„ასე იყო მოსაწონი შენთვის“
„ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (ლუკ. 10:21).
1. რა იყო იესოს სიხარულის მიზეზი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ბიბლიაში იესო ქრისტეს შესახებ ვკითხულობთ: „დიდად გაიხარა წმინდა სულით“. შეგიძლიათ ერთი წუთით თავი მის გვერდით წარმოიდგინოთ? ალბათ, გონების თვალით უკვე ხედავთ, თუ როგორ დასთამაშებს იესოს სახეზე ბედნიერი ღიმილი და როგორ უციმციმებს თვალები. ბუნებრივია, გაინტერესებთ, რა იყო მისი სიხარულის მიზეზი. მოდი, გავიხსენოთ, რა მოხდა ცოტა ხნის წინ. მან თავისი 70 მოწაფე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გაგზავნა. იესოს ძალიან აინტერესებდა, თუ როგორ გაართმევდნენ ისინი თავს ამ დავალებას. მან ისიც კარგად უწყოდა, რომ სასიხარულო ცნობას მრავალი მტერი ჰყავდა, მათ შორის, დიდად განათლებული მწიგნობრები და ფარისევლები. სწორედ მათ გამო იყო, რომ ხალხი იესოს მხოლოდ დურგლად მიიჩნევდა, მის მოწაფეებს კი — უსწავლელ და უბრალო ადამიანებად (საქ. 4:13; მარ. 6:3). თუმცა მოწაფეები დავალების შესრულების შემდეგ იესოსთან გახარებულნი ბრუნდებიან. მათ წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იქადაგეს და ისინი არც დემონებს შეჰპუებიან. საინტერესოა, რამ მისცა მოწაფეებს ასეთი გაბედულება და რამ გაახარა ასე? (წაიკითხეთ ლუკას 10:1, 17—21).
2. ა) რა გაგებით იყვნენ იესოს მოწაფეები ჩვილები? ბ) რა დაეხმარათ იესოს მიმდევრებს, ჩასწვდომოდნენ ჭეშმარიტებას?
2 ყურადღება მიაქციეთ, რას ეუბნება იესო თავის ზეციერ მამას: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე. ასე იყო მოსაწონი შენთვის, მამა“ (მათ. 11:25, 26). რა თქმა უნდა, იესოს ის არ უგულისხმია, რომ მოწაფეები, პირდაპირი გაგებით, ჩვილები იყვნენ. უბრალოდ მას ამ სიტყვებით იმის თქმა სურდა, რომ მოწაფეები დიდად განათლებულ და საკუთარ თვალში ბრძენ ადამიანებთან შედარებით, ჩვილებს ჰგავდნენ. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ყოფილიყვნენ ბავშვებივით — მუდამ თავმდაბალნი და სწავლის სურვილით ანთებულნი (მათ. 18:1—4). იესოს მოწაფეებმა ისწავლეს თავმდაბლობა. მაგრამ საინტერესოა, რაში გამოადგათ მათ ეს თვისება? სწორედ ამის გამო იყო, რომ იეჰოვა ღმერთმა მათ წმინდა სულის მეშვეობით გაუმჟღავნა ჭეშმარიტება, რომელიც ბრძენი და განათლებული ხალხისთვის, რომლებიც მათ ზემოდან დაჰყურებდნენ, სატანა ეშმაკისა თუ საკუთარი სიამაყის გამო, დაფარული იყო.
3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
3 ზემოთ განხილულის საფუძველზე, ნამდვილად არ გვიკვირს, თუ რატომ დაეუფლა იესოს კმაყოფილების განცდა. ის ძალიან ბედნიერი იყო, როცა ხედავდა, რომ იეჰოვამ ღრმა სულიერი საკითხები ყველა თავმდაბალ ადამიანს გააგებინა მათი განათლების დონის, ნიჭისა თუ უნარის მიუხედავად. მას გაუხარდა, რომ მამამ მოიწონა ხალხისთვის ჭეშმარიტების მარტივად და გასაგებად სწავლება. მაგრამ, საინტერესოა, ხომ არ შეიცვალა იეჰოვას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი? და თუ არ შეცვლილა, რა ცხადყოფს იმას, რომ იგი კვლავაც იწონებს ასეთ სწავლებას? ამ კითხვებზე პასუხს ეს სტატია გაგვცემს; პასუხის გაგებამ შესაძლოა ჩვენც იესოსავით სიხარული მოგვგვაროს.
ჭეშმარიტების სიღრმეებში ყველას ვახედებთ
4. რატომ აღმოჩნდა „საგუშაგო კოშკის“ გამარტივებული გამოცემა საჩუქარი ჩვენი და-ძმებისთვის?
