წამების ბოძი
ის, რაზეც იესო ქრისტე გააკრეს და მოკლეს (მთ. 27:32—40; მრ. 15:21—30; ლკ. 23:26; ინ. 19:17—19, 25). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ წამების ბოძად ნათარგმნი სიტყვა სტავროს კლასიკურ ბერძნულ ენაზე ძირითადად ვერტიკალურ ძელს ან ბოძს ნიშნავს. არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ბერძნული წერილების დამწერები ამ სიტყვაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ბოძს გულისხმობდნენ (იხ. ძელზე გაკვრა, დანართი 3გ, გვ. 1755, 1756).
თავის წიგნში, ჯ. დ. პარსონზი წერდა: „ბერძნულ ენაზე შესრულებული ახალი აღთქმის უამრავ ხელნაწერში ერთი წინადადებაც კი არ მიანიშნებს, თუნდაც გადაკვრით, რომ იესოს დასასჯელად გამოყენებული სტავროსი ჩვეულებრივი სტავროსისგან რაიმეთი განსხვავდებოდა, მით უმეტეს საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ეს იყო ერთმანეთზე დამაგრებული ჯვრის ფორმის მქონე ორი ბოძი ... ჩვენმა სულიერმა მასწავლებლებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, რადგან ეკლესიის ბერძნული ხელნაწერების ჩვენს ენაზე თარგმნისას სიტყვა სტავროსი ჯვრად გადმოთარგმნეს და ამ ქმედების დასასაბუთებლად ჩვენს ლექსიკონებში ჯვარი სტავროსის ერთ-ერთ მნიშვნელობად შეიტანეს. ამასთანავე, არ განმარტეს, რომ ჯვარი სტავროსის პირველადი მნიშვნელობა არც მოციქულთა დროს ყოფილა და არც მას შემდეგ კარგა ხნის მანძილზე. სტავროსმა ეს მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ შეიძინა, თუ საერთოდ შეიძინა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, საფუძვლიანი მტკიცებების არარსებობის მიუხედავად, ჩათვალეს, რომ იმ სტავროსს, რომელზეც იესო მოკლეს, ჯვრის ფორმა ჰქონდა“ (The Non-Christian Cross, ლონდონი, 1896, გვ. 23, 24).
რატომ უნდა მომკვდარიყო იესო ბოძზე. როცა იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს კანონი მისცა, მათ პირობა დადეს, რომ დაიცავდნენ მას (გმ. 24:3). მაგრამ როგორც ცოდვილი ადამის შთამომავლებს, მათ არ შეეძლოთ კანონის სრულყოფილად დაცვა. ამის გამო ისინი კანონის წყევლას დაექვემდებარნენ. წყევლისგან მათ გასათავისუფლებლად იესო ძელზე უნდა გაეკრათ, როგორც წყეული დამნაშავე. ამასთან დაკავშირებით მოციქული პავლე წერდა: «ყველა, ვინც კანონით დადგენილ საქმეებზეა დანდობილი, წყევლის ქვეშ არის, ვინაიდან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყველაფერს, რაც კანონის გრაგნილშია ჩაწერილი შესასრულებლად“ ... ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“» (გლ. 3:10—13).
გადატანითი მნიშვნელობით. წამების ბოძი ზოგჯერ იმ ტანჯვასა და სირცხვილს განასახიერებს, რაც იესო ქრისტეს მიმდევრობას სდევს თან. იესომ თქვა: „ვინც არ იღებს თავის წამების ბოძს და არ მომყვება, ჩემი ღირსი არ არის“ (მთ. 10:38; 16:24; მრ. 8:34; ლკ. 9:23; 14:27). წამების ბოძი იესოს ბოძზე სიკვდილის სიმბოლოდაც გამოიყენება, რამაც ცოდვების გამოსყიდვა და ღმერთთან შერიგება გახადა შესაძლებელი (1კრ. 1:17, 18).
წამების ბოძზე იესოს სიკვდილი კანონის გაუქმების საფუძველი გახდა, რამაც წაშალა ზღვარი ებრაელებსა და არაებრაელებს შორის. იესოს სიკვდილით ღმერთთან შერიგებულ ებრაელებსა და არაებრაელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ერთი სხეული „წამების ბოძის მეშვეობით“ (ეფ. 2:11—16; კლ. 1:20; 2:13, 14). ეს დაბრკოლება აღმოჩნდა მრავალი ებრაელისთვის, რადგან მათი აზრით წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების აუცილებელი პირობა იყო. ამიტომაც წერდა პავლე მოციქული: „ძმებო, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ, რატომღა მდევნიან? მაშ, ნამდვილად გაუქმებულა წამების ბოძით გამოწვეული დაბრკოლება“ (გლ. 5:11). „ყველა, ვისაც ხორციელად კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სურს, ცდილობს გაიძულოთ, რომ წინადაიცვითოთ, ოღონდაც ქრისტე იესოს წამების ბოძისთვის არ იყვნენ დევნილნი... ნუ მოხდება, რომ მე რაიმეთი ვიამაყო, გარდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წამების ბოძისა, ვისი მეშვეობითაც ქვეყნიერება ბოძზეა გაკრული ჩემთვის და მე — ქვეყნიერებისთვის“ (გლ. 6:12, 14). ებრაელები პავლეს დევნიდნენ, რადგან ის წამების ბოძზე იესოს სიკვდილს გადარჩენის მთავარ საშუალებად მიიჩნევდა. თავისი მრწამსის გამო მოციქული ქვეყნიერებას ბოძზე გაკრულად, დაგმობილად და მკვდრად თვლიდა, ქვეყნიერებას კი ის ძელზე გაკრული დამნაშავესავით სძულდა.
ის, ვინც გაქრისტიანების შემდეგ უზნეო ცხოვრების წესს დაუბრუნდა, „ქრისტეს წამების ბოძის“ მტერი გახდა (ფლ. 3:18, 19). თავიანთი ცხოვრებით ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ აფასებდნენ იმას, რაც წამების ბოძზე იესოს სიკვდილმა გახადა მათთვის შესაძლებელი. მათ გათელეს ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასეს შეთანხმების სისხლი, რომლითაც განიწმინდნენ (ებ. 10:29).