-
ღმერთი და კეისარისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მაისი
-
-
ღმერთი და კეისარი
„მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (ლუკა 20:25).
1. ა) როგორი ამაღლებული პოზიცია უჭირავს იეჰოვას? ბ) რა აღვუთქვით იეჰოვას, რასაც არასოდეს არ მივცემთ კეისარს?
როდესაც იესომ ეს მითითება წარმოთქვა, ეჭვის არავითარი მარცვალი არ არსებობდა მის გონებაში, რომ ის, რასაც ღმერთი თავისი მსახურებისგან მოითხოვს, კეისრის, ანუ სახელმწიფოს მოთხოვნაზე უპირატესია. იესომ ყველაზე უკეთ იცოდა ფსალმუნმომღერლის მიერ იეჰოვას წინაშე წარმოთქმული ლოცვის ჭეშმარიტება: „შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა [მმართველობა]a თაობებში“ (ფსალმუნი 144:13). როდესაც ეშმაკმა მთელი მსოფლიოს სამეფოებზე ბატონობა შესთავაზა, იესომ უპასუხა: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’“ (ლუკა 4:5–8). თაყვანი არასოდეს უნდა ვცეთ „კეისარს“, არა აქვს მნიშვნელობა, რომის იმპერატორია, სხვა ნებისმიერი მიწიერი მმართველი, თუ სახელმწიფო.
2. ა) რა მდგომარეობა უკავია სატანას წუთისოფელში? ბ) ვისი ნებართვით დაიკავა სატანამ ეს მდგომარეობა?
2 იესო არ უარყოფდა, რომ მსოფლიოს სამეფოები სატანას ეკუთვნოდა. მოგვიანებით მან სატანას უწოდა „ამ წუთისოფლის მთავარი“ (იოანე 12:31; 16:11). ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის მიწურულს იოანე მოციქული წერდა: „ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“ (1 იოანე 5:19). ეს არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვამ უარი თქვა დედამიწის მმართველობაზე. გაიხსენე, რა უთხრა სატანამ იესოს, როდესაც შესთავაზა პოლიტიკური სამეფოების მმართველობა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას. . . ვინაიდან მე მაქვს მოცემული“ (ლუკა 4:6). მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე სატანა მხოლოდ ღვთის ნებართვით ავლენს ძალაუფლებას.
3. ა) რა მდგომარეობა უკავიათ ადამიანთა მთავრობებს იეჰოვას წინაშე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთისოფლის მთავრობებისადმი მორჩილება არ ნიშნავს ამ წუთისოფლის ღმერთის, სატანის მიმართ მორჩილებას?
3 მსგავსადვე ავლენს სახელმწიფო ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა, როგორც უზენაესმა მმართველმა დაუშვა ასე (იოანე 19:11). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ‘არსებული’ ხელისუფლებები „ღვთის მიერ არიან დადგენილნი“. იეჰოვას უზენაესი მმართველობის ძალაუფლებასთან შედარებით მათი ძალაუფლება საგრძნობლად უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ‘ღვთის მსახურები’ არიან, რადგან ზრუნავენ აუცილებელ მომსახურებაზე, ადგენენ კანონებს, ამყარებენ წესრიგს და, აგრეთვე, სჯიან დამნაშავეებს (რომაელთა 13:1, 4, 6). ამრიგად, ქრისტიანებს უნდა ესმოდეთ: მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფლის, ანუ ამ სისტემის უხილავი მმართველი არის სატანა, სახელმწიფოსადმი პირობითი მორჩილება არ ნიშნავს სატანისადმი მორჩილებას. ისინი ემორჩილებიან ღმერთს. მიმდინარე 1996 წელს პოლიტიკური სახელმწიფო კვლავაც „ღვთის დადგენილებას“ წარმოადგენს, რომელიც დროებითია და რომლის არსებობაც ღმერთმა დაუშვა და ის აღიარებული უნდა იყოს იეჰოვას მიწიერი მსახურების მიერ (რომაელთა 13:2).
იეჰოვას მსახურები ძველ დროში და სახელმწიფო
4. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ იოსები გამხდარიყო ეგვიპტის მთავრობაში გამოჩენილი პიროვნება?
4 იეჰოვამ დაუშვა, რომ ქრისტიანობამდელ პერიოდში მის ზოგიერთ თაყვანისმცემელს გამოჩენილი მდგომარეობა დაეკავებინა სახელმწიფო ხელისუფლებაში. მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნეში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი გახდა იოსები და ფარაონის შემდეგ მეორე კაცი იყო (დაბადება 41:39–43). როგორც შემდგომი მოვლენები გვიჩვენებენ, იეჰოვამ დაუშვა, რომ იოსების მეშვეობით შენახულიყო ‘აბრაამის თესლი’, მისი შთამომავლები, რათა შესრულებულიყო იეჰოვას განზრახვა. რასაკვირველია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იოსები ტყვედ იყო ეგვიპტეში გაყიდული და იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც ღვთის მსახურებს არ ჰქონდათ არც მოსეს რჯული და არც ‘ქრისტეს რჯული’ (დაბადება 15:5–7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; 50:19–21; გალატელთა 6:2).
5. რატომ ებრძანათ ებრაელ ტყვეებს, რომ ბაბილონის ‘მშვიდობა ეძიათ’?
5 საუკუნეების მოგვიანებით ერთგული წინასწარმეტყველი იერემია იეჰოვას მიერ იყო შთაგონებული, რომ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელებისთვის ეთქვა, დამორჩილებოდნენ მმართველებს და ქალაქის მშვიდობისთვის ელოცათ. მათ მიმართ წერილში ის წერდა: „ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს. . . იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის [მშვიდობისთვის, აქ], სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით [მშვიდობით, აქ] თქვენც კეთილდღეობაში იქნებით [მშვიდობა გექნებათ, აქ]“ (იერემია 29:4, 7). იეჰოვას ხალხს ყოველთვის აქვს მიზეზი, რომ „ეძიებდეს მშვიდობას“ თავისთვის და იმ ხალხისთვის, სადაც ცხოვრობენ, რათა თავისუფლად სცენ თაყვანი იეჰოვას (1 პეტრე 3:11).
6. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავათ, რა შემთხვევებში არ დაარღვიეს დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა იეჰოვას რჯული?
6 ბაბილონში, გადასახლებაში ყოფნის დროს, დანიელი და სამი ერთგული ებრაელი, რომლებიც ტყვეებად იყვნენ, დაემორჩილნენ სახელმწიფო სწავლებას და გახდნენ ბაბილონის მაღალი წოდების სამოქალაქო მსახურები (დანიელი 1:3–7; 2:48, 49). მაგრამ თვით სწავლის დროს, მათ მტკიცე პოზიცია დაიკავეს საკვების მიღებასთან დაკავშირებით, რომ არ დაერღვიათ თავიანთი ღვთის, იეჰოვას რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით გადაეცათ. ამის გამო ისინი აკურთხა ღმერთმა (დანიელი 1:8–17). როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა სახელმწიფო კერპი, დანიელის სამი მეგობარი აიძულეს, სახელმწიფოს სხვა მოხელეებთან ერთად დასწრებოდნენ რიტუალს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ უარყვეს, ‘დამხობილთ თაყვანი ეცათ’ კერპისთვის. იეჰოვამ კვლავ დააჯილდოვა მათი უმწიკვლოება (დანიელი 3:1–6, 13–23, 91–95). ასევეა დღესაც, იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ დროშას, მაგრამ ისინი თაყვანს არ სცემენ მას (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21).
7. ა) რა შესანიშნავი პოზიცია დაიკავა დანიელმა, მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო თანამდებობა ეკავა ბაბილონის მთავრობის სტრუქტურაში? ბ) რა ცვლილებები მოხდა ქრისტიანების დროს?
7 ნეო-ბაბილონის დაცემული დინასტიის ადგილი დაიკავა მიდიისა და სპარსეთის ახალმა წყობილებამ, რომლის დროსაც დანიელი მაღალ სამთავრობო თანამდებობაზე დაინიშნა (დანიელი 5:30; 6:1; 6:2–4). მაგრამ დანიელმა არ დაუშვა, რომ მისი მაღალი მდგომარეობა უმწიკვლოების დაკარგვის მიზეზი გამხდარიყო. როდესაც სახელმწიფო კანონმა მოითხოვა, რომ იეჰოვას ნაცვლად მეფე დარიოსისთვის ეცა თაყვანი, ის არ დაემორჩილა. ამის გამო დანიელი ლომებთან ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვამ იხსნა ის (დანიელი 6:5–25). რასაკვირველია, ეს იყო ქრისტიანობამდელი პერიოდი. როდესაც ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, ღვთის მსახურები დაემორჩილნენ ‘ქრისტეს რჯულს’. მრავალი რამ, რაც ებრაელთა სისტემის დროს იყო დაშვებული, სხვა თვალსაზრისით უნდა განხილულიყო იმის საფუძველზე, თუ როგორ ეპყრობოდა უკვე იმ დროს იეჰოვა თავის ხალხს (1 კორინთელთა 9:21; მათე 5:31, 32; 19:3–9).
იესოს დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ
8. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ იესო არ ერეოდა პოლიტიკაში?
8 იესო ქრისტემ დედამიწაზე ყოფნის დროს უფრო მაღალი ნორმები დაუდგინა თავის მიმდევრებს და უარყო პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში ჩარევა. მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულით გამოკვება რამდენიმე ათასი პიროვნება პურის რამდენიმე ნაჭრითა და ორი პატარა თევზით, ებრაელ მამაკაცებს უნდოდათ შეეპყროთ ის და პოლიტიკურ მეფედ დაესვათ. მაგრამ იესო მოერიდა მათ და სწრაფად შეაფარა მთებს თავი (იოანე 6:5–15). ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, „ახალი საერთაშორისო კომენტარი ახალ აღთქმაზე“ (The New International Commentary on the New Testament) აღნიშნავს: „იმ დროისთვის ებრაელთა შორის არსებობდა ძლიერი ნაციონალისტური სულისკვეთება და ეჭვგარეშეა, სასწაულის მხილველებმა იფიქრეს, რომ ის იყო ღვთისგან აღიარებული წინამძღოლი, და სწორედ ის წაუძღვებოდა მათ რომაელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, მათ მტკიცედ გადაწყვიტეს მისი გამეფება“. წიგნი განაგრძობს, რომ იესომ „გადაჭრით უარყო“ მათ მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იესო მხარს არ უჭერდა ებრაელთა აჯანყებას რომაელების ბატონობის წინააღმდეგ. სინამდვილეში, მან იწინასწარმეტყველა, რომ აჯანყებას, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იფეთქებდა, შედეგად მოჰყვებოდა იერუსალიმის მცხოვრებთა არნახული გასაჭირი და ქალაქის განადგურება (ლუკა 21:20–24).
9. ა) როგორ აღწერა იესომ თავისი სამეფოს კავშირი წუთისოფელთან? ბ) რა მითითება მისცა იესომ თავის მიმდევრებს წუთისოფლის მთავრობებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით?
9 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რომის იმპერიის სპეციალურ წარმომადგენელს იუდეაში, იესომ უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36). ვიდრე მისი სამეფო გაანადგურებს პოლიტიკურ მთავრობათა მმართველობას, იესოს მოწაფეები ჰბაძავენ იესოს მაგალითს. ისინი ემორჩილებიან დადგენილ ხელისუფლებებს, მაგრამ არ ერევიან მათ პოლიტიკურ საქმეებში (დანიელი 2:44; მათე 4:8–10). იესომ თავის მოწაფეებს მისცა შემდეგი მითითება: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21). უფრო ადრე, მთაზე ქადაგებისას, იესომ თქვა: „ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). იესომ ამ ქადაგებისას აჩვენა სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებისთვის მზადყოფნის პრინციპი, მიუხედავად იმისა ადამიანებთან ურთიერთობა იქნება თუ მთავრობის იმ მოთხოვნებისადმი მორჩილება, რომელიც თანხმობაშია ღვთის კანონთან (ლუკა 6:27–31; იოანე 17:14, 15).
