თავი 6
„მორჩილება ისწავლა“
1, 2. რატომ გაეღიმა ბავშვის მამას და რატომ შეიძლება შევადაროთ მამის გრძნობა იეჰოვას გრძნობას?
მამა ფანჯრიდან შვილს უყურებდა, რომელიც ეზოში პატარა ბავშვებთან თამაშობდა. მათ ბურთი ქუჩაში გადაუვარდათ, რამაც ბავშვი, ცოტა არ იყოს, დაანაღვლიანა. მას იქ მყოფი ერთ-ერთი თანატოლი აგულიანებდა, ქუჩაში გასულიყო და ბურთი მოეტანა. მაგრამ ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია და უთხრა, ვერ გავალო. მამას გაეღიმა.
2 რატომ გაეღიმა მამას? მას დარიგებული ჰყავდა შვილი, ქუჩაში მარტო არ გასულიყო. მამამ დაინახა, რომ შვილი დაემორჩილა, თუმცა არ იცოდა, რომ მამა უყურებდა, და შესაძლო საფრთხეც აირიდა. რა გრძნობაც ბავშვის მამას დაეუფლებოდა, იგივე გრძნობა ეუფლება ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას. ღმერთმა იცის, რომ თუ მასზე მინდობასა და მორჩილებას ვისწავლით, ერთგულები დავრჩებით და აღთქმულ ბედნიერ ცხოვრებას ვიხილავთ (იგავები 3:5, 6). ამისათვის მან შეუდარებელი მასწავლებელი გამოგვიგზავნა.
3, 4. ახსენი, რა გაგებით ‘ისწავლა იესომ მორჩილება’ და როგორ ‘გახდა სრულყოფილი’.
3 ბიბლიაში იესოს შესახებ ერთობ გასაკვირი სიტყვები წერია: „თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებრაელები 5:8, 9). განკაცებამდე ათასწლეულების განმავლობაში ღვთის ძე ზეცაში მკვიდრობდა. მხოლოდშობილი ძე ხედავდა, რომ სატანა თანამზრახველებთან ერთად ეურჩებოდა ღმერთს, მაგრამ არ აჰყვა მათ. ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება „არ ვეურჩე“, სწორედ იესოზე შესრულდა (ესაია 50:5). მაშ, რატომ წერია სრულყოფილ ძეზე, რომ მორჩილება ისწავლა? როგორღა უნდა ‘გამხდარიყო სრულყოფილი’ ისედაც სრულყოფილი პიროვნება?
4 დავუშვათ, მეომარს აქვს უნაკლოდ ნაჭედი ხმალი, რომელიც ბრძოლაში არასოდეს გამოუყენებია. უკეთესი არ იქნებოდა, ეს ხმალი ბრძოლაში გამონაცად, ნაწრთობ ფოლადის ხმალში გაეცვალა?! ასე იყო იესოს შემთხვევაშიც. ის დედამიწაზე მოსვლამდეც სრულყოფილად ემორჩილებოდა ღმერთს. მაგრამ დედამიწაზე მოსვლის შემდეგ იესოს მორჩილება ისეთი განსაცდელებით გამოიცადა და გამოიწრთო, როგორსაც ზეცაში ვერასოდეს შეხვდებოდა.
5. რა იყო იესოს მორჩილებაზე დამოკიდებული და რას განვიხილავთ შემდეგ ქვესათაურებში?
