თავი მეთვრამეტე
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
1. ა) რაზე ილოცა იესომ მოწაფეებისთვის თავის სიკვდილამდე? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, არ ვიყოთ „ქვეყნიერების ნაწილი“?
იესომ სიკვდილამდე ლოცვა წარმოთქვა თავისი მოწაფეებისთვის. მან იცოდა, რომ სატანა ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენდა მათზე, ამიტომაც მამას ასეთი სიტყვებით მიმართა: „იმას კი არ გთხოვ, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:15, 16, აქ). რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ქვეყნიერებისგან გამოყოფა? იმიტომ რომ ქვეყნიერების მმართველი სატანაა. ქრისტიანებს არ სურთ, გახდნენ ქვეყნიერების ნაწილი, რომელსაც ეშმაკი მართავს (ლუკა 4:5—8; იოანე 14:30; 1 იოანე 5:19, აქ).
2. რა გაგებით არ იყო იესო ქვეყნიერების ნაწილი?
2 თუმცა იესო არ იყო ქვეყნიერების ნაწილი, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარდა სხვები. პირიქით, ის კურნავდა ავადმყოფებს, აღადგენდა მიცვალებულებს და ადამიანებს ღვთის სამეფოს შესახებ აუწყებდა. იესომ სიცოცხლეც კი გასწირა კაცობრიობისთვის. მაგრამ მას არ უყვარდა იმ ადამიანების ურწმუნოების მაჩვენებელი თვალსაზრისი და საქციელი, რომლებიც სატანის წუთისოფლისთვის დამახასიათებელ სულს ავლენდნენ. სწორედ ამიტომ გაგვაფრთხილა იესომ, რომ არ გაგვჩენოდა უზნეო სურვილები და ჩვენი მიზანი გამდიდრება და საკუთარი თავის განდიდება არ გამხდარიყო (მათე 5:27, 28; 6:19—21; ლუკა 20:46, 47). გასაკვირი არც ის არის, რომ იესო პოლიტიკაში არ ერეოდა. თუმცა იუდეველი იყო, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა რომსა და იუდეველებს შორის არსებული პოლიტიკური კონფლიქტის დროს.
„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“
3. ა) რაში ადანაშაულებდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს პილატეს წინაშე და რატომ? ბ) რამ ცხადყო, რომ იესო არ იყო დაინტერესებული, მიწიერი მეფე გამხდარიყო?
3 განვიხილოთ, თუ რა მოხდა, როცა იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო დააპატიმრეს და რომაელ მმართველს, პონტოელ პილატეს, მიჰგვარეს. სინამდვილეში ისინი აღშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ იესომ სააშკარაოზე გამოიტანა მათი თვალთმაქცობა. რომაელ მმართველს ქრისტეს წინააღმდეგ ზომები რომ მიეღო, ამ რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო ასეთ რამეში დაადანაშაულეს: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს“ (ლუკა 23:2). ეს აშკარა ტყუილი იყო, რადგან ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე ხალხს იესოს გამეფება სურდა, მაგრამ მან უარი განაცხადა მეფობაზე (იოანე 6:15). იესომ იცოდა, რომ მომავალშიზეციერი მეფე უნდა გამხდარიყო (ლუკა 19:11, 12). აგრეთვე ის სამეფო ტახტზე ადამიანებს კი არ უნდა დაესვათ, არამედ თავად იეჰოვას.
4. რა თვალსაზრისი ჰქონდა იესოს გადასახადებზე?
4 იესოს დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე ფარისევლები ცდილობდნენ, გადასახადების თაობაზე მისთვის ისეთი რამე ეთქმევინებინათ, რაშიც ბრალს დასდებდნენ. მაგრამ იესომ უთხრა მათ: „მიჩვენეთ დინარი [რომაული მონეტა]: ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“. როდესაც უთხრეს კეისრისაო, პასუხად მიუგო: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (ლუკა 20:20—25).
5. ა) რა ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს დაპატიმრების დროს? ბ) როგორ ახსნა იესომ თავისი საქციელი? გ) რა განაჩენი გამოუტანეს იესოს?
