თავი 20
ვირწმუნე
1. როგორ გლოვობდა მართა ძმას?
მართას ჯერ კიდევ თვალწინ ედგა თავისი ძმის სამარხი, გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. მწუხარებისგან გული საშინლად დამძიმებოდა. ვერ იჯერებდა, რომ მისი საყვარელი ძმა ცოცხალი აღარ იყო. უკვე ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც მან სამუდამოდ დახუჭა თვალი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მართას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და არც სანუგეშებლად მისული ხალხის ნაკადი შეწყვეტილა.
2, 3. ა) როგორ იმოქმედა მართაზე იესოს დანახვამ? ბ) რას ვიგებთ მართაზე მისივე ნათქვამი სიტყვებიდან?
2 ახლა კი, მართას წინ იდგა კაცი, რომელიც ლაზარესთვის ძალიან ძვირფასი იყო. იესოს დანახვაზე მართას ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, რადგან იესო სამყაროში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მისი ძმის გადარჩენა შეეძლო. და მაინც, მართა ცოტათი დამშვიდდა, რადგან იესო მის გვერდით იყო. როგორც კი მის თვალებში სითბო და გულწრფელი თანაგრძნობა დაინახა, მართამ ნუგეში პოვა. კითხვების მეშვეობით იესომ მართას ყურადღება რწმენასა და მკვდრეთით აღდგომის იმედზე გადაატანინა. სწორედ ამ საუბრის დროს თქვა მართამ თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები: „ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“ (იოან. 11:27).
3 მართას ძლიერი რწმენა ჰქონდა. ის მცირე ინფორმაციაც კი, რაც მის შესახებ ბიბლიაში ჩაიწერა, საკმარისია ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად. ამისათვის, მოდი თვალი გადავავლოთ იმ ბიბლიურ მონაკვეთს, სადაც მართას პირველად ვხვდებით.
„ქალი, რომელიც ბევრ რამეზე წუხდა და ზრუნავდა“
4. რის თქმა შეიძლება მართას ოჯახზე, და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ იესოსთან?
4 რამდენიმე თვით ადრე, როცა ლაზარე ჯერ კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი იყო, მისი ოჯახი ბეთანიაში განსაკუთრებული სტუმრის, იესო ქრისტეს, დასახვედრად ემზადებოდა. ლაზარე, მართა და მარიამი დედმამიშვილები იყვნენ და, სავარაუდოდ, ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, მართა უფროსი იყო, რადგან, როგორც ჩანს, სტუმრების გამასპინძლებას თავის თავზე იღებდა და სახარების დამწერი იოანეც და-ძმებიდან პირველს მას მოიხსენიებს (იოან. 11:5). ცნობილი არ არის, იყო თუ არა რომელიმე მათგანი დაოჯახებული, თუმცა ის კი ვიცით, რომ სამივენი იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. იუდეაში მსახურებისას, სადაც სასტიკ დევნასა და მტრობას ხვდებოდა, იესომ მათ სახლში პოვა თავშესაფარი. უდავოა, მას ძალიან სიამოვნებდა ამ ოჯახში ყოფნა, სადაც სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა.
5, 6. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესოს სტუმრობის დროს მართას მართლაც ბევრი რამ ექნებოდა გასაკეთებელი? ბ) როგორ მოიქცა იესოს სტუმრობით გახარებული მარიამი?
5 მართა ყველანაირად ცდილობდა, რომ მის სახლში სტუმარს თავი კარგად ეგრძნო. ის შრომისმოყვარე, გამრჯე ქალი იყო და, ალბათ, დამჯდარს ვერ ნახავდით. არც იესოს სტუმრობა იყო გამონაკლისი. ამ ძვირფასი სტუმრისა და მისი თანამგზავრებისთვის მან გადაწყვიტა, განსაკუთრებული სუფრა გაეშალა. იმ დროს სტუმარს დიდი პატივისცემით იღებდნენ. სახლში შესულ სტუმარს მასპინძელი სიხარულით ეგებებოდა, გადაკოცნიდა, სანდლებს ხდიდა, ფეხებს აბანინებდა და თავზე სურნელოვან ზეთს სცხებდა (წაიკითხეთ ლუკას 7:44—47). ტრადიციის თანახმად, სტუმარს უხვად უმასპინძლდებოდნენ და საუკეთესო ოთახს უთმობდნენ მოსასვენებლად.
