სასწავლო სტატია 10
იეჰოვასადმი სიყვარული და მადლიერება მონათვლისკენ აღგძრავთ
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (საქ. 8:36).
სიმღერა 37 მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას
მოკლე შინაარსიa
1, 2. როგორც საქმეების 8:27—31, 35—38-დან ჩანს, რამ უბიძგა ეთიოპ საჭურისს მონათვლისკენ?
გსურთ, მოინათლოთ და ქრისტეს მოწაფე გახდეთ? ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბევრს იეჰოვასადმი სიყვარულმა და მადლიერებამ უბიძგა. განვიხილოთ ერთი მამაკაცის მაგალითი, რომელიც ეთიოპიის დედოფლის სამეფო კარზე მსახურობდა.
2 ეთიოპი საჭურისი მაშინვე მოინათლა, როგორც კი წმინდა წერილებიდან ამის აუცილებლობა დაინახა (წაიკითხეთ საქმეების 8:27—31, 35—38). რამ აღძრა ის ნათლობისკენ? ეთიოპი აფასებდა ღვთის სიტყვას; ეს იქიდან გამოჩნდა, რომ იერუსალიმიდან სამშობლოსკენ მიმავალი ეტლში ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა. ფილიპესთან საუბრის შემდეგ ეთიოპს მადლიერების გრძნობა გაუჩნდა იმ ყველაფრის გამო, რაც იესომ მისთვის გააკეთა. რატომ გადაწყვიტა ამ მამაკაცმა იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად ჩასვლა? ამისკენ ის იეჰოვას სიყვარულმა აღძრა. როგორც ჩანს, ეთიოპმა მამაპაპისეულ მრწამსზე უარი თქვა, რათა იეჰოვასთვის მისადმი მიძღვნილ ხალხთან ერთად ეცა თაყვანი. სწორედ იეჰოვასადმი სიყვარულმა გადაადგმევინა მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი — მონათლულიყო და ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო (მათ. 28:19).
3. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ადამიანს მონათვლაში? (იხილეთ ჩარჩო „როგორ ნიადაგს ჰგავს თქვენი გული?“)
3 იეჰოვასადმი სიყვარულს შეუძლია მონათვლისკენ აღგძრათ, თუმცა სიყვარულმა შეიძლება ხელიც კი შეგიშალოთ ამ ნაბიჯის გადადგმაში. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? ბუნებრივია, გიყვართ თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებიან და შესაძლოა შიშობთ, რომ თუ მოინათლებით, ზურგს შეგაქცევენ (მათ. 10:37). ან შეიძლება გიჭირთ ცუდი ჩვევების მოშორება, რადგან გულის სიღრმეში ჯერ კიდევ გიყვართ ის, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმ. 97:10). შესაძლოა ყოველთვის ოჯახთან ერთად აღნიშნავდით იმ დღესასწაულებს, რომლებიც ცრუ თაყვანისმცემლობას უკავშირდება. თუ ამ დღესასწაულების აღნიშვნა თქვენთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, შეიძლება გაგიჭირდეთ ღვთისთვის საძულველი წეს-ჩვეულებების მიტოვება (1 კორ. 10:20, 21). ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ვის ან რას ეკავება თქვენს გულში უმთავრესი ადგილი.
ვინ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად
4. უმთავრესად რამ უნდა აღგძრათ ნათლობისკენ?
4 სანამ იეჰოვას მოწმეებთან შესწავლას დაიწყებდით, შესაძლოა ბიბლიას წმინდა წიგნად მიიჩნევდით და გიყვარდათ იესო. შეიძლება მოგწონთ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მთავარი აღმძვრელი ძალა ღვთის სიყვარულია. თუ იეჰოვა ყველაზე მეტად გეყვარებათ, არავის და არაფერს დართავთ ნებას, მისადმი მსახურებაში ხელი შეგიშალოთ. იეჰოვას სიყვარული აღგძრავთ, მოინათლოთ და მას ნათლობის შემდეგაც ერთგულად ემსახუროთ.
