 3 მარტს ფერმერის ოჯახში პიტსბურგის (პენსილვანია, აშშ) აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, პატარა ქალაქ ავონმორთან ახლოს. იქ გაგვზარდეს მშობლებმა მე, ჩემი და და ოთხი ძმა.
რელიგიაში მაინცდამაინც არ ვერკვეოდით. ერთ დროს ჩემი მშობლები ეკლესიაში დადიოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, რომ შეწყვიტეს იქ სიარული. მიუხედავად ამისა, გვწამდა შემოქმედი და ჩვენი ოჯახი ძირითადი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა.
საუკეთესო რამ, რაც მშობლებმა მასწავლეს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და შესრულება იყო. ეს მნიშვნელოვანი იყო ფერმერის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენი ცხოვრება მარტო მუშაობით არ შემოიფარგლებოდა. კარგად ვისვენებდით კიდეც, მაგალითად, ვთამაშობდით კალათბურთს, ბეისბოლს, ცხენით ვსეირნობდით და ვცურაობდით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფული ძნელი საშოვი იყო, ფერმერობა სასიამოვნო იყო. დაწყებით კლასებში ერთ-ოთახიან სკოლის შენობაში დავდიოდით, მაღალ კლასებში კი ქალაქის სკოლაში გადავედით.
ერთ საღამოს, როდესაც მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქალაქში, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა გამოვიდა სახლიდან და ჩემს მეგობარს მიესალმა. მეგობარმა გამაცნო ის; მას ფერნ პრუ ერქვა. ფერნი იმავე კვარტალში ცხოვრობდა, რომელშიც საშუალო სკოლა მდებარეობდა. ხშირად, როდესაც მის სახლს ჩავუვლიდი ხოლმე, ფერნი გარეთ იყო და საქმიანობდა. ჩანდა, რომ შრომა უყვარდა, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ დავმეგობრდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და 1936 წლის აპრილში დავქორწინდით.
ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან გაცნობა
ჩემს დაბადებამდე ქალაქში ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც მისი რელიგიის გამო ხალხი ცუდად ექცეოდა. შაბათობით, როცა დედა ქალაქში მიდიოდა ხოლმე საყიდლებზე, მასაც აკითხავდა. სანამ ქალი ცოცხალი იყო, სახლს ულაგებდა და ყველგან ეგზავნებოდა. მჯერა, რომ იეჰოვამ აკურთხა დედა ასეთი სიკეთის გამოვლენისთვის ამ ქალისადმი, რომელიც ბიბლიის მკვლევარი (იეჰოვას მოწმე) იყო.
მოგვიანებით მამიდაჩემს მოულოდნელად ახალგაზრდა გოგო დაეღუპა. ეკლესიას მაინცდამაინც არ უნუგეშებია ის, მაგრამ მისმა მეზობელმა, ბიბლიის მკვლევარმა, გააკეთა ეს. მან აუხსნა, თუ რა მოსდის ადამიანს სიკვდილის შემდეგ (იობი 14:13–15; ეკლესიასტე 9:5, 10). ამან მამიდა დიდად ანუგეშა. ის, თავის მხრივ, დედაჩემს ელაპარაკა მკვდრეთით აღდგომის იმედის შესახებ. დედა დაინტერესდა, რადგან მშობლები რომ დაეხოცა, ჯერ ახალგაზრდა იყო, და ძალიან აინტერესებდა, რა ემართებოდა ადამიანს სიკვდილის შემდეგ. ამ შემთხვევამ დამანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ისარგებლო ნებისმიერი შესაძლებლობით, რომ არაფორმალურად იქადაგო.