6 მართას და მარიამს ბევრი რამ ჰქონდათ გასაკეთებელი, რომ სტუმრებს სათანადოდ გამასპინძლებოდნენ. ცხადია, მარიამი, რომელიც ზოგის აზრით, უფრო მგრძნობიარე და სულიერი პიროვნება იყო, თავიდან ეხმარებოდა მართას. მაგრამ როგორც კი მათთან იესო მივიდა და სულიერ საკითხებზე დაიწყო საუბარი, მარიამმა ყველაფერს თავი მიანება. იმდროინდელი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, იესო აფასებდა ქალებს და სიხარულით ასწავლიდა მათ ღვთის სამეფოს შესახებ. გახარებული მარიამი იესოს ფეხებთან მიუჯდა და გაფაციცებით უსმენდა.
7, 8. რატომ გაბრაზდა მართა მარიამზე და როგორ გამოხატა წყენა?
7 ადვილი წარმოსადგენია, რა ცეცხლი ტრიალებდა მართას გულში. საჭმლის მომზადება თუ სხვა რამე, ყველაფერი მისი გასაკეთებელი გახდა. ის დაბნეული იყო და აღარ იცოდა, რომელი ერთი მოესწრო. წინ და უკან დარბოდა და ხედავდა, რომ მისი და იქვე იჯდა და არ ეხმარებოდა. ალბათ, უკმაყოფილებისგან სახე აელეწა, მწარედ ოხრავდა ან წარბს იჭმუხნიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამდენ საქმეს მარტო ვერ აუვიდოდა.
8 ბოლოს ვეღარ მოითმინა, იესოსთან მივიდა, სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“ (ლუკ. 10:40). მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „უფალო, ნუთუ ვერ ხედავ . . . ?“. შემდეგ მან იესოს სთხოვა, მარიამისთვის შენიშვნა მიეცა და ეთქვა, რომ მიხმარებოდა.
9, 10. ა) რა უთხრა იესომ მართას? ბ) საიდან ვიცით, რომ იესო ჯეროვნად აფასებდა მართას მძიმე შრომას?
9 იესოს პასუხი, ალბათ, გააოცებდა მართას. ეს სიტყვები ბიბლიის მრავალ მკითხველსაც აკვირვებს. იესომ რბილად უთხრა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლუკ. 10:41, 42). რას გულისხმობდა იესო? იმას, რომ მართა ბევრს ფიქრობდა მიწიერზე? ან იქნებ არ აფასებდა მართას შრომას, რომელიც მისთვის გემრიელ სადილს ამზადებდა?
10 ნამდვილად არა! იესო ხედავდა მართას სუფთა გულსა და მოტივებს. უფრო მეტიც, ის არც გულუხვად გამასპინძლებაში ხედავდა რაიმე ცუდს. არც ისე დიდი ხნის წინ, ის სიამოვნებით მივიდა „დიდ წვეულებაზე“, რომელიც მათემ მის პატივსაცემად გამართა (ლუკ. 5:29). პრობლემა თავად საჭმლის მომზადება კი არ იყო, არამედ ის, თუ რა იყო იმ დროს მართასთვის უმთავრესი. ის საჭმლის მომზადებაზე იმდენს ფიქრობდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი დაავიწყდა.
იესო აფასებდა მართას სტუმართმოყვარეობას და იცოდა, რომ ის სიყვარულითა და სწორი მოტივებით ემსახურებოდა
11, 12. როგორ შეუსწორა იესომ თვალსაზრისი მართას?
11 იესო, იეჰოვა ღმერთის მხოლოდშობილი ძე, მართას სახლში იყო და იქ მყოფთ ჭეშმარიტებას ასწავლიდა. შეიძლება ყოფილიყო რაიმე, თუნდაც საყვარელი საქმე, ამაზე მნიშვნელოვანი? იესოს ნამდვილად დასწყდებოდა გული, რომ მართა ხელიდან უშვებდა რწმენის განმტკიცების უნიკალურ შესაძლებლობას, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო.a მარიამის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად იყო. მართას არ უნდა შეეშალა ხელი დისთვის, რომ მას იესოსთვის მოესმინა.
