თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ განსაცდელებს
ამ მძიმე დროში ბევრი სერიოზულ სირთულეებს ხვდება. მათთან გამკლავებაში ქრისტიანებს ეხმარება ღვთის სიყვარული და მისი პრინციპებისადმი ერთგულება. როგორ? იესო ქრისტეს მიერ მოყვანილი ერთი მაგალითი ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან თავისი ერთგული მოწაფეები შეადარა „გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“. იესო განაგრძობს: „დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული“ (მათე 7:24, 25).
თუმცა ეს კაცი გონიერი იყო, განსაცდელებს მაინც შეხვდა; ეს განსაცდელები წვიმას, ნიაღვარსა და გამანადგურებელ ქარს არის შედარებული. ამგვარად, იესო არ ამბობდა, რომ მისი მოწაფეები ყველა პრობლემისგან იქნებოდნენ დაზღვეულნი და მშვიდად, უდარდელად იცხოვრებდნენ (ფსალმუნი 34:19; იაკობი 4:13—15). მაგრამ იესოს სიტყვების თანახმად, ღვთის ერთგულ მსახურებს შეუძლიათ განსაცდელებს მომზადებულები შეხვდნენ.
იესო ამ მაგალითს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“. ცხადია, იესო პირდაპირი გაგებით სახლის შენებას არ გულისხმობდა. მას ქრისტიანული ცხოვრება ჰქონდა მხედველობაში. ვინც ქრისტეს სიტყვებს ითვალისწინებს, გამჭრიახობასა და საზრიანობას ავლენს. ასეთი ადამიანი იყენებს ნასწავლს და, ამგვარად, ქრისტეს მტკიცე სწავლებებზე აგებს საკუთარ ცხოვრებას. საინტერესოა, რომ ეს სიმბოლური „კლდოვანი ადგილი“ მიწის ზედაპირზე არა ჩანს. მაგალითში მოხსენიებულმა მამაკაცმა საძირკველი ღრმად გათხარა (ლუკა 6:48). იესოს მოწაფეები ძალ-ღონეს არ იშურებენ „გამძლე“ თვისებების განსავითარებლად, რომლებიც მათ ღმერთთან აახლოებს (მათე 5:5—7; 6:33).
როგორ იქცევიან იესოს მიმდევრები, როცა განსაცდელების დროს მათი რწმენის სიმტკიცე იცდება? ისინი მზადყოფნით ემორჩილებიან იესოს სწავლებას და ქრისტიანულ თვისებებს ავლენენ, რაც მათ ძალას აძლევს სირთულეების გადასალახავად; რაც ყველაზე მთავარია, ეს მათ კარსმომდგარი არმაგედონის დროს დაეხმარება (მათე 5:10—12; გამოცხადება 16:15, 16). ვინც ქრისტეს მოძღვრების შესაბამისად ცხოვრობს, წარმატებით უძლებს დიდ განსაცდელებს (1 პეტრე 2:21—23).