მოთმინება
ბერძნული ზმნა ჰიპომენო სიტყვასიტყვით ქვეშ ან ქვევით დარჩენას ნიშნავს და ლუკას 2:43-სა და საქმეების 17:14-ში „დარჩენად“ არის ნათარგმნი. ამ სიტყვამ შემდეგი მნიშვნელობებიც შეიძინა: „საკუთარი პოზიციის შენარჩუნება“, „შეუდრეკელობა“ და „მტკიცედ ყოფნა“. აქედან გამომდინარე, ის „მოთმინებადაც“ ითარგმნება (მთ. 24:13). არსებითი სახელი ჰიპომონე, ჩვეულებრივ, აღნიშნავს მოთმინებას, რომელსაც საფუძვლად გაბედულება, სიმტკიცე და ამტანობა უდევს. ვისაც ასეთი მოთმინება ახასიათებს, წინააღმდეგობის, დევნის, განსაცდელისა და ცდუნების წინაშე იმედს არ კარგავს.
რატომ არის საჭირო. ქრისტიანებს შეიძლება მოუწიოთ გულგრილობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების, მტრული დამოკიდებულების, ოჯახის წევრების მხრიდან სიძულვილის, ცუდი მოპყრობისა და პატიმრობის ატანა; ისინი შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ (მთ. 5:10—12; 10:16—22; 24:9, 10, 39; მრ. 13:9, 12, 13; გმც. 13:10). ამიტომ მათ მოთმინება სჭირდებათ. ამ ძვირფასი თვისების გარეშე ვერავინ დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს (რმ. 2:7; ებ. 10:36; გმც. 14:12). და ეს იმიტომ, რომ ქრისტიანული გზის დასაწყისზე უფრო მნიშვნელოვანი მისი დასასრულია. იესომ ეს აზრი ასე ჩამოაყალიბა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მთ. 24:13); „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლკ. 21:19).
ვინც სწრაფად, მაგრამ ზედაპირულად იღებს „ღვთის სიტყვას“, განსაცდელის ან დევნის დროს მალევე თმობს პოზიციას და ღვთის კეთილგანწყობილებასა და კურთხევას კარგავს. მაგრამ, ვინც სწავლობს „ღვთის სიტყვის“ მთელი გულით დაფასებას, ბოლომდე ითმენს ყველაფერს. მას „მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ და სირთულეების, ტანჯვისა და გულგატეხილობის მიუხედავად, ერთგულად აცხადებს ღვთის ცნობას (ლკ. 8:11, 13, 15).
როგორ გამოვიმუშავოთ. ქრისტემდე მცხოვრები წინასწარმეტყველების, იობის, მოციქულ პავლეს, იოანესა თუ სხვა მრავალი ღვთის მსახურის მაგალითებსა და მათი ერთგულების შედეგებზე ფიქრი იმის სტიმულს მოგვცემს, რომ გაჭირვების დროს მოვითმინოთ (2კრ. 6:3—10; 12:12; 2თს. 1:4; 2ტმ. 3:10—12; იაკ. 5:10, 11; გმც. 1:9). განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მოთმინების სრულყოფილი მაგალითი (ებ. 12:2, 3; 1პტ. 2:19—24).
არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქრისტიანული იმედი — მარადიული სიცოცხლე და უცოდველობა. მდევნელთა ხელითაც რომ დავიღუპოთ, ამ იმედს ვერავინ წაგვართმევს (რმ. 5:4, 5; 1თს. 1:3; გმც. 2:10). როცა ჩვენი დიდებული იმედი გამართლდება, ახლანდელი ტანჯვა არაფრად მოგვეჩვენება (რმ. 8:18—25). ნებისმიერი განსაცდელი, თუნდაც საშინელი, მარადიულობის ფონზე „ხანმოკლე და მსუბუქია“ (2კრ. 4:16—18). თუ გვემახსოვრება, რომ განსაცდელი დროებითია და არ დავკარგავთ ქრისტიანულ იმედს, მაშინ არც სასოწარკვეთილებას მივეცემით და არც იეჰოვა ღმერთს განვუდგებით.