5 იესო, რასაკვირველია, არ ასწავლიდა თავის მიმდევრებს, წინ აღდგომოდნენ ხელისუფლებას. როდესაც მის შესაპყრობად ჯარისკაცები და სხვა მამაკაცები მოვიდნენ, პეტრემ მახვილი იშიშვლა და ერთ-ერთ მათგანს ყური ჩამოათალა. მაგრამ იესომ უთხრა: „ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:51, 52). მომდევნო დღეს იესომ აუხსნა პილატეს, თუ რატომ იქცეოდა ასე: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი“ (იოანე 18:36, აქ). პილატემ აღიარა, რომ „ვერავითარი დანაშაული ვერ ჰპოვა“ იესოში, მაგრამ ის ბრბოს დაჟინებულ მოთხოვნას დაჰყვა და იესო ძელზე გააკვრევინა (ლუკა 23:13—15; იოანე 19:12—16).
მოწაფეები იესოს ხელმძღვანელობას მიჰყვებიან
6. როგორ ცხადყვეს პირველმა ქრისტიანებმა, რომ, თუმცა თავს იკავებდნენ ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულის გამოვლენისგან, უყვარდათ ადამიანები?
6 ამგვარად, იესოს მოწაფეებმა გაიგეს, თუ რა მოეთხოვებოდათ იმისათვის, რომ არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი. ეს ნიშნავდა, ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი უღვთო სულის გამოვლენისგან და ურწმუნოების მაჩვენებელი საქციელისგან — რომაელთა არენებსა და თეატრებში ნაჩვენები ძალადობისგან და უზნეო გართობისგან — თავის არიდებას. იმის გამო, რომ იესოს მოწაფეები არ მონაწილეობდნენ ასეთ გართობაში, კაცობრიობის მოძულენი უწოდეს. მაგრამ სინამდვილეში იესოს მოწაფეებს სულაც არ სძულდათ ხალხი, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მათ დასახმარებლად, რათა ღმერთს ეს ადამიანებიც გადაერჩინა.
7. ა) როგორ ეპყრობოდნენ პირველ მოწაფეებს იმის გამო, რომ არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი? ბ) როგორი თვალსაზრისი ჰქონდათ მათ პოლიტიკურ მმართველებსა და გადასახადებზე და რატომ?
7 როგორც იესოს, ისე მის მიმდევრებს ხშირად არასწორად ინფორმირებული სახელმწიფო მოხელეები დევნიდნენ. მიუხედავად ამისა, დაახლოებით ახ. წ. 56 წელს პავლე მოციქულმა რომში მყოფ ქრისტიანებს წერილი მისწერა, რომელშიც მოუწოდებდა, რომ ‘დამორჩილებოდნენ უმაღლეს ხელმწიფებას [პოლიტიკურ მმართველებს], ვინაიდან არ არსებობდა ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან’. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვამ დააფუძნა ქვეყნიური მთავრობები, მაგრამ ის უშვებს მათ არსებობს, სანამ მისი სამეფო არ იმმართველებს მთელ დედამიწაზე. ამის შესაბამისად, პავლემ ურჩია ქრისტიანებს, რომ პატივისცემა გამოევლინათ ხელისუფლებისადმი და გადაეხადათ გადასახადები (რომაელთა 13:1—7; ტიტე 3:1, 2).
8. ა) რამდენად მართებთ ქრისტიანებს უმაღლესი ხელისუფლებებისადმი მორჩილება? ბ) როგორ ჰბაძავდნენ პირველი ქრისტიანები იესოს?
8 მაგრამ პოლიტიკური მმართველებისადმი მორჩილება უნდა იყოს პირობითი და არა აბსოლუტური. როდესაც ადამიანის დადგენილი კანონები ეწინააღმდეგება იეჰოვას კანონებს, ღვთის მსახურებმა იეჰოვას კანონები უნდა დაიცვან. ყურადღება მიაქციე, რა წერია პირველ ქრისტიანებზე წიგნში „გზა ცივილიზაციისკენ — მსოფლიო ისტორია“: „ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომაელი მოქალაქეების გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე. ისინი... თავიანთი რწმენის შებღალვად მიიჩნევდნენ სამხედრო სამსახურში მონაწილეობას. ქრისტიანები უარს აცხადებდნენ პოლიტიკური თანამდებობების დაკავებაზე და არ ეთაყვანებოდნენ იმპერატორს“. როდესაც იუდეველთა უმაღლესმა სასამართლომ ‘სასტიკად აუკრძალა’ მოწაფეებს ქადაგება, მათ პასუხად მიუგეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:27—29).
