სინაგოგა, სადაც იესო და მისი მოწაფეები ქადაგებდნენ
„დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 4:23).
სახარებებში არაერთხელაა მოხსენიებული, რომ იესო სინაგოგაში ქადაგებდა. სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში იესო მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იქნებოდა თუ კაპერნაუმში, ან ნებისმიერ სხვა ქალაქსა თუ სოფელში, ხშირად სინაგოგაში ქადაგებდა და ასწავლიდა ღვთის სამეფოზე. თავისი მსახურების შესახებ იესომ თქვა: „ყოველთვის სინაგოგასა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იუდეველები იკრიბებიან“ (იოანე 18:20).
იესოს მსგავსად, მისი მოციქულები და სხვა ქრისტიანებიც ხშირად ასწავლიდნენ იუდეველთა სინაგოგებში. როგორ სცემდნენ იუდეველები ღმერთს თაყვანს სინაგოგებში? როგორ გამოიყურებოდა იესოს დროს თაყვანისმცემლობის ადგილები?
იუდეველთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. წელიწადში სამჯერ ებრაელი მამაკაცები წმინდა ტაძარში სხვადასხვა დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში უნდა გამგზავრებულიყვნენ. მაგრამ ყოველდღიური თაყვანისმცემლობისთვის შეეძლოთ ადგილობრივ სინაგოგაში მისულიყვნენ. ასეთი სინაგოგები ბევრ ადგილას იყო, პალესტინასა თუ მის საზღვრებს გარეთ ებრაელთა დასახლებებში.
როდის დაიწყო ხალხმა ღვთის თაყვანისმცემლობა სინაგოგაში? ზოგის აზრით, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ებრაელები ბაბილონში გადაასახლეს (ძვ. წ. 607—537 წწ.) და იეჰოვას ტაძარი ნანგრევებად აქციეს, ან მას შემდეგ ცოტა ხანში, რაც ებრაელები ტყვეობიდან დაბრუნდნენ. ამ დროს მღვდელმა ეზრამ მოუწოდა ხალხს, რომ ღვთის კანონი მთელი გულით შეესწავლათ (ეზრა 7:10; 8:1—8; 10:3).
დედნის ენაზე სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „კრებას“. ასე გამოიყენებოდა ეს სიტყვა ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, „სეპტუაგინტაში“. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ შესაკრებელი ადგილის მნიშვნელობა შეიძინა, სადაც ხალხი თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდა. ახ. წ. პირველ საუკუნეში თითქმის ყველა ქალაქში, სადაც იესომ იქადაგა, იყო სინაგოგა; ზოგ ქალაქში რამდენიმე, იერუსალიმში კი ბევრი სინაგოგა იყო. როგორ გამოიყურებოდა ეს ნაგებობა?
თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მოკრძალებული ადგილი. როცა იუდეველებმა სინაგოგების აშენება დაიწყეს, ყველაზე მაღალ ადგილს ირჩევდნენ, საიდანაც შენობის წინა, მთავარი მხარე (1) იერუსალიმისკენ იქნებოდა მიქცეული. სინაგოგას საკმაოდ მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ჰქონდა, თუმცა ყოველთვის ადვილი არ იყო ასეთი ადგილის მოძებნა.
ხშირ შემთხვევაში სინაგოგა მოკრძალებული იყო და არც ბევრი ნივთებით იყო გადატვირთული. სინაგოგის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო კიდობანი (2), ხის სკივრი, რომელშიც იდო ისრაელი ერის ყველაზე დიდი განძი — წმინდა წერილების გრაგნილები. როცა ხალხი იკრიბებოდა, ხელით სატარებელ კიდობანს ისეთ ადგილას დგამდნენ, რომ ადვილად შეეტანათ უსაფრთხო ოთახში (3).
კიდობანთან ახლოს განთავსებული იყო წინა ადგილები (4), სადაც სინაგოგის წინამძღვრები და სხვა გამორჩეული სტუმრები ისხდნენ (მათე 23:5, 6). მათთვის, ვინც სიტყვით გამოდიოდა, ცენტრში იდგა ტრიბუნა (5) თავისი დასაჯდომით. შეკრებილი ხალხისთვის, დარბაზის სამ მხარეს, რომლებიც ტრიბუნისკენ იყო მიქცეული, განლაგებული იყო სკამები (6).
ჩვეულებრივ, სინაგოგას ადგილობრივი მოსახლეობა უვლიდა. სინაგოგა რომ კარგ მდგომარეობაში ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებულიყო, ყველა, მდიდარი თუ ღარიბი, იღებდა ნებაყოფლობით შესაწირავებს. როგორ სცემდნენ ღმერთს თაყვანს სინაგოგებში?