ქრისტიანები და კეისარი
10. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობის თანახმად, როგორი კეთილსინდისიერი პოზიცია ეკავათ ადრინდელ ქრისტიანებს კეისართან დაკავშირებით?
10 ეს მოკლე მითითებები არის ქრისტიანებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სახელმძღვანელო. წიგნში „ქრისტიანობის დასაწყისი“ (The Rise of Christianity) ისტორიკოსი ი. უ. ბარნესი წერდა: „საუკუნეების შემდეგ, როდესაც ქრისტიანი ვერ ერკვეოდა სახელმწიფოს მიმართ საკუთარ მოვალეობაში, ის მიმართავდა ქრისტეს ავტორიტეტულ მოძღვრებას. ქრისტიანს უნდა გადაეხადა გადასახადები: გადასახადების გადახდა საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო — ის აუტანელი გახდა დასავლეთის იმპერიის დაცემამდე, — მაგრამ ქრისტიანს უნდა მოეთმინა ყოველივე ეს. მას ასევე უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს სხვა მოთხოვნებიც მანამდე, სანამ კეისარი ღვთისას არ მოითხოვდა“.
11. პავლეს რჩევის თანახმად, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს წუთისოფლის მმართველებთან?
11 ეს თანხმობაშია იმასთან, რაც ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ პავლე მოციქულმა უთხრა რომაელ ქრისტიანებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ“ (რომაელთა 13:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დაახლოებით ათი წლის შემდეგ, მეორედ დაპატიმრებასა და რომში სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე, პავლემ ტიტეს მისწერა: „შეახსენე მათ [კრეტოელ ქრისტიანებს]: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ [მთავრობათ, სსგ] და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3:1, 2).
ნათელი გაგება ‘უმაღლეს ხელისუფლებებთან’ დაკავშირებით
12. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა ჩარლზ ტეიზ რასელს ქრისტიანის სწორ პოზიციასთან დაკავშირებით სამთავრობო ხელისუფლებებთან? ბ) როგორი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ სულითცხებულ ქრისტიანებს პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ძალებში მსახურებასთან დაკავშირებით?
12 ჩარლზ ტეიზ რასელი ჯერ კიდევ 1886 წელს წიგნში „ღმერთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ (ინგლ.) წერდა: „არც ქრისტე და არც მისი მოციქულები არ ერეოდნენ მიწიერ მმართველთა საქმეებში. . . ისინი ეკლესიას ასწავლიდნენ, რომ დამორჩილებოდნენ კანონებს და პატივი ეცათ ხელისუფლებისთვის, იმ მდგომარეობის გამო, რაც ხელისუფლებას ეკავა. . . გადაეხადათ დაწესებული გადასახადები, მხოლოდ იმ კანონების გამოკლებით, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს (საქმეები 4:19; 5:29), არ შეწინააღმდეგებულიყვნენ ნებისმიერ დაწესებულ კანონს (რომ. 13:1–7; მათ. 22:21). იესო, მისი მოციქულები და ადრეული ეკლესია ემორჩილებოდნენ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილები იყვნენ და მონაწილეობას არ ღებულობდნენ ამ წუთისოფლის მთავრობებში“. ეს წიგნი ზუსტად განსაზღვრავს პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებულ „უფრო მაღალ ძალაუფლებებს“, ანუ ‘უმაღლეს ხელისუფლებებს’, როგორც მიწიერ სახელმწიფო ხელისუფლებებს (რომაელთა 13:1, „მეფე იაკობის თარგმანი“ [King James Version]). წიგნი „ახალი ქმნილება“ (ინგლ.) 1904 წელს აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები „დღევანდელ დღეს უნდა იყვნენ კანონის უაღრესად მორჩილ პიროვნებათა შორის — არ უნდა იყვნენ აგიტატორები, არც მოჩხუბრები და არც შარიანი ადამიანები“. ზოგიერთს ეს ესმოდა, როგორც მთავრობის ძალაუფლებისადმი სრული მორჩილება, თვით პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ძალებში მსახურების ჩათვლითაც კი. მაგრამ სხვები ამას იესოს სიტყვების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ, რადგან იესომ თქვა: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). ცხადია, რომ საჭირო იყო უფრო უკეთესი გაგება უმაღლესი ხელისუფლებისადმი ქრისტიანულ მორჩილებასთან დაკავშირებით.
13. რა ცვლილებები მოხდა 1929 წელს უმაღლესი ხელისუფლებების შესახებ გაგებასთან დაკავშირებით და რით დამტკიცდა, რომ ეს კურთხეული იყო?
13 როდესაც 1929 წელს სხვადასხვა მთავრობების კანონებმა დაიწყეს იმ საკითხების აკრძალვა, რაც ღმერთმა ბრძანა ან მოითხოვდნენ იმას, რასაც ღვთის კანონი კრძალავს, იფიქრეს, რომ „უფრო მაღალი ძალაუფლებები“ უნდა ყოფილიყო იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტეb. ასეთი თვალსაზრისი ჰქონდათ იეჰოვას მსახურებს გადამწყვეტი პერიოდისას — მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და თვით ომის განმავლობაშიც, აგრეთვე ცივი ომის დროსაც, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ტერორიზმსა და მილიტარისტულ მზადებებში. როდესაც წარსულს გადავხედავთ, უნდა ითქვას, რომ ეს თვალსაზრისი, რომელიც იეჰოვასა და მისი ძის, ქრისტეს, მმართველობას განადიდებს, დაეხმარა ღვთის ხალხს, რომ შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი თვით ასეთ ძნელბედობის ჟამს.
პირობითი მორჩილება
14. როგორ გაძლიერდა სინათლის შუქი რომაელთა 13:1, 2-სა და მასთან დაკავშირებულ მუხლებთან დაკავშირებით 1962 წელს?
14 „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლ.) დასრულდა 1961 წელს. მისი თარგმნისთვის საჭირო იყო წერილების ორიგინალის ენის ღრმა გამოკვლევა. სიტყვების ზუსტმა თარგმნამ ნათელი გახადა, რომ რომაელთა მე-13 თავში, ტიტეს 3:1, 2-სა და 1 პეტრეს 2:13, 17-ში გამოყენებული ტერმინი „უმაღლესი ხელმწიფება“ იეჰოვასა და მისი ძის, იესოს უზენაეს ხელისუფლებას კი არ ეხება, არამედ მიწიერ სამთავრობო ხელისუფლებებს. მოგვიანებით, 1962 წელს, „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ზუსტად აიხსნა რომაელთა მე-13 თავი და უფრო ნათლად იქნა გაშუქებული ის თვალსაზრისი, რომელიც ჯერ კიდევ ჩ. ტ. რასელის დროს არსებობდა. ეს სტატიები მიუთითებს, რომ ხელისუფლებებისადმი ქრისტიანული მორჩილება არ არის აბსოლუტური. ეს უნდა იყოს პირობითი, მისადმი მორჩილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის კანონებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება გაამახვილა „საგუშაგო კოშკში“ მოცემულმა შემდეგმა სტატიებმაc.
15, 16. ა) რა უკეთესი, გაწონასწორებული თვალსაზრისი მოიტანა ახალმა გაგებამ რომაელთა მე-13 თავთან დაკავშირებით? ბ) რომელ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?
15 ეს არის რომაელთა მე-13 თავის ზუსტი გაგების საფუძველი, რაც შესაძლებლობას აძლევს იეჰოვას ხალხს, რომ იყვნენ გაწონასწორებული, პატივი მიაგონ პოლიტიკურ ხელისუფლებებს და კომპრომისზე არ წავიდნენ წერილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი პრინციპების წინააღმდეგ (ფსალმუნი 96:11; იერემია 3:15). ეს საშუალებას აძლევს მათ, ჰქონდეთ სწორი თვალსაზრისი ღმერთთან ურთიერთობასა და ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაზე. ეს არწმუნებს მათ, რომ თუ კეისარს კეისრისას აძლევენ, მათ არ ავიწყდებათ, ღვთისა მისცენ ღმერთს.
16 მაგრამ ზუსტად რა არის კეისრისა? რა კანონიერი მოთხოვნები შეიძლება წაუყენოს სახელმწიფომ ქრისტიანებს? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
მიეცით კეისრისა კეისარსსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მაისი
-
-
მიეცით კეისრისა კეისარს
„მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის“ (რომაელთა 13:7).
1, 2. ა) იესოს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა გააწონასწორონ ქრისტიანებმა ღმერთისა და კეისრის მიმართ ვალდებულება? ბ) რომელია იეჰოვას მოწმეთა უპირველესი საზრუნავი?
იესოს სიტყვების თანახმად, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც ღმერთს აღვუთქვით და საკითხები, რომლებიც — კეისარს, ანუ სახელმწიფოს. იესომ თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“. ამ რამდენიმე სიტყვამ დააბნია მისი მტრები, მაგრამ მოკლედ ჩამოაყალიბა გაწონასწორებული პოზიცია, რომელიც ღმერთსა და სახელმწიფოსთან ურთიერთობისას უნდა გვქონდეს. გასაოცარი არ არის, რომ მსმენელებს „გაუკვირდათ მისი“! (მარკოზი 12:17).
2 რასაკვირველია, იეჰოვას მსახურების უპირველესი საზრუნავია, რომ ღვთისა მისცენ ღმერთს (ფსალმუნი 115:3–5). ასეთი მოქმედებით მათ არ ავიწყდებათ, იესოს სიტყვები, რომ გარკვეულ საკითხებში უნდა ემსახურონ კეისარს. მათი, ბიბლიით განსწავლული, სინდისი მათგან მოითხოვს, რომ ლოცვით გადაწყვიტონ, რა ზომით დააკმაყოფილონ კეისრის მოთხოვნები (რომაელთა 13:7). დღეს მრავალი იურისტი მიხვდა, რომ ხელისუფლების ძალაუფლებას აქვს საზღვრები და ადამიანები და მთავრობები ყველგან დაქვემდებარებული არიან ბუნების კანონს.
3, 4. რა საინტერესო შენიშვნა გაკეთდა ბუნების კანონის, ღვთის მიერ გაცხადებული კანონისა და ადამიანთა კანონის შესახებ?
3 პავლე მოციქულმა სწორედ ეს ბუნების კანონი მოიხსენია, როდესაც წუთისოფლის ადამიანებზე წერდა: „ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ პატიება არა აქვთ“. თუ ისინი გამოეხმაურებიან მას, ბუნების კანონი ურწმუნოთა სინდისს გააღვიძებს. ამგვარად პავლე შემდეგ ამბობს: „ვინაიდან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები“ (რომაელთა 1:19, 20; 2:14, 15).