9. ა) როგორ მოიქცნენ იერუსალიმელი ქრისტიანები ახ. წ. 66 წელს და რა იყო ამის მიზეზი? ბ) რა გაგებით არის მათი საქციელი სამაგალითო?
9 პოლიტიკური თუ სამხედრო კონფლიქტების დროს მოწაფეები მტკიცედ იკავებდნენ ნეიტრალურ პოზიციას. ახ. წ. 66 წელს იუდეაში მცხოვრები ებრაელები კეისარს აუჯანყდნენ. რომაელთა ჯარმა დაუყოვნებლივ მოაქცია ალყაში იერუსალიმი. როგორ მოიქცნენ იმ დროს ქალაქში მყოფი ქრისტიანები? მათ ახსოვდათ ქრისტეს რჩევა, რომ ქალაქიდან გასულიყვნენ. როდესაც რომაელებმა დროებით მოხსნეს ალყა, ქრისტიანები მდინარე იორდანეს გაღმა, პელას მთიან რეგიონში გაიქცნენ (ლუკა 21:20—24). თავიანთი ნეიტრალური პოზიციით მათ მაგალითი დაუტოვეს მოგვიანებით მცხოვრებ ერთგულ ქრისტიანებს.
ქრისტიანული ნეიტრალიტეტი ამ უკანასკნელ დღეებში
10. ა) რა დავალებას ასრულებენ იეჰოვას მოწმეები და რატომ? ბ) რა საკითხში იკავებენ ისინი ნეიტრალურ პოზიციას?
10 რას გვიჩვენებს თანამედროვე ისტორია, არსებობს თუ არა ამ უკანასკნელ დღეებში რომელიმე ჯგუფი, რომელიც პირველი ქრისტიანების მსგავსად მტკიცედ იცავს ნეიტრალიტეტს? დიახ, ზუსტად ამგვარად იქცევიან იეჰოვას მოწმეები. მთელი ამ დროის მანძილზე ისინი ქადაგებენ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს საშუალებით ექნებათ სიმართლის მოყვარულებს ხანგრძლივი მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება (მათე 24:14). მაგრამ ერებს შორის მიმდინარე გაუთავებელი კონფლიქტების დროს დღევანდელი ქრისტიანები მტკიცედ იკავებენ ნეიტრალურ პოზიციას.
11. ა) რამდენად განსხვავდება მოწმეების ნეიტრალური პოზიცია სამღვდელოების საქმიანობისგან? ბ) როგორ უყურებენ მოწმეები სხვების მონაწილეობას პოლიტიკურ საქმეებში?
11 ამისგან სრულიად საპირისპიროდ, მსოფლიო რელიგიების წარმომადგენელი სასულიერო პირები აშკარად ერევიან პოლიტიკაში. ზოგ ქვეყანაში ისინი აქტიურად იბრძვიან პოლიტიკური მოღვაწეების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ. ზოგ მღვდელს გარკვეული პოლიტიკური თანამდებობაც კი უკავია. სხვები ზეწოლას ახდენენ პოლიტიკოსებზე, რათა მხარი დაუჭირონ სამღვდელოების მიერ მოწონებულ პროგრამებს. მაგრამ იეჰოვას მოწმეები არანაირ მონაწილეობას არ ღებულობენ პოლიტიკაში; თუმცა არც სხვებს უშლიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში შესვლას, თანამდებობისკენ სწრაფვას ან არჩევნებში მონაწილეობას. იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები არ იქნებოდნენ ქვეყნიერების ნაწილი, ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში.
12. რა ხდება იმის გამო, რომ მსოფლიო რელიგიები არ იცავენ ნეიტრალიტეტს?
