ღმერთი და კეისარი
„მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (ლუკა 20:25).
1. ა) როგორი ამაღლებული პოზიცია უჭირავს იეჰოვას? ბ) რა აღვუთქვით იეჰოვას, რასაც არასოდეს არ მივცემთ კეისარს?
როდესაც იესომ ეს მითითება წარმოთქვა, ეჭვის არავითარი მარცვალი არ არსებობდა მის გონებაში, რომ ის, რასაც ღმერთი თავისი მსახურებისგან მოითხოვს, კეისრის, ანუ სახელმწიფოს მოთხოვნაზე უპირატესია. იესომ ყველაზე უკეთ იცოდა ფსალმუნმომღერლის მიერ იეჰოვას წინაშე წარმოთქმული ლოცვის ჭეშმარიტება: „შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა [მმართველობა]a თაობებში“ (ფსალმუნი 144:13). როდესაც ეშმაკმა მთელი მსოფლიოს სამეფოებზე ბატონობა შესთავაზა, იესომ უპასუხა: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’“ (ლუკა 4:5–8). თაყვანი არასოდეს უნდა ვცეთ „კეისარს“, არა აქვს მნიშვნელობა, რომის იმპერატორია, სხვა ნებისმიერი მიწიერი მმართველი, თუ სახელმწიფო.
2. ა) რა მდგომარეობა უკავია სატანას წუთისოფელში? ბ) ვისი ნებართვით დაიკავა სატანამ ეს მდგომარეობა?
2 იესო არ უარყოფდა, რომ მსოფლიოს სამეფოები სატანას ეკუთვნოდა. მოგვიანებით მან სატანას უწოდა „ამ წუთისოფლის მთავარი“ (იოანე 12:31; 16:11). ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის მიწურულს იოანე მოციქული წერდა: „ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“ (1 იოანე 5:19). ეს არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვამ უარი თქვა დედამიწის მმართველობაზე. გაიხსენე, რა უთხრა სატანამ იესოს, როდესაც შესთავაზა პოლიტიკური სამეფოების მმართველობა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას. . . ვინაიდან მე მაქვს მოცემული“ (ლუკა 4:6). მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე სატანა მხოლოდ ღვთის ნებართვით ავლენს ძალაუფლებას.
3. ა) რა მდგომარეობა უკავიათ ადამიანთა მთავრობებს იეჰოვას წინაშე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთისოფლის მთავრობებისადმი მორჩილება არ ნიშნავს ამ წუთისოფლის ღმერთის, სატანის მიმართ მორჩილებას?
3 მსგავსადვე ავლენს სახელმწიფო ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა, როგორც უზენაესმა მმართველმა დაუშვა ასე (იოანე 19:11). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ‘არსებული’ ხელისუფლებები „ღვთის მიერ არიან დადგენილნი“. იეჰოვას უზენაესი მმართველობის ძალაუფლებასთან შედარებით მათი ძალაუფლება საგრძნობლად უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ‘ღვთის მსახურები’ არიან, რადგან ზრუნავენ აუცილებელ მომსახურებაზე, ადგენენ კანონებს, ამყარებენ წესრიგს და, აგრეთვე, სჯიან დამნაშავეებს (რომაელთა 13:1, 4, 6). ამრიგად, ქრისტიანებს უნდა ესმოდეთ: მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფლის, ანუ ამ სისტემის უხილავი მმართველი არის სატანა, სახელმწიფოსადმი პირობითი მორჩილება არ ნიშნავს სატანისადმი მორჩილებას. ისინი ემორჩილებიან ღმერთს. მიმდინარე 1996 წელს პოლიტიკური სახელმწიფო კვლავაც „ღვთის დადგენილებას“ წარმოადგენს, რომელიც დროებითია და რომლის არსებობაც ღმერთმა დაუშვა და ის აღიარებული უნდა იყოს იეჰოვას მიწიერი მსახურების მიერ (რომაელთა 13:2).
იეჰოვას მსახურები ძველ დროში და სახელმწიფო
4. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ იოსები გამხდარიყო ეგვიპტის მთავრობაში გამოჩენილი პიროვნება?