12 ამიტომ, იესომ რბილად მიანიშნა მართას, რომ არასწორად ფიქრობდა; რამდენჯერმე თბილად მიმართა სახელით, რომ დაემშვიდებინა, მერე კი უთხრა, რომ საჭირო არ იყო ბევრ რამეზე წუხილი და ზრუნვა. ერთი ან ორი კერძი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რადგან იქ ხომ სულიერი ნადიმი იყო გამართული. იესო არავითარ შემთხვევაში არ წაართმევდა მარიამს იმ უკეთესს, რაც აირჩია — იესოსგან სწავლის შესაძლებლობას.
13. რას ვსწავლობთ ამ ბიბლიური ეპიზოდიდან?
13 ბიბლიაში აღწერილი ეს ეპიზოდი ქრისტეს დღევანდელი მიმდევრებისთვის კარგი გაკვეთილია. არაფერს უნდა მივცეთ უფლება, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში შეგვიშალოს ხელი (მათ. 5:3). ჩვენ გვინდა, მივბაძოთ მართას გულუხვობასა და გარჯაში, მაგრამ არ გვინდა, ზედმეტად ვწუხდეთ ნაკლებად მნიშვნელოვანზე და ამის გამო მხედველობიდან გამოგვრჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას მთავარი მდიდრული სუფრების გაშლა კი არ უნდა იყოს, არამედ ერთმანეთის გამხნევება და „სულიერი ძღვნის“ გაზიარება (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). უბრალო სუფრასთანაც შეიძლება სასიამოვნო ურთიერთობა.
საყვარელი ძმის სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა
14. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მართას, როცა რჩევას გვაძლევენ?
14 გაითვალისწინა მართამ იესოს შენიშვნა? როგორც ჩანს, კი. მოციქული იოანე თავის სახარებაში ლაზარეს აღდგომის ამაღელვებელი სცენის აღწერისას, ამბობს: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოან. 11:5). თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ბეთანიაში ლაზარესთან იყო სტუმრად. ცხადია, მართა არ გაბუტულა და არც წყენა ჩაუდია გულში სიყვარულით მიცემული რჩევის გამო. მართა ამ მხრივაც რწმენის გამოვლენის ჩინებულ მაგალითს გვაძლევს. რომელ ჩვენგანს არ გვჭირდება დროდადრო რჩევა?
15, 16. ა) როგორ მოუვლიდა მართა ავადმყოფ ძმას? ბ) რატომ გაუცრუვდებოდათ იმედი მართასა და მარიამს?
15 როდესაც ლაზარე ცუდად გახდა, მართა ძმას თავზე დაჰფოფინებდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა და გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა. მიუხედავად ამისა, ლაზარეს მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დები დღედაღამ მის გვერდით იყვნენ და მასზე ზრუნავდნენ. რამდენჯერაც შეხედავდა ძმის ღონემიხდილ სახეს, მართას, ალბათ, იმდენჯერ გაახსენდებოდა ჭირსა თუ ლხინში ერთად გატარებული წლები.
16 როცა მართა და მარიამი მიხვდნენ, რომ თავის ძმას ვეღარაფერს უშველიდნენ, მისი ამბავი იესოს შეატყობინეს. იმ დროს იესო ბეთანიიდან ორი დღის სავალზე ქადაგებდა. დებმა იესოს მოკლედ შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავად არის“ (იოან. 11:1, 3). მათ იცოდნენ, რომ იესოს უყვარდა ლაზარე და სჯეროდათ, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა მეგობრის დასახმარებლად. იმედოვნებდნენ, რომ იესო ავადმყოფს დროზე მიუსწრებდა? თუ ასე იყო, დებს იმედი გაუცრუვდებოდათ, რადგან ლაზარე მოკვდა.
17. რატომ ჩავარდებოდა მართა საგონებელში, და როგორ მოიქცა, როცა გაიგო, რომ იესო ქალაქს უახლოვდებოდა?