5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
5 იესომ თქვა, რომ იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით უნდა გვიყვარდეს (მარ. 12:30). როგორ შეგიძლიათ შეიყვაროთ იეჰოვა? თუ დაფიქრდებით, რა ძლიერ უყვარხართ ღმერთს, სურვილი გაგიჩნდებათ, მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოთ (1 იოან. 4:19). ამ სტატიიდან გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ იეჰოვასადმი სიყვარული განივითაროთ და მოინათლოთ.
6. რომაელების 1:20-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია იეჰოვას შესახებ მეტი გავიგოთ?
6 შემოქმედებაზე დაკვირვებით მეტი გაიგეთ იეჰოვას შესახებ (წაიკითხეთ რომაელების 1:20; გამოცხ. 4:11). დააკვირდით მცენარეებსა და ცხოველებს. დაფიქრდით, როგორ მეტყველებს შემოქმედება იეჰოვას სიბრძნეზე. ეცადეთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა საოცრად არის შექმნილი ადამიანის სხეული (ფსალმ. 139:14). წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგიით უზრუნველყო იეჰოვამ მზე, რომელიც ერთ-ერთია მილიარდობით ვარსკვლავს შორისb (ეს. 40:26). შემოქმედებაზე ფიქრი იეჰოვასადმი მოწიწებას ჩაგინერგავთ. ცხადია, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ბრძენი და ძლიერი ღმერთია, მაგრამ მისადმი სიყვარულის განსავითარებლად უფრო მეტია საჭირო.
7. რაში უნდა დარწმუნდეთ, იეჰოვასადმი სიყვარული რომ გაიძლიეროთ?
7 დარწმუნდით, რომ იეჰოვას უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე. ხომ არ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ცისა და დედამიწის შემოქმედი გამჩნევთ და თქვენ მიმართ მზრუნველობას იჩენს? გახსოვდეთ, რომ იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:26—28). როგორც დავითმა უთხრა სოლომონს, „იეჰოვა გულებს იკვლევს“ და თუ ძებნას დაუწყებთ მას, თავს გაპოვნინებთ (1 მატ. 28:9). ის ფაქტი, რომ ბიბლიას სწავლობთ, იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვამ თავისკენ მიგიზიდათ (იერ. 31:3). რაც უფრო მეტს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა გააკეთა იეჰოვამ თქვენთვის, მით უფრო გაგიძლიერდებათ მისადმი სიყვარული.
8. როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იეჰოვას სიყვარულისთვის?
8 ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას სიყვარულისთვის. ზეციერ მამას უფრო მეტად შეიყვარებთ, თუ მას საწუხარს გაანდობთ და მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. როცა დაინახავთ, როგორ გპასუხობთ იეჰოვა ლოცვებზე, მას უფრო დაუახლოვდებით და დარწმუნდებით, რომ მას ესმის თქვენი (ფსალმ. 116:1). თუმცა იეჰოვასთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანია, ჩასწვდეთ მის აზროვნებას და იცოდეთ, რას მოელის ის თქვენგან. ამის გაგება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის შესწავლით არის შესაძლებელი.
9. რით ცხადყოფთ, რომ აფასებთ ღვთის სიტყვას?
9 დააფასეთ ღვთის სიტყვა. ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც იეჰოვასა და მისი განზრახვის შესახებ გვიმჟღავნებს. თუ ყოველდღე წაიკითხავთ ღვთის სიტყვას, საფუძვლიანად მოემზადებით შესწავლისთვის და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ, ცხადყოფთ, რომ აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ამ საჩუქარს (ფსალმ. 119:97, 99; იოან. 17:17). გაქვთ ბიბლიის კითხვის გეგმა? მიჰყვებით ამ გეგმას და ყოველდღე კითხულობთ ღვთის სიტყვას?
10. რატომ არის ბიბლია განსაკუთრებული წიგნი?
