მიჰბაძეთ მათ რწმენას | მაგდალელი მარიამი
„უფალი ვნახე“
მარიამი ცრემლმორეული შეჰყურებდა ცას. მისი უფალი ძელზე ეკიდა. გაზაფხული იყო, შუადღე, თუმცა „მთელ მიწაზე სიბნელე“ ჩამოწოლილიყო (ლუკა 23:44, 45). ეს არ იყო ჩვეულებრივი მზის დაბნელება, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება; სიბნელე სამი საათი გაგრძელდა. მარიამმა მოსასხამი მხრებზე მოიხვია და გვერდით მდგომ ქალს მიეკრა. მარიამს და ირგვლივ მყოფებს შესაძლოა იმ ცხოველების ხმაც შემოესმათ, რომელთა ხმაც დღისით იშვიათად თუ ისმის. ხალხი ძალიან შეშინდა; ზოგიერთებმა ქრისტეზე თქვეს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მათე 27:54). იესოს მიმდევრებმაც და სხვებმაც შესაძლოა დაასკვნეს, რომ ეს იყო ნიშანი იეჰოვასგან, რომელმაც მწუხარება და ბრაზი ასეთი სახით გამოხატა თავისი ძის სასტიკი მკვლელობის გამო.
მაგდალელი მარიამისთვის ადვილი არ იქნებოდა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ იქაურობა მაინც არ დაუტოვებია (იოანე 19:25, 26). იესო ენით აუწერელ ტკივილს გრძნობდა. ნუგეში და გვერდში დგომა დედამისსაც სჭირდებოდა.
იმ ყველაფრის მერე, რაც იესომ მარიამისთვის გააკეთა, ის ფიქრობდა, რომ ვალში იყო ქრისტესთან და მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა მისთვის. იესომ ძირფესვიანად შეცვალა ამ ერთ დროს განადგურებული და გასაცოდავებული ქალის ცხოვრება; ღირსება დაუბრუნა ამ დაჩაგრულ ქალს და მის ცხოვრებას აზრი შესძინა. მარიამმა გასაოცარი რწმენა განივითარა. როგორ მოხდა ეს და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?
„თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“
ბიბლიაში მაგდალელი მარიამის შესახებ თხრობა იმ ამბის აღწერით იწყება, როცა იესომ ანუგეშა ის და გაათავისუფლა საშინელი პრობლემებისგან. იმ პერიოდში ისრაელში ბევრი დემონით შეპყრობილი ადამიანი ცხოვრობდა; ბოროტი სულები ხშირად ესხმოდნენ თავს ადამიანებს, მათში შედიოდნენ და მართავდნენ. ჩვენთვის უცნობია, რა სახის გავლენის ქვეშ იყო მარიამი დემონების მხრიდან, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით, რომ ამ საწყალი ქალისგან იესომ შვიდი დემონი განდევნა, შვიდი ბოროტი სული. მისი წყალობით მარიამი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდა ბოროტი ძალებისგან (ლუკა 8:2).
ამ განუზომელი სიკეთის შემდეგ მარიამს სრულიად ახალი ცხოვრება ელოდა წინ. როგორ შეეძლო მას მადლიერების გამოვლენა? ის იესოს ერთგული მიმდევარი გახდა და როცა ხედავდა, რომ იესოს და მის მოწაფეებს რამე სჭირდებოდათ, იქნებოდა ეს საჭმელი, ტანსაცმელი თუ ღამის გასათევი, ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. ქრისტე და მისი მოწაფეები არ იყვნენ მდიდრები; გარდა ამისა, არცერთი მათგანი არ მუშაობდა; ამიტომ მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, ქადაგებისა და სწავლების საქმე რომ სათანადოდ შეესრულებინათ.
მარიამი, სხვა ქალებთან ერთად, ზრუნავდა მათ მატერიალურ საჭიროებებზე. ბიბლიაში წერია, რომ „ქალები ... თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ იესოს და მის მოწაფეებს (ლუკა 8:1, 3). როგორც ჩანს, ზოგი ქალი შეძლებული იყო. ბიბლიაში არ წერია, უმზადებდნენ თუ არა ისინი მათ საჭმელს, ურეცხავდნენ თუ არა ტანსაცმელს და ზრუნავდნენ თუ არა მათ დაბინავებაზე, როცა ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ისინი სიხარულით აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ ამ „მოგზაურების“ მხარდასაჭერად, რომელთა რიცხვიც ალბათ 20-მდე იქნებოდა. ერთგული ქალების გვერდში დგომა დიდად წაადგებოდა იესოსა და მის მოციქულებს, მთელი ყურადღება სამქადაგებლო საქმეზე რომ გადაეტანათ. რა თქმა უნდა, მარიამმა კარგად იცოდა, რომ ვერასოდეს გადაუხდიდა იესოს იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა, მაგრამ სიხარულით აკეთებდა იმას, რაც შეეძლო!