17 მართას და მარიამს გლოვის დღეები დაუდგათ. გარდა ამისა, მათ უნდა ეზრუნათ მის დაკრძალვაზე და ბეთანიიდან თუ მის შემოგარენიდან მათ სანუგეშებლად მისულთა მიღებაზე. იესოსგან კი არაფერი ისმოდა. დღეები გადიოდა. მართა, ალბათ, სულ უფრო მეტად ვარდებოდა საგონებელში. ბოლოს, ლაზარეს სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ, მართამ გაიგო, რომ იესო ქალაქს უახლოვდებოდა. მართა მწუხარების დროსაც არ დაიბნა და ისე სწრაფად გაიქცა იესოსთან შესახვედრად, რომ მარიამისთვისაც კი არაფერი უთქვამს (წაიკითხეთ იოანეს 11:18—20).
18, 19. რა იმედი ასულდგმულებდა მართას და რატომ იყო მისი რწმენა სამაგალითო?
18 როგორც კი მოძღვარი დაინახა, მაშინვე უთხრა ის, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში დებს მოსვენებას უკარგავდა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. თუმცა მართას ჯერ კიდევ არ ჰქონდა იმედი ბოლომდე გადაწურული, რაც მისი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რაც უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს“. იესოს ნათქვამმა მას რწმენა განუმტკიცა: „აღდგება შენი ძმა“ (იოან. 11:21—23).
19 მართას ეგონა, რომ იესო მომავალ აღდგომაზე ლაპარაკობდა და უთხრა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:24). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა. ზოგიერთი იუდეველი წინამძღოლი, რომლებსაც სადუკეველებს ეძახდნენ, უარყოფდა, რომ მკვდრები აღდგებოდნენ. თუმცა, ამის შესახებ საკმაოდ გასაგებად ეწერა წმინდა წერილებში (დან. 12:13; მარ. 12:18). მართამ იცოდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგებდა და რამდენიმე ადამიანიც ჰყავდა უკვე მკვდრეთით აღდგენილი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო იმდენი ხნის მკვდარი, რამდენისაც ლაზარე. მართა ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა.
20. ახსენით იოანეს 11:25—27-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების მნიშვნელობა და ყურადღება მიაქციეთ, რა უპასუხა მართამ.
20 სწორედ მაშინ თქვა იესომ ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს მისცა ძალაუფლება, რომ მომავალში მსოფლიო მასშტაბით აღადგინოს მკვდრები. იესომ ჰკითხა მართას: „გწამს ეს?“. პასუხად მართამ ამ თავის დასაწყისში მოხსენიებული სიტყვები უთხრა. მას სჯეროდა, რომ იესო იყო ქრისტე ანუ მესია, ღვთის ძე. მართამ იცოდა, რომ წინასწარმეტყველები იესოს დედამიწაზე მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ (იოან. 5:28, 29; წაიკითხეთ იოანეს 11:25—27).
21, 22. ა) როგორ თანაუგრძნობდა იესო მგლოვიარეთ? ბ) აღწერეთ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა.
21 აფასებენ ასეთ რწმენას იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო? მართას თვალწინ განვითარებული მოვლენები ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვცემს. ის თავისი დის მოსაყვანად გაიქცა. მართამ ისიც დაინახა, როგორ აცრემლდა იესო მარიამთან და სხვა მგლოვიარეებთან საუბრისას. იესოს ცრემლები იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისიც განიცდიდა ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს. მართამ გაიგონა, როგორ თქვა იესომ, სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ (იოან. 11:28—39).
22 მართამ იესოს ურჩია, ეს არ გაეკეთებინათ, რადგან ოთხი დღის ცხედარი უკვე აყროლებული იქნებოდა. იესომ შეახსენა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“. მანაც ირწმუნა და იხილა იეჰოვა ღმერთის დიდება. სწორედ იეჰოვამ მისცა იესოს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ძალა! შემდგომში განვითარებული მოვლენები მართას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებოდა, მაგალითად, როგორ დაიძახა იესომ ხმამაღლა: „ლაზარე, გამოდი!“; როგორ მოისმა სამარხიდან ლაზარეს წამოდგომისა და სახვევების შარიშურის ხმა, როცა ის გასასვლელისკენ მიაბიჯებდა; მართას იესოს შემდეგი სიტყვებიც ღრმად ჩაებეჭდებოდა გონებაში: „გახსენით, იაროს“; და ისიც დიდხანს ემახსოვრებოდა, თუ როგორ ჩაეხუტნენ დები გაცოცხლებულ ძმას (წაიკითხეთ იოანეს 11:40—44). მართას გულს დარდი გადაეყარა და შვებით ამოისუნთქა.