10 ბიბლიის ერთ-ერთი უნიკალური თავისებურება ისაა, რომ მასში აღწერილი იესოს ცხოვრება თვითმხილველების ნაამბობს ეფუძნება. ის ერთადერთი წიგნია, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გადმოგვცემს იმის შესახებ, თუ რა გააკეთა იესომ თითოეული ჩვენგანისთვის. თუ იესოს სიტყვებსა და საქმეებზე დაფიქრდებით, მასთან დამეგობრების სურვილი გაგიჩნდებათ.
11. როგორ შეგიძლიათ განივითაროთ იეჰოვასადმი სიყვარული?
11 შეიყვარეთ იესო. თუ იესო გეყვარებათ, იეჰოვასაც შეიყვარებთ. რატომ ვამბობთ ამას? იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს (იოან. 14:9). იესოს შესახებ მეტის გაგება დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ იეჰოვას აზროვნებას და უფრო დაუახლოვდეთ მას. დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას ღარიბების, ავადმყოფებისა და დაჩაგრულების მიმართ, რომლებსაც სხვები არაფრად აგდებდნენ. აგრეთვე დაფიქრდით, როგორ ცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ იესოს პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება (მათ. 5:1—11; 7:24—27).
12. რისკენ აღგძრავთ იესოს შესახებ მეტის გაგება?
12 იესოსადმი სიყვარული გაგიძლიერდებათ, თუ ღრმად დაფიქრდებით მსხვერპლზე, რომელიც მან ჩვენი ცოდვების მისატევებლად გაიღო (მათ. 20:28). იმის გაცნობიერება, რომ იესომ თქვენთვის საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე, იეჰოვას წინაშე მონანიებისკენ აღგძრავთ, რათა ცოდვები გეპატიოთ (საქ. 3:19, 20; 1 იოან. 1:9). რაც უფრო მეტად შეიყვარებთ იესოს და იეჰოვას, მით უფრო გაგიძლიერდებათ იმის სურვილი, რომ მეგობრები ღვთის თაყვანისმცემლებს შორის ეძებოთ.
13. როგორ იზრუნებს იეჰოვა თქვენზე?
13 შეიყვარეთ ისინი, ვისაც იეჰოვა უყვარს. შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებს, რომლებთანაც მეგობრობდით, არ ესმით, რატომ გსურთ იეჰოვას მსახურება. ისინი შეიძლება შეგეწინააღმდეგონ კიდეც. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვა სულიერი და-ძმებისგან შემდგარი ოჯახის მეშვეობით იზრუნებს თქვენზე. თუ კრებას არ ჩამოშორდებით, ემოციურ მხარდაჭერასა და სიყვარულს იგრძნობთ (მარ. 10:29, 30; ებრ. 10:24, 25). დროთა განმავლობაში შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრებმაც დაიწყონ ბიბლიური ნორმებით ცხოვრება და შემოგიერთდნენ იეჰოვას მსახურებაში (1 პეტ. 2:12).
14. როგორ დარწმუნდით 1 იოანეს 5:3-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში?
14 დააფასეთ და ცხოვრებაში გამოიყენეთ იეჰოვას ნორმები. სანამ იეჰოვას გაიცნობდით, შესაძლოა თავად წყვეტდით, როგორ გეცხოვრათ. ახლა კი ხედავთ, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრება გაცილებით უკეთესია (ფსალმ. 1:1—3; წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). დაფიქრდით, რას ურჩევს ბიბლია ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და ბავშვებს (ეფეს. 5:22—6:4). ამჩნევთ, რომ ამ რჩევების გათვალისწინებამ თქვენი ოჯახი უფრო ბედნიერი გახადა? ხედავთ, რომ იეჰოვას რჩევების გამოყენებამ, ბრძნულად აგერჩიათ მეგობრები, უკეთეს ადამიანად გაქციათ? იტყოდით თქვენს თავზე, რომ დღეს უფრო ბედნიერი ხართ? (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33). ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ კითხვებს დადებითად უპასუხებთ.
15. რა დაგანახვებთ ბიბლიური პრინციპების პრაქტიკულ ღირებულებას?