30-იან წლებში დედამ კვირაობით ჯოზეფ ფ. რუტერფორდის (საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი) დილის რადიოგადაცემების მოსმენა დაიწყო. იმ წლებში იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მოწმეებმა კარდაკარ ქადაგებაც დაიწყეს. ისინი დადგამდნენ პორტატიულ ფონოგრაფს ეზოში, ხის ჩრდილში, და გვასმენინებდნენ ძმა რუტერფორდის ქადაგებების ჩანაწერებს. იმ ჩანაწერებმა და ჟურნალებმა „საგუშაგო კოშკი“ და „ოქროს ხანა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) დედას ინტერესი გაუღვივა.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1938 წელს, „საგუშაგო კოშკის“ მკითხველები მიიწვიეს განსაკუთრებულ შეხვედრაზე, რომელიც 25 კილომეტრში მდებარე ერთ კერძო სახლში უნდა ჩატარებულიყო. დედას სურდა დასწრება, ამიტომ მე, ფერნი და ჩემი ორი ძმა მასთან ერთად გავემგზავრეთ. ჯონ ბუთმა და ჩარლზ ჰესლერმა, იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელმა ზედამხედველებმა დაახლოებით 12 კაცს წაგვიკითხეს მოხსენებები, შემდეგ მათ დაიწყეს ჯგუფის ორგანიზება, რომ დილით მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. მათთვის არავის შეუთავაზებია ერთად წასვლა, ამიტომ ძმა ჰესლერმა მე მკითხა: „წამოხვალ ჩემთან ერთად?“ არ ვიცოდი ზუსტად, რის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ არც იმის მიზეზი მქონდა, რომ უარი მეთქვა მათთვის დახმარებაზე.
შუადღემდე კარდაკარ სიარულის შემდეგ ძმა ჰესლერმა ორი სენდვიჩი ამოიღო. ეკლესიის კიბეებზე ჩამოვსხედით და ჭამა დავიწყეთ. სიგარეტი რომ ამოვიღე, მაშინ გაიგო ძმა ჰესლერმა, რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეხვედრაზე ნამყოფი. იმავე საღამოს ვახშამზე გვეწვია და გვთხოვა, მეზობლებისთვის დაგვეძახა ბიბლიის განხილვაზე. ვახშმის შემდეგ ბიბლიის შესწავლა ჩაგვიტარა და ათი კაცისგან შემდგარ ჯგუფს მოხსენება წაგვიკითხა. მან ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებმა უარი თქვეს, მე და ფერნი დავთანხმდით ბიბლიის ყოველკვირეულ საშინაო შესწავლაზე.
ჭეშმარიტებაში წინსვლა
მალე მე და ფერნი სამქადაგებლო მსახურებაში გავედით. მანქანაში უკან ვისხედით და ის იყო, სიგარეტს მოვუკიდეთ, რომ ჩემი ძმა მოგვიბრუნდა და გვითხრა: „ახლახანს გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან“. ფერნმა მაშინვე ფანჯრიდან მოისროლა თავისი სიგარეტი; მე ბოლომდე მოვწიე. თუმცა მაგარი მწეველები ვიყავით, აღარასოდეს მოგვიწევია.
1940 წელს მე და ფერნი მოვინათლეთ. მას შემდეგ კრების შეხვედრაზე შევისწავლეთ სტატია, რომელიც პიონერობისკენ (სრული დროით ქადაგებისკენ) მოგვიწოდებდა. გზად, სახლში დაბრუნებისას, ერთმა ძმამ მკითხა: „რატომ არ იწყებთ შენ და ფერნი პიონერობას? თქვენ ხელს არაფერი გიშლით“. არ შეგვეძლო, არ დავთანხმებულიყავით, ასე რომ, მზადყოფნა გამოვავლინეთ. სამსახურში 30 დღით შვებულება ავიღე და პიონერობა დავიწყეთ.
საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ რჩევა ვთხოვეთ, თუ სად გვემსახურა, და შემდეგ ბალტიმორში (მერილენდი) გავემგზავრეთ. იქ პიონერებისთვის სახლი იყო დაქირავებული და ოთახი და კვება თვეში 10 ამერიკული დოლარი ჯდებოდა. ცოტაოდენი ფული გვქონდა შემონახული და გვეგონა, არმაგედონამდე თავისუფლად გვეყოფოდა (გამოცხადება 16:14, 16). ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ არმაგედონი ძალიან ახლოს იყო. ასე რომ, პიონერობა რომ დავიწყეთ, უარი ვთქვით სახლზე და, მსახურების გარდა, ყველაფერს თავი დავანებეთ.
