იესოს დაბადება — ნამდვილი ისტორია
დაფიქრდით თქვენი ქვეყნის ისტორიაში ყველასთვის ცნობილ მოვლენაზე. ეს მოვლენა საფუძვლიანად არის დასაბუთებული და არაერთ ისტორიკოსს აქვს მოხსენიებული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რას იტყოდით, ვიღაცას თქვენთვის რომ ეთქვა, ეს არასოდეს მომხდარა, არამედ მხოლოდ მითიაო? ან უფრო პირადული გავხადოთ საკითხი: რას იტყოდით, ვინმეს თქვენთვის რომ ეთქვა, რომ თქვენი ოჯახის მიერ პაპათქვენის დაბადებისა და მისი ბავშვობის შესახებ მოყოლილი ამბის უმეტესი ნაწილი ტყუილიაო? ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე მხოლოდ გადაკვრით მინიშნებაც კი თქვენში აღშფოთებას გამოიწვევდა. რა თქმა უნდა, თქვენ სიმართლედ არ ჩათვლიდით ასეთ განაცხადს.
მაგრამ დღეს კრიტიკოსები, ჩვეულებრივ, საერთოდ უგულებელყოფენ მათესა და ლუკას სახარებისეულ ცნობებს იესოს დაბადების შესახებ. ისინი ამბობენ, ეს ცნობები უკიდურესად წინააღმდეგობრივი და ჰარმონიულობას მოკლებულიაო; ისინი მტკნარი სიცრუითა და უხეში ისტორიული შეცდომებითაა სავსეო. შეიძლება ეს მართალი იყოს? ასეთი ბრალდებების სიმართლედ ჩათვლის ნაცვლად, პირადად გამოვიკვლიოთ სახარების ცნობები. პარალელურად ვნახოთ, თუ რა უნდა გვასწავლოს ამან დღეს.
სახარების დაწერის მიზანი
დასაწყისში სახარებები ამ ბიბლიური ცნობის მიზნის დამახსოვრებაში გვეხმარება. ისინი ბიოგრაფიები კი არ არის, არამედ სახარებებია. ამ განსხვავების დანახვა მნიშვნელოვანია. ბიოგრაფიებში ავტორმა შეიძლება ასობით გვერდი გაავსოს და ეცადოს, მკითხველს დაანახვოს, თუ როგორ ავითარებს თემას ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის შესახებ, რომელიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ამგვარად, ზოგი ბიოგრაფიით გადავსებულია მთელი გვერდები და დაწვრილებით არის მოთხრობილი მთავარი გმირის წარმომავლობა, დაბადება და ბავშვობა. სახარებებში ეს ასე არ არის. ოთხი სახარებიდან მხოლოდ ორში, მათესა და ლუკას სახარებებში, არის მოთხრობილი იესოს დაბადებისა და ბავშვობის შესახებ. მაგრამ ამის მიზანი ის არ არის, რომ ნაჩვენები იქნას, თუ როგორ იზრდებოდა იესო. გახსოვდეთ, იესოს მიმდევრებმა იცოდნენ, რომ თავიანთი მოძღვარი დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში არსებობდა როგორც სულიერი ქმნილება (იოანე 8:23, 58). ასე რომ, მათესა და ლუკას იესოს ბავშვობა იმისთვის არა აქვთ მოხსენიებული, რომ ახსნან, თუ როგორი მამაკაცი გახდა ის. პირიქით, ისინი ყვებიან შემთხვევებს, რომლებიც მათი სახარებების მიზანს შეესაბამება.
