თავი 99
იესო ორ უსინათლოს თვალს უხელს და ზაქეს სტუმრობს
მათე 20:29—34; მარკოზი 10:46—52; ლუკა 18:35—19:10
იერიხონთან იესო ორ ბრმას თვალისჩინს უბრუნებს
გადასახადების ამკრეფი ზაქე ინანიებს
იესო და ის ხალხი, ვინც მას მიჰყვება, უახლოვდებიან იერიხონს, რომელიც იერუსალიმიდან ერთი დღის სავალზეა. როგორც ვიცით, ძველი და ახალი (რომაული) იერიხონი დაახლოებით კილომეტრ-ნახევრით არის დაშორებული ერთმანეთისგან. იესო ხალხთან ერთად ერთ-ერთ იერიხონს ტოვებს და მეორეს უახლოვდება. ამ გზაზე ორი უსინათლო მათხოვარი ზის, რომელთაც მომავალი ხალხის ხმაური ესმით. ერთ-ერთს ბარტიმეოსი ჰქვია.
როგორც კი იგებენ, იესო მოდისო, ორივე ყვირილს იწყებს: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ (მათე 20:30). ზოგიერთი მკაცრად ეუბნება, რომ გაჩუმდნენ, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ხმამაღლა იწყებენ ყვირილს. ამ აურზაურის დანახვაზე იესო ჩერდება და მასთან მყოფთ ეკითხება, ვინ ყვირისო. ისინი მათხოვრებთან მიდიან და ერთ-ერთ მათგანს ეუბნებიან: „გამაგრდი და წამოდექი, გეძახის“ (მარკოზი 10:49). მოულოდნელად უსინათლო მამაკაცი მოსასხამს გვერდზე აგდებს, სწრაფად დგება ფეხზე და იესოსკენ მიდის.
„რა გინდათ, რა გაგიკეთოთ?“ — ეკითხება იესო. ისინი სთხოვენ: „თვალი აგვიხილე, უფალო“ (მათე 20:32, 33). სიბრალულით აღძრული იესო თვალებზე ეხება და ერთ-ერთს ეუბნება: „წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“ (მარკოზი 10:52). ორივე მამაკაცს თვალისჩინი უბრუნდება, რის შემდეგაც, ეჭვგარეშეა, ღვთის განდიდებას იწყებენ. მომხდარის დანახვაზე ღმერთს ხალხიც ასხამს ხოტბას. აწ უკვე თვალხილული მამაკაცები იესოს მიჰყვებიან.
იესოს, რომელიც იერიხონის გავლით მიდის, უამრავი ხალხი მიჰყვება. ყველას სურს, დაინახოს ის, ვინც ბრმებს თვალი აუხილა. ხალხი იესოს ყველა მხრიდან აწყდება. ზოგი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ თვალი მოჰკრას მას; მათ შორისაა ზაქე, რომელიც გადასახადების ამკრეფთა უფროსია იერიხონსა და მის შემოგარენში. ის ტანდაბალია, რის გამოც ვერ ხედავს, რა ხდება. ამიტომ გარბის და სიკომოროს ხეზე ადის, რომელიც იმ გზაზეა, სადაც იესომ უნდა გაიაროს. ხიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს. როდესაც იესო ხეს უახლოვდება, ხედავს მასზე ასულ ზაქეს და ეუბნება: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“ (ლუკა 19:5). ზაქე ხიდან ჩამოდის და საპატიო სტუმრის მისაღებად სახლისკენ მიიჩქარის.
ამის დანახვაზე ხალხი დრტვინვას იწყებს. მათი აზრით, არასწორია, იესო ისეთ ადამიანს ესტუმროს, ვისაც ცოდვილად თვლიან. ზაქე ხომ იმის ხარჯზე გამდიდრდა, რომ გადასახადების აკრეფის დროს სხვებს ფულს სძალავდა?!
როცა იესო ზაქეს სახლს უახლოვდება, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ცოდვილ კაცთან შედის ღამის გასათევადო. მაგრამ იესო ხედავს, რომ ზაქე მონანიების გზას ადგას. ეს მართლაც ასეა; იესოს მოლოდინი მართლდება — ზაქე ფეხზე დგება და ამბობს: „აი, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ და რაც კი ვინმესთვის ცრუ ბრალდებით გამომიძალავს, ოთხმაგად ვუბრუნებ“ (ლუკა 19:7, 8).
მისი ეს სიტყვები ნამდვილად იმაზე მეტყველებს, რომ ის გულწრფელად ინანიებს. მას, როგორც ჩანს, თავისი ჩანაწერებიდან შეუძლია დაითვალოს, ვისგან რამდენი თანხა აქვს აღებული და დადებული პირობისამებრ, ამ იუდეველებს ოთხმაგად აუნაზღაუროს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ღვთის კანონით მოითხოვება (გამოსვლა 22:1; ლევიანები 6:2—5). ზაქემ ისიც კი აღუთქვა იესოს, რომ თავისი ქონების ნახევარს ღარიბებს დაურიგებდა.
იესოს უხარია იმის დანახვა, რომ ზაქე ინანიებს, და ეუბნება: „ხსნის დღე დაუდგა ამ სახლს, ვინაიდან ეს კაციც აბრაამის ძეა. კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“ (ლუკა 19:9, 10).
ცოტა ხნის წინ იესომ დაკარგულთა მდგომარეობის აღსაწერად იგავი მოიყვანა გზასაცდენილ შვილზე (ლუკა 15:11—24). ახლა კი იმის ცოცხალ მაგალითს ვხედავთ, თუ როგორ იპოვა იესომ ის, ვინც დაკარგული იყო. როგორც ჩანს, რელიგიური წინამძღოლები და მათი მიმდევრები დრტვინავენ და იესოს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმის გამო, რომ იგი ზაქესნაირ ადამიანებს აქცევს ყურადღებას. მაგრამ იესო კვლავ აგრძელებს აბრაამის დაკარგული ძეების ძებნას მათივე სახსნელად.