ისინი იეჰოვას ნებას ასრულებდნენ
იესო აგზავნის 70 მოწაფეს
ახალი წელთაღრიცხვით 32 წლის გაზაფხული იდგა. იესოს სიკვდილამდე მხოლოდ ექვსი თვე იყო დარჩენილი. ამიტომ, სამქადაგებლო საქმიანობის დასაჩქარებლად და ზოგი თავისი მიმდევრის უფრო კარგად მოსამზადებლად მან 70 მოწაფე აირჩია და „წარგზავნა ორ-ორი თავის წინ ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც ეგულებოდა მისვლად“ (ლუკა 10:1, აფ)a.
იესომ მოწაფეები „თავის წინ“ წარგზავნა, რათა ადამიანებს მოგვიანებით, თვითონ იესოს ჩასვლისას, უფრო სწრაფად შესძლებოდათ განესაზღვრათ, მესიის მხარეს იყვნენ თუ მის წინააღმდეგ. მაგრამ რატომ გაგზავნა ისინი ‘ორ-ორად’? როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ, თუ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, ერთმანეთი გაემხნევებინათ.
იესომ ყურადღება გაამახვილა სამქადაგებლო საქმიანობის გადაუდებლობაზე და თავის მიმდევრებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (ლუკა 10:2). მკასთან შედარება სწორედ რომ მართებული იყო, ვინაიდან მკის დაგვიანებას შეიძლება ძვირფასი მოსავლის გაფუჭება მოჰყოლოდა. მსგავსად ამისა, თუ მოწაფეები უგულებელყოფდნენ ქადაგებასთან დაკავშირებულ თავიანთ დავალებას, ძვირფასი სიცოცხლეები შეიძლება დაკარგულიყო! (ეზეკიელი 33:6).
მოუცდენლად მსახურები
იესომ თავის მოწაფეებს შემდგომი დარიგება მისცა: „არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში“ (ლუკა 10:4). იმ დროს, ჩვეულებრივ, მგზავრს თან მიჰქონდა არა მარტო აბგა და საკვები, არამედ კიდევ ერთი წყვილი სანდლები, რადგან, თუ მხოლოდ ერთადერთი სანდლებით წავიდოდა, ის შეიძლება გზაში გაცვეთილიყო და ზონრები გაწყვეტილიყო. მაგრამ იესოს მოწაფეები არ უნდა შეწუხებულიყვნენ მსგავს საკითხებზე. პირიქით, ისინი მინდობილი უნდა ყოფილიყვნენ იეჰოვაზე და უნდა სცოდნოდათ, რომ ის იზრუნებდა მათზე თანამემამულეების მეშვეობით, რომლებიც ჩვეულებისამებრ სტუმართმოყვარეები იყვნენ.
მაგრამ რატომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, რომ არავინ მოეკითხათ გზაში? უნდა ყოფილიყვნენ ისინი ცივები ან უხეშებიც კი? არა. ბერძნული სიტყვა „ასპაზომაი“, მნიშვნელობით მისალმებისას გულში ჩაკვრა, შესაძლოა უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ზრდილობიანად „გამარჯობის“ თქმაა. მასში შესაძლოა შედიოდეს, ორი ნაცნობის შეხვედრისას ჩვეულებისამებრ კოცნა, გადახვევა და ხანგრძლივი საუბარი. ერთი კომენტატორი აღნიშნავს: „აღმოსავლელებს შორის მისალმებები არ იყო ისეთი, როგორც ჩვენს შორის, თავის ოდნავ დაკვრით ან ხელის ჩამორთმევით, არამედ ისინი მისალმებისას არაერთხელ გადაეხვეოდნენ ერთმანეთს ან მდაბლად დაიხრებოდნენ და ზოგჯერ მიწამდეც კი იხრებოდნენ. ყოველივე ამას დიდი დრო მიჰქონდა“ (შეადარე მეოთხე მეფეთა 4:29). ამგვარად, იესო თავის მიმდევრებს ეხმარებოდა, თავიდან აეცილებინათ, თუმცა ტრადიციული, მაგრამ ზედმეტი ჩვეულებები.