12 როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ერებს შორის გამუდმებით მიმდინარეობს ომები. ერთი და იმავე ერშიც კი ოპოზიციური დაჯგუფებები ერთმანეთს ეომებიან (მათე 24:3, 6, 7). კონფლიქტური სიტუაციის დროს რელიგიური წინამძღოლები თითქმის ყოველთვის ემხრობიან ერთ რომელიმე ერს ან დაჯგუფებას და თავის მრევლსაც ამისკენ მოუწოდებენ. რა შედეგი მოჰყვება ამას? ერთი და იმავე რელიგიის წევრები ომის დროს ერთმანეთს განსხვავებული ეროვნებისა და წარმოშობის გამო ხოცავენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის ნებას (1 იოანე 3:10—12; 4:8, 20).
13. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს ნეიტრალური პოზიცია უკავიათ?
13 მაგრამ იეჰოვას მოწმეები ნებისმიერი კონფლიქტის დროს მტკიცედ იკავებენ ნეიტრალურ პოზიციას. 1939 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) აღნიშნული იყო: „ყველა ის ადამიანი, ვინც უფლის მხარესაა, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს ერებს შორის მიმდინარე ომის დროს“. იეჰოვას მოწმეები, რომელი ერის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ და რა სიტუაციაშიც უნდა იმყოფებოდნენ, ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. ისინი არ უშვებენ, რომ განხეთქილების ხელშემწყობმა პოლიტიკურმა სისტემამ და ომებმა ძირი გამოუთხაროს მათ საერთაშორისო საძმოს. ისინი ‘მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს’; ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებით ისინი მეტად აღარ სწავლობენ ომს (ესაია 2:3, 4; 2 კორინთელთა 10:3, 4).
14. რას განიცდიან იეჰოვას მოწმეები იმის გამო, რომ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი რჩებიან?
14 რა ხდება მოწმეების მიერ ნეიტრალური პოზიციის დაკავების შედეგად? იესომ თქვა: „რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ... სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19, აქ). იეჰოვას ბევრი მოწმე იმიტომ დააპატიმრეს, რომ ღვთის მსახურები იყვნენ. ზოგი მათგანი აწამეს და მოკლეს კიდეც, როგორც ეს პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაში ხდებოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სატანა, „ამ წუთისოფლის ღმერთი“, ეწინააღმდეგება იეჰოვას მსახურებს, რომლებიც არ არიან ქვეყნიერების ნაწილი (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 12:12).
15. ა) რა ელით ერებს და რას ერიდებიან დიდი სიფრთხილით იეჰოვას მოწმეები? ბ) რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნიერებისგან გამოყოფა?
15 რადგან ყველა ერის არმაგედონში განადგურება ახლოვდება, იეჰოვას მსახურები ბედნიერნი არიან, რომ არ არიან ქვეყნიერების ნაწილი (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14, 16; 19:11—21). რადგან ამ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი ვართ, არ დავიღუპებით. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანებული ხალხი, ღვთის ზეციერი სამეფოს ერთგული ვრჩებით. მართალია იმის გამო, რომ არ ვართ ქვეყნიერების ნაწილი, დაგვცინიან და გვდევნიან, ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება, რადგან სატანის ძალაუფლებაში მყოფი დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება სამუდამოდ განადგურდება. სამაგიეროდ, იეჰოვას მსახურები მარადიულად იცხოვრებენ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, რომლის მმართველიც ღვთის სამეფო იქნება (2 პეტრე 3:10—13; 1 იოანე 2:15—17).
გამეორება
• როგორ აჩვენა იესომ, თუ რას ნიშნავს, არ იყო „ქვეყნიერების ნაწილი“?
• რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს: ა) ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სულზე? ბ) ქვეყნიურ მმართველებზე? გ) გადასახადებზე?
• როგორ დაამტკიცეს თანამედროვე დროში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა, რომ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს იცავენ?
[სურათი 165 გვერდზე]
იესომ განმარტა, რომ ის და მისი მიმდევრები არ იყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“.