4 მე-18 საუკუნის სახელგანთქმული ინგლისელი იურისტი, უილიამ ბლეკსტოუნი, წერდა: „ეს, ბუნების კანონი, კაცობრიობის დროინდელია [ხნისაა] და თავად ღვთის ნაკარნახევია, ეს, რასაკვირველია, ნებისმიერი კანონისადმი მორჩილებას აღემატება. მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ დროს სავალდებულოა იცოდნენ ადამიანთა ის კანონები, რომლებიც ბუნების კანონს ეწინააღმდეგება, უსაფუძვლოა“. ბლეკსტოუნმა საუბარი გააგრძელა ბიბლიაში მოხსენიებული „ღვთის მიერ გაცხადებული კანონის“ შესახებ და აღნიშნა: „ამ ორ საფუძველზე, ბუნების კანონსა და ღვთის მიერ გაცხადებულ კანონზეა დამოკიდებული ადამიანთა ყველა კანონი; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა არც ერთი კანონი არ უნდა იქნეს ისე დაშვებული, რომ შეეწინააღმდეგოს მათ“. ეს სრულ თანხმობაშია იმასთან, რაც იესომ მარკოზის 12:17-ში თქვა ღვთისა და კეისრის შესახებ. ნათელია, არსებობს ზოგი ისეთი საკითხი, რაც კეისარს შეუძლია მოსთხოვოს ქრისტიანს და რაც ღმერთმა მოაქცია გარკვეულ ჩარჩოებში. სწორედ ასეთ საკითხებში შეიჭრა სინედრიონი, როდესაც მოციქულებს იესოს შესახებ ქადაგების შეწყვეტა უბრძანა. მაგრამ მოციქულებმა სამართლიანად უპასუხეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:28, 29).
„ღვთისა“
5, 6. ა) რადგანაც ახსოვთ ღვთის სამეფოს დაბადება 1914 წელს, რა უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს უფრო ცოცხლად გონებაში? ბ) როგორ ამტკიცებს ქრისტიანი, რომ არის მსახური?
5 განსაკუთრებით 1914 წლიდან, როდესაც ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთმა, როგორც მეფემ, ქრისტეს მესიანური სამეფოს მეშვეობით დაიწყო მმართველობა, ქრისტიანები უფრო მეტად უნდა იყვნენ სიმტკიცით აღსავსენი, რომ ღვთისა არ მისცენ კეისარს (გამოცხადება 11:15, 17). დღეს, ისე როგორც არასდროს, ღვთის კანონი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ‘არ იყვნენ წუთისოფლისანი’ (იოანე 17:16). რადგანაც წარმოადგენენ სიცოცხლის მბოძებელი ღვთისადმი მიძღვნილებს, მათ ნათლად უნდა აჩვენონ, რომ თავიანთ თავს აღარ ეკუთვნიან (ფსალმუნი 99:2, 3, კს). როგორც პავლე წერდა, ჩვენ „უფლისანი ვართ“ (რომაელთა 14:8). უფრო მეტიც, ქრისტიანული ნათლობის დროს მას უკვე ღვთის მსახური ეწოდება, ასე რომ, მას პავლე მოციქულის მსგავსად შეუძლია თქვას: „მან [ღმერთმა] შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი“ (2 კორინთელთა 3:5, 6).
6 პავლე მოციქული აგრეთვე წერდა: „ჩემს მსახურებას ვადიდებ“ (რომაელთა 11:13). უეჭველია, ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ. მიუხედავად იმისა, სრული დროით ვემსახურებით ღმერთს თუ განსაზღვრულ დროს ვუთმობთ მსახურებას, ყოველთვის გვახსოვს, რომ იეჰოვამ დაგვნიშნა ამ მსახურების შესასრულებლად (2 კორინთელთა 2:17). რადგან ზოგიერთებმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი პოზიცია, ყველა მიძღვნილი, მონათლული ქრისტიანი მზად უნდა იყოს, ჰქონდეს ნათელი და პოზიტიური მტკიცება, რომ ნამდვილად კეთილი ცნობის მქადაგებელია (1 პეტრე 3:15). მისი მსახურება მის მოქმედებებში უნდა ვლინდებოდეს. ქრისტიანი, როგორც ღვთის მსახური, უნდა იყოს სუფთა ზნეობის მომხრე და თავადაც სუფთა ზნეობის მქონე უნდა იყოს, უნდა იცავდეს ოჯახის ერთიანობას, იყოს პატიოსანი და პატივს სცემდეს კანონსა და წესრიგს (რომაელთა 12:17, 18; 1 თესალონიკელთა 5:15). ქრისტიანის ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია ურთიერთობა ღმერთთან და ღვთის მიერ დაკისრებული მსახურება. ქრისტიანი თავს ვერ დაანებებს ამას კეისრის ბრძანებით. ნათელია, რომ ეს არის „ღვთისა“.
„კეისრისა“
7. როგორი რეპუტაცია აქვთ იეჰოვას მოწმეებს გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით?
7 იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ მათი მოვალეობაა ‘დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფლებას’, მთავრობის მმართველებს (რომაელთა 13:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). როდესაც კეისარი, სახელმწიფო, წამოაყენებს სამართლიან მოთხოვნებს, ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას რთავს ქრისტიანებს, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები. მაგალითად, ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში ყველაზე სანიმუშოები არიან გადასახადების გადახდაში. გერმანული გაზეთი „მიუნხნერ მერკური“ (Münchner Merkur) იეჰოვას მოწმეებზე წერდა: „ისინი არიან ყველაზე პატიოსანი და ყველაზე პუნქტუალური გადასახადების გადამხდელები ფედერაციულ რესპუბლიკაში“. იტალიაში გაზეთი „სტამპა“ (la Stampa) იუწყებოდა: „ისინი [იეჰოვას მოწმეები] არიან ურყევად ერთგული და სასურველი მოქალაქეები: ისინი არ მიმართავენ გადასახადებთან დაკავშირებულ მაქინაციებს და პირადი კეთილდღეობის მიზნით არც თავს არიდებენ მძიმე კანონებს“. იეჰოვას მსახურები ამას აკეთებენ ‘სინდისის გამო’ (რომაელთა 13:5, 6).
8. ის, რაც აღვუთქვით კეისარს შემოიფარგლება თუ არა მხოლოდ ფულადი გადასახადით?