5 შეასრულებდა თუ არა იესო თავის მისიას დედამიწაზე, ეს ღვთისადმი მორჩილებაზე იყო დამოკიდებული. იესო, როგორც „უკანასკნელი ადამი“, დედამიწაზე იმის გასაკეთებლად მოვიდა, რაც ადამმა და ევამ ვერ შეძლეს; ის მორჩილი უნდა ყოფილიყო თვით განსაცდელების დროსაც კი (1 კორინთელები 15:45). იესო მართლაც ემორჩილებოდა ღმერთს, ოღონდ არა მექანიკურად, არამედ მთელი გონებით, გულითა და სულით. ის მორჩილებით სიხარულსაც განიცდიდა. იესოსთვის ღვთის ნების შესრულება საკვების მიღებაზე მნიშვნელოვანი იყო (იოანე 4:34). რა დაგვეხმარება იმაში, რომ იესოს მორჩილებაში მივბაძოთ? ეს რომ გავიგოთ, მის მოტივებზე ვისაუბროთ. თუ ისეთივე მოტივები გვექნება, როგორიც იესოს ჰქონდა, ცდუნებებს შევეწინააღმდეგებით და ღვთის ნებასაც შევასრულებთ. მოტივებზე საუბრის შემდეგ კი განვიხილავთ იმას, თუ რა მოჰყვება ასეთ მორჩილებას.
იესოს მოტივები
6, 7. რა აღძრავდა იესოს მორჩილებისკენ?
6 იესოს მორჩილება გულიდან იღებდა სათავეს. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, იესო „გულით თავმდაბალი“ იყო. ჩვეულებრივ, ადამიანს მორჩილებაში ხელს სიამაყე უშლის, თავმდაბლობა კი ეხმარება სიხარულით დაემორჩილოს იეჰოვას (გამოსვლა 5:1, 2; 1 პეტრე 5:5, 6). თავმდაბლობის გარდა იესოს მორჩილება იმაზეც იყო დამოკიდებული, თუ რა უყვარდა და რა სძულდა.
7 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იესოს თავისი ზეციერი მამა, იეჰოვა ძლიერ უყვარდა. ამის შესახებ დაწვრილებით მე-13 თავში ვისაუბრებთ. ასეთმა სიყვარულმა იესოს ღვთისადმი შიში განავითარებინა. იესოს ისე ძლიერ უყვარდა იეჰოვა, რომ ეშინოდა, გული არ ეტკინა მისთვის. სწორედ ღვთის შიში იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ისმენდა იეჰოვა მის ლოცვებს (ებრაელები 5:7). იესოს, როგორც მეფეს, მესიას, ღვთის შიში დღესაც აქვს (ესაია 11:3).
8, 9. წინასწარმეტყველების თანახმად, რა სძულდა იესოს და რა უყვარდა, და შედეგად რას განიცდიდა?
8 იეჰოვას სიყვარული იმისკენაც აღგვძრავს, რომ შევიძულოთ ის, რაც მას სძულს. აი რა იყო მესიაზე ნაწინასწარმეტყველები: „შენ გიყვარს სიმართლე და გძულს ბოროტება. ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, შენს მოზიარეებზე მეტად“ (ფსალმუნი 45:7). იესოს „მოზიარეებში“ დავითის საგვარეულო ხაზში მოსული მეფეები იგულისხმებიან. მეფედ ცხების დროს არც ერთს არ განუცდია ისეთი სიხარული, როგორიც იესომ განიცადა. რატომ? მათგან განსხვავებით იესომ გაცილებით დიდი კურთხევა მიიღო. იესო ისეთ საქმეებს გააკეთებდა, რომელთა სასიკეთო შედეგებსაც ბოლო არ ექნებოდა. მან ამხელა კურთხევა იმიტომ მიიღო, რომ ღმერთს ყველაფერში ემორჩილებოდა. ამისკენ კი სიმართლის სიყვარული და ბოროტების სიძულვილი აღძრავდა.
9 რით ცხადყოფდა იესო, რომ უყვარდა სიმართლე და სძულდა ბოროტება? მაგალითად, რას გრძნობდა, როდესაც ხედავდა, რომ მოწაფეები მისი მითითებისამებრ ქადაგებდნენ და ამას კარგი შედეგები მოჰყვებოდა? ის უსაზღვრო სიხარულს განიცდიდა (ლუკა 10:1, 17, 21). მაშინ რა გრძნობა ეუფლებოდა იესოს, როდესაც იერუსალიმის ურჩი მცხოვრებლები არ იღებდნენ მისგან დახმარებას? ის ტიროდა (ლუკა 19:41, 42). როგორც ვხედავთ, იესოს კარგი შემთხვევებიც აღუძრავდა ღრმა გრძნობებს, და ცუდიც.
