თავი 13
„მამა მიყვარს“
1, 2. რა ახსნა მოციქულმა იოანემ?
მოხუცმა კაცმა კალამი მოიმარჯვა, რომ მოგონებები გაეცოცხლებინა. ეს მოხუცი იოანე იყო. იესო ქრისტეს მოციქულებიდან ისღა იყო ცოცხალი. ას წელს მიღწეულ იოანეს 70 წლის წინანდელი დაუვიწყარი საღამოც უნდა გაეხსენებინა, ის საღამო, რომელიც მან და სხვა მოციქულებმა იესოსთან ერთად გაატარეს. ღვთის წმინდა სულის დახმარებით იოანემ შეძლო მოგონებების გაცოცხლება და დეტალურად აღწერა.
2 იმ საღამოს იესომ მოციქულებს უთხრა, რომ წამებით სიკვდილი ელოდა. მხოლოდ იოანემ ახსნა, თუ რატომ ელოდა იესოს წამებით სიკვდილი. მან იესოს სიტყვები გაიხსენა: „იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან“ (იოანე 14:31).
3. რით ამტკიცებდა იესო მამისადმი სიყვარულს?
3 „მამა მიყვარს“, — თქვა იესომ. იესოსთვის მამის სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. თუმცა ხშირად როდი იმეორებდა, მამა მიყვარსო. იესომ ეს პირდაპირ მხოლოდ ერთხელ თქვა, რაც იოანეს 14:31-შია ჩაწერილი, მაგრამ მამის სიყვარულს საქმით ყოველდღიურად ამტკიცებდა. იესოს გაბედულება, მორჩილება და მოთმინება ღვთის სიყვარულზე მეტყველებდა. სწორედ სიყვარული აღძრავდა მას მსახურებისკენ.
4, 5. როგორ სიყვარულს უთმობს ბიბლია ძირითად ყურადღებას და როგორ ავლენდა იესო იეჰოვასადმი სიყვარულს?
4 შესაძლოა ზოგი ფიქრობს, რომ სიყვარული სისუსტის ნიშანია. სიტყვა „სიყვარული“ მათ შეიძლება მოაგონებდეთ სასიყვარულო ლექსებს, სიმღერებსა თუ რომანტიკული სიყვარულით ნაკარნახევ არასერიოზულ საქციელს. ბიბლიაშიც არის აღწერილი რომანტიკული სიყვარული, ოღონდ არა ისე, როგორც ეს დღეს არის მიღებული (იგავები 5:15—21). თუმცა ღვთის სიტყვაში უფრო მეტი ყურადღება სხვა სახის სიყვარულს ეთმობა. ასეთი სიყვარული არ გულისხმობს არც ვნებას და არც გატაცებას, არც მშრალი თეორიაა. ეს არის შინაგანი გრძნობა, რომელიც გულიდან და გონებიდან მოდის, მაღალზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება და საქმეებით ვლინდება. ასეთ სიყვარულს არასერიოზულ საქციელთან საერთო არაფერი აქვს. „სიყვარული არასოდეს მთავრდება“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (1 კორინთელები 13:8).
5 ოდესმე მცხოვრებთაგან არავის ჰყვარებია იეჰოვა ისე, როგორც იესოს. მასზე უკეთ არავის შეუსრულებია ღვთის უდიდესი მცნება, რომელზეც თავად იესომ მიუთითა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30). საიდან ჰქონდა იესოს ასეთი ძლიერი სიყვარული? რას აკეთებდა იმისათვის, რომ ღვთის სიყვარული არ განელებოდა? ჩვენ როგორ მივბაძოთ იესოს?
ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი სიყვარული
6, 7. საიდან ჩანს, რომ იგავების 8:22—31-ში აღწერილ სიბრძნეში ღვთის ძე იგულისხმება?