4 ბოლო წლებში იეჰოვას ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიბლიური საკითხები ყველასთვის მარტივი და ადვილად გასაგები გახდეს. ამაზე, სულ მცირე, სამი რამ მეტყველებს. პირველი: გამოვიდა „საგუშაგო კოშკის“ გამარტივებული გამოცემა.a ეს გამოცემა მათთვის, ვინც ენა კარგად არ იცის ან ვინც კარგად ვერ კითხულობს, ნამდვილად დიდი საჩუქარი აღმოჩნდა. ოჯახისთავებმა შენიშნეს, რომ გამარტივებული გამოცემის წყალობით, მათი ბავშვები უფრო მეტად არიან ჩართულნი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის პროცესში; ეს ჟურნალი ხომ ჩვენთვის სულიერი საზრდოს უმთავრესი წყაროა! მრავალი და-ძმა გულწრფელ მადლიერებას წერილობითაც გამოხატავს. ერთმა დამ მოგვწერა, რომ ადრე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისას კომენტარის თქმა უჭირდა. იგი გვიზიარებს: „ძალიან მერიდებოდა“. თუმცა მას შემდეგ, რაც გამარტივებული გამოცემა გამოვიდა, ნახეთ, რას ამბობს ის: „ახლა უკვე რამდენიმე კომენტარსაც ვაკეთებ და დაძაბულობაც მომეხსნა. უღრმესი მადლობა იეჰოვას და თქვენ!“.
5. რატომ აღმოჩნდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა სასარგებლო?
5 მეორე: 2013 წლის 5 ოქტომბერს გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ ინგლისურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა.b ამ თარგმანის თავისებურება ისაა, რომ ბევრ ბიბლიურ მუხლში სიტყვების რაოდენობა შემცირდა, თუმცა აზრი შენარჩუნდა და მეტიც, უფრო ადვილად გასაგები გახდა. მაგალითად, იობის მე-10 თავის 1-ლი მუხლი 27 სიტყვიდან 19 სიტყვამდე შემცირდა, ხოლო იგავების მე-8 თავის მე-6 მუხლი — 20 სიტყვიდან 13-მდე. რაც მთავარია, გადამუშავებულ გამოცემაში, ორივე მუხლი უფრო გასაგებადაა ჩამოყალიბებული. ამ თარგმანის შესახებ ერთი ცხებული ძმა, რომელიც უკვე ათწლეულებია, რაც იეჰოვას ერთგულად ემსახურება, ამბობს: «წიგნ „იობის“ კითხვა ეს-ესაა დავასრულე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველად ჩავწვდი ამ წიგნის არსს!». მსგავსი აზრები სხვა და-ძმებმაც გამოთქვეს.
6. რას ფიქრობთ მათეს 24:45—47-ის ახლებურ განმარტებაზე?
6 მესამე: ახლებურად განიმარტა ბიბლიური მუხლები. განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რომელსაც ბოლო დროს მოეფინა ნათელი. მაგალითად, არავინ დაგვტოვა გულგრილი 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ ნომერში დაბეჭდილმა სტატიებმა, სადაც გასაგებად იყო ახსნილი, თუ ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ (მათ. 24:45—47). როგორც გვახსოვს, „ერთგული მონა“ არის ხელმძღვანელი საბჭო, ხოლო „შინაურებში“ შედის ყველა, ვისაც გონიერი მონა სულიერად კვებავს, იქნება ეს ცხებული ქრისტიანი თუ „სხვა ცხვარი“ (იოან. 10:16). მართლაც, რაოდენ ბედნიერნი ვართ, რომ თავადაც ვწვდებით ბიბლიურ სწავლებებს და ღვთის ახალბედა მსახურებსაც ვეხმარებით ამაში! და მაინც, კიდევ საიდან ჩანს, რომ იეჰოვა იწონებს მარტივად და გასაგებად სწავლების მეთოდს?
მარტივად და გასაგებად ახსნილი ბიბლიური მონაკვეთები
7, 8. რომელ ბიბლიურ მონაკვეთებს აქვთ წინასწარმეტყველური მნიშვნელობა?