დღეს შეიძლება ბევრი ზემოდან დაჰყურებს მათ, ვინც სხვებს ემსახურება. მაგრამ ღმერთს განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე. წარმოიდგინეთ, როგორ ესიამოვნებოდა იეჰოვას იმის დანახვა, რომ მაგდალელი მარიამი ყველაფერს აკეთებდა იესოსა და მისი მოციქულების დასახმარებლად! დღესაც ბევრი ერთგული ქრისტიანი თავმდაბლად ემსახურება სხვებს. ზოგჯერ საქმით, ზოგჯერ კი უბრალოდ ტკბილი სიტყვითაც შეიძლება კარგი საქმის კეთება. იეჰოვა დიდად აფასებს ასეთ მსხვერპლს (იგავები 19:17; ებრაელები 13:16).
„იესოს წამების ბოძთან“
მაგდალელი მარიამი ერთ-ერთი იყო იმ ქალებიდან, რომლებიც ახ. წ 33 წელს იესოს ახლდნენ იერუსალიმში (მათე 27:55, 56). მარიამს უდავოდ თავზარს დასცემდა იმის გაგება, რომ იესო შეიპყრეს და მას მთელი ღამე ასამართლებდნენ. მეორე დღეს კიდევ უფრო შემაძრწუნებელი რამ მოხდა. იუდეველი რელიგიური წინამძღოლების გავლენაში მოქცეულმა პონტიუს პილატემ და ბრბომ იესოს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. ის ძელზე უნდა ჩამოეკიდათ. მარიამმა ალბათ საკუთარი თვალით დაინახა, როგორი წვალებით მიათრევდა დასისხლიანებული და ძალაგამოცლილი უფალი თავისივე საწამებელ გრძელ ბოძს (იოანე 19:6, 12, 15—17).
როდესაც იესო ძელზე გააკრეს, ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა, თუმცა შუადღე იყო. მაგდალელი მარიამი და სხვა ქალები „იესოს წამების ბოძთან იდგნენ“ (იოანე 19:25). მარიამმა, რომელიც ბოლომდე იქ დარჩა, დაინახა და მოისმინა, როგორ სთხოვა იესომ თავის საყვარელ მოციქულ იოანეს, ეზრუნა დედამისზე. მან აგრეთვე მოისმინა, როგორ შეღაღადებდა უდიდეს ტანჯვაში მყოფი იესო მამას და მოისმინა, მისი ბოლო ამოძახილიც — „შესრულდა!“ ამ ყველაფრის შემდეგ მარიამი უთუოდ დიდ ტკივილს იგრძნობდა. როგორც ჩანს, ის იესოს სიკვდილის შემდეგაც დიდხანს დარჩა იქ. მოგვიანებით, როცა ერთმა მდიდარმა კაცმა, იოსებ არიმათეელმა, იესოს ცხედარი ახალ სამარხში დაასვენა, მარიამი იქაც დიდხანს დარჩა (იოანე 19:30; მათე 27:45, 46, 57—61).
მარიამის მაგალითი შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი თანამორწმუნეები მძიმე განსაცდელებს ხვდებიან. შეიძლება ჩვენ ვერ ავარიდოთ მათ თავიდან ტრაგედია ან ტკივილი, მაგრამ მათი თანაგრძნობა და გამხნევება ნამდვილად შეგვიძლია. მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ გაჭირვებაში მეგობარი გიდგას გვერდით. თუ მეგობარს გასაჭირში არ მიატოვებ, ცხადყოფ, რომ დიდი რწმენა გაქვს. ამას წარმოუდგენლად დიდი შვების მოტანა შეუძლია მეგობრისთვის (იგავები 17:17).
„მე წამოვიღებ“
მას შემდეგ, რაც იესოს ცხედარი სამარხში დაასვენეს, მარიამმა და სხვა ქალებმა სურნელოვანი ნელსაცხებლები იყიდეს, რათა უფლისთვის ეცხოთ (მარკოზი 16:1, 2; ლუკა 23:54—56). მეორე დღეს, შაბათის დასრულების შემდეგ, ის ადრიანად ადგა. წარმოიდგინეთ, როგორ მიდის მარიამი სხვა ქალებთან ერთად იესოს საფლავისკენ მიმავალ ბნელ ქუჩებში. გზაში ისინი იმაზე ფიქრობენ, როგორ გადააგორებენ სამარხის შესასვლელზე მიფარებულ უშველებელ ლოდს (მათე 28:1; მარკოზი 16:1—3). თუმცა ამას არ უშინდებიან! როგორც ჩანს, ისინი რწმენით მოქმედებენ და დანარჩენს იეჰოვას ანდობენ.
