ემანუელი
[ჩვენთან არის ღმერთი]
სახელი, რომელიც პირველად წინასწარმეტყველმა ესაიამ მოიხსენია (7:14; 8:8) მეფე ახაზის მეფობის დროს (ძვ. წ. 761—746). „ემანუელი“ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გვხვდება მათეს 1:23-ში ტიტულის სახით ქრისტესთან, მესიასთან.
იქიდან გამომდინარე, რა გარემოში წარმოთქვა ესაიამ წინასწარმეტყველება ემანუელზე, ბიბლეისტების ვარაუდით ემანუელი ესაიას თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მათთან იყო. ძვ. წ. მე-8 ს.-ში ისრაელისა და სირიის მეფეებმა, ფეკახმა და რეცინმა განიზრახეს იუდას მეფე ახაზის ჩამოგდება და მის ადგილას ტაბეელის ძის გამეფება (ეს. 7:1—6). მაგრამ იეჰოვას ახსოვდა ახაზის წინაპართან, დავითთან, დადებული შეთანხმება სამეფოსთვის და ამიტომ ახაზს თავისი წინასწარმეტყველი მიუგზავნა მანუგეშებელი ცნობის საუწყებლად:
„მისმინე, დავითის სახლო ... იეჰოვა მოგცემთ ნიშანს: აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევს მას ემანუელს. კარაქსა და თაფლს შეჭამს, სანამ არ გაიგებს, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი. სანამ ყმაწვილი არ ისწავლის, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი, მიტოვებული იქნება იმ ორი მეფის მიწა, რომელთა გამოც თავზარდაცემული ხარ“ (ეს. 7:13—16).
ღმერთმა ესაიას მეორე ვაჟის, მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზის დაბადება გაუცხადა და შემდეგ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ აიცილებდა იუდა საფრთხეს. ასურელები ნიაღვარივით წალეკავდნენ სირიასა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს და არ გაჩერდებოდნენ, სანამ იუდას მიწაზე არ გადავიდოდნენ. წინასწარმეტყველი ამბობს: „მთელ სიგანეზე დაფარავს შენს ქვეყანას, ემანუელ!“. ამის მერე ესაია პოეტური ენით აფრთხილებს იეჰოვას ყველა მტერს, რომ თუ სარტყელს შემოირტყამდნენ საომრად, გეგმას დასახავდნენ და იეჰოვას წინააღმდეგ სიტყვას იტყოდნენ, არ შესრულდებოდა, რადგან მათთან იყო ღმერთი [ემანუელი] (ეს. 8:5—10).
ზოგის აზრით „ემანუელი“ ესაიას მესამე ვაჟი იყო, სავარაუდოდ, მისი მეორე ცოლის, ებრაელი ქალწულისგან გაჩენილი. ზოგიერთი ებრაელი ბიბლეისტი ცდილობდა, ეს წინასწარმეტყველება ახაზის ვაჟის ხიზკიას დაბადებასთან დაეკავშირებინა. მაგრამ ეს ვერსია გამორიცხულია, რადგან წინასწარმეტყველება ახაზის მეფობის დროს წარმოითქვა (ეს. 7:1), როცა ხიზკია დაახლოებით ცხრა წლის იყო (2მფ. 16:2; 18:1, 2).
კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად „ემანუელი“ უნდა ყოფილიყო მე-8 თავში მოხსენიებული ესაიას მეორე ვაჟი, მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი, რომლის შესახებაც წერია: «სანამ ბავშვი იტყვის: „მამა!“ და „დედა!“ დამასკოს სიმდიდრესა და ნადავლს სამარიიდან ასურეთის მეფის თანდასწრებით წაიღებენ» (ეს. 8:1—4). რასაკვირველია, ეს წინასწარმეტყველება ჰგავს ემანუელის შესახებ ნათქვამს: „სანამ ყმაწვილი არ ისწავლის, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი, მიტოვებული იქნება იმ ორი მეფის [დამასკოსა და სამარიის] მიწა, რომელთა გამოც თავზარდაცემული ხარ“ (ეს. 7:16). გარდა ამისა, წინასწარმეტყველება ესაიას მეორე ვაჟის დაბადებაზე და წინასწარმეტყველება ემანუელზე იმ მხრივ არის ერთმანეთთან კავშირში, რომ „ემანუელი“ უნდა ყოფილიყო „ნიშანი“, ისევე როგორც ესაია და მისი შვილები: „აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა, ნიშნებად“ (ეს. 7:14; 8:18).
ესაიას მეორე ვაჟის ემანუელთან გაიგივების ძირითადი გამაბათილებელი არგუმენტი ისაა, რომ ესაიას ცოლს წინასწარმეტყველი ეწოდება და არა ქალწული. ის ვერ იქნებოდა ქალწული, რადგან მას ესაიასგან უკვე ჰყავდა პირმშო შეარ-იაშუბი (ეს. 7:3; 8:3). აღსანიშნავია ისიც, რომ აქ ქალწულად ნათარგმნია ებრაული სიტყვა ʽალმაჰ, რაც ზოგადად ახალგაზრდა ქალის, გასათხოვრის თუ ახალგათხოვილის მიმართ იხმარება, და არა ებრაული სიტყვა ბეთულაჰ, რაც კონკრეტულად ქალწულს აღნიშნავს. საზოგადო არსებითი სახელი ʽალმაჰ ბიბლიაში კიდევ ექვს ადგილას გვხვდება, ამათგან მხოლოდ ერთხელ გამოიყენება ქალწულის მნიშვნელობით (დბ. 24:43 [შდრ. მუხლ. 16]; გმ. 2:8; ფს. 68:25; იგ. 30:19; ქბ. 1:3; 6:8).