ბალტიმორში პიონერებად 1942—1947 წლებში ვმსახურობდით. იმ წლებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას სასტიკი წინააღმდეგობა ეწეოდა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მანქანით გვევლო მათთან, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, ზოგჯერ სხვას მივყავდით. ასეთნაირად მანქანის საბურავებს არ დაგვიჭრიდნენ. არავის მოსწონს ასეთი წინააღმდეგობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სამქადაგებლო მსახურება ყოველთვის სიხარულს გვანიჭებდა. ჩვენ სიამოვნებით ველოდით მცირე მღელვარებას უფლის საქმის კეთებისას.
მალე მთელი ფული შემოგვეხარჯა. მანქანას საბურავები დაუცვდა; გაგვიცვდა ტანსაცმელიცა და ფეხსაცმელიც. ორ-სამჯერ ავადმყოფობა კარგა ხანს გაგვიგრძელდა. იოლი არ იყო პიონერობის გაგრძელება, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია მის შეწყვეტაზე. აზრადაც კი არ მოგვსვლია მსგავსი რამ. ბევრი რამ მოვიკელით, რომ პიონერული მსახურება გაგვეგრძელებინა.
დანიშნულების ადგილის შეცვლა
1947 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) კონგრესს დავესწარით. იქ ყოფნისას მე და ჩემმა ძმამ, უილიამმა, მივიღეთ წერილები, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ ვინიშნებოდით მიმოსვლით საქმეზე, რათა მოგვენახულებინა კრებები და დავხმარებოდით მათ. ამ საქმეში მანამდე არავითარი სპეციალური მომზადება არ მიგვიღია. ჩვენ, უბრალოდ, მზადყოფნა გამოვავლინეთ. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მე და ფერნი ოჰაიოში, მიჩიგანში, ინდიანაში, ილინოისსა და ნიუ-იორკში ვმსახურობდით. 1954 წელს მისიონერების მოსამზადებელი სკოლა „გალაადის“ 24-ე კლასში მიგვიწვიეს. იქ ყოფნისას ფერნი პოლიომიელიტით დაავადდა. საბედნიეროდ, ის გამოკეთდა და ნიუ-იორკში და კონექტიკუტში მიმოსვლით საქმეზე დაგვნიშნეს.
სტამფორდში (კონექტიკუტი) მსახურებისას საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ნეიტან ჰ. ნორმა დაგვპატიჟა, რომ შაბათ-კვირა მასთან და მის ცოლთან, ოდრისთან, ერთად გაგვეტარებინა. ისინი გაგვიმასპინძლდნენ გემრიელი ბივშტექსით სხვადასხვა გარნირით. ისინი ადრე გავიცანით და საკმაოდ კარგად ვიცნობდი ძმა ნორს, ამიტომ მივხვდი, რომ მას, ურთიერთობისა და ვახშმის გარდა, სხვა რამ ჰქონდა განზრახული. იმ საღამოს მან მკითხა: „არ ისურვებდი ბეთელში მსახურებას?“
„მართალი გითხრა, არ ვიცი; ბეთელის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი“, — ვუპასუხე მე.
რამდენიმე კვირა ვიფიქრეთ ამაზე და ბოლოს ძმა ნორს ვუთხარით, რომ თანახმა ვიყავით, თუ ის ამას საჭიროდ თვლიდა. მომდევნო კვირას მივიღეთ წერილი, რომ 1957 წლის 27 აპრილს რა თქმა უნდა ბეთელში გამოვცხადებულიყავით; იმ დღეს ქორწინების 21-ე წლისთავი შეგვისრულდა.
