თავი 130
სასიკვდილოდ გადაცემული
მათე 27:31, 32; მარკოზი 15:20, 21; ლუკა 23:24—31; იოანე 19:6—17
პილატე იესოს გათავისუფლებას ცდილობს
მსჯავრდადებულ იესოს სასიკვდილოდ გადასცემენ
პარასკევი დილაა, 14 ნისანი. პილატე ყველანაირად ცდილობს იესოს გათავისუფლებას. იმ იმედით, რომ უფროს მღვდლებსა და მის თანამოაზრეებს იესოს გათავისუფლებაზე დაითანხმებდა, მან ისიც კი დაუშვა, რომ ეს კაცი საშინლად ეწამებინათ და მასხრად აეგდოთ. მაგრამ იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილი მღვდლები და ხალხი არაფერზე იხევენ უკან, ოღონდ კი განახორციელონ თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრი. ისინი კვლავ გაჰყვირიან: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“. პილატე ეუბნება მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“ (იოანე 19:6).
იუდეველები ვერ არწმუნებენ პილატეს იმაში, რომ იესოს რომის იმპერიის წინააღმდეგ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ამიტომ, როცა პოლიტიკური სარჩულით ვერ ახერხებენ საბრალდებო დასკვნის მიღებას, კვლავ რელიგიურ სარჩულს უდებენ ამ საქმეს. ისინი იესოს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ იმაში, რაშიც სინედრიონის წინაშე დაადანაშაულეს და აცხადებენ, რომ იგი ღვთის მგმობელია: „ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“ (იოანე 19:7). ამ ბრალდების შესახებ პილატეს პირველად ესმის.
იგი ისევ სასახლეში შედის და ცდილობს, სხვა გზა იპოვოს იმ კაცის გასათავისუფლებლად, რომელმაც ასე ღირსეულად აიტანა ამდენი რამ და რომლის შესახებაც თავად მისმა ცოლმა იხილა სიზმარი (მათე 27:19). პილატეს, უეჭველად, საგონებელში აგდებს ის, რომ ახალი ბრალდების თანახმად, იესოს „ღვთის ძედ“ მოაქვს თავი. მან იცის, რომ იესო გალილეიდანაა (ლუკა 23:5—7). ამის მიუხედავად, ეკითხება: „საიდანა ხარ?“ (იოანე 19:9). საინტერესოა, იმის გაგება ხომ არ სურს პილატეს, უცხოვრია თუ არა იესოს უწინ და მართლა ზეციდან ხომ არ არის.
პილატემ ცოტა ხნის წინ უშუალოდ იესოსგან მოისმინა, რომ ის მეფეა, რომელმაც იქვე ისიც აღნიშნა, რომ მისი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. იესო არ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ პილატეს უფრო დაწვრილებით განუმარტოს ერთხელ ნათქვამი, ამიტომ დუმილს არჩევს, რაც ამ რომაელ მმართველს ღირსების გრძნობას ულახავს. იგი განაწყენებული ეუბნება იესოს: „მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“ (იოანე 19:10).
ამაზე იესო არაორაზროვნად პასუხობს: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზემოდან რომ არ გქონდეს ნება მოცემული. ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს“ (იოანე 19:11). როგორც ჩანს, იესო კონკრეტულ ადამიანს არ გულისხმობს. სინამდვილეში მას მხედველობაში ჰყავს კაიაფა, მისი თანამზრახველები და იუდა ისკარიოტელი, რომელთაც ბევრად უფრო დიდი ბრალი მიუძღვით, ვიდრე პილატეს.
ამ რომაელ მმართველზე იესოს სიტყვები და საქციელი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ამასთან, იმის გააზრება, რომ ეს კაცი შეიძლება მართლა ღვთისგან იყოს, საკმაოდ აშინებს; ამიტომ კვლავ ცდილობს, რამენაირად გაათავისუფლოს იგი. მაგრამ იუდეველები ახლა პილატეს ისეთ რამეს ეუბნებიან, რაც მას, უეჭველად, სულ სხვა რამის შიშს უნერგავს: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“ (იოანე 19:12).
პილატეს კვლავ გამოჰყავს იესო ხალხის წინაშე, ის სასამართლო ტახტზე ჯდება და ამბობს: „აი თქვენი მეფე!“. მაგრამ იუდეველებზე არც ეს ჭრის. ისინი გაჰყვირიან: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“. პილატე ეკითხება: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“. იუდეველები უკვე დიდი ხანია რომაელთა უღელქვეშ იტანჯებიან, მაგრამ უფროსი მღვდლები მაინც უტიფრად ამბობენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (იოანე 19:14, 15).
ამის შემდეგ იუდეველების მუქარით დაშინებული პილატე იესოს მოსაკლავად გადასცემს. ჯარისკაცები მას ძოწისფერ მოსასხამს ხდიან და კვლავ თავის ტანსაცმელს აცმევენ. სასიკვდილოდ განწირულმა იესომ თავად უნდა ატაროს თავისი წამების ბოძი.
შუადღე ჯერ არ დამდგარა. აგერ უკვე რა ხანია, იესოს თვალი არ მოუხუჭავს, თანაც გუშინდელი დილიდან მოყოლებული რა აღარ გამოიარა. ახლა იგი მძიმე ბოძს მიათრევს, მას უკანასკნელი ძალები ეცლება. ამიტომ გზად ჯარისკაცები ერთი აფრიკული წარმოშობის კაცს, სიმონ კირენელს აიძულებენ, ბოძი იმ ადგილამდე მიიტანოს, სადაც იესო უნდა აწამონ. მათ უამრავი ხალხი მიჰყვება, ზოგი მწუხარებისგან მკერდში მჯიღს იცემს და მოთქვამს იმის გამო, რაც მათ თვალწინ ხდება.
იესო მოტირალ ქალებს ეუბნება: «იერუსალიმის ასულებო, ნუ ტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და თქვენს შვილებზე იტირეთ, რადგან მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი, საშვილოსნო, რომელსაც არ უშობია, და ძუძუ, რომელსაც არ უწოვებია!“ მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“ თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?» (ლუკა 23:28—31).
იესო ამ შემთხვევაში იუდეველ ერს გულისხმობს. ისინი ჰგვანან ხეს, რომელსაც ოდნავი სინედლე ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი იმის წყალობით, რომ იესო და ის იუდეველები, რომელთაც სწამთ მისი, მათ გვერდით არიან, თუმცა ეს ხე სადაცაა გახმება. როცა ამ ერს ეს ერთგულნიც გამოეყოფიან, მათგან მხოლოდ სულიერად გამოფიტული ხალხი დარჩება, რომლებიც გამხმარ ხეს დაემსგავსებიან. ეს ერი მოთქმას მოჰყვება, როცა რომაელთა ჯარი ღვთის განაჩენს აღასრულებს მათზე.