10. იესოს მსგავსად რა უნდა გვიყვარდეს და რა უნდა გვძულდეს, და რა დაგვეხმარება ამაში?
10 იესოს მაგალითი დაგვეხმარება, დავფიქრდეთ, ჩვენ რა აღგვძრავს იეჰოვასადმი მორჩილებისკენ. არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია იეჰოვასა და იესოს მსგავსად შევიყვაროთ სიმართლე და შევიძულოთ ბოროტება. ამისთვის კი იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება (ფსალმუნი 51:10). ამასთანავე, უნდა მოვერიდოთ ისეთ გარემოს, რაც ხელს შეგვიშლიდა სიმართლის სიყვარულსა და ბოროტების სიძულვილში. ამიტომ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რით ვერთობით და ვისთან გვაქვს ურთიერთობა (იგავები 13:20; ფილიპელები 4:8). ღმერთს არც ჩვენ დავემორჩილებით მექანიკურად, თუ ისეთივე მოტივები გვექნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ჩვენ სწორად იმიტომ უნდა მოვიქცეთ, რომ გვიყვარს სიმართლე; და არასწორად იმიტომ კი არ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს გამოაშკარავდება, არამედ იმიტომ, რომ გვძულს ასეთი საქციელი.
„მას არც ცოდვა ჩაუდენია“
11, 12. ა) რა მოხდა იესოს მსახურების პირველივე დღეებში? ბ) პირველად რა მზაკვრული მეთოდით შეეცადა სატანა იესოს შეცდენას?
11 იესომ თავისი მსახურების დასაწყისშივე აჩვენა, რომ სძულდა ცოდვა. მონათვლის შემდეგ მან 40 დღე-ღამე უდაბნოში გაატარა, სადაც არაფერი უჭამია. ბოლოს მასთან სატანა მივიდა საცდუნებლად. რა მზაკვრულად მოიქცა სატანა! (მათე 4:1—11).
12 სატანამ იესოს უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“ (მათე 4:3). წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში იქნებოდა იესო ამდენი ხნის მარხვის შემდეგ! როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მას მოშივდა (მათე 4:2). სატანა სწორედ იმას ელოდებოდა, რომ იესოს მოშიებოდა და დასუსტებულიყო. ყურადღება მიაქციე სატანის სარკასტულ სიტყვებს: „თუ ღვთის ძე ხარ“. სატანამ იცოდა, რომ იესო იყო „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლოსელები 1:15). იესო არ წამოეგო სატანის ანკესზე. მან იცოდა, რომ ღმერთს არ მოეწონებოდა, თუ ის ძალას პირადი მიზნებისთვის გამოიყენებდა. იესომ თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ იეჰოვას იმედი ჰქონდა (მათე 4:4).
13—15. ა) მეორედ და მესამედ როგორღა შეეცადა სატანა იესოს შეცდენას და როგორ მოიქცა იესო? ბ) საიდან ჩანს, რომ იესოს სიფხიზლე არასოდეს დაუკარგავს?