ბეთელში ყოფნის პირველ დღეს ძმა ნორმა ნათლად ამიხსნა, თუ რა მომეთხოვებოდა. მან მითხრა: „შენ აღარ ხარ სარაიონო ზედამხედველი; აქ იმისთვის ხარ, რომ ბეთელში იმსახურო. ეს შენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა და გვსურს, ენერგია და დრო მოახმარო აქ, ბეთელში, მიღებული სწავლების გამოყენებას. ჩვენი სურვილია, ბეთელში დარჩე“.
აზრით აღსავსე ცხოვრება ბეთელში
თავდაპირველად ჟურნალებისა და საფოსტო განყოფილებაში გამანაწილეს. დაახლოებით სამი წლის შემდეგ ძმა ნორმა თავის ოფისში დამიბარა. მან მითხრა, რომ, სინამდვილეში, ბეთელში იმისათვის მიმიწვიეს, რომ ოჯახის საქმეებისთვის მიმეხედა. მან პირდაპირ მითხრა: „აქ იმისთვის ხარ, რომ ხელმძღვანელობა გაუწიო ბეთელის ოჯახს“.
ბეთელის ხელმძღვანელობა იმას მახსენებდა, რაც მშობლებმა ფერმაზე ცხოვრებისას მასწავლეს. ბეთელი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ოჯახს. იქ ტანსაცმელი სუფთა უნდა იყოს, სადილი მომზადებული, ჭურჭელი დარეცხილი, ლოგინი ალაგებული და ასე შემდეგ. ბეთელში ცდილობენ, ის მყუდრო საცხოვრებელ ადგილად აქციონ, რომ ადამიანი იქ ისე გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ სახლში.
მჯერა, რომ ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ბეთელის მაგალითიდან. ჩვენ დილით ადრე ვდგებით და დღეს ყოველდღიური ბიბლიური მუხლის განხილვით ვიწყებთ. ჩვენგან მოელიან, რომ გულმოდგინედ ვიმუშავებთ და გაწონასწორებულ, მაგრამ დაკავებულ ცხოვრებას გავწევთ. ბეთელი მონასტერი არ არის, როგორც ზოგი ფიქრობს. ჩვენ ბევრს ვაღწევთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. ბევრს უთქვამს, რომ ბეთელში მიღებული ცოდნა მოგვიანებით ოჯახსა და კრებაში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღებაში დაეხმარა.
ახალგაზრდებს, რომლებიც ბეთელში მოდიან, შეიძლება დაევალოთ დალაგება, სამრეცხაოში ან სტამბაში მუშაობა. ქვეყნიერება შეიძლება გვარწმუნებს, რომ ასეთი ფიზიკური სამუშაო დამამცირებელია და არ გვეკადრება. მაგრამ ბეთელში ახალგაზრდები იგებენ, რომ ეს საქმე ჩვენს ოჯახში წესრიგისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია.
წუთისოფელი აგრეთვე გვასწავლის, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის თანამდებობა და პრესტიჟი გვჭირდება. ეს არასწორია. როდესაც იმას ვასრულებთ, რაც დაგვევალა, ‘ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა’ და იეჰოვას კურთხევებს ვღებულობთ (ლუკა 17:10). ჩვენ მაშინ გვექნება ნამდვილი კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა, თუ გვეხსომება ჩვენი საქმიანობის მიზანი — იეჰოვას ნების შესრულება და სამეფო ინტერესების წინ წაწევა. თუ ეს გვახსოვს, ნებისმიერი დანიშნულება სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელი იქნება.