7 თუ არაერთი ათწლეულია, რაც იეჰოვას ემსახურებით, ალბათ შენიშნეთ, რომ ჩვენი პუბლიკაციები უწინდელთან შედარებით, განსხვავებულად ხსნის ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს. მაგალითისთვის, ადრე ჩვენს ლიტერატურაში ხშირად ბიბლიურ მონაკვეთებს ტიპისა და ანტიტიპის მეთოდით ვხსნიდით. ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი წარმოადგენდა ტიპს ანუ მომავლის პირველსახეს, ხოლო ამ მონაკვეთის წინასწარმეტყველური შესრულება — ანტიტიპს. ალბათ, გვაინტერესებს, ჰქონდა თუ არა ბიბლიური საფუძველი ამგვარ სწავლებას. უდავოდ! მაგალითად, თავად ბიბლია გვაუწყებს, რომ იესომ ერთხელ იონა წინასწარმეტყველის ნიშანზე ისაუბრა (წაიკითხეთ მათეს 12:39, 40). მან თავადვე ახსნა, რომ თევზის მუცელში იონას მიერ გატარებული სამი დღე, საიდანაც იგი იეჰოვამ დაიხსნა, იმის ერთგვარი პირველსახე იყო, რომ მისი ცხედარიც სამარხში სამ დღეს დარჩებოდა.
8 ბიბლია სხვა წინასწარმეტყველური ისტორიების შესახებაც მოგვითხრობს. ზოგის შესახებ პავლე მოციქულმა ისაუბრა. მაგალითად, აბრაამის აგართან და სარასთან ურთიერთობა წინასწარმეტყველურად იეჰოვას ურთიერთობას განასახიერებს ისრაელ ერთან და თავისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილთან (გალ. 4:22—26). ამის მსგავსად, კარავი და ტაძარი, გამოსყიდვის დღე, მღვდელმთავარი თუ მოსეს კანონით გათვალისწინებული სხვა მხარეები წარმოადგენს „მომავალ კურთხევათა ჩრდილს“ (ებრ. 9:23—25; 10:1). ცხადია, ამ წინასწარმეტყველური ეპიზოდების განხილვა რწმენას გვიმყარებს და ყველას ძალიან გვსიამოვნებს. თუმცა ისმის კითხვა: ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლიაში მოხსენიებული თითოეული პერსონაჟი, მოვლენა თუ საგანი ვიღაცის ან რაღაცის პირველსახეა?
9. როგორ იხსნებოდა უწინ ბიბლიაში ჩაწერილი ნაბოთის შემთხვევა?
9 უწინ ჩვენს პუბლიკაციებში ხშირად იწერებოდა, რომ ესა თუ ის ბიბლიური პერსონაჟი, მოვლენა თუ საგანი ვიღაცის ან რაღაცის პირველსახე იყო. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთი ბიბლიური შემთხვევა. როგორც ვიცით, ნაბოთი დიდებულებმა და უხუცესებმა ბოროტი დედოფლის, იზებელის ბრძანებით, უსამართლოდ გაასამართლეს და მოკლეს. დედოფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ნაბოთის ვენახი თავის ქმარს, ახაბს, დარჩენოდა (1 მეფ. 21:1—16). 1932 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეს ბიბლიური ეპიზოდი წინასწარმეტყველების მსგავსად აიხსნა. ახაბსა და იზებელზე ნათქვამი იყო, რომ ისინი სატანასა და მის ორგანიზაციას განასახიერებდნენ, ნაბოთი — იესო ქრისტეს, ხოლო ნაბოთის სიკვდილი, იესოს მოწამებრივ აღსასრულს. თუმცა 1961 წელს გამოცემულ წიგნში, „განიწმინდოს შენი სახელი“, ნაბოთი ცხებული ქრისტიანების პირველსახედ იყო მოყვანილი, იზებელი კი ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებდა. რაც შეეხება ამ უკანასკნელის მიერ ნაბოთის შევიწროებას, ეს ბოლო დღეებში მცხოვრები ცხებული ქრისტიანების დევნის სიმბოლო იყო. აღსანიშნავია, რომ ბიბლიური მონაკვეთების ამგვარი ახსნა, მრავალი წლის განმავლობაში, ღვთის ხალხს რწმენას უძლიერებდა. ამიტომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რა შეიცვალა დღეს?
10. ა) როგორ ეხმარება „მონას“ გონიერება, მეტი სიფრთხილით მიუდგეს ბიბლიური მონაკვეთების ახსნას? ბ) რაზე მახვილდება მეტი ყურადღება ჩვენს პუბლიკაციებში დღესდღეობით?
10 იეჰოვა წლების მანძილზე ეხმარება „ერთგულ და გონიერ მონას“, რომ მეტი გონიერება შეიძინოს. ამის შედეგად, „მონა“ უფრო ფრთხილობს და ბიბლიაში ჩაწერილ ამა თუ იმ მოვლენას წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, როცა ამისათვის ბიბლიური საფუძველი არ არსებობს. საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: ტიპებსა და ანტიტიპებთან დაკავშირებული ზოგი განმარტება იმდენად რთული გასაგებია, რომ ბევრს უჭირს, ჩასწვდეს მათ მნიშვნელობას. ფაქტია, ამგვარი სწავლების ყველა წვრილმანის დამახსოვრება — თუ ვინ ვის განასახიერებს და რატომ — გასაგებად, დასამახსოვრებლად და პრაქტიკულად გამოსაყენებლად საკმაოდ რთულია. და, რაც უფრო საგულისხმოა: როდესაც საჭიროზე მეტი ყურადღება ეთმობა იმის კვლევას, მოეპოვება თუ არა ამა თუ იმ ბიბლიურ მოვლენას, ადამიანსა თუ საგანს ანტიტიპი, ამის გამო შეიძლება ბუნდოვანი და გაუგებარი დაგვრჩეს მოცემული ბიბლიური მონაკვეთის პრაქტიკული ღირებულება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს პუბლიკაციებში ყურადღება მახვილდება სხვადასხვა ბიბლიური მოვლენისა თუ ეპიზოდის პრაქტიკულ ფასეულობაზე. მაგალითად იმაზე, თუ როგორ გვძენს რწმენას, მოთმინებას, ღვთისადმი ერთგულებასა და სხვა ფასდაუდებელ თვისებებს ესა თუ ის ბიბლიური ისტორია.c
11. ა) როგორ ვხსნით დღეს ნაბოთის შემთხვევას და რატომაა იგი ჩვენთვის სამაგალითო პიროვნება? ბ) რატომ განიხილება ნაკლებად ამ ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები? (იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ ამავე ნომერში დაბეჭდილი სტატია „მკითხველთა შეკითხვები“)
11 საინტერესოა, დღეს როგორ გვესმის ბიბლიაში ჩაწერილი ნაბოთის შემთხვევა. უწინდელთან შედარებით, ნაბოთის შემთხვევას უფრო მარტივად და გასაგებად ვხსნით. მართალი კაცის, ნაბოთის სიკვდილის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ იგი იესო ქრისტეს ან ცხებულების პირველსახე იყო; ნაბოთი ერთგულების გამო მოკლეს. მან იეჰოვას კანონს არც მაშინ აქცია ზურგი, როცა მეფემ თავისი ძალაუფლება მის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა (რიცხ. 36:7; 1 მეფ. 21:3). ნაბოთი ჩვენთვის, ვინც შესაძლოა მსგავსი სირთულეების პირისპირ ვდგავართ, მართლაც სამაგალითო პიროვნებაა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:12). ცხადია, რწმენის შთამნერგავ ამ შემთხვევას ყველა იოლად ჩასწვდება, დაიმახსოვრებს და გამოიყენებს კიდეც.
12. ა) რა არ უნდა დავასკვნათ ბიბლიური ისტორიების განხილვისას? ბ) რატომ შეგვიძლია, რომ „ღვთის სიღრმეებიც“ კი გასაგებად ავხსნათ? (იხილეთ სქოლიო)
12 ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ბიბლიურ ისტორიებს მხოლოდ პრაქტიკული ღირებულება აქვს? რასაკვირველია, არა! დღეს ჩვენი პუბლიკაციები ძირითადად იმაზე საუბრობს, თუ როგორ ჰგავს ერთი ბიბლიური ეპიზოდი მეორეს ან როგორ გვეხმარება ერთი მათგანი მეორის ახსნაში. ბევრ ბიბლიურ მონაკვეთს წინასწარმეტყველურ ჭრილში — ტიპებისა და ანტიტიპების სახით ნაკლებად განვიხილავთ. მაგალითად, მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნაბოთის ერთგულება, მის მიერ დევნის ატანა და მისი სიკვდილი, იესო ქრისტესა და მისი ცხებულების ერთგულებას მოგვაგონებს. თუმცა ეს შემთხვევა აგრეთვე „სხვა ცხვრის“, უამრავი და-ძმის, ერთგულებასაც გვახსენებს. ამგვარად, გასაგები და მარტივი შედარებები ღვთიური სწავლების ამოსაცნობი ნიშანია.d
იესოს იგავების მარტივად ახსნა
13. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ამჟამად უფრო მარტივად და გასაგებად იხსნება იესოს ზოგიერთი იგავი?