წინასწარმეტყველება ემანუელზე სრულად და ამომწურავად შესრულდა უფალ იესო ქრისტეზე. რაც შეეხება, წინასწარმეტყველებაში გამოყენებულ ებრაულ სიტყვა ʽალმაჰს, იგი მიესადაგება როგორც ახაზის ან ესაიას ცოლს (იმ შემთხვევაში, თუ ეს წინასწარმეტყველება მათაც ეხებოდა), ისე დანიშნულ ქალწულ მარიამს. ის, რომ მარიამი ქალწული იყო, როცა წმინდა სულისგან დაორსულდა, უდავოა, და ამ ისტორიულ ფაქტს მათეც და ლუკაც ადასტურებენ (მთ. 1:18—25; ლკ. 1:30—35). მათე წერდა: „ყოველივე ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი“. ეს იყო ის ნიშანი, რითაც ამოიცნობდნენ დიდი ხნის ნანატრ მესიას. ამის გათვალისწინებით მათე თავის სახარებაში ესაიას 7:14-დან ციტირებს და ʽალმაჰს ბერძნული სიტყვა პართენოსით (ქალწული) თარგმნის: „დაორსულდება ქალწული [პართენოს], ვაჟს გააჩენს და დაარქმევენ მას ემანუელს“ (მთ. 1:22, 23). ამ შემთხვევაში მათეს ზედმეტი თავისუფლება არ მიუცია საკუთარი თავისთვის და არც ესაიას ნათქვამი დაუმახინჯებია. ერთი საუკუნით ადრე ბერძნული სეპტუაგინტის მთარგმნელებმაც ესაიას 7:14-ის თარგმნისას სიტყვა პართენოსი გამოიყენეს.
იესო ქრისტეს ემანუელთან გაიგივება იმას არ ნიშნავს, რომ ის ღმერთის განსახიერება, ხორცშესხმული ღმერთი იყო, რაზეც სამების დოგმატის მომხრეების აზრით ემანუელის მნიშვნელობა („ჩვენთან არის ღმერთი“) მეტყველებს. „ღმერთი“ და „იეჰოვა“ ბევრი ებრაული სახელის შემადგენლობაში შედიოდა. ემანუელი დღესაც ბევრს ჰქვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ღვთის განსახიერებაა.
შეიძლება შეუსაბამო ჩანდეს მარიამისთვის ნათქვამი ანგელოზის სიტყვები („იესო უნდა დაარქვა“) და ესაიას წინასწარმეტყველება („დაარქმევს მას ემანუელს)“, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მესიას სხვა სახელებიც ეწოდა (ლკ. 1:31; ეს. 7:14). მაგალითად, ესაიას 9:6-ში მესიაზე წერია: „დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი“. მიუხედავად ამისა, მარიამის პირმშოსთვის ამ სახელთაგან არც ერთი არ დაურქმევიათ არც ჩვილობაში და არც მაშინ, როცა მსახურებას შეუდგა. ეს იყო წინასწარმეტყველური სახელები და წოდებები, რომლითაც მესია ამოიცნობოდა. იესომ გაამართლა ყველა ეს წოდება. ისინი სწორედ იმისთვის მიეცა, რომ მომავალში ყველას, ვინც იესოს მესიად აღიარებდა, დაენახა მისი თვისებები და ის ყოველივე კარგი, რასაც მათთვის მოიმოქმედებდა. იმავეს თქმა შეიძლება ტიტულ ემანუელზეც. იესომ დაიმსახურა ეს წოდება და გაამართლა მისი მნიშვნელობა.
იეჰოვას თაყვანისმცემლებს ყოველთვის სწყუროდათ ღმერთთან სიახლოვე და მისი მხარდაჭერა. იეჰოვაც თავის მსახურებს ხშირად არწმუნებდა, რომ მათთან იყო, ზოგჯერ ხილული ნიშნითაც (დბ. 28:10—20; გმ. 3:12; იეს. 1:5, 9; 5:13—6:2; ფს. 46:5—7; იერ. 1:19). არ არის გამორიცხული, რომ იეჰოვამ ინება, ახაზის თანამედროვე ემანუელის ვინაობა გაურკვეველი დარჩენილიყო, რათა მომავალ თაობებს არ არეოდათ ის უფრო დიდ ემანუელში, რომელიც გამოჩნდებოდა, როგორც ნიშანი ზეციდან. ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, აღთქმული „შთამომავალი“ (დბ. 3:15) და დავითის კანონიერი მემკვიდრე. ეს იყო უდიდესი ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა არ მიატოვა კაცობრიობა და არ დაივიწყა შეთანხმება სამეფოსთვის. ამგვარად, სახელი და წოდება ემანუელი ზედმიწევნით შეეფერებოდა ქრისტეს, რადგან მისი მოვლინება ნამდვილი ნიშანი იყო ზეციდან. იეჰოვას ყველაზე დიდებული წარმომადგენელი, იესო, ხალხს შორის იყო, ამიტომ მათეს ღვთის შთაგონებით შეეძლო ეთქვა, რომ „ღმერთი ჩვენთანაა“.