წილად მხვდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო გაფართოებაში
ბეთელში მსახურების დაწყებამდე ათ წელზე მეტი ხნის წინ, 1942 წელს, კლივლენდის (ოჰაიო) კონგრესზე ძმა ნორმა წაიკითხა მოხსენება „მშვიდობა — იქნება ყოველთვის?“. მან ნათელი გახადა, რომ იმ დროს მიმდინარე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგებოდა მშვიდობიანი დრო, რაც შესაძლებელს გახდიდა სამქადაგებლო კამპანიის გაფართოებას. 1943 წელს დაფუძნებულ იქნა სკოლა „გალაადი“, რომელიც მისიონერებს ამზადებს, და თეოკრატიული სამსახურის სკოლა, რომელიც ძმებს ორატორობის უნარის გაუმჯობესებაში ეხმარება. აგრეთვე ჩატარდა დიდი კონგრესები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 50-იან წლებში იანკის სტადიონზე (ნიუ-იორკი) ჩატარებული კონგრესები. 1950 და 1953 წლებში კონგრესებთან დაკავშირებით შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო უზარმაზარი ტრეილერ სიტის მომზადებაში, სადაც თითოეული იმ რვადღიანი კონგრესის განმავლობაში ათობით ათასი კაცი იყო დაბინავებული.
იმ კონგრესების, მათ შორის 1958 წელს ჩატარებული ყველაზე დიდი კონგრესის, შემდეგ სამეფოს მაუწყებლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამან უშუალოდ იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზე ბეთელში. 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში საჭირო გახდა მეტი ფართობი და ოთახები ბეთელის მსახურთათვის. ჩვენი მზარდი ოჯახი რომ დაგვებინავებინა, საჭირო იყო მეტი საძინებელი, სამზარეულო და სასადილო ოთახები.
ძმა ნორმა მე და ძმა მაქს ლარსონს, სტამბის ზედამხედველს, გვთხოვა მოგვეძებნა შესაფერისი მიწის ნაკვეთი გაფართოებისთვის. 1957 წელს, როდესაც ბეთელში მსახურება დავიწყე, ჩვენი 500-კაციანი ოჯახი ერთ დიდ საცხოვრებელ შენობაში იყო მოთავსებული. წლების შემდეგ საზოგადოებამ შეიძინა და გაარემონტა სამი დიდი ახლომდებარე სასტუმრო — „ტაუერის“, „სტენდიში“, „ბოსერტი“ — და სხვა შედარებით პატარა შენობები. 1986 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეიძინა მიწის ნაკვეთი სასტუმრო „მარგარეტთან“ ერთად, რომელიც მშვენიერ ახალ შენობად აქცია, რომელშიც 250 კაცი მოათავსა. მოგვიანებით, 90-იანი წლების დასაწყისში, აშენებულ იქნა 30-სართულიანი საცხოვრებელი შენობა 1 000 მომუშავის დასაბინავებლად. ბრუკლინის ბეთელს დღეს ბეთელის ოჯახის 3 300 წევრის თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფა შეუძლია.
მიწის ნაკვეთი შეძენილ იქნა აგრეთვე უოლკილში, ბრუკლინის ბეთელიდან დაახლოებით 160 კილომეტრში. რამდენიმე წლის შემდეგ, 60-იანი წლების მეორე ნახევარში, იქ აშენებულ იქნა საცხოვრებელი შენობები და დიდი სტამბა. ამჟამად იქ ბეთელის ოჯახის დაახლოებით 1 200 წევრი ცხოვრობს და მუშაობს. 1980 წელს დავიწყეთ ქალაქ ნიუ-იორკთან ახლოს 250 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ძებნა, რომელსაც გზატკეცილი მიუდგებოდა. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის აგენტს გაეცინა და გვითხრა: „სად აპირებთ ასეთი მიწის ნაკვეთის პოვნას? ეს, უბრალოდ, შეუძლებელია“. მაგრამ მომდევნო დილას მან დაგვირეკა და გვითხრა: „ვიპოვე თქვენთვის მიწის ნაკვეთი“. დღეს ის ცნობილია როგორც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში. იქ ფუნქციონირებს სკოლები და ბეთელის 1 300 მსახური ცხოვრობს.