13 მეორედ სატანამ იესო ტაძრის გალავანზე აიყვანა. ის ღვთის სიტყვის ოსტატური დამახინჯებით შეეცადა, რომ იესოს ერთგვარი სანახაობა მოეწყო, გალავნიდან გადამხტარიყო და ანგელოზებს ეხსნათ. როცა ასეთ სასწაულს დაინახავდნენ, ვიღას შეეპარებოდა ეჭვი, რომ იესო აღთქმული მესია იყო?! და, თუ დადგმული სპექტაკლით დააჯერებდა ხალხს, რომ მესია იყო, ვინ იცის რამდენ პრობლემასა და განსაცდელს აიცილებდა თავიდან?! მაგრამ იესომ კარგად იცოდა იეჰოვას ნება. მას თავისი მისია თავმდაბლურად უნდა შეესრულებინა და არა სანახაობების მოწყობით დაეჯერებინა ხალხი, რომ მესია იყო (ესაია 42:1, 2). იესო ამჯერადაც დაემორჩილა იეჰოვას და სახელის მოხვეჭის ცდუნებამ ვერ აიყოლია.
14 მესამედ სატანამ ძალაუფლების შეთავაზებით სცადა იესოს შეცდენა. ის დაჰპირდა იესოს, რომ მთელი მსოფლიოს მმართველი გახდებოდა, თუ თაყვანს სცემდა. იესო სატანის წინადადებაზე არც კი დაფიქრებულა, ისე მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:10). იესო რას უნდა მოეხიბლა ისე, რომ სხვა ღმერთისთვის ეცა თაყვანი?! მას ვერც ძალაუფლება და ვერც სახელი ვერ უბიძგებდა დაუმორჩილებლობისკენ.
15 მოეშვა სატანა იესოს? მართალია იესოს ბრძანებისამებრ მოშორდა, მაგრამ როგორც ლუკას სახარება გვატყობინებს, მანამ „სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“ (ლუკა 4:13). სატანა ყველანაირად შეეცდებოდა, რომ როგორმე შეეცდინა იესო. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო ‘ყველაფერში გამოიცადა’, მაგრამ მას სიფხიზლე არასოდეს დაუკარგავს (ებრაელები 4:15). სიფხიზლე არც ჩვენ უნდა დავკარგოთ.
16. როგორ ცდილობს სატანა დღეს ღვთის მსახურების შეცდენას და როგორ გავუწიოთ მას წინააღმდეგობა?
16 სატანა დღესაც აგრძელებს ღვთის ხალხის შეცდენას. სამწუხაროდ, ჩვენი არასრულყოფილების გამო ადვილად ვხდებით სატანის სამიზნე. ის მზაკვრულად იყენებს ადამიანის ეგოიზმს, სიამაყეს და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. სატანამ შეიძლება ეს სამივე საცდური ერთდროულადაც კი გამოიყენოს ადამიანის შესაცდენად, თუ ის მატერიალისტია. ამიტომ დროდადრო უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. კარგი იქნება, დავფიქრდეთ 1 იოანე 2:15—17-ში ჩაწერილ სიტყვებზე და ვკითხოთ ჩვენს თავს: „ხორცის სურვილებმა, ნივთების შეძენისა და განდიდების სურვილმა ხომ არ გამინელა ზეციერი მამის სიყვარული?“ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქვეყნიერება თავის მმართველთან, სატანასთან ერთად უკანასკნელ წუთებსღა ითვლის. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ, რომ სატანამ მზაკვრული ხერხებით ცოდვა არ ჩაგვადენინოს. ჩვენ უნდა მივბაძოთ ჩვენს უფალს, რადგან მას ‘ცოდვა არ ჩაუდენია’ (1 პეტრე 2:22).
„ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“
17. როგორ ემორჩილებოდა იესო მამას, მაგრამ ზოგს რა აზრი შეიძლება გაუჩნდეს?
17 მორჩილება მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ. ქრისტე გულმოდგინედ ასრულებდა მამის ყველა მითითებას. მან თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:29). ასეთი მორჩილება იესოს დიდ სიხარულს ჰგვრიდა. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ იესოსთვის რთული არ იქნებოდა მორჩილება, ვინაიდან მხოლოდ სრულყოფილი პიროვნებისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის უნდა ჩაებარებინა ანგარიში; ჩვენ კი ხშირად არასრულყოფილ ადამიანებს ვაბარებთ ანგარიშს. სინამდვილეში კი იესო არასრულყოფილ ადამიანებსაც ემორჩილებოდა, მათ, ვისი მორჩილებაც მოეთხოვებოდა.
