ყველაზე სამარცხვინო სასამართლო პროცესი
ისტორიას არ ახსოვს ასეთი გახმაურებული სასამართლო პროცესი. ბიბლიაში ოთხივე სახარება დეტალურად აღწერს იესო ქრისტეს დაპატიმრებას, გასამართლებასა და სიკვდილით დასჯას. რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ სასამართლო პროცესით? იმიტომ, რომ იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, გაეხსენებინათ მისი სიკვდილის დღე, ეს კი მეტ მნიშვნელობას სძენს იმ სასამართლო პროცესს, რომელიც მის სიკვდილს უძღოდა წინ; კიდევ იმიტომ, რომ ვიცოდეთ სამართლიანი იყო თუ არა იესოსთვის წაყენებული ბრალდებები; და იმიტომაც, რომ იესოს მიერ ნებაყოფლობით გაღებულ მსხვერპლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის (ლუკა 22:19; იოანე 6:40).
იესოს დროს პალესტინას რომი მართავდა. რომაელები ადგილობრივ რელიგიურ წინამძღოლებს უფლებას აძლევდნენ თავიანთი კანონით გაესამართლებინათ იუდეველები, მაგრამ, როგორც ჩანს, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის უფლებას თავისთვის იტოვებდნენ. აქედან გამომდინარე, იესო იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა დააპატიმრეს, სიკვდილით კი რომაელებმა დასაჯეს. იესოს ქადაგებამ იმდენად გააღიზიანა რელიგიური წინამძღოლები, რომ მისი მოკვლა გადაწყვიტეს, თუმცა ამის გაკეთება ისე სურდათ, რომ მკვლელობისთვის კანონიერი სახე მიეცათ. იმის გამოკვლევის შემდეგ, თუ როგორ მიაღწია სინედრიონმა ამ მიზანს, ერთმა სამართალმცოდნემ ამ საქმეს „იურისპრუდენციის ისტორიაში ყველაზე შავბნელი დანაშაული“ უწოდა.a
მთელი რიგი დარღვევები
კანონს, რომელიც ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა, „იურისპრუდენციაში ყველაზე აღმატებული და დახვეწილი კანონთა კრებული“ ეწოდა. მაგრამ იესოს დროს კანონის წვრილმანებში დაცვას გამოდევნებულმა რაბინებმა მოსეს კანონს არაერთი არაბიბლიური კანონი დაუმატეს, რომელთაგანაც ბევრი მოგვიანებით თალმუდის ნაწილი გახდა (იხილეთ ჩარჩო „იუდაური კანონები პირველ საუკუნეში“, გვერდი 20). როგორ წარიმართა იესოს სასამართლო ბიბლიური და არაბიბლიური კანონების საფუძველზე?
ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე წარადგინეს იესო სასამართლოს წინაშე? დაპატიმრება კანონიერი რომ ყოფილიყო, წესით ეს ასე უნდა მომხდარიყო. პირველ საუკუნეში პალესტინაში მცხოვრებ იუდეველს, რომელიც ხედავდა, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვია, შეეძლო სასამართლოში ეჩივლა. სასამართლო ბრალმდებლის როლში კი არ უნდა გამოსულიყო, არამედ უნდა გამოეკვლია ეჭვმიტანილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. ბრალდების წაყენება მხოლოდ მოწმეებს შეეძლოთ. საქმის განხილვა მას შემდეგ იწყებოდა, რაც სულ მცირე ორი მოწმე ერთსა და იმავე ჩვენებას მისცემდა. მათი მოწმობით ეჭვმიტანილს დამნაშავედ სცნობდნენ, რის შემდეგაც აპატიმრებდნენ. ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არ იყო (კანონი 19:15). მაგრამ იესოს შემთხვევაში იუდეველმა წარჩინებულებმა მის თავიდან მოსაშორებლად „ხელსაყრელი შემთხვევის“ ძებნა დაიწყეს და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, ის დააპატიმრეს. ეს მოხდა ღამით, როცა „ახლომახლო ხალხი არ“ იყო (ლუკა 22:2, 5, 6, 53).