როგორც ჩანს, მარიამმა სხვებს მიასწრო სამარხთან მისვლა. ის გააოგნა იქ ნანახმა. ლოდი გადაგორებული იყო, სამარხი კი — ცარიელი! მარიამი გაიქცა, რომ ეს ამბავი პეტრესთვის და იოანესთვის ეცნობებინა. წარმოიდგინეთ, როგორი სუნთქვაშეკრული ეტყოდა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს“. პეტრემ და იოანემ სამარხთან მიირბინეს და ნახეს, რომ ნამდვილად ცარიელი იყო (იოანე 20:1—10).a
მარიამი საფლავთან დაბრუნდა და გარკვეულ ხანს მარტო დარჩა იქ. დილის სიჩუმემ და სამარესთან დასადგურებულმა მდუმარებამ ის უფრო მეტად დათრგუნა; მან ცრემლები ვეღარ შეიკავა და აქვითინდა; დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა; ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ უფალი იქ აღარ იყო. მოულოდნელად თავზარი დაეცა — თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი დაინახა! „რატომ ტირი?“— ჰკითხეს მათ. გაოგნებულმა, მათაც იგივე პასუხი გასცა, რაც მოციქულებს: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს“ (იოანე 20:11—13).
მარიამი შემობრუნდა და მოულოდნელად უცხო კაცი დაინახა. ვერ იცნო და დაასკვნა, რომ მებაღე იყო, რომელიც იქაურობას უვლიდა. კაცმა თბილად ჰკითხა მას: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“ მარიამმა მიუგო: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“ (იოანე 20:14, 15). დაფიქრდით მარიამის სიტყვებზე. შეძლებდა კი იესოს ცხედრის წამოღებას მარტო? ის ხომ საკმაოდ მძიმე იქნებოდა?! მარიამს ამაზე არც უფიქრია. მან უბრალოდ იცოდა, რომ ყველაფერი უნდა ეღონა, რაც შეეძლო.
როდესაც მწუხარება და განსაცდელები ძალებს გვაცლის და გვგონია, რომ მეტის ატანა აღარ შეგვიძლია, ამ დროს კარგი იქნება, თუ მარიამს გავიხსენებთ. თუ მხოლოდ ჩვენს სისუსტეებსა და შეზღუდულ მდგომარეობაზე გვექნება ყურადღება გადატანილი, შეიძლება შიშმა და გაურკვევლობამ უმოქმედოები გაგვხადოს. მაგრამ თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რის ძალაც შეგვწევს და დანარჩენს ღმერთს მივანდობთ, იმაზე მეტს შევძლებთ, ვიდრე წარმოგვიდგენია (2 კორინთელები 12:10; ფილიპელები 4:13). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვას გულს გავუხარებთ. ეს ასე მოხდა მარიამის შემთხვევაშიც, რის გამოც ღმერთმა ის იმაზე მეტად აკურთხა, ვიდრე წარმოედგინა.
„უფალი ვნახე!“
კაცი, რომელიც მარიამის წინ იდგა, სულაც არ იყო მებაღე. ის ერთ დროს დურგალი იყო, შემდეგ მასწავლებელი, ბოლოს კი მარიამის საყვარელი უფალი გახდა. მაგრამ მარიამმა ვერ იცნო იგი. მას ვერ წარმოედგინა, რომ იესო უკვე აღდგა, როგორც ძლევამოსილი სულიერი პიროვნება. იესო მარიამს ხორციელი სხეულით გამოეცხადა, მაგრამ არა იმ სხეულით, რომლითაც ეწამა. აღდგომის შემდეგ იესოს ხშირად ისინიც კი ვერ ცნობდნენ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა (ლუკა 24:13—16; იოანე 21:4).
როგორ მიახვედრა იესომ მარიამი, რომ მისი უფალი იყო? მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა: „მარიამ!“ ქალი მაშინვე შემობრუნდა და ჩვეული ებრაული სიტყვა წამოიძახა: „რაბუნი!“ მარიამს ალბათ არაერთხელ მიუმართავს იესოსთვის ასე. ეს მისი საყვარელი მოძღვარი იყო. ის უთუოდ სიხარულისგან ცას ეწეოდა. მარიამი ჩაებღაუჭა იესოს და აღარ უნდოდა მისი გაშვება (იოანე 20:16).