მე ბევრი რამ ვისწავლე
ვისწავლე, რომ კარგი ზედამხედველი ის არის, ვისაც სხვებისგან სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლია. აზრების უმეტესობა, რომლებიც მე განმიხორციელებია, როგორც ბეთელის ზედამხედველს, სხვებისგან მომდინარეობდა.
როდესაც ბეთელში მიმიწვიეს ბევრი ხნიერი იყო, როგორც მე ვარ დღეს. მათი უმრავლესობა აღარაა ცოცხალი. ვინ ცვლის მათ, ვინც ბერდება და კვდება? არა მაინცდამაინც ის, ვისაც დიდი ნიჭი აქვს, არამედ ის, ვინც მზად არის, ერთგულად შეასრულოს თავისი საქმე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის კარგი ცოლის ფასი. ჩემი ძვირფასი მეუღლის, ფერნის, მხარდაჭერა დიდად დამეხმარა თეოკრატიული დავალებების შესრულებაში. ქმარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის მსახურებას ცოლისთვისაც სიხარული მოაქვს. ვცდილობ ხოლმე იმის დაგეგმვას, რისი კეთებაც მე და ფერნს მოგვწონს. საჭირო არ არის მაინცდამაინც ძვირი რამ, უბრალოდ, მრავალფეროვნება რომ შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. ქმრებს სიხარული უნდა მოჰქონდეთ ცოლებისთვის. მათი ერთად ყოფნის დრო ძვირფასია და სწრაფად გადის, ამიტომ ქმარი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, გამოიყენოს ეს დრო.
მიხარია, რომ იმ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობ, რომლის შესახებაც იესო ლაპარაკობდა. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცარი დროა. ჩვენ რწმენის თვალით ვხედავთ, როგორ ზრდის და ამზადებს უფალი თავის ორგანიზაციას დაპირებული ახალი ქვეყნიერებისთვის. როდესაც ღვთის მსახურებაში გატარებულ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ იეჰოვა მართავს ამ ორგანიზაციას და არა — ადამიანი. ჩვენ მხოლოდ მსახურები ვართ. ამგვარად, ყოველთვის ღმერთს უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. მან გაგვაგებინა, რა გვევალება; ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ და ერთად შევასრულოთ მისი ნება.
ითანამშრომლე ღვთის ორგანიზაციასთან და გარანტირებული გექნება აზრიანი, ბედნიერი ცხოვრება. რა სახის მსახურებითაც არ უნდა იყო დაკავებული — პიონერი იქნები, სარაიონო ზედამხედველი, მაუწყებელი, ბეთელელი თუ მისიონერი — მიჰყევი მოცემულ ხელმძღვანელობას და დააფასე შენი დანიშნულება. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, რომ გაიხარო ყოველ შენს დანიშნულებასა და იეჰოვას მსახურებაში გატარებული ყოველი დღით. ზოგჯერ შეიძლება დაიღალო, გადაიტვირთო ან სისუსტე იგრძნო. სწორედ ამ დროს უნდა გაიხსენო იეჰოვასთვის სიცოცხლის მიძღვნის მიზანი, რომელიც შენი კი არა, მისი ნების შესრულებაა.
არ მახსოვს, სამუშაოზე მივსულიყავი და სიხარული არ მიმეღო მისგან. რატომ? იმიტომ რომ, როცა მთელი სულით გადავცემთ საკუთარ თავს იეჰოვას, კმაყოფილებას ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ ‘ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა’.
[სურათი 19 გვერდზე]
ჟურნალების განყოფილება
[სურათი 19 გვერდზე]
ტრეილერ სიტი, 1950 წ.
[სურათი 19 გვერდზე]
პიონერობა ბალტიმორში (1946 წ.).
[სურათი 19 გვერდზე]
მე და ფერნი ტრეილერ სიტიში (1950 წ.).
[სურათი 22 გვერდზე]
ოდრი და ნეიტან ნორებთან ერთად.
[სურათი 23 გვერდზე]
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკი).
[სურათი 24 გვერდზე]
მე და ფერნი დღეს.