4 იეჰოვამ დაუშვა, რომ ქრისტიანობამდელ პერიოდში მის ზოგიერთ თაყვანისმცემელს გამოჩენილი მდგომარეობა დაეკავებინა სახელმწიფო ხელისუფლებაში. მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნეში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი გახდა იოსები და ფარაონის შემდეგ მეორე კაცი იყო (დაბადება 41:39–43). როგორც შემდგომი მოვლენები გვიჩვენებენ, იეჰოვამ დაუშვა, რომ იოსების მეშვეობით შენახულიყო ‘აბრაამის თესლი’, მისი შთამომავლები, რათა შესრულებულიყო იეჰოვას განზრახვა. რასაკვირველია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იოსები ტყვედ იყო ეგვიპტეში გაყიდული და იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც ღვთის მსახურებს არ ჰქონდათ არც მოსეს რჯული და არც ‘ქრისტეს რჯული’ (დაბადება 15:5–7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; 50:19–21; გალატელთა 6:2).
5. რატომ ებრძანათ ებრაელ ტყვეებს, რომ ბაბილონის ‘მშვიდობა ეძიათ’?
5 საუკუნეების მოგვიანებით ერთგული წინასწარმეტყველი იერემია იეჰოვას მიერ იყო შთაგონებული, რომ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელებისთვის ეთქვა, დამორჩილებოდნენ მმართველებს და ქალაქის მშვიდობისთვის ელოცათ. მათ მიმართ წერილში ის წერდა: „ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს. . . იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის [მშვიდობისთვის, აქ], სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით [მშვიდობით, აქ] თქვენც კეთილდღეობაში იქნებით [მშვიდობა გექნებათ, აქ]“ (იერემია 29:4, 7). იეჰოვას ხალხს ყოველთვის აქვს მიზეზი, რომ „ეძიებდეს მშვიდობას“ თავისთვის და იმ ხალხისთვის, სადაც ცხოვრობენ, რათა თავისუფლად სცენ თაყვანი იეჰოვას (1 პეტრე 3:11).
6. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავათ, რა შემთხვევებში არ დაარღვიეს დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა იეჰოვას რჯული?
6 ბაბილონში, გადასახლებაში ყოფნის დროს, დანიელი და სამი ერთგული ებრაელი, რომლებიც ტყვეებად იყვნენ, დაემორჩილნენ სახელმწიფო სწავლებას და გახდნენ ბაბილონის მაღალი წოდების სამოქალაქო მსახურები (დანიელი 1:3–7; 2:48, 49). მაგრამ თვით სწავლის დროს, მათ მტკიცე პოზიცია დაიკავეს საკვების მიღებასთან დაკავშირებით, რომ არ დაერღვიათ თავიანთი ღვთის, იეჰოვას რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით გადაეცათ. ამის გამო ისინი აკურთხა ღმერთმა (დანიელი 1:8–17). როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა სახელმწიფო კერპი, დანიელის სამი მეგობარი აიძულეს, სახელმწიფოს სხვა მოხელეებთან ერთად დასწრებოდნენ რიტუალს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ უარყვეს, ‘დამხობილთ თაყვანი ეცათ’ კერპისთვის. იეჰოვამ კვლავ დააჯილდოვა მათი უმწიკვლოება (დანიელი 3:1–6, 13–23, 91–95). ასევეა დღესაც, იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ დროშას, მაგრამ ისინი თაყვანს არ სცემენ მას (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21).
7. ა) რა შესანიშნავი პოზიცია დაიკავა დანიელმა, მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო თანამდებობა ეკავა ბაბილონის მთავრობის სტრუქტურაში? ბ) რა ცვლილებები მოხდა ქრისტიანების დროს?
7 ნეო-ბაბილონის დაცემული დინასტიის ადგილი დაიკავა მიდიისა და სპარსეთის ახალმა წყობილებამ, რომლის დროსაც დანიელი მაღალ სამთავრობო თანამდებობაზე დაინიშნა (დანიელი 5:30; 6:1; 6:2–4). მაგრამ დანიელმა არ დაუშვა, რომ მისი მაღალი მდგომარეობა უმწიკვლოების დაკარგვის მიზეზი გამხდარიყო. როდესაც სახელმწიფო კანონმა მოითხოვა, რომ იეჰოვას ნაცვლად მეფე დარიოსისთვის ეცა თაყვანი, ის არ დაემორჩილა. ამის გამო დანიელი ლომებთან ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვამ იხსნა ის (დანიელი 6:5–25). რასაკვირველია, ეს იყო ქრისტიანობამდელი პერიოდი. როდესაც ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, ღვთის მსახურები დაემორჩილნენ ‘ქრისტეს რჯულს’. მრავალი რამ, რაც ებრაელთა სისტემის დროს იყო დაშვებული, სხვა თვალსაზრისით უნდა განხილულიყო იმის საფუძველზე, თუ როგორ ეპყრობოდა უკვე იმ დროს იეჰოვა თავის ხალხს (1 კორინთელთა 9:21; მათე 5:31, 32; 19:3–9).