იესო კი ისე დააპატიმრეს, რომ ბრალდება არ წაუყენებიათ. მღვდლებმა და სინედრიონმა (იუდეველთა უზენაესი სასამართლო) მოწმეების ძიება მისი დაპატიმრების შემდეგ დაიწყეს (მათე 26:59). მათ ვერ იპოვეს ორი მოწმე, რომელთა ჩვენებები ერთმანეთს დაემთხვეოდა. სასამართლო ვალდებული არ იყო, რომ მოწმეები მოეძებნა. „ადამიანის გასამართლება, განსაკუთრებით კი სიკვდილით დასჯა, კონკრეტული ბრალდების გარეშე, კანონის უხეშ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს“, — აღნიშნავს იურისტი და მწერალი ტეილორ ინესი.
დაპატიმრების შემდეგ ბრბომ იესო ყოფილი მღვდელმთავრის, ანას, სახლში წაიყვანა, რომელმაც იესოს დაკითხვა დაუწყო (ლუკა 22:54; იოანე 18:12, 13). ანამ არაფრად ჩააგდო კანონი, რომლის თანახმადაც, სასამართლო პროცესი, რომელზეც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, დღისით უნდა გაესამართლებინათ და არა ღამით. უფრო მეტიც, ნებისმიერი საქმე ღია სასამართლო სხდომაზე უნდა განხილულიყო და არა დახურულ კარს მიღმა. იესომ იცოდა, რომ ანას მისი დაკითხვის უფლება არ ჰქონდა და უთხრა: „მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი. მათ იციან, რასაც ვამბობდი“ (იოანე 18:21). ანას მოწმეები უნდა დაეკითხა და არა ბრალდებული. იესოს შენიშვნა პატიოსან მოსამართლეს აღძრავდა, პროცესი კანონიერად წარემართა, მაგრამ ანას სამართალი არ ადარდებდა.
ამ სიტყვების გამო იესოს ერთმა მცველმა სილა გააწნა, თუმცა ეს ერთადერთი შეურაცხყოფა არ ყოფილა, რისი ატანაც იესოს იმ ღამით მოუწია (ლუკა 22:63; იოანე 18:22). ბიბლიის წიგნ „რიცხვების“ 35-ე თავში ჩაწერილ კანონში თავშესაფარ ქალაქებთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ დამნაშავეს სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდებოდა, თავდაცვის მიზნით შეეძლო ამ ქალაქებისთვის შეეფარებინა თავი. იესოსთვის უნდა მიეცათ თავდაცვის ამგვარი შესაძლებლობა.
იმავე ღამეს იესო წაიყვანეს მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც უკანონო სასამართლო პროცესი გაგრძელდა (ლუკა 22:54; იოანე 18:24). იქ კანონის სრული იგნორირებით მღვდლები „ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი“, მაგრამ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა (მათე 26:59; მარკოზი 14:56—59). ამიტომ მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, იესო სიტყვაში გამოეჭირა. „არაფერს უპასუხებ? — ჰკითხა მან იესოს. — გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მარკოზი 14:60). კაიაფას ქმედება უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. „ბრალდებულის დაკითხვა სიტყვაში გამოჭერის მიზნით, იურიდიული პროცედურის დარღვევა იყო“, — აღნიშნავს ინესი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი.
მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს იესოს სიტყვებს ჩასჭიდებოდნენ და ჰკითხეს: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“. იესომ უპასუხა: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“. მღვდლებმა ეს მკრეხელობად ჩათვალეს და „ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას“ (მარკოზი 14:61—64).b
მოსეს კანონის მიხედვით სასამართლო პროცესი საჯაროდ უნდა გამართულიყო (კანონი 16:18; რუთი 4:1). მაგრამ იესო საიდუმლოდ გაასამართლეს. არავის უცდია და არც ვინმესთვის მიუციათ იმის უფლება, რომ იესოს სასარგებლოდ რაიმე ეთქვა. არავის გამოუკვლევია, თუ რატომ თქვა იესომ მესია ვარო. მას არც იმის უფლება მისცეს, რომ მოწმეები გამოეძახა თავდასაცავად. არც ერთ მოსამართლეს აზრად არ მოსვლია, რომ ხმის მიცემით გადაეწყვიტათ, იყო თუ არა იესო დამნაშავე.
პილატეს წინაშე
იმის გამო, რომ იუდეველებს არ ჰქონდათ დამნაშავის სიკვდილით დასჯის უფლება, იესო რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს წარუდგინეს. პირველი, რაც პილატემ იკითხა, ეს იყო: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“. იუდეველებმა იცოდნენ, რომ მისთვის მკრეხელობა არაფერს ნიშნავდა; ისინი შეეცადნენ ისე გაეკეთებინათ, რომ პილატეს გამოძიების გარეშე დაედო იესოსთვის ბრალი. ამიტომ უთხრეს: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით“ (იოანე 18:29, 30). პილატე ამ არგუმენტმა არ დააკმაყოფილა და იუდეველებს სხვა ბრალდების წაყენება სთხოვა. მათ კი უთხრეს: „ეს კაცი ერს გვირყვნის, კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“ (ლუკა 23:2). ახლა უკვე იუდეველებმა ეშმაკობას მიმართეს და მკრეხელობის ნაცვლად იესოს ღალატში დასდეს ბრალი.
ბრალდება იმის შესახებ, რომ იესო გადასახადის გადახდას კრძალავდა, ცრუ იყო და ეს მისმა ბრალმდებლებმაც კარგად იცოდნენ, რადგან იესო ამის საპირისპიროს ასწავლიდა (მათე 22:15—22). რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ იესომ საკუთარ თავს მეფე უწოდა, პილატემ უსაფრთხოდ მიიჩნია, რადგან მალევე მიხვდა, რომ მის წინაშე მდგომი კაცი რომისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა. მან განაცხადა: „ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“ (იოანე 18:38). პილატეს სასამართლოს ბოლომდე აზრი არ შეუცვლია.
თავიდან პილატემ მისი გათავისუფლება ებრაელთა ჩვეულების საფუძველზე სცადა, რომლის თანახმადაც, პასექის დღესასწაულზე შეეძლოთ ერთი პატიმრის გათავისუფლება ეთხოვათ. მაგრამ პილატეს საბოლოოდ ბარაბა გაათავისუფლებინეს, რომელიც ამბოხებისა და მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს (ლუკა 23:18, 19; იოანე 18:39, 40).
შემდეგ რომაელი მმართველი შეეცადა იუდეველები კომპრომისზე წაეყვანა. მან ბრძანა იესო გაეშოლტათ, ძოწისფერი მოსასხამი მოესხათ, ეკლის გვირგვინი დაედგათ, ეცემათ და მასხრად აეგდოთ. პილატემ ამჯერადაც უდანაშაულოდ სცნო იესო. პილატემ თითქოს იკითხა: მღვდლებო, ნუთუ ეს საკმარისი არ არის თქვენთვის? თითქოს იმედოვნებდა, რომ რომაული წესით გაშოლტვა მათ შურისძიების წყურვილს დააცხრობდა ან მათში სიბრალულს გააღვიძებდა (ლუკა 23:22). მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.
«პილატე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა იგი. იუდეველები კი ყვიროდნენ: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“» (იოანე 19:12). იმ დროს კეისარი ტიბერიუსი იყო, რომელიც სიკვდილით სჯიდა ყველას, ვის ერთგულებაშიც ეჭვი შეეპარებოდა, თუნდაც ის მაღალჩინოსანი ყოფილიყო. პილატემ ადრე უკვე გააღიზიანა იუდეველები, ამიტომ არ უნდოდა, რისკზე წასულიყო და ორგულობაში დაედანაშაულებინათ. ის მიხვდა, რომ ბრბო შანტაჟს უწყობდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. იგი გავლენის ქვეშ მოექცა და უდანაშაულო კაცი ძელზე გააკვრევინა (იოანე 19:16).