8 შემოიფარგლება თუ არა „კეისრისა“, მხოლოდ გადასახადების გადახდით? არა. პავლემ ჩამოთვალა სხვებიც, მაგალითად, შიში და პატივისცემა. წიგნში „მათეს სახარების კრიტიკული და განმარტებითი ცნობარი“ (Critical and Exegetical Hand-Book to the Gospel of Matthew) გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ მაიერი წერდა: „ამაში [რაც არის კეისრისა]. . . ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო გადასახადები კი არ გვესმის, არამედ ყველაფერი, რაც ეკუთვნის კეისარს სამართლიანი მმართველობის საფუძველზე“. ისტორიკოსმა ი. უ. ბარნისმა, ნაშრომში „ქრისტიანობის დასაწყისი“ (The Rise of Christianity) აღნიშნა, რომ ქრისტიანი იხდიდა გადასახადს თუ ევალებოდა და „მსგავსადვე ემორჩილებოდა სახელმწიფოს სხვა მოთხოვნებსაც, როდესაც ასრულებდა ყოველივე ამას, ის ღვთისას კეისარს არ აძლევდა“.
9, 10. რის შესახებ შეიძლება ყოყმანობდეს ქრისტიანი იმასთან დაკავშირებით, რომ თავისი მიაგოს კეისარს და რა ფაქტები უნდა ახსოვდეს ყოველთვის?
9 რა შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფომ, რომ არ შეიჭრას იმაში, რაც ეკუთვნის ღმერთს? ზოგიერთი ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ სამართლიანად მიეცათ კეისრისთვის ფულადი გადასახადი და მეტი არაფერი. ისინი სათანადოდ არ თვლიდნენ კეისრისთვის მიეცათ ის, რაც წაართმევდა იმ დროს, რომლის გამოყენებაც თეოკრატიული საქმიანობისთვის შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტია ‘გვიყვარდეს უფალი, ღმერთი, ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა’, იეჰოვა მოელის, რომ წმინდა მსახურებასთან ერთად სხვა საქმეებსაც დავუთმოთ დრო (მარკოზი 12:30; ფილიპელთა 3:3). მაგალითად, დაქორწინებულმა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს რჩევა, რომ მეუღლის სიამოვნებისთვისაც გამოყოს დრო. ასეთი მოქმედებები არ არის საძრახისი, მაგრამ პავლე მოციქული აღნიშნავს, რომ ეს ‘წუთისოფლის საქმეებია’ და არა ‘უფლის’ (1 კორინთელთა 7:32–34; შეადარე 1 ტიმოთე 5:8).
10 გარდა ამისა, იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ გადასახადები ‘მიეცათ’ და, რა თქმა უნდა, ეს იეჰოვასადმი მიძღვნილ დროსაც წაიღებდა — ჩვენ ხომ მთელი სიცოცხლე მივუძღვენით იეჰოვას. თუ საშუალო გადასახადი ქვეყანაში შემოსავლის 33 პროცენტია (ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მაღალია), ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, მომუშავე პიროვნებას სახელმწიფო ხაზინაში შეაქვს თავისი წლიური გამომუშავებიდან ოთხი თვის ტოლფასი თანხა. თუ სხვა მხარესაც აღვნიშნავთ, მომუშავეთა საშუალო რიცხვი დაახლოებით 15 წლის გამომუშავებულ თანხას „კეისრის“ გადასახადებში იხდის. განვიხილოთ განათლების საკითხიც. უმეტეს ქვეყანაში კანონი მოითხოვს, რომ მშობლებმა ბავშვები სკოლაში ატარონ მინიმუმი წლების განმავლობაში. განათლების მისაღებად დადგენილი წლები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. მრავალ ქვეყანაში ამას დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს. მართალია, ასეთი განათლება ჩვეულებრივ სასარგებლოა, მაგრამ კეისარი ღებულობას გადაწყვეტილებას თუ დროის რა მონაკვეთი უნდა დაუთმოს ბავშვმა ამას და ქრისტიანი მშობლები ემორჩილებიან კეისრის გადაწყვეტილებას.
სამხედრო სავალდებულო სამსახური
11, 12. ა) რას მოითხოვს კეისარი მრავალ ქვეყანაში? ბ) რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს სამხედრო სამსახურზე?
11 კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც წამოყენებულია ზოგიერთი ქვეყნის კეისრის მიერ, არის სამხედრო სავალდებულო სამსახური. უმეტეს ერებში ეს დაწესდა მე-20 საუკუნეში როგორც ომიანობის, აგრეთვე მშვიდობიანობის ხანაშიც. საფრანგეთში ამ ვალდებულებას მრავალი წლის განმავლობაში ეწოდებოდა სისხლის გადასახადი იმ მნიშვნელობით, რომ ყოველი ახალგაზრდა მამაკაცი მზად უნდა ყოფილიყო სიცოცხლე გაეწირა სახელმწიფოსთვის. არის თუ არა ეს ის მოთხოვნა, რომელსაც სინდისის მიხედვით უნდა დაემორჩილონ იეჰოვასადმი მიძღვნილები? როგორი თვალსაზრისი ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით?
12 იმ დროს, როდესაც ადრეული ქრისტიანები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ კარგი მოქალაქეები, რწმენა ნებას არ რთავდა მათ, რომ მოეკლათ სხვები ან საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ სახელმწიფოსთვის. „რელიგიის ენციკლოპედია“ (The Encyclopedia of Religion) აღნიშნავს: „ადრინდელი ეკლესიის მამები, მათ შორის ტერტულიანე და ორიგენე, ადასტურებდნენ, რომ ქრისტიანები ვალდებულები იყვნენ არ მოეკლათ ადამიანი იმ პრინციპის თანახმად, რომელიც აფრთხილებდა მათ, რომ არ ემსახურათ რომის არმიაში“. წიგნში „ადრინდელი ეკლესიები და მსოფლიო“ (The Early Church and the World) პროფესორი ს. ჯ. კადუ წერს: „მარკუს ავრელიუსის დრომდე [ახალი წელთაღრიცხვით 161–180] არც ერთი ქრისტიანი, ნათლობის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში, არ გახდებოდა ჯარისკაცი“.
13. რატომ არა აქვთ ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებს ადრინდელი ქრისტიანების მსგავსი თვალსაზრისი სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით?