23. რა ჯილდოს გვპირდებიან იეჰოვა და იესო, და რა შემთხვევაში მივიღებთ მას?
23 ამ შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ მკვდრეთით აღდგომა ილუზია არ არის. ეს ბიბლიური სწავლებაა, რომელიც ისტორიულადაც დადასტურებულია (იობ. 14:14, 15). იეჰოვა და მისი ძე ყოველთვის აჯილდოებენ ძლიერი რწმენის მქონე ადამიანებს, როგორც ეს მართას, მარიამისა და ლაზარეს შემთხვევიდანაც გამოჩნდა. თუ მსგავსი რწმენა გექნებათ, ღმერთი თქვენც დაგაჯილდოებთ!
„მართა . . . ემსახურებოდა“
24. რას ვიგებთ ბიბლიის იმ ეპიზოდიდან, რომელშიც მართა უკანასკნელად ჩნდება?
24 ბიბლიაში მართა კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული. იესოს დედამიწაზე ყოფნის ბოლო კვირაა. მან იცის, რა ელის წინ და ამჯერადაც თავისი მეგობრების სახლში, ბეთანიაში მიდის, რომელიც იერუსალიმიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. იესომ და ლაზარემ ერთად ივახშმეს კეთროვანი სიმონის სახლში. იმ დროს მართაც იქ იყო და როგორც ბიბლიაში წერია, „სუფრას ემსახურებოდა“ (იოან. 12:2).
25. რატომ არიან მართას მსგავსი ქალები კურთხევა კრებისთვის?
25 მართა ნამდვილად გამრჯე ქალი იყო და ყოველთვის ზრუნავდა სხვებზე. როცა მის შესახებ ბიბლიაში პირველად ვკითხულობთ, ის საქმითაა დაკავებული და იმავეს ვიგებთ ბიბლიის იმ ეპიზოდიდან, რომელშიც ის უკანასკნელად ჩნდება. დღეს ქრისტიანულ კრებებშიც არიან მართას მსგავსი დები, რომლებიც რწმენას საქმეებით ავლენენ. ეს დაუზარელი დები გულუხვობითა და თავგანწირვის სულით გამოირჩევიან. როგორც ჩანს, მართამ ბოლომდე შეინარჩუნა ეს თვისებები, რაც უდავოდ დაეხმარებოდა იმ რთული განსაცდელების გადატანაში, რაც წინ ელოდა.
26. რაში დაეხმარა მართას ძლიერი რწმენა?
26 რამდენიმე დღეში მას იესოს სიკვდილით გამოწვეული ტკივილის ატანა მოუწევდა. სისხლისმსმელ ფარისევლებს, რომლებმაც იესო მოკლეს, ლაზარეს მოკვლაც უნდოდათ, რადგან მისი აღდგომის შემდეგ ბევრმა ირწმუნა ქრისტე (წაიკითხეთ იოანეს 12:9—11). ცხადია, საბოლოოდ, სიკვდილი დედმამიშვილებს ერთმანეთს მაინც დააშორებდა. ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ მოხდა ეს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მართას ძლიერი რწმენა დაეხმარა, რომ ბოლომდე მოეთმინა. ამიტომ, ქრისტიანებმა მართას უნდა მივბაძოთ და მასსავით ძლიერი რწმენა გამოვავლინოთ.
a პირველ საუკუნეში, როგორც წესი, იუდეველი ქალები მოკლებულნი იყვნენ განათლების მიღების შესაძლებლობას. ისინი, ძირითადად, საოჯახო ხელსაქმეს სწავლობდნენ. მართასთვის მეტად უჩვეულო იქნებოდა იმის დანახვა, თუ როგორ იჯდა ქალი მასწავლებლის ფერხთით და უსმენდა.