რას ადასტურებს ფაქტები
მრავალმა კომენტატორმა გაუკეთა შეფასება იესოს სასამართლო პროცესს, რომელიც სახარებებშია ჩაწერილი. როგორც ისინი ამბობენ, ეს მხოლოდ სამართლიანობის პაროდია იყო და მეტი არაფერი. „ეს სასამართლო პროცესი, რომელიც შუაღამისას დაიწყო და დილამდე გაგრძელდა, იყო არა მარტო ებრაელთა კანონის, არამედ სამართლიანობის პრინციპების დარღვევაც“, — ამბობს ერთი იურისტი. «მთელი სასამართლო პროცესი იმდენად უკანონოდ და არასწორად წარიმართა, რომ თამამად შეგვიძლია მას „სასამართლო მკვლელობა“ ვუწოდოთ», — განაცხადა ერთმა სამართალმცოდნემ.
იესო უდანაშაულო იყო. მაგრამ მან იცოდა, რომ მორჩილი ადამიანების გადასარჩენად აუცილებლად უნდა მომკვდარიყო (მათე 20:28). მას იმდენად უყვარდა სამართალი, რომ დასთანხმდა, ყველაზე დიდი უსამართლობის მსხვერპლი გამხდარიყო. ეს ჩვენნაირი ცოდვილი ადამიანებისთვის გააკეთა, რაც არასოდეს უნდა დავივიწყოთ.
[სქოლიოები]
a სამარცხვინოა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები სახარებების იმ მონაკვეთებს, რომლებიც იესოს სიკვდილს აღწერს, იმისათვის იყენებენ, რომ ხალხს ებრაელების მიმართ სიძულვილი გაუღვივონ. სინამდვილეში, სახარებების დამწერებს, რომლებიც თავადაც ებრაელები იყვნენ, მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლიათ.
b მკრეხელობად ითვლებოდა ღვთის სახელის უპატივცემულოდ მოხსენიება ან იმ ძალაუფლების მისაკუთრება, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. იესოს ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
იუდაური კანონები პირველ საუკუნეში
იუდეველთა ზეპირ გადმოცემებს წერილობითი სახე ახ. წ. ადრეულ საუკუნეებში მიეცა, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ კანონებს შორისაა:
▪ სასამართლო პროცესზე, როცა ბრალდებულისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანათ, უპირველესად, მის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები უნდა მოესმინათ.
▪ მოსამართლეებს ყველანაირად უნდა ეცადათ, ბრალდებულისთვის თავიდან აერიდებინათ სასიკვდილო განაჩენი.
▪ მოსამართლეებს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არ უნდა ელაპარაკათ; მათ მხოლოდ მისი დაცვა შეეძლოთ.
▪ მოწმეებს აფრთხილებდნენ, რამდენად საპასუხისმგებლო იყო მათი ჩვენება.
▪ მოწმეები ცალ-ცალკე იკითხებოდნენ, რათა ერთმანეთის ჩვენებები არ მოესმინათ.
▪ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა ისეთ მნიშვნელოვან დეტალებში, როგორიცაა თარიღი, ადგილი, დანაშაულის ჩადენის დრო და ასე შემდეგ.
▪ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მხოლოდ დღისით უნდა გამართულიყო.
▪ ასეთი პროცესები არ უნდა გამართულიყო შაბათის ან დიდი შაბათის წინა დღეს.
▪ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო დღისით და დასრულებულიყო იმავე დღეს, თუ სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას; ხოლო თუ განაჩენი სასიკვდილო იყო, ვერდიქტი მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ და განაჩენიც იმავე დღეს მოეყვანათ სისრულეში.