ბოლოს, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ, თუ შევიდოდნენ სახლში, სადაც კარგად მიიღებდნენ, ‘იმავე სახლში დამდგარიყვნენ, ეჭამათ და ესვათ’. მაგრამ, თუ შევიდოდნენ ქალაქში, იქ კი არ მიიღებდნენ, უნდა ‘გამოსულიყვნენ ქუჩაში და ეთქვათ: თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენთვის’ (ლუკა 10:7, 10, 11). ფეხებიდან მტვრის ჩამობერტყვა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მოწაფეები მშვიდობიანად ტოვებდნენ იმ სახლებსა და ქალაქებს, სადაც არ მიიღეს ცნობა და საბოლოო შედეგებს ღმერთს მიანდობდნენ. მაგრამ ისინი, ვინც გულთბილად მიიღებდნენ იესოს მოწაფეებს, მომავალში კურთხევებს მიიღებდნენ. სხვა შემთხვევაში კი იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს. ვინც დაალევინებს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“ (მათე 10:40, 42).
გაკვეთილი ჩვენთვის
ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისა და ხალხის მოწაფეებად გახდის მისიას ახლა მთელ მსოფლიოში იეჰოვას 5 000 000-ზე მეტი მოწმე ასრულებს (მათე 24:14; 28:19, 20). მათ ესმით, რომ ეს ცნობა სასწრაფოდ უნდა იქნეს ნაქადაგები. ამიტომ ისინი მაქსიმალურად იყენებენ დროს და ერიდებიან ყველაფერს, რაც თავიანთი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაზე მთელი ყურადღების მიპყრობაში შეუშლიდათ ხელს.
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, გულთბილად შეხვდნენ ყველას. მიუხედავად ამისა, ისინი არ ებმებიან ამაო საუბრებში, არ ერევიან არც სოციალურ დებატებში და არც ამ წუთისოფლის უსამართლობების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებში (იოანე 17:16). ნაცვლად ამისა, მათი საუბრის მთავარი თემაა, ადამიანების პრობლემების გადამჭრელი ერთადერთი საშუალება, ღვთის სამეფო.
უმეტესწილად, იეჰოვას მოწმეებს წყვილ-წყვილად მომსახურეებს ხედავენ. განა უფრო მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა, მათ რომ ცალ-ცალკე ექადაგათ? შესაძლოა. მიუხედავად ამისა, დღეს ქრისტიანებს ესმით, რომ თანამორწმუნეების ერთმანეთის გვერდი-გვერდ მსახურება სარგებლობის მომტანია. ის ხელს უწყობს უსაფრთხოებას საშიშ ტერიტორიებზე ქადაგებისას. მეორე ადამიანთან ერთად ქადაგება დამწყებ მაუწყებელს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდეს კეთილი ცნობის გამოცდილი მაუწყებლის ქადაგების ხელოვნებას. ფაქტობრივად, ორივეს შეუძლიათ ერთმანეთის გამხნევება (იგავნი 27:17).
ეჭვგარეშეა, ქადაგება ამ „უკანასკნელ დღეებში“ ყველაზე საშური საქმეა (2 ტიმოთე 3:1). იეჰოვას მოწმეები მოხარულნი არიან, რომ ურთიერთმხარდასაჭერად აქვთ მსოფლიო ძმობა, სადაც ‘ერთსულოვნად იღწვიან სახარების რწმენისათვის’ (ფილიპელთა 1:27).
[სქოლიოები]
a ზოგ ბიბლიასა და ძველ ბერძნულ მანუსკრიპტებში ნათქვამია, რომ იესომ „სამოცდათორმეტი“ მოწაფე გაგზავნა. მაგრამ არსებობს მრავალი მანუსკრიპტი, რომლებიც იმას ადასტურებს, რომ გაიგზავნა „სამოცდაათი“. ამ მექანიკურმა სხვაობამ არ უნდა განაპირობოს იმ მთავარი აზრიდან ყურადღების გადატანა, რომ იესომ საქადაგოდ მოწაფეთა დიდი ჯგუფი გაგზავნა.