იესოს დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ
8. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ იესო არ ერეოდა პოლიტიკაში?
8 იესო ქრისტემ დედამიწაზე ყოფნის დროს უფრო მაღალი ნორმები დაუდგინა თავის მიმდევრებს და უარყო პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში ჩარევა. მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულით გამოკვება რამდენიმე ათასი პიროვნება პურის რამდენიმე ნაჭრითა და ორი პატარა თევზით, ებრაელ მამაკაცებს უნდოდათ შეეპყროთ ის და პოლიტიკურ მეფედ დაესვათ. მაგრამ იესო მოერიდა მათ და სწრაფად შეაფარა მთებს თავი (იოანე 6:5–15). ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, „ახალი საერთაშორისო კომენტარი ახალ აღთქმაზე“ (The New International Commentary on the New Testament) აღნიშნავს: „იმ დროისთვის ებრაელთა შორის არსებობდა ძლიერი ნაციონალისტური სულისკვეთება და ეჭვგარეშეა, სასწაულის მხილველებმა იფიქრეს, რომ ის იყო ღვთისგან აღიარებული წინამძღოლი, და სწორედ ის წაუძღვებოდა მათ რომაელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, მათ მტკიცედ გადაწყვიტეს მისი გამეფება“. წიგნი განაგრძობს, რომ იესომ „გადაჭრით უარყო“ მათ მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იესო მხარს არ უჭერდა ებრაელთა აჯანყებას რომაელების ბატონობის წინააღმდეგ. სინამდვილეში, მან იწინასწარმეტყველა, რომ აჯანყებას, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იფეთქებდა, შედეგად მოჰყვებოდა იერუსალიმის მცხოვრებთა არნახული გასაჭირი და ქალაქის განადგურება (ლუკა 21:20–24).
9. ა) როგორ აღწერა იესომ თავისი სამეფოს კავშირი წუთისოფელთან? ბ) რა მითითება მისცა იესომ თავის მიმდევრებს წუთისოფლის მთავრობებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით?
9 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რომის იმპერიის სპეციალურ წარმომადგენელს იუდეაში, იესომ უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36). ვიდრე მისი სამეფო გაანადგურებს პოლიტიკურ მთავრობათა მმართველობას, იესოს მოწაფეები ჰბაძავენ იესოს მაგალითს. ისინი ემორჩილებიან დადგენილ ხელისუფლებებს, მაგრამ არ ერევიან მათ პოლიტიკურ საქმეებში (დანიელი 2:44; მათე 4:8–10). იესომ თავის მოწაფეებს მისცა შემდეგი მითითება: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21). უფრო ადრე, მთაზე ქადაგებისას, იესომ თქვა: „ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). იესომ ამ ქადაგებისას აჩვენა სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებისთვის მზადყოფნის პრინციპი, მიუხედავად იმისა ადამიანებთან ურთიერთობა იქნება თუ მთავრობის იმ მოთხოვნებისადმი მორჩილება, რომელიც თანხმობაშია ღვთის კანონთან (ლუკა 6:27–31; იოანე 17:14, 15).
ქრისტიანები და კეისარი
10. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობის თანახმად, როგორი კეთილსინდისიერი პოზიცია ეკავათ ადრინდელ ქრისტიანებს კეისართან დაკავშირებით?
10 ეს მოკლე მითითებები არის ქრისტიანებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სახელმძღვანელო. წიგნში „ქრისტიანობის დასაწყისი“ (The Rise of Christianity) ისტორიკოსი ი. უ. ბარნესი წერდა: „საუკუნეების შემდეგ, როდესაც ქრისტიანი ვერ ერკვეოდა სახელმწიფოს მიმართ საკუთარ მოვალეობაში, ის მიმართავდა ქრისტეს ავტორიტეტულ მოძღვრებას. ქრისტიანს უნდა გადაეხადა გადასახადები: გადასახადების გადახდა საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო — ის აუტანელი გახდა დასავლეთის იმპერიის დაცემამდე, — მაგრამ ქრისტიანს უნდა მოეთმინა ყოველივე ეს. მას ასევე უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს სხვა მოთხოვნებიც მანამდე, სანამ კეისარი ღვთისას არ მოითხოვდა“.
11. პავლეს რჩევის თანახმად, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს წუთისოფლის მმართველებთან?