▪ სასამართლოს, რომელზეც ბრალდებულის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, 23 მოსამართლე უნდა დასწრებოდა.
▪ მსაჯულები ბრალდებულის დასაცავად ან საწინააღმდეგოდ ხმას რიგ-რიგობით აძლევდნენ. ხმის მიცემას ყველაზე უმცროსი იწყებდა. მდივნები იწერდნენ, როგორც ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, ისე მის დასაცავად მიცემულ ჩვენებებს.
▪ ხმათა რაოდენობა ერთით მეტიც რომ ყოფილიყო, საკმარისი იყო ბრალდებულის გასამართლებლად, ხოლო განსასჯელად აუცილებელი იყო ორით მეტი ხმა. თუ ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მხოლოდ ერთით მეტი მსაჯული უჭერდა მხარს, კიდევ ორ მსაჯულს ამატებდნენ და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
▪ ვერდიქტი უკანონოდ ითვლებოდა, თუ ერთი მსაჯული მაინც არ იბრძოლებდა ბრალდებულის დასაცავად; ერთსულოვანი ვერდიქტი იმის მიმანიშნებელი იყო, რომ „შეთქმულებას ჰქონდა ადგილი“.
იესოს სასამართლო პროცესზე მომხდარი დარღვევები
▪ მოსამართლეებს არ მოუსმენიათ იესოს სასარგებლოდ მიცემული არც ერთი ჩვენება.
▪ არც ერთ მოსამართლეს არ დაუცვია იესო; ყველანი მისი მტრები იყვნენ.
▪ იესოს მოსაკლავად მღვდლები ცრუ მოწმეებს ეძებდნენ.
▪ საქმის მოსმენა გაიმართა ღამით, დახურულ კარს მიღმა.
▪ სასამართლო პროცესი დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე დღეს, დიდი შაბათის წინა დღეს.
▪ იესო ისე დააპატიმრეს, რომ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.
▪ იესოს სიტყვები, რომ მესია იყო, არც კი გამოუკვლევიათ, ისე ჩაუთვალეს მკრეხელობად.
▪ მას ბრალდება შეუცვალეს, როცა პილატეს წინაშე წარადგინეს.
▪ ყველა ბრალდება წმინდა წყლის სიცრუე იყო.
▪ პილატემ იესო უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ მაინც სიკვდილით დასაჯა.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
მოწმეების პასუხისმგებლობა
იუდეველთა სასამართლო პროცესებზე, სადაც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, ჩვენების მიცემამდე მოწმეებს შემდეგ გაფრთხილებას აძლევდნენ:
„შესაძლოა ჩვენების მიცემას თქვენი ვარაუდის ან გავრცელებული ჭორის საფუძველზე აპირებთ; ან შეიძლება თვითმხილველის მიერ ვინმესთვის ნათქვამი სიტყვების გამეორება გსურთ, ან ფიქრობთ: ეს სანდო ადამიანისგან მოვისმინე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ მოგვიწევს თქვენი დაკითხვა კანონით გათვალისწინებული წესებით. ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ კანონები, რომლებითაც ამ სასამართლო პროცესებზე ხელმძღვანელობენ, განსხვავდება იმ კანონებისგან, რომლებიც მიღებულია ისეთ სასამართლო პროცესებზე, სადაც საკუთრების საკითხი წყდება. პროცესზე, რომელზეც საკუთრების საკითხი წყდება, ბრალდებული იხდის ჯარიმას, რათა ზარალი აანაზღაუროს. მაგრამ, როცა საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მას [ცრუ ბრალდების მიმცემს] მთელი სიცოცხლე ბრალად დაედება მისი [ბრალდებულისა] და მისი არდაბადებული შთამომავლობის სისხლი“ (ბაბილონის თალმუდი, სინედრიონი, 37ა).
თუ ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, განაჩენის აღსრულებაში სასამართლოზე გამოსულ მოწმეებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა (ლევიანები 24:14; კანონი 17:6, 7).