18. მორჩილების რა მაგალითი დაუტოვა იესომ მოზარდებს?
18 მოზარდობის ასაკში იესო არასრულყოფილ მშობლებს, იოსებსა და მარიამს ემორჩილებოდა. თავისი თანატოლებისგან განსხვავებით იესოს არ გამოეპარებოდა დედ-მამის ნაკლოვანებები. მაგრამ ამბობდა უარს ღვთისგან დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, მშობლებისადმი მორჩილებაზე, და აძლევდა მითითებებს, როგორ გაძღოლოდნენ ოჯახს? ლუკას 2:51-ში 12 წლის იესოზე წერია, რომ მშობლებს ემორჩილებოდა. მან ჩინებული მაგალითი დაუტოვა ქრისტიან ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ, დაემორჩილონ და პატივი სცენ მშობლებს (ეფესოელები 6:1, 2).
19, 20. ა) რა სირთულეებს ხვდებოდა იესო, არასრულყოფილ ადამიანებს რომ ემორჩილებოდა? ბ) რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ?
19 არასრულყოფილ ადამიანებს რომ ემორჩილებოდა, იესო ისეთ სირთულეებს ხვდებოდა, როგორსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები არასოდეს შეხვდებიან. გავიხსენოთ, რა დროში ცხოვრობდა იესო. იერუსალიმის ტაძარი და სამღვდელოება, რომლებსაც იეჰოვა დიდი ხნის განმავლობაში იწონებდა, მალე ქრისტიანული კრებით უნდა შეცვლილიყო (მათე 23:33—38). იმ დროს არაერთი რელიგიური წინამძღოლი ასწავლიდა ბერძნული ფილოსოფიიდან წამოსულ ცრუ მოძღვრებებს. გარდა ამისა, სიბილწეს ისე ღრმად მოეკიდა ფეხი ტაძარში, რომ იესომ მას „ყაჩაღების ბუნაგი“ უწოდა (მარკოზი 11:17). უარს ამბობდა იესო ასეთ ტაძარსა და სინაგოგებში შესვლაზე? არა, რადგან იეჰოვას ჯერ არ გაეუქმებინა ტაძარი და სინაგოგები. ვიდრე იეჰოვა ჩაერეოდა, იესო დადიოდა სინაგოგებში და ესწრებოდა დღესასწაულებს ტაძარში (ლუკა 4:16; იოანე 5:1).
20 თუ იესო ასეთ ვითარებაში ავლენდა მორჩილებას, ჩვენ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, უფრო მეტად არ გვმართებს მორჩილების გამოვლენა?! ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ; ეს წმინდა თაყვანისცემის აღდგენის დროა, რაზეც დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. ღმერთი გვარწმუნებს, რომ არასოდეს დართავს სატანას თავისი ხალხის ზნეობრივად გარყვნის ნებას (ესაია 2:1, 2; 54:17). ზოგჯერ ქრისტიანული კრების წევრებიც სჩადიან ცოდვებს. მაგრამ უნდა შეგვიშალოს ხელი მათმა არასრულყოფილებამ ღვთისადმი მორჩილებაში?! ეს შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ შევწყვიტოთ კრების შეხვედრებზე სიარული და უხუცესების გაკრიტიკება დავიწყოთ. ნაცვლად ამისა, მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, ვესწრებოდეთ ქრისტიანულ შეხვედრებს და კონგრესებს, და იქ მიღებულ რჩევებსაც ვიყენებდეთ (ებრაელები 10:24, 25; 13:17).