11 ეს თანხმობაშია იმასთან, რაც ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ პავლე მოციქულმა უთხრა რომაელ ქრისტიანებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ“ (რომაელთა 13:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დაახლოებით ათი წლის შემდეგ, მეორედ დაპატიმრებასა და რომში სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე, პავლემ ტიტეს მისწერა: „შეახსენე მათ [კრეტოელ ქრისტიანებს]: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ [მთავრობათ, სსგ] და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3:1, 2).
ნათელი გაგება ‘უმაღლეს ხელისუფლებებთან’ დაკავშირებით
12. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა ჩარლზ ტეიზ რასელს ქრისტიანის სწორ პოზიციასთან დაკავშირებით სამთავრობო ხელისუფლებებთან? ბ) როგორი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ სულითცხებულ ქრისტიანებს პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ძალებში მსახურებასთან დაკავშირებით?
12 ჩარლზ ტეიზ რასელი ჯერ კიდევ 1886 წელს წიგნში „ღმერთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ (ინგლ.) წერდა: „არც ქრისტე და არც მისი მოციქულები არ ერეოდნენ მიწიერ მმართველთა საქმეებში. . . ისინი ეკლესიას ასწავლიდნენ, რომ დამორჩილებოდნენ კანონებს და პატივი ეცათ ხელისუფლებისთვის, იმ მდგომარეობის გამო, რაც ხელისუფლებას ეკავა. . . გადაეხადათ დაწესებული გადასახადები, მხოლოდ იმ კანონების გამოკლებით, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს (საქმეები 4:19; 5:29), არ შეწინააღმდეგებულიყვნენ ნებისმიერ დაწესებულ კანონს (რომ. 13:1–7; მათ. 22:21). იესო, მისი მოციქულები და ადრეული ეკლესია ემორჩილებოდნენ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილები იყვნენ და მონაწილეობას არ ღებულობდნენ ამ წუთისოფლის მთავრობებში“. ეს წიგნი ზუსტად განსაზღვრავს პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებულ „უფრო მაღალ ძალაუფლებებს“, ანუ ‘უმაღლეს ხელისუფლებებს’, როგორც მიწიერ სახელმწიფო ხელისუფლებებს (რომაელთა 13:1, „მეფე იაკობის თარგმანი“ [King James Version]). წიგნი „ახალი ქმნილება“ (ინგლ.) 1904 წელს აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები „დღევანდელ დღეს უნდა იყვნენ კანონის უაღრესად მორჩილ პიროვნებათა შორის — არ უნდა იყვნენ აგიტატორები, არც მოჩხუბრები და არც შარიანი ადამიანები“. ზოგიერთს ეს ესმოდა, როგორც მთავრობის ძალაუფლებისადმი სრული მორჩილება, თვით პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ძალებში მსახურების ჩათვლითაც კი. მაგრამ სხვები ამას იესოს სიტყვების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ, რადგან იესომ თქვა: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). ცხადია, რომ საჭირო იყო უფრო უკეთესი გაგება უმაღლესი ხელისუფლებისადმი ქრისტიანულ მორჩილებასთან დაკავშირებით.
13. რა ცვლილებები მოხდა 1929 წელს უმაღლესი ხელისუფლებების შესახებ გაგებასთან დაკავშირებით და რით დამტკიცდა, რომ ეს კურთხეული იყო?
13 როდესაც 1929 წელს სხვადასხვა მთავრობების კანონებმა დაიწყეს იმ საკითხების აკრძალვა, რაც ღმერთმა ბრძანა ან მოითხოვდნენ იმას, რასაც ღვთის კანონი კრძალავს, იფიქრეს, რომ „უფრო მაღალი ძალაუფლებები“ უნდა ყოფილიყო იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტეb. ასეთი თვალსაზრისი ჰქონდათ იეჰოვას მსახურებს გადამწყვეტი პერიოდისას — მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და თვით ომის განმავლობაშიც, აგრეთვე ცივი ომის დროსაც, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ტერორიზმსა და მილიტარისტულ მზადებებში. როდესაც წარსულს გადავხედავთ, უნდა ითქვას, რომ ეს თვალსაზრისი, რომელიც იეჰოვასა და მისი ძის, ქრისტეს, მმართველობას განადიდებს, დაეხმარა ღვთის ხალხს, რომ შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი თვით ასეთ ძნელბედობის ჟამს.
პირობითი მორჩილება
14. როგორ გაძლიერდა სინათლის შუქი რომაელთა 13:1, 2-სა და მასთან დაკავშირებულ მუხლებთან დაკავშირებით 1962 წელს?