13 რატომ არა აქვთ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრებს ასეთი თვალსაზრისი? იმ რადიკალური ცვლილებების გამო, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოხდა. კათოლიკური ნაშრომი „ქრისტიანულ საეკლესიო კრებათა ისტორია“ (A History of the Christian Councils) განმარტავს: „წარმართი იმპერატორების დროს მრავალ ქრისტიანს. . . სინდისი კარნახობდა, რომ არ შეესრულებინა სამხედრო სამსახური და კატეგორიულად უარყოფდა, ემსახურა როგორც ჯარისკაცს, ან დეზერტირობდა. სინოდმა (არლში, ახალი წელთაღრიცხვით 314 წელს) განიხილა კონსტანტინეს მიერ წამოყენებული ცვლილებები, სადაც ჩამოყალიბებული იყო იძულებითი მოვალეობა, რომ ქრისტიანმა უნდა იბრძოლოს ომში. . . რადგან ეკლესიაში არის მშვიდობა (ლათ. in pace) ქრისტიანების მეგობარი პრინცის ხელმძღვანელობით“. იესოს სწავლებების მიტოვებამ იმ დროიდან დღემდე, გამოიწვია ის, რომ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მოუწოდებს სამწყსოს ეროვნულ არმიაში მსახურებისკენ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პიროვნება უარყოფს ასეთი მსახურების შესრულებას საკუთარი სინდისიდან გამომდინარე პოზიციით.
14, 15. ა) რის საფუძველზე ითხოვენ ქრისტიანები სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ზოგიერთ ქვეყანაში? ბ) იქ, სადაც არ ათავისუფლებენ სამხედრო სამსახურიდან, რომელი ბიბლიური მუხლები დაეხმარება ქრისტიანს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება?
14 არიან თუ არა ქრისტიანები ვალდებული დღეს, რომ ამ საკითხში მიბაძონ უმრავლესობას? არა. თუ მიძღვნილი, მონათლული ქრისტიანი ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც რელიგიის მსახურებს ათავისუფლებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან, მას შეუძლია ისარგებლოს ამ საშუალებით, რადგან, სინამდვილეში, ის წარმოადგენს რელიგიის მსახურს (2 ტიმოთე 4:5). მრავალ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში, ასეთი თავისუფლება იყო თვით ომიანობის დროსაც. მშვიდობიანობის დროს კი, მრავალ ქვეყანაში, სადაც ძალაშია სავალდებულო სამხედრო სამსახური, იეჰოვას მოწმეები თავისუფლდებიან ამ ვალდებულებისგან, როგორც რელიგიის მსახურები. ამგვარად, მათ შეუძლიათ კვლავაც დაეხმარონ ხალხს თავიანთი საჯარო მსახურებით.
15 როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მის ქვეყანაში, რელიგიის მსახურებს არ ათავისუფლებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან? ამ შემთხვევაში მან პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რასაც ბიბლიით განსწავლული სინდისი უკარნახებს (გალატელთა 6:5). იმ დროს, როდესაც მხედველობაში აქვს კეისრის ავტორიტეტი, დაკვირვებით აწონ-დაწონის იმას, რაც იეჰოვას აღუთქვა (ფსალმუნი 35:10; 115:3–5; საქმეები 17:28). ქრისტიანი გაიხსენებს თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანების დამახასიათებელი ნიშანი — უყვარდეთ თანაქრისტიანები, თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში ან სხვა ტომის წარმომადგენლები არიან (იოანე 13:34, 35; 1 პეტრე 2:17). გარდა ამისა, მას არ დაავიწყდება ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ჩაწერილია ისეთ წიგნებში, როგორიცაა: ესაია 2:2–4; მათე 26:52; რომაელთა 12:18; 14:19; 2 კორინთელთა 10:4 და ებრაელთა 12:14.
საზოგადოებრივი სამსახური
16. როგორ არასამხედრო სამსახურს ითხოვს კეისარი ზოგიერთ ქვეყანაში მათგან, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე?
16 როგორც არ უნდა იყოს, არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც სახელმწიფო რელიგიის მსახურებს არ ათავისუფლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან, მაგრამ არ უარყოფს, რომ შესაძლოა ზოგიერთმა პიროვნებამ უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. მრავალ ასეთ ქვეყანაში გაითვალისწინეს ასეთი პიროვნებების სინდისი და მათ არ აიძულებენ, შეასრულონ სამხედრო სამსახური. ზოგიერთ ქვეყანაში მათგან მოითხოვეს საზოგადოებრივი სამსახური — საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი სამუშაო, რომელსაც არასამხედრო, საერო სამსახურად მიიჩნევენ. შეუძლია თუ არა მიძღვნილ ქრისტიანს შეასრულოს ასეთი სამსახური? აქაც, კიდევ ერთხელ, მიძღვნილმა, მონათლულმა ქრისტიანმა პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე.
17. არსებობს თუ არა ბიბლიური მაგალითი არასამხედრო საზოგადოებრივ სამსახურთან დაკავშირებით?
17 როგორც ჩანს, სავალდებულო მსახურება ბიბლიურ დროში ჩვეულებრივი იყო. ერთ-ერთ ისტორიულ წიგნში ნათქვამია: «გადასახადებსა და ბეგარასთან ერთად იუდეის მოსახლეობისგან მოითხოვდნენ მძიმე შრომასაც [საერო ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა შეუსრულებელი მძიმე სამუშაოს შესრულებას]. ეს დადგენილება უძველესი დროიდან იყო აღმოსავლეთში და ძალაში დატოვეს ელადისა და რომის ხელისუფლებებმაც. . . „ახალ აღთქმაშიც“ მოცემულია იუდეაში მძიმე შრომის მაგალითები, რაც ცხადყოფს, რომ მსგავსი რამ ფართოდ იყო გავრცელებული. ამ წესის თანახმად აიძულეს რომაელმა ჯარისკაცებმა სიმონ კვირინელი, ეტარებინა იესოს ჯვარი [წამების ძელი] (მათე 5:41; 27:32; მარკოზი 15:21; ლუკა 23:26)».