21. როგორ პასუხობდა იესო მათ, ვინც ცდილობდა, ხელი შეეშალათ მისთვის ღვთისადმი მორჩილებაში, და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
21 იესოს ვერავინ უშლიდა ხელს იეჰოვასადმი მორჩილებაში, ისინიც კი, ვისაც მასზე გული შესტკიოდა. მაგალითად, ერთხელ მოციქულმა პეტრემ სცადა, დაერწმუნებინა იესო, რომ სულაც არ იყო აუცილებელი, დატანჯულიყო და მომკვდარიყო. მართალია პეტრემ კარგი განზრახვით მისცა იესოს რჩევა, მაგრამ იესომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უგულებელყო ეს მცდარი წინადადება (მათე 16:21—23). დღესაც ხშირად ცდილობენ ოჯახის წევრები თუ ნათესავები, რომ ხელი შეუშალონ იესოს მიმდევრებს ღვთის კანონებისა და პრინციპების დაცვაში. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ჩვენც ვთვლით, რომ „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29).
მორჩილებას კურთხევები მოჰყვება
22. რა კითხვაზე გასცა იესომ პასუხი, და როგორ?
22 იესოს მორჩილება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გამოიცადა, როდესაც სიკვდილის პირისპირ დადგა. იესომ იმ საბედისწერო დღეს ‘ისწავლა მორჩილება’, ამ სიტყვის სრული გაგებით. მან მამის ნება შეასრულა და არა საკუთარი (ლუკა 22:42). იესომ ყველანაირ ვითარებაში შეინარჩუნა ერთგულება (1 ტიმოთე 3:16). სწორედ მან გასცა პასუხი დიდი ხნის წინათ წამოჭრილ შეკითხვას, დარჩებოდა თუ არა სრულყოფილი ადამიანი იეჰოვას მორჩილი, განსაკუთრებით განსაცდელების დროს. ადამმა ეს ვერ შეძლო, ვერც ევამ. მათგან განსხვავებით, იესომ ისე იცხოვრა და ისე მოკვდა, რომ ცოდვა არ ჩაუდენია. მან, იეჰოვას ქმნილებებს შორის ყველაზე დიდებულმა ქმნილებამ, საუკეთესო პასუხი გასცა წამოჭრილ კითხვას. ის მაშინაც კი ემორჩილებოდა იეჰოვას, როცა ეს ძვირად უჯდებოდა.
23—25. ა) ახსენი, რა კავშირია მორჩილებასა და ერთგულებას შორის. ბ) რაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში?
23 იეჰოვასადმი ერთგულება მორჩილებით გამოიხატება. იესომ სწორედ მორჩილებით გამოავლინა ერთგულება და ხსნა მოუტანა მთელ კაცობრიობას (რომაელები 5:19). ამიტომაც აკურთხა იეჰოვამ იესო. იეჰოვა ჩვენც გვაკურთხებს, თუ დავემორჩილებით ჩვენს უფალს, ქრისტეს, რაც „სამუდამო ხსნამდე“ მიგვიყვანს (ებრაელები 5:9).
24 ერთგულების შენარჩუნება თავისთავად კურთხევაა. იგავების 10:9-ში წერია: „უმწიკვლოდ მოსიარულე უსაფრთხოდ ივლის“. ერთგულება შეიძლება აგურით აგებულ დიდ, ლამაზ შენობას შევადაროთ, ცალკეული აგური კი — ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილ მორჩილებას. ცალკე აღებული ერთი აგური შეიძლება არაფრად მოგვეჩვენოს, მაგრამ თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მთლიანობაში ყველა აგურისგან კი დიდი, ლამაზი შენობა იგება. მსგავსად ამისა, თუ ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის გამოვავლენთ მორჩილებას, ჩვენ ერთგულების „ლამაზ შენობას“ ავაგებთ.
25 უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მორჩილების გამოვლენით ადამიანი მოთმინებას გამოიმუშავებს. მომდევნო თავში იესოს მოთმინებაზე გვექნება საუბარი.