6 შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვინმესთან ერთად მუშაობდი და დამეგობრდით. ასეთ შემთხვევაში ადვილად მიხვდები, თუ როგორ განვითარდებოდა სიყვარული იეჰოვასა და მის მხოლოდშობილ ძეს შორის. ამ წიგნში ჩვენ რამდენჯერმე შევეხეთ იგავების 8:30-ს, მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ამ მუხლს თავის კონტექსტთან ერთად. 22—31-ე მუხლებში საუბარია გაპიროვნებულ სიბრძნეზე ანუ ღვთის ძეზე. საიდან ჩანს, რომ „სიბრძნეში“ ღვთის ძე იგულისხმება?
7 „სიბრძნე“ 22-ე მუხლში ამბობს: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ“. ამ მუხლში უფრო მეტი უნდა იგულისხმებოდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიბრძნე არასოდეს ‘შექმნილა’. მას დასაწყისი ვერ ექნებოდა, რადგან იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის ბრძენი იყო (ფსალმუნი 90:2). ღვთის ძე კი, „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, ღმერთმა შექმნა. ის იეჰოვას „საქმეთა შორის უპირველესია“ (კოლოსელები 1:15). ღვთის ძე ცისა და დედამიწის შექმნამდე არსებობდა, როგორც ეს იგავებშია აღწერილი. როგორც სიტყვა ანუ ღვთის სიტყვის უშუალო გადამცემი, იესო იეჰოვას სიბრძნეს განასახიერებს (იოანე 1:1).
8. რას აკეთებდა ღვთის ძე, ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა, და რისი შედეგია შემოქმედების სილამაზე?
8 რას აკეთებდა ღვთის ძე მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა? 30-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ის ღმერთს გვერდით ჰყავდა „როგორც ოსტატი“. რას ნიშნავს ეს? პასუხს კოლოსელების 1:16 იძლევა: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე . . . ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა“. ჩვენმა შემოქმედმა იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით შექმნა ყველაფერი — სულიერი ქმნილებები, უკიდეგანო სამყარო, დედამიწა, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, და შემოქმედება ადამიანის შექმნით დააგვირგვინა. მამასა და ძეს შორის თანამშრომლობა შეიძლება არქიტექტორისა და მშენებლის თანამშრომლობას შევადაროთ. მშენებელი არქიტექტორის პროექტის მიხედვით აშენებს. შემოქმედების სილამაზეც დიდებული არქიტექტორის დამსახურებაა (ფსალმუნი 19:1). თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შემოქმედისა და „ოსტატის“ ხანგრძლივი და სასიამოვნო თანამშრომლობის შედეგია.
9, 10. ა) რა აძლიერებდა იეჰოვასა და იესოს შორის ურთიერთსიყვარულს? ბ) შენ რა გაგიძლიერებს ზეციერი მამისადმი სიყვარულს?
9 როდესაც ორი არასრულყოფილი ადამიანი ერთად მუშაობს, ზოგჯერ უჭირთ, ერთმანეთს გაუგონ. იეჰოვასა და იესოს შორის კი ასე არ ყოფილა. ღვთის ძე ათასწლეულების განმავლობაში მუშაობდა მამასთან ერთად და ‘ყოველდღე ხარობდა მის წინაშე’ (იგავები 8:30). იესოს სიამოვნებდა მამასთან ურთიერთობა. თუმცა ეს გრძნობა ცალმხრივი არ ყოფილა. იესო მამას ჰბაძავდა და ბუნებრივია, მამას დაემსგავსებოდა. ამიტომაც განვითარდა მამასა და ძეს შორის სიყვარული. ასეთ სიყვარულს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი სიყვარული.
10 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შეიძლება ფიქრობ, რომ ვერასოდეს განავითარებ იეჰოვასთან ასეთ ახლო ურთიერთობას. მართალია არც ერთ ჩვენგანს არ გვიკავია ისეთი მდგომარეობა, როგორიც იესოს, მაგრამ გვაქვს იეჰოვასთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. როგორც ვიცით, მამასთან იესო თანამშრომლობამ დააახლოვა. იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენც ‘ვითანამშრომლოთ’ მასთან (1 კორინთელები 3:9). თუ იესოს მივყვებით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვას თანამშრომლები ვართ, ეს უფრო და უფრო გაგვიღრმავებს მისდამი სიყვარულს. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!