მაშ, რა იყო სახარებების დაწერის მიზანი? სიტყვა „სახარება“ „კეთილ ცნობას“ ნიშნავს. ორივე მამაკაცი ერთი და იმავე ცნობას გადმოსცემს — ცნობას, რომ იესო არის აღთქმული მესია, ანუ ქრისტე, რომ ის კაცობრიობის ცოდვებისთვის მოკვდა, რომ მკვდრეთით აღდგა და რომ ზეცაშია. მაგრამ ორივეს საკმაოდ განსხვავებული წარმოშობა ჰქონდა და განსხვავებული მსმენელისთვის წერდა. მათეს, მებაჟეს, თავისი ცნობა ძირითადად იუდეველთათვის ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლუკა, ექიმი, კი წერდა ‘ღირსეულ თეოფილეს’, რომელსაც, ალბათ, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა ეჭირა, და ეს სახარება განკუთვნილი იყო იუდეველთა უფრო ფართო მასებისა და წარმართებისთვის (ლუკა 1:1–3). თითოეულმა მწერალმა აირჩია შემთხვევები, რომლებიც კონკრეტული მსმენელისთვის ყველაზე შესაფერისი და, ალბათ, ყველაზე დამაჯერებელი იყო. ამგვარად, მათეს ცნობა ყურადღებას ამახვილებს ებრაული წერილების წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც იესოს ეხებოდა და შესრულდა. ლუკა კი უფრო კლასიკურად, ისტორიულად აშუქებს საკითხს, რაც მისი არაიუდეველი მსმენელებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა.
გასაკვირი არ არის, რომ მათი ცნობები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ ისინი წინააღმდეგობრივი არ არის, როგორც ამას კრიტიკოსები აცხადებენ. ისინი ერთმანეთს ავსებს და ურთიერთკავშირში უფრო შესანიშნავ სრულ სურათს წარმოგვიდგენს.
იესოს დაბადება ბეთლემში
მათე და ლუკა — ორივე — გვიყვებიან იესოს დაბადებასთან დაკავშირებულ ცნობილ სასწაულს იმის შესახებ, რომ ის ქალწულისგან იშვა. მათე აჩვენებს, რომ ამ სასწაულით შესრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც ესაიამ საუკუნეების წინ წარმოთქვა (ესაია 7:14; მათე 1:22, 23). ლუკას გადმოცემით, იესოს დაბადება ბეთლემში იმ მიზეზით მოხდა, რომ, კეისრის მიერ აღწერის მოთხოვნის შედეგად, იოსები და მარიამი იძულებული გახდნენ, იქ გამგზავრებულიყვნენ (იხილეთ მე-7 გვერდზე მოცემული ჩარჩო). ბეთლემში იესოს დაბადების ფაქტი მნიშვნელოვანი იყო. საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა, რომ მესია იერუსალიმის მახლობლად მდებარე, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქალაქში დაიბადებოდა (მიქა 5:1).
ცნობილია, რომ საშობაო სცენებში ძირითადად იესოს დაბადების ღამეს იყენებენ. მაგრამ სინამდვილე ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ასე ხშირად წარმოადგენენ ხოლმე. ისტორიკოსი ლუკა, რომელიც მოსახლეობის აღწერის შესახებ გვიყვება, რამაც იოსები და მარიამი ბეთლემში მიიყვანა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამ მნიშვნელოვან ღამეს მწყემსები თავიანთ ფარებთან ერთად მინდვრად იყვნენ. ამ ორმა მდგომარეობამ ბიბლიის მრავალი მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შეუძლებელია, იესო დეკემბრის ღამეს დაბადებულიყო. ისინი აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია, კეისარს ისედაც უკმაყოფილო იუდეველებისთვის ძალა დაეტანებინა, რომ ცივი, წვიმიანი ზამთრის პერიოდში დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და სადღაც წასულიყვნენ, რასაც შეიძლება ამ ისედაც მოჯანყე ხალხის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაეზარდა. ასევე შეუძლებელია, აღნიშნავენ სწავლულები, რომ ასეთ ცუდ ამინდში მწყემსები თავიანთ ფარებთან ერთად მინდვრად ყოფილიყვნენ (ლუკა 2:8–14).