ღვთისმსახურება სინაგოგაში. ღვთისმსახურების დროს ღმერთს განადიდებდნენ, ლოცვას წარმოთქვამდნენ, წმინდა წერილებს კითხულობდნენ, ასწავლიდნენ და ქადაგებდნენ. სინაგოგაში ხმამაღლა კითხულობდნენ შემას, ებრაულ ლოცვას. ამ ებრაული სიტყვის მნიშვნელობას ერთ-ერთი ბიბლიური მუხლის პირველი სიტყვა გადმოსცემს: „მოისმინე [შემა], ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კანონი 6:4).
შემდეგ მოსეს ხელით დაწერილი ხუთწიგნეულის, თორას კითხვისა და ახსნის დრო დგებოდა (საქმეები 15:21). ამის მერე წინასწარმეტყველთა წერილებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ და ხსნიდნენ. ზოგჯერ გამომსვლელები თავიანთ გამოსვლას იესოს მსგავსად წარმართავდნენ, როგორც ეს ლუკას 4:16—21-შია აღწერილი.
რასაკვირველია, გრაგნილები, რომლებიც იესოს სინაგოგაში გამოსვლის დროს ეჭირა ხელში, არ იყო დაყოფილი თავებად და მუხლებად, როგორც ეს დღევანდელ ბიბლიებშია. წარმოიდგინეთ იესო, რომელიც მარცხენა ხელით შლის გრაგნილს, ხოლო მარჯვენა ხელით ახვევს, სანამ იმ მონაკვეთს არ იპოვის, რომლის წაკითხვაც სურს. წაკითხვის შემდეგ ის თავიდან ახვევს გრაგნილს.
ხშირად წმინდა წერილის მონაკვეთებს ებრაული დედნისეული ტექსტიდან კითხულობდნენ და არამეულზე თარგმნიდნენ, ბერძნულ ენაზე ჩატარებული ღვთისმსახურების დროს კი „სეპტუაგინტას“ იყენებდნენ.
ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. სინაგოგას თუ სხვა შენობებს, რომლებიც სინაგოგაშივე ან მის გვერდით იყო განთავსებული, იუდეველები სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ. დროდადრო იქ იმართებოდა სასამართლო, იუდეველთა თავყრილობები და სადილები სასადილო ოთახებში. ზოგჯერ სინაგოგაში მოგზაურებისთვის სასტუმრო ოთახებიც იყო გამოყოფილი.
თითოეული ქალაქის სინაგოგაში აგრეთვე განთავსებული იყო სკოლა. წარმოიდგინეთ მოსწავლეებით სავსე ოთახი, რომლებიც ცვილის დაფაზე მასწავლებლის მიერ დაწერილი დიდი ასოების კითხვას სწავლობენ. სწორედ ამ სკოლების წყალობით იყო ისრაელი ერი განათლებული და უბრალო ხალხმაც კი კარგად იცოდა წმინდა წერილები.
მიუხედავად ამისა, სინაგოგის უმთავრესი დანიშნულება ის იყო, რომ იუდეველები ღვთისმსახურებისთვის შეკრებილიყვნენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ პირველი ქრისტიანების კრებები ძალიან ჰგავდა სინაგოგაში ებრაელთა შეკრებებს. ქრისტიანული კრებების მიზანი იეჰოვას თაყვანისცემა იყო, რაც მოიცავდა ლოცვას, განმადიდებელი საგალობლების შესრულებას, ღვთის სიტყვის სხვადასხვა მონაკვეთის წაკითხვასა თუ განხილვას. მსგავსება მხოლოდ ეს არ იყო. სინაგოგაშიც და ქრისტიანულ კრებებშიც სხვადასხვა ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარებოდა; მხოლოდ მღვდლებს არ ჰქონდათ ღვთის სიტყვის კითხვისა და განხილვის პატივი; ებრაელთა შეკრებებსა თუ ქრისტიანულ კრებებს უძღვებოდნენ მამაკაცები, რომლებსაც სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრათ.
დღეს იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან იესოსა და პირველი ქრისტიანების მიერ დატოვებულ მაგალითს. მათ სამეფო დარბაზებში გამართული ქრისტიანული შეხვედრები ზოგი რამით ჰგავს სინაგოგებში შესრულებულ ღვთისმსახურებას. აღსანიშნავია, რომ მოწმეებს, როგორც ჭეშმარიტების მოყვარულებს, იგივე მიზანი აქვთ — მათ სურთ ღმერთთან დაახლოება (იაკობი 4:8).
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ეს მაკეტი პირველი საუკუნის ქალაქ გამლას სინაგოგის გეგმის მიხედვითაა გაკეთებული
[სურათი 18 გვერდზე]
სინაგოგის სკოლებში დაახლოებით 6—13 წლის ბიჭები სწავლობდნენ