რას აკეთებდა იესო, რომ იეჰოვასადმი სიყვარული არ განელებოდა?
11—13. ა) როგორ უნდა ვუყურებდეთ სიყვარულს, და რას აკეთებდა პატარა იესო, რომ მამის სიყვარული არ განელებოდა? ბ) რით აჩვენებდა იესო, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, იეჰოვასგან ესწავლა, როგორც განკაცებამდე, ისე განკაცების შემდეგ?
11 სიყვარულს უნდა შევხედოთ როგორც ისეთ გრძნობას, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. სიყვარულს ოთახის მცენარესავით სჭირდება მოვლა, რომ გაიზარდოს და განვითარდეს. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ და არ მოვუვლით, დაჭკნება და გახმება. იესოც უფრთხილდებოდა იეჰოვას სიყვარულს და მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ არ განელებოდა მამის სიყვარული.
12 გავიხსენოთ ის შემთხვევა, როდესაც იერუსალიმის ტაძარში იესომ შეშფოთებულ მშობლებს უთხრა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკა 2:49). პატარა იესოს, ალბათ, არ ემახსოვრებოდა განკაცებამდელი ცხოვრება, მაგრამ მაინც ძლიერ უყვარდა მამა. მან იცოდა, რომ სიყვარული წმინდა თაყვანისცემით ვლინდებოდა. ამიტომ იესოსთვის მამის სახლზე უკეთესი ადგილი მთელ დედამიწაზე არ მოიძებნებოდა. იესოს არ უყვარდა იქაურობის დატოვება. თანაც, ის მხოლოდ მსმენელი არ ყოფილა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ბევრი გაეგო იეჰოვას შესახებ და თავისი აზრებიც გამოეთქვა. ეს სურვილი იესოს მხოლოდ 12 წლის ასაკში არ გასჩენია და არც ამავე ასაკში დაჰკარგვია.
13 ღვთის ძე განკაცებამდეც დიდი მონდომებით სწავლობდა. ესაიას 50:4—6 მუხლებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ თავის ძეს ასწავლა, როგორ შეესრულებინა მესიის როლი. იესომ იცოდა, რომ როგორც იეჰოვას ცხებული, სირთულეებს შეხვდებოდა, მაგრამ სწავლის სურვილი არ განელებია. განკაცების შემდეგაც, როდესაც სრულწლოვანების ასაკს მიაღწია, დიდი მონდომებით დადიოდა მამის სახლში, რომ თაყვანი ეცა მისთვის და მონაწილეობა მიეღო ხალხის სწავლებაში. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იესო ერთგულად დადიოდა ტაძარსა და სინაგოგაში (ლუკა 4:16; 19:47). იეჰოვასადმი სიყვარული რომ არ გაგვინელდეს, ჩვენც დიდი მონდომებით უნდა ვიაროთ ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას, ვიღრმავებთ მის შესახებ ცოდნას და მისდამი მადლიერებას.
14, 15. ა) რატომ უყვარდა იესოს განმარტოება? ბ) რა აჩვენებს, რომ იესოს მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და პატივს სცემდა მას?
14 მამის სიყვარული რომ არ განელებოდა, იესო ყოველთვის ლოცულობდა. მას ესმოდა განმარტოების ფასი, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული და ურთიერთობის მოყვარული იყო. მაგალითად, ლუკას 5:16-ში ვკითხულობთ: „ის კვლავ უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა განმარტოებით და ლოცულობდა“. მათეს 14:23-ში კი აღნიშნულია: „ხალხი რომ გაუშვა, მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა. თუმცა გვიანი იყო, ის იქ მარტო დარჩა“. იესოს იმიტომ კი არ უყვარდა განმარტოება, რომ ხალხთან ურთიერთობას გაურბოდა, უნდოდა, მარტო ყოფილიყო იეჰოვასთან და თავისუფლად ესაუბრა მასთან.
