თავი 75
რაშია ბედნიერების საიდუმლო
იესო „ღვთის ხელით“ დევნის დემონებს
რა არის ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო
იესომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ აუხსნა თავის მიმდევრებს, როგორ უნდა ელოცათ, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მას ორჯერ მოუწია ერთსა და იმავე საკითხზე საუბარი. ამჯერად იესო იმეორებს მის მიერ ერთხელ უკვე მოყვანილ მაგალითს კაცზე, რომლისგანაც უწმინდური სული გამოდის. გალილეაში ყოფნის დროს, როდესაც იესომ სასწაულები მოახდინა, მას ცრუ ბრალდება წაუყენეს, თითქოს, ის დემონების მმართველის ძალით მოქმედებდა. ახლა, იუდეაშიც ასეთივე ბრალდებას უყენებენ.
როცა იესო დემონის მიერ დამუნჯებულ კაცს მისი ტყვეობისგან ათავისუფლებს, ხალხი გაოცებას ვერ მალავს. თუმცა სრულიად საპირისპიროს გრძნობენ იესოს მოწინააღმდეგეები. ისინი იმაში ადანაშაულებენ მას, რაშიც ადრე სხვებმა დაადანაშაულეს: „ის დემონებს ბელზებელის, დემონების მმართველის მეშვეობით დევნის“ (ლუკა 11:15). სხვები, რომელთაც სურთ, მეტი გაიგონ იესოს ვინაობის შესახებ, სთხოვენ მას, ზეციდან ნიშანი უჩვენოს.
იესო ხვდება, რომ მათ მისი გამოცდა სურთ და ამიტომ ისევე პასუხობს, როგორც გალილეაში ყოფნისას უპასუხა თავის მოწინააღმდეგეებს. ის ამბობს, რომ თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო დაემხობა და ასეთ მსჯელობას ავითარებს: „თუ სატანაც თავისივე წინააღმდეგ არის გაყოფილი, როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“. შემდეგ იესო პირდაპირ ეუბნება ხალხს: „თუ ღვთის ხელით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო“ (ლუკა 11:18—20).
როცა იესომ „ღვთის ხელი“, სიტყვასიტყვით „ღვთის თითი“ ახსენა, წესით მის მსმენელებს, ისრაელის ისტორიაში მომხდარი ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გახსენებოდათ. მაშინ ფარაონის სახლეულობას, რომელმაც მოსეს მიერ მოხდენილი სასწაული იხილეს, აღმოხდა: „ღვთის ხელია ეს!“. სწორედ ღვთის ხელით, მისი თითით დაიწერა ორ ქვის ფილაზე ათი მცნება (გამოსვლა 8:19; 31:18). მსგავსად, „ღვთის თითით“ ანუ მისი წმინდა სულით, იგივე მოქმედი ძალის მეშვეობით შეუძლია იესოს დემონების განდევნა და ავადმყოფების განკურნება. აქედან გამომდინარე, იესო სრულ სიმართლეს ამბობს, როცა თავის მოწინააღმდეგეებს ეუბნება, გვერდზე დაგრჩენიათო ღვთის სამეფო, რადგან ახლა მათ თვალწინ ასეთ დიდებულ საქმეებს სწორედ ღვთის მიერ თავისი სამეფოსთვის არჩეული მეფე, იესო იქმს.
ის, რომ იესოს დემონების განდევნის ძალა აქვს, იმას ნათელყოფს, რომ მას სატანის დაჯაბნაც შეუძლია. ეს იმის მსგავსია, რომ კარგად შეიარაღებულ კაცს, რომელიც სასახლეს იცავს, მასზე ძლიერი ადამიანი დაესხას თავს და დაჯაბნოს. იესო აგრეთვე იმეორებს იმ მაგალითს, რომელიც უწმინდურ სულზე მოიყვანა. როგორც იესო ამბობს, ეს უწმინდური სული ტოვებს კაცს, მაგრამ თუ ეს კაცი სიცარიელეს კარგით არ შეივსებს, ეს სული კვლავ დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად სხვა შვიდ სულთან ერთად და საბოლოოდ, იმაზე საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე თავიდან იყო (მათე 12:22, 25—29, 43—45). სწორედ ეს დაემართა ისრაელ ერს.
ერთი ქალი, რომელიც იესოს უსმენს, აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამბობს: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“. ყველა იუდეველი ქალი ოცნებობდა, რომ წინასწარმეტყველის, მით უმეტეს მესიის დედა გამხდარიყო. შეიძლება სწორედ ამიტომ ფიქრობს ეს ქალი, რომ იესოს დედა, მარიამი განსაკუთრებულად ბედნიერია, რადგან მისი ვაჟი უბადლო მასწავლებელია. მაგრამ იესო უსწორებს ამ ქალს თვალსაზრისს და უხსნის, რა არის სინამდვილეში ბედნიერების საიდუმლო: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“ (ლუკა 11:27, 28). იესოს არასდროს უთქვამს, რომ მარიამი განსაკუთრებული პატივის მიგების ღირსია. სინამდვილეში ბედნიერებისთვის მნიშვნელობა არა აქვს ნათესაურ კავშირსა თუ რაიმე მიღწევას. კაციც და ქალიც ბედნიერი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთგულად ემსახურება ღმერთს.
როგორც გალილეაში ყოფნის დროს, ისე ახლაც იესო საყვედურობს იმ ხალხს, რომლებიც სთხოვენ, ზეციდან ნიშანი უჩვენოს. ის ამბობს, რომ „იონას ნიშნის გარდა“ სხვა ნიშანი არ მიეცემათ. იესო „იონას ნიშანში“ ორ რამეს გულისხმობს: ერთი ის, რომ იონამ თევზის მუცელში სამი დღე დაჰყო და მეორე ის, რომ გაბედულად ქადაგებდა, რისი წყალობითაც ნინეველები მონანიებისკენ აღიძრნენ. შემდეგ იესო დასძენს: „მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი“ (ლუკა 11:29—32). იესო სოლომონზე დიდიცაა, რომლის სიბრძნის მოსასმენადაც საბას დედოფალმა დიდი მანძილი გამოიარა.
იესო ამბობს: „ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე“ (ლუკა 11:33). ის შესაძლოა გულისხმობს, რომ ამ ხალხისთვის ქადაგება და მათ წინაშე სასწაულების მოხდენა იმის მსგავსია, რომ ლამპარი საწყაოს ქვეშ დადგა. ვინაიდან მათი თვალი მნიშვნელოვანი რამისკენ არ არის მიპყრობილი, მხედველობიდან რჩებათ ის, თუ რა მიზნით აკეთებს იესო ასეთ საქმეებს.
იესომ ეს-ესაა გაათავისუფლა კაცი დემონის ტყვეობისგან, რომელმაც მას მეტყველების უნარი წაართვა. ამას უნდა აღეძრა ხალხი, განედიდებინათ ღმერთი და სხვებისთვის იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ ეუწყებინათ. ამიტომ იესო თავის ბრალმდებლებს აფრთხილებს: „ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს. თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი, იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება“ (ლუკა 11:35, 36).