13 დედამიწაზე იესო ქრისტეზე დიდებული მასწავლებელი არ დაბადებულა. როგორც ვიცით, მას სწავლების დროს ძალიან უყვარდა მაგალითებისა და იგავების მოყვანა (მათ. 13:34). როგორც წესი, მაგალითებითა და იგავებით აღწერილი ცოცხალი სურათები ადამიანს ფიქრისკენ აღძრავს და სათქმელი გულს სწვდება. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში უფრო მარტივად და გასაგებად აიხსნა იესოს იგავები. მაგალითად, 2008 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ დაგვეხმარა, უკეთ გაგვეგო საფუარზე, მდოგვის მარცვალსა და ბადეზე მოყვანილი იესოს იგავების მნიშვნელობა. ჩვენ ახლა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს იგავები ეხება ღვთის სამეფოს და ამ სამეფოს საოცარ წარმატებას — ბოროტი ქვეყნიერებიდან ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევართა გამოკრებას.
14. ა) როგორ ვხსნიდით კეთილი სამარიელის იგავს? ბ) ახლა როგორ ვხსნით იესოს ამ იგავს?
14 მაგრამ რის თქმა შეიძლება იესოს მიერ უფრო დაწვრილებით მოთხრობილ იგავებზე? რა თქმა უნდა, ზოგ მათგანს სიმბოლური და წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს, ზოგს კი — პრაქტიკული. თუმცა, როგორ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ესა თუ ის იგავი? ამ კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა. აი, როგორ ვხსნიდით კეთილი სამარიელის იგავს (ლუკ. 10:30—37). 1924 წლის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ სამარიელი იესო ქრისტეს განასახიერებდა, ხოლო იერუსალიმიდან თავდაღმა, იერიხონისკენ მიმავალი გზა, ედემის ბაღის დაკარგვის შემდეგ კაცობრიობის დაღმასვლას; ყაჩაღები — მსხვილ კომპანიებსა და ხარბ ბიზნესმენებს, მღვდელი და ლევიანი კი — ქრისტიანულ სამყაროს. დღეს ჩვენი პუბლიკაციები კეთილი სამარიელის იგავის მეშვეობით შეგვახსენებს, რომ მიუკერძოებლობა გამოვიჩინოთ გაჭირვებულთა მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც სულიერ დახმარებას საჭიროებს. ნუთუ ბედნიერნი არ ვართ, რომ იეჰოვა თავის სწავლებებს ასე გასაგებად გვიხსნის?!
15. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
15 მომდევნო სტატიაში განვიხილავთ იესოს იგავებიდან ერთ-ერთს, კერძოდ, იგავს ათ ქალწულზე (მათ. 25:1—13). თქვენი აზრით, როგორ უნდა გაეგოთ ბოლო დღეებში მცხოვრებ იესოს მიმდევრებს მის მიერ მოყვანილი იგავის მნიშვნელობა? უნდა გაეგოთ მათ ეს იგავი, როგორც წინასწარმეტყველური ალეგორია, რომელშიც თითოეულ ადამიანს, საგანსა თუ მოვლენას სიმბოლური დატვირთვა აქვს? თუ პირიქით, მას სურდა, რომ თავის მიმდევრებს ამ იგავში მოცემული პრაქტიკული სიბრძნე დაენახათ, რომლითაც ბოლო დღეებში იხელმძღვანელებდნენ? მოდი, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ შემდეგი სტატია.
a გამარტივებული გამოცემა პირველად 2011 წლის ივლისში, ინგლისურ ენაზე გამოვიდა. დღეს გამარტივებული გამოცემა კიდევ რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი.
b მთარგმნელობითი ჯგუფები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ სხვა ენებზეც გახდეს ხელმისაწვდომი ბიბლიის გადამუშავებული გამოცემა.
c მაგალითად, წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, მოგვითხრობს ბიბლიაში ჩაწერილი 14 პერსონაჟის ცხოვრებაზე. სახელმძღვანელოში ყურადღება მახვილდება ამ ბიბლიური ისტორიების პრაქტიკულ ღირებულებაზე და არა — წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე.
d რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვაში არსებობს ისეთი მონაკვეთებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძნელად გასაგებია. მაგალითად, პავლე მოციქულის წერილები. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ბიბლიას მისი დამწერნი წმინდა სულით შთაგონებულნი წერდნენ. სწორედ წმინდა სული გვეხმარება დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, არასრულყოფილ ადამიანებს, რომ ჩავწვდეთ ღვთიურ ჭეშმარიტებას და „ღვთის სიღრმეებიც კი“ მარტივად და ყველასთვის გასაგებად ავხსნათ (2 პეტ. 3:16, 17; 1 კორ. 2:10).