15 შესაძლოა ზოგჯერ ბოლომდე ვერ ხვდებით, როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის ბიბლიური პრინციპი. ამიტომ იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებით უზრუნველგყოფთ, რომელთა დახმარებითაც უკეთ შეძლებთ კარგისა და ცუდის გარჩევას (ებრ. 5:13, 14). ამ პუბლიკაციების გამოკვლევა დაგანახვებთ, რამდენად პრაქტიკულია ბიბლიური პრინციპები და პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება. ეს კი, ალბათ, სურვილს გაგიჩენთ, იეჰოვას ორგანიზაციას შეუერთდეთ.
16. როგორ უწევს იეჰოვა ორგანიზებას თავის ხალხს?
16 გაიგეთ მეტი იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ და მხარი დაუჭირეთ მას. იეჰოვამ იზრუნა, რომ კრებები ჩამოყალიბებულიყო და ასეთი სახით ორგანიზება გაეწია თავისი ხალხისთვის; მან ქრისტიანული კრების თავად იესო დააყენა (ეფეს. 1:22; 5:23). იესომ დანიშნა ცხებული მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სამეფოს საქმეს უწევს ხელმძღვანელობას. ის ამ ჯგუფს „ერთგულ და გონიერ მონას“ უწოდებს, რომლის პასუხისმგებლობაა, სულიერად გამოკვებოს და დაიცვას ღვთის ხალხი (მათ. 24:45—47). ერთგული და გონიერი მონა ზრუნავს, რომ კრებებში უხუცესებად შესაფერისი მამაკაცები დაინიშნონ, რომლებიც ხელმძღვანელობას გაგიწევენ და სულიერი ზიანისგან დაგიცავენ (ეს. 32:1, 2; ებრ. 13:17; 1 პეტ. 5:2, 3). უხუცესები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა გაგამხნეონ და იეჰოვასთან დაახლოებაში დაგეხმარონ. რაც მთავარია, ისინი გასწავლიან, როგორ ესაუბროთ სხვებს იეჰოვას შესახებ (ეფეს. 4:11—13).
17. რომაელების 10:10, 13, 14-ის თანახმად, რატომ უნდა ვუქადაგოთ სხვებს იეჰოვას შესახებ?
17 დაეხმარეთ სხვებს, შეიყვარონ იეჰოვა. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ სხვებისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინათ (მათ. 28:19, 20). ეს დავალება შეიძლება მოვალეობის მოხდის მიზნითაც შეასრულოთ, მაგრამ თუკი იეჰოვასადმი სიყვარულს გაიღრმავებთ, ისეთივე გრძნობა დაგეუფლებათ, როგორც პეტრესა და იოანეს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:20). დიდ სიხარულს განვიცდით, როცა სხვებს იეჰოვასადმი სიყვარულის განვითარებაში ვეხმარებით. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს მიანიჭებდა მახარობელ ფილიპეს ეთიოპის მონათვლა, რომელსაც წმინდა წერილებიდან ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარა. თუ მიჰბაძავთ ფილიპეს, შეასრულებთ იესოს დავალებას და სხვებს უქადაგებთ, ცხადყოფთ, რომ გსურთ, იეჰოვას მოწმე გახდეთ (წაიკითხეთ რომაელების 10:10, 13, 14). ასეთ შემთხვევაში ეთიოპის მსგავსად შესაძლოა თქვენც გაგიჩნდეთ კითხვა: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (საქ. 8:36).
18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 ნათლობა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ვინაიდან ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა, კარგად უნდა გესმოდეთ, რა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე. რა უნდა იცოდეთ ნათლობის შესახებ? რისი გაკეთება მოგეთხოვებათ ნათლობამდე და ნათლობის შემდეგ? ამ კითხვებზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.
სიმღერა 2 იეჰოვაა შენი სახელი
a ზოგს შეიძლება უყვარს იეჰოვა, მაგრამ ფიქრობს, რომ ნათლობისთვის ჯერ მზად არ არის. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ამ სტატიიდან კიდევ ერთხელ შეიხსენებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა გამოყენებაც ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას გაგიადვილებთ.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურები: „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“.
c სურათის აღწერა: ერთი და გამყიდველს ბუკლეტს სთავაზობს.