14 „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლ.) დასრულდა 1961 წელს. მისი თარგმნისთვის საჭირო იყო წერილების ორიგინალის ენის ღრმა გამოკვლევა. სიტყვების ზუსტმა თარგმნამ ნათელი გახადა, რომ რომაელთა მე-13 თავში, ტიტეს 3:1, 2-სა და 1 პეტრეს 2:13, 17-ში გამოყენებული ტერმინი „უმაღლესი ხელმწიფება“ იეჰოვასა და მისი ძის, იესოს უზენაეს ხელისუფლებას კი არ ეხება, არამედ მიწიერ სამთავრობო ხელისუფლებებს. მოგვიანებით, 1962 წელს, „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ზუსტად აიხსნა რომაელთა მე-13 თავი და უფრო ნათლად იქნა გაშუქებული ის თვალსაზრისი, რომელიც ჯერ კიდევ ჩ. ტ. რასელის დროს არსებობდა. ეს სტატიები მიუთითებს, რომ ხელისუფლებებისადმი ქრისტიანული მორჩილება არ არის აბსოლუტური. ეს უნდა იყოს პირობითი, მისადმი მორჩილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის კანონებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება გაამახვილა „საგუშაგო კოშკში“ მოცემულმა შემდეგმა სტატიებმაc.
15, 16. ა) რა უკეთესი, გაწონასწორებული თვალსაზრისი მოიტანა ახალმა გაგებამ რომაელთა მე-13 თავთან დაკავშირებით? ბ) რომელ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?
15 ეს არის რომაელთა მე-13 თავის ზუსტი გაგების საფუძველი, რაც შესაძლებლობას აძლევს იეჰოვას ხალხს, რომ იყვნენ გაწონასწორებული, პატივი მიაგონ პოლიტიკურ ხელისუფლებებს და კომპრომისზე არ წავიდნენ წერილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი პრინციპების წინააღმდეგ (ფსალმუნი 96:11; იერემია 3:15). ეს საშუალებას აძლევს მათ, ჰქონდეთ სწორი თვალსაზრისი ღმერთთან ურთიერთობასა და ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაზე. ეს არწმუნებს მათ, რომ თუ კეისარს კეისრისას აძლევენ, მათ არ ავიწყდებათ, ღვთისა მისცენ ღმერთს.
16 მაგრამ ზუსტად რა არის კეისრისა? რა კანონიერი მოთხოვნები შეიძლება წაუყენოს სახელმწიფომ ქრისტიანებს? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a იხილე ფსალმუნი 103:22, (აქ), სქოლიო.
b „საგუშაგო კოშკი“ 1 და 15 ივნისი, 1929 წ. (ინგლ.).
c იხილე „საგუშაგო კოშკი“ 1962 წლის 1 ნოემბერი და 15 დეკემბერი (ინგლ.); 1990 წლის 1 ნოემბერი (ინგლ.); 1993 წლის 1 თებერვალი; 1995 წლის 1 იანვარი.
საინტერესოა, რომ რომაელთა მე-13 თავის კომენტარში, პროფესორი ფ. ფ. ბრიუსი წერს: „ისევე, როგორც მოციქულთა ყველა წერილის კონტექსტიდან, ამ კონტექსტიდანაც ნათელია, რომ სახელმწიფოს სამართლიანად შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ განსაზღვრულ ფარგლებში მოქცეული მორჩილება იმ განზრახვით, რისთვისაც ის ღვთის ნებით დადგინდა — ჩვენ ის აზრი კი არ უნდა გვქონდეს, რომ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ სახელმწიფოს, არამედ აუცილებლად უნდა შევეწინააღმდეგოთ, როდესაც ის მოითხოვს ისეთ ერთგულებას, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის“.
შეგიძლია განმარტო?
◻ უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილება რატომ არ ნიშნავს სატანისადმი მორჩილებას?
◻ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს იმდროინდელ პოლიტიკასთან?
◻ როგორი რჩევა მისცა იესომ თავის მიმდევრებს კეისართან დაკავშირებით?
◻ როგორი რჩევა მისცა პავლემ ქრისტიანებს ხალხთა მმართველებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით?
◻ როგორ განვითარდა გაგება უმაღლეს ხელისუფლებასთან დაკავშირებით?
[სურათი 21 გვერდზე]
როდესაც სატანამ პოლიტიკური ძალაუფლება შესთავაზა, იესომ უარი თქვა მის წინადადებაზე.
[სურათი 24 გვერდზე]
რასელი წერდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები „დღევანდელ დღეს უნდა იყვნენ კანონის უაღრესად მორჩილთა შორის“.