15 ლოცვაში იესო ზოგჯერ ამბობდა „აბბა, მამა“ (მარკოზი 14:36). იესოს დროს სიტყვა „აბბას“ ოჯახურ წრეში მამის მიმართ სითბოსა და პატივისცემის გამოსახატავად ხმარობდნენ. ეს ერთ-ერთი პირველი სიტყვა იყო, რომელსაც ბავშვი წარმოთქვამდა. ეს სიტყვა მარტო იმაზე კი არ მიუთითებდა, რომ ძეს მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არამედ იმაზეც, რომ პატივს სცემდა მამის ძალაუფლებას. ეს იესოს ლოცვებში არაერთხელ გამოვლენილა. მაგალითად, იოანეს სახარების მე-17 თავში ჩაწერილია იესოს მიერ ბოლო ღამეს წარმოთქმული ხანგრძლივი და გულმხურვალე ლოცვა. მნიშვნელოვანია, ამ ლოცვის სიტყვებს დავუკვირდეთ და, ამავე დროს, ვეძებოთ ლოცვისთვის შესაძლებლობები, რომ რაც შეიძლება ხშირად ვესაუბროთ ჩვენს ზეციერ მამას, ოღონდ არა იესოს სიტყვების გამეორებით, არამედ გულიდან გამომდინარე სიტყვებით. თუ ასე მოვიქცევით, არ გაგვინელდება ღვთის სიყვარული.
16, 17. ა) როგორ გამოხატავდა იესო მამისადმი სიყვარულს სიტყვებით? ბ) როგორ ამახვილებდა იესო ყურადღებას მამის გულუხვობაზე?
16 როგორც აღვნიშნეთ, იესო წამდაუწუმ არ იმეორებდა, მამა მიყვარსო, თუმცა მამისადმი სიყვარული სხვა სიტყვებით არაერთხელ გამოუხატავს. მაგალითად: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე“ (მათე 11:25). როგორც წიგნის მე-2 ნაწილიდან დავინახეთ, იესო ხალხს მამას აცნობდა, რითაც განადიდებდა მას. მან იეჰოვა შეადარა ისეთ მამას, რომელიც მზად იყო, ეპატიებინა თავნება შვილისთვის. შორიდანაც რომ მოეკრა თვალი მომნანიებელი შვილისთვის, მაშინვე გაიქცეოდა და გადაეხვეოდა (ლუკა 15:20). იგავიდან ჩანს, თუ რამდენად მოსიყვარულე და მიმტევებელი ღმერთია იეჰოვა. შეიძლება წაიკითხო ეს იგავი და გრძნობები არ აღგეძრას?!
17 იესო ხშირად მამას გულუხვობისთვის განადიდებდა. მან არასრულყოფილი მშობლების მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი ზეციერი მამა მოგვცემს წმინდა სულს, როდესაც ვთხოვთ (ლუკა 11:13). იესო იმაზეც საუბრობდა, თუ რა იმედს იძლევა იეჰოვა. მაგალითად, თვითონ ზეცაში დაბრუნება და მამის გვერდით ყოფნა ელოდა (იოანე 14:28; 17:5). მან ის იმედიც მოიხსენია, რომელიც იეჰოვამ ქრისტეს „მცირე სამწყსოს“ მისცა, რომ ზეცაში იქნებოდნენ და მესიასთან ერთად იმეფებდნენ (ლუკა 12:32; იოანე 14:2). იესომ მომაკვდავი ბოროტმოქმედი კი სამოთხეში ცხოვრების იმედით ანუგეშა (ლუკა 23:43). იეჰოვას გულუხვობაზე საუბარი უეჭველად დაეხმარებოდა იესოს, რომ არ განელებოდა მისდამი სიყვარული. ქრისტეს ბევრმა მიმდევარმა დაინახა, რომ იმაზე მეტად არაფერი უღრმავებთ იეჰოვასადმი სიყვარულსა და რწმენას, ვიდრე ღვთისა და იმ იმედის შესახებ საუბარი, რომელსაც თავად ღმერთი აღუთქვამს თავის ხალხს.
მიჰბაძავ იესოს იეჰოვასადმი სიყვარულში?
18. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ იესოს მივყვეთ, და რატომ?