იესომ იცოდა მისი ფიქრები. „გამიშვი ხელი“ — უთხრა მან. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა რბილად და თავაზიანად ეტყოდა იესო მარიამს ამ სიტყვებს და როგორ თბილად გააშვებინებდა ხელს. მან დაარწმუნა ის: „ჯერ არ ავსულვარ მამასთან“. დიახ, იესოს ზეცაში წასვლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი; მას ჯერ კიდევ ჰქონდა საქმე დედამიწაზე და სურდა, რომ მარიამიც დახმარებოდა რაღაცაში. მარიამი დიდი ყურადღებით უსმენდა უფალს, რომელმაც უთხრა: „წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17).
აი, დავალებაც ამას ჰქვია! მარიამი ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო, ვინც მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა და იმის პატივიც ხვდა წილად, რომ ეს სასიხარულო ამბავი სხვებისთვის ეუწყებინა. წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინედ დაიწყებდა ის მოწაფეების ძებნას და როგორი სუნთქვაშეკრული გადასცემდა მათ სიტყვებს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გონებაში უტრიალებდა: „უფალი ვნახე“. წარმოიდგინეთ, როგორი ემოციებით ეტყოდა იესოს თითოეულ სიტყვას მოწაფეებს (იოანე 20:18). მისი მონაყოლი შეავსებდა იმ ქალების მონაყოლს, რომელთაც თქვეს, რომ იესოს საფლავი ცარიელი ნახეს (ლუკა 24:1—3, 10).
„არ დაუჯერეს ქალებს“
რა რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე კაცებს? თავიდან არც თუ ისე სახარბიელო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათ კი ეს სიტყვები უაზრობად მოეჩვენათ და არ დაუჯერეს ქალებს“ (ლუკა 24:11). ისინი ისეთ საზოგადოებაში იყვნენ აღზრდილები, სადაც ქალის სიტყვას არავინ აფასებდა; რაბინების ტრადიციის მიხედვით, ქალს სასამართლოში ჩვენების მიცემაც კი არ შეეძლო. მოციქულები შესაძლოა იმაზე მეტად იყვნენ ადგილობრივი კულტურის გავლენის ქვეშ, ვიდრე თავად წარმოედგინათ. მაგრამ არც იესოს და არც იეჰოვას არ ჰქონდათ ასეთი შეხედულება. მართლაც, რამხელა პატივი არგუნეს მათ ამ ერთგულ ქალს!
მარიამი არ განაწყენებულა მოციქულების რეაქციაზე. მან იცოდა, რომ მისი ბატონი ენდობოდა მას და ეს საკმარისი იყო მისთვის. დღესაც იესომ ყველა თავის მიმდევარს მიანდო ცნობა, რომელიც უნდა გადასცენ სხვებს. ბიბლია ამ ცნობას უწოდებს „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). იესოს არ უთქვამს თავისი მიმდევრებისთვის, რომ ყველა ირწმუნებდა ამ ცნობას და ყველა დააფასებდა მათ საქმეს. პირიქით (იოანე 15:20, 21). ასე რომ, ქრისტიანები ხშირად უნდა ფიქრობდნენ მაგდალელი მარიამის მაგალითზე. მიუხედავად მისი სულიერი ძმების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, იგი სიხარულით აუწყებდა სასიხარულო ცნობას ქრისტეს აღდგომის შესახებ.
მოგვიანებით, იესო გამოეცხადა მოციქულებს, შემდეგ კი სხვადასხვა დროს — თავის სხვა მიმდევრებს. ერთხელ ის თავის 500-ზე მეტ მიმდევარს ეჩვენა (1 კორინთელები 15:3—8). მარიამის რწმენა უდავოდ გაიზრდებოდა, როცა მოისმენდა ან საკუთარი თვალით იხილავდა თითოეულ ასეთ შემთხვევას. შესაძლოა ის ერთ-ერთი იყო იმ ქალთაგან, რომლებიც იერუსალიმში გამართულ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იყვნენ შეკრებილნი, სადაც იესოს მიმდევრებზე წმინდა სული გადმოვიდა (საქმეები 1:14, 15; 2:1—4).
შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მაგდალელმა მარიამმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება. მოდი, თითოეულმა ჩვენგანმა მივბაძოთ მას! ჩვენ შევძლებთ ამას, თუ მივენდობით ღმერთს, მადლიერები ვიქნებით იმ უამრავი სიკეთისთვის, რაც იესომ გაგვიკეთა და თავმდაბლად მოვემსახურებით სხვებს.
a როგორც ჩანს, მარიამმა მანამ დატოვა სამარხი, სანამ ანგელოზი სხვა ქალებს გამოეცხადებოდა და იესოს აღდგომის შესახებ ამცნობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამი აუცილებლად ეტყოდა პეტრესა და იოანეს, რომ ანგელოზი ნახა და მისგან გაიგო, რატომ აღარ იყო იესოს ცხედარი იქ (მათე 28:2—4; მარკოზი 16:1—8).