ქრისტიანის შემთხვევაში მოთმინება მის სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული. უზენაესი ღმერთი თავისი სულითა და წმინდა წერილებით ანუგეშებს და აძლიერებს თავის მსახურებს. ის მოთმინების ძალას აძლევს თავის მოიმედეთ. ამიტომაც ქრისტიანები მართებულად სთხოვენ მას დახმარებასა და სიბრძნეს ამა თუ იმ განსაცდელთან გასამკლავებლად (რმ. 15:4, 5; იაკ. 1:5). იეჰოვა არასდროს დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის ატანასაც მისი მსახური ვერ შეძლებს. ვინც რწმენით ელის იეჰოვასგან შველას და ბოლომდე ენდობა მას, ყოვლისშემძლე ღმერთი გამოსავალს მისცემს, რომ მოითმინოს (1კრ. 10:13; 2კრ. 4:9).
განსაცდელების დროს ქრისტიანს შეუძლია ღვთისგან განუზომლად მიიღოს ძალა. მოციქული პავლე კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში ხსნის, რატომ ლოცულობდა მათთვის: „[რათა] გაძლიერდეთ მთელი ძალით მისი [ღვთის] დიდებული ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინოთ და სულგრძელნი იყოთ სიხარულით“ (კლ. 1:11). ღვთის დიდებული ძლევამოსილება განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როცა ღმერთმა იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგინა და თავის მარჯვნივ დასვა (ეფ. 1:19—21).
იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს უნდათ, ყველამ ბოლომდე შეძლოს მოთმენა. ეს კარგად ჩანს იესო ქრისტეს გამამხნევებელი სიტყვებიდან, რომლებითაც ეფესოს, სმირნის, პერგამონის, თიატირის, სარდისის, ფილადელფიისა და ლაოდიკეის კრებებს მიმართა (გმც. 2:1—3, 8—10, 12, 13, 18, 19; 3:4, 5, 7, 10, 11, 14, 19—21).
სწორი შეხედულება. ქრისტიანმა იცის, რომ მისი მარადიული მომავალი მოთმინებაზეა დამოკიდებული და მას შეუძლია ღვთის დახმარების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის არ უნდა შეუშინდეს განსაცდელებსა და გასაჭირს, განსაცდელის დროს არ უნდა იწუწუნოს, საკუთარი თავის სიბრალულმა არ უნდა შთანთქას და ღმერთს არ უნდა დაემდუროს. მოციქული პავლე გვირჩევს: „გასაჭირშიც ვიხაროთ, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს“ (რმ. 5:3). თუ ვინმე ღვთის შემწეობით მოთმინებითა და მტკიცედ იტანს განსაცდელს, ცხადი ხდება, რომ მას აქვს მოთმინების ძვირფასი უნარი, რაც არ გამოვლინდებოდა, რომ არა განსაცდელი.
ქრისტიანმა მოთმინებას უნდა დაასრულებინოს თავისი საქმე ანუ ბიბლიური პრინციპების დარღვევის ხარჯზე არ უნდა შეეცადოს განსაცდელისგან თავის დაძვრენას. ამგვარად გამოიცდება და განმტკიცდება რწმენა და გამოჩნდება მისი ძალა. ქრისტიანი ამ შემთხვევაში თავისი სისუსტეების დანახვასა და მათ გამოსწორებას შეძლებს. ერთგულად გადატანილი განსაცდელების შედეგად ის შეიძლება სხვების მიმართ უფრო მომთმენი, თანამგრძნობი, კეთილი და მოსიყვარულე გახდეს. თუ მოთმინებას დაასრულებინებს თავის საქმეს, მას არაფერი დააკლდება, რაც იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჭირდება (იაკ. 1:2—4).