18 იესოს რომ მივყვეთ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით (ლუკა 10:27). ასეთი სიყვარული მხოლოდ ძლიერი გრძნობებით კი არ იზომება, არამედ საქმეებით. იესო მამის სიყვარულის მხოლოდ შეგრძნებით არ კმაყოფილდებოდა და, როგორც აღვნიშნეთ, არც მხოლოდ სიტყვით ამბობდა, მამა მიყვარსო. მან თქვა: „იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“ (იოანე 14:31). სატანის მტკიცებით, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა უანგარო სიყვარულით ემსახურა იეჰოვასთვის (იობი 2:4, 5). ამგვარ ცილისწამებაზე სატანისთვის საკადრისი პასუხი რომ გაეცა, იესომ მთელ ქვეყნიერებას დაანახვა, თუ რა ძლიერ უყვარდა მამა. მამის მორჩილი რომ ყოფილიყო, იესომ სიცოცხლეც კი გასწირა. შენ თუ მიჰყვები იესოს? შენ თუ დაანახვებ ქვეყნიერებას, რომ მართლა გიყვარს იეჰოვა ღმერთი?
19, 20. ა) რა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო უნდა ვესწრებოდეთ ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად? ბ) რის საშუალებას იძლევა პირადი შესწავლა, ფიქრი და ლოცვა?
19 ჩვენში ჩადებულია ასეთი სიყვარულის გამოვლენის მოთხოვნილება. იეჰოვამ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ მისდამი თაყვანისცემით სიყვარული გაგვძლიერებოდა. გახსოვდეს, ქრისტიანულ შეხვედრებს იმიტომ ესწრები, რომ იეჰოვას სცე თაყვანი. ამისათვის საჭიროა მოისმინო ლოცვა, იმღერო სადიდებელი, ყურადღებით მოუსმინო პროგრამას და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღო. ასეთი შეხვედრები თანამორწმუნეების გამხნევების შესაძლებლობასაც იძლევა (ებრაელები 10:24, 25). თუ ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრები და თაყვანს სცემ იეჰოვას, მისდამი სიყვარული გაგიღრმავდება.
20 იგივე შეიძლება ითქვას პირად შესწავლაზე, ფიქრსა და ლოცვაზე, რაც იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის საშუალებას იძლევა. იეჰოვა თავის აზრებს გიზიარებს, როდესაც ღვთის სიტყვას სწავლობ და ფიქრობ. ლოცვის დროს გულს უშლი ღმერთს. გახსოვდეს, რომ ლოცვა მხოლოდ რაიმეს თხოვნას არ ნიშნავს. ლოცვა კურთხევებისთვის მადლიერების გამოხატვისა და სასწაულებრივი საქმეებისთვის ღვთის განდიდების შესაძლებლობაცაა (ფსალმუნი 146:1). გარდა ამისა, სიხარულითა და ენთუზიაზმით იეჰოვას სახალხოდ განდიდება მადლიერებისა და სიყვარულის დამტკიცების საუკეთესო საშუალებაა.
21. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გვიყვარდეს იეჰოვა, და რას განვიხილავთ მომდევნო თავებში?
21 უსასრულო ბედნიერებისთვის ღვთის სიყვარულია აუცილებელი. ასეთი სიყვარული უნდა განევითარებინათ ადამსა და ევას, რომ მარადიულად ეცხოვრათ. სწორედ ღვთის სიყვარული შეგვაძლებინებს, გავუძლოთ რწმენის ნებისმიერ გამოცდას, ვძლიოთ ნებისმიერ ცდუნებას და გადავლახოთ ნებისმიერი განსაცდელი. ღვთის სიყვარული იმისთვისაც არის აუცილებელი, რომ ქრისტეს მივყვეთ. რა თქმა უნდა, ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულსაც გულისხმობს (1 იოანე 4:20). მომდევნო თავებიდან დავინახავთ, თუ რით გამოხატავდა იესო ხალხისადმი სიყვარულს. შემდეგ თავში კი ვნახავთ, თუ რატომ გრძნობდა მასთან ხალხი თავს თავისუფლად.