18. რომელ არასამხედრო, არარელიგიურ საზოგადოებრივ სამსახურთან თანამშრომლობენ ხშირ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეები?
18 მსგავსად, ზოგიერთი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისგან დღესაც ითხოვს სხვადასხვა ფორმის საზოგადოებრივ მსახურებაში მონაწილეობის მიღებას. ზოგჯერ ამაში შედის სპეციალური დავალებები, როგორიცაა: ჭების ამოთხრა ან გზების გაყვანა; ხშირად ამას რეგულარული სახე ეძლევა, მაგალითად, ყოველკვირეული მონაწილეობა გზების, სკოლების ან საავადმყოფოების დალაგებაში. თუ ასეთი საზოგადოებრივი სამსახური საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება და არავითარი კავშირი არა აქვს ცრუ რელიგიასთან ან მიუღებელი არ არის იეჰოვას მოწმეთა სინდისისთვის, ხშირ შემთხვევაში სრულდება (1 პეტრე 2:13–15). ამას ხშირად კარგად დაუმოწმებია და ბევრჯერ გაუჩუმებია იეჰოვას მოწმეების ცილისმწამებლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან (შეადარე მათე 10:18).
19. როგორ უნდა მიუდგეს ქრისტიანი იმ საკითხს, თუ კეისარი მისგან მოითხოვს არასამხედრო ეროვნულ მსახურებას დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე?
19 როგორი მოქმედებაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქრისტიანისგან მოითხოვს ისეთ საზოგადოებრივ სამსახურს გარკვეული დროის მანძილზე, რომელიც სამოქალაქო ადმინისტრაციას დაქვემდებარებული საერო სამსახურის ნაწილია? აქაც ქრისტიანმა პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განსწავლული სინდისის საფუძველზე. „ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე“ (რომაელთა 14:10). ქრისტიანმა, რომელსაც წაყენებული აქვს კეისრის რაიმე მოთხოვნა, ლოცვით უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და იფიქროს მასზეa. აგრეთვე ბრძნული იქნებოდა ამ საკითხზე საუბარი კრების მოწიფულ ქრისტიანებთან. ამის შემდეგ კი პიროვნებამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (იგავნი 2:1–5; ფილიპელთა 4:5).
20. რომელი კითხვები და ბიბლიური პრინციპები ეხმარება ქრისტიანს, რომ იფიქროს არასამხედრო ეროვნულ საზოგადოებრივ სამსახურთან დაკავშირებით?
20 როდესაც ქრისტიანი დაკავებულია ასეთი კვლევით, მან უნდა აწონ-დაწონოს ბიბლიის მთელი რიგი პრინციპები. პავლემ თქვა, რომ უნდა ‘ვემორჩილებოდეთ განმგებელთ და ხელისუფალთ. მზად ვიყოთ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. ვიყოთ შემწყნარენი, ვიჩენდეთ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ’ (ტიტე 3:1, 2). ამავე დროს კარგი იქნება თუ ქრისტიანები პირნათლად გამოიკვლევენ შეთავაზებულ საზოგადოებრივ სამუშაოს. თუ ისინი ღებულობენ ამას, შეძლებენ თუ არა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვას? (მიქა 4:3, 5; იოანე 17:16). აკავშირებს თუ არა ეს მათ რომელიმე ცრუ რელიგიასთან? (გამოცხადება 18:4, 20, 21). ამის შესრულება ხელს შეუშლის ან უგუნურად შებოჭავს თუ არა მათ ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულებაში? (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25). სხვა მხრივ, შეძლებენ თუ არა კვლავაც წაიწიონ სულიერად წინ, დავუშვათ, დაკისრებულ მსახურებასთან ერთად მონაწილეობა, რომ მიიღონ თვით სრული დროით მსახურებაში? (ებრაელთა 6:11, 12).
21. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს კრებას იმ ძმაზე, რომელიც მსახურობს არასამხედრო ეროვნულ საზოგადოებრივ სამსახურში?
21 როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ასეთ კითხვებზე გულწრფელი პასუხი მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ეროვნული საზოგადოებრივი სამსახური არის ‘კეთილი საქმე’, რომლის შესრულება შესაძლებელია ხელისუფლებისადმი მორჩილებით? ეს არის მისი გადაწყვეტილება იეჰოვას წინაშე. უხუცესად დანიშნულმა პირებმა და აგრეთვე სხვებმაც სავსებით უნდა სცენ პატივი ძმის სინდისს და კვლავაც ისეთი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მასზე, როგორც კარგ ქრისტიანზე. იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს საზოგადოებრივი სამსახური, მისი პოზიციაც პატივსაცემია. ისიც კარგ პოზიციას იკავებს და სიყვარულით უნდა ამოუდგნენ მხარში (1 კორინთელთა 10:29; 2 კორინთელთა 1:24; 1 პეტრე 3:16).
22. როგორ სიტუაციებშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, რისი კეთება უნდა განვაგრძოთ?
22 როგორც ქრისტიანები, ჩვენ არ შევწყვეტთ, მივაგოთ „ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელთა 13:7). ჩვენ პატივს ვცემთ კარგ წესრიგს და ვცდილობთ ვიყოთ მშვიდობიანი, კანონის მორჩილი მოქალაქეები (ფსალმუნი 33:15). ჩვენ შესაძლოა ვლოცულობთ კიდეც „მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის“, როდესაც ისინი ღებულობენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და საქმეზე ახდენს გავლენას. რადგანაც კეისარს ვაძლევთ კეისრისას, ვიმედოვნებთ, რომ ‘მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით’ (1 ტიმოთე 2:1, 2). და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კაცობრიობის ერთადერთი იმედის, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას და ამით კეთილსინდისიერად მივცემთ ღვთისას ღმერთს.
-