შენიშნეთ, რომ იეჰოვამ თავისი ძის დაბადების შესახებ აუწყა არა იმდროინდელ განათლებულ და გავლენიან რელიგიურ წინამღძოლებს, არამედ უბრალო ადამიანებს, რომლებიც მინდვრად ცხოვრობდნენ და მძიმე შრომას ეწეოდნენ. მწიგნობრებსა და ფარისევლებს, ალბათ, მწყემსებთან თითქმის არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რადგან ამ უკანასკნელთ თავიანთი სამუშაო საშუალებას არ აძლევდა, დაეცვათ ზეპირი რჯულის ზოგი წვრილმანი. მაგრამ ღმერთმა ამ თავმდაბალ, ერთგულ მამაკაცებს დიდი პატივი დასდო და ანგელოზები მიუგზავნა, რათა მათთვის ემცნოთ, რომ მესია, რომელსაც ღვთის ხალხი ათასწლეულების განმავლობაში ელოდა, ახლახან ბეთლემში დაიბადა. ბაგაში მწოლი უწყინარი ჩვილის სანახავად მარიამთან და იოსებთან ეს მამაკაცები მივიდნენ და არა „სამი მეფე“, რომლებსაც ასე ხშირად წარმოადგენენ ხოლმე საშობაო სცენებში (ლუკა 2:15–20).
იეჰოვა კეთილგანწყობილებას ავლენს ჭეშმარიტების თავმდაბალი მაძიებლების მიმართ
ღმერთი კეთილგანწყობილებას ავლენს თავმდაბლებისადმი, რომლებსაც უყვართ ის და რომლებიც დიდად არიან დაინტერესებული მისი განზრახვების შესრულების ხილვით. ამას არაერთხელ ესმება ხაზი მოვლენებში, რომლებიც იესოს დაბადებასთანაა დაკავშირებული. როდესაც ბავშვს დაახლოებით ერთი თვე შეუსრულდა, იოსებმა და მარიამმა, მოსეს რჯულის თანახმად, ტაძარში მიიყვანეს ის. მათ მსხვერპლად შესწირეს „ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა!“ (ლუკა 2:22–24). ფაქტობრივად, რჯულის თანახმად, აღსავლენად ბატკანი მოითხოვებოდა, მაგრამ, თუ ოჯახი ღარიბი იყო, რჯული ამ ნაკლები ღირებულების შესაწირავის გაკეთების ნებასაც იძლეოდა (ლევიანნი 12:1–8). დაფიქრდით ამაზე! იეჰოვა ღმერთმა, სამყაროს უზენაესმა უფალმა, თავისი საყვარელი მხოლოდშობილი ძის საცხოვრებლად ამოირჩია ღარიბი და არა მდიდარი ოჯახი. თუ მშობელი ხართ, ეს თქვენთვის იმის თვალნათელი შეხსენება იქნებოდა, რომ შვილისთვის საუკეთესო ძღვენი — მატერიალურ სიმდიდრესა და პრესტიჟულ განათლებაზე ბევრად უმჯობესი — იქნებოდა ოჯახური გარემო, სადაც სულიერი ფასეულობები პირველ ადგილზეა დაყენებული.
ტაძარში კიდევ ორი ერთგული, თავმდაბალი პიროვნებისადმი ავლენს იეჰოვა კეთილგანწყობილებას. ერთ-ერთია ანა, 84 წლის ქვრივი, რომელიც „არ შორდებოდა ტაძარს“ (ლუკა 2:36, 37). მეორე კი — ერთგული ხანში შესული მამაკაცი — სიმონი. ორივე აღფრთოვანებული იყო, რომ სიკვდილის წინ ღმერთმა იმის ნახვით დააჯილდოვა, ვინც აღთქმული მესია გახდებოდა. სიმონი ბავშვის შესახებ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს. ეს არის იმედით აღსავსე, მაგრამ ოდნავ სევდანარევი წინასწარმეტყველება. ის ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა დედა, მარიამი, დიდად დამწუხრდებოდა საყვარელი ძის სიკვდილით (ლუკა 2:25–35).
ბავშვს საფრთხე ემუქრება
სიმონის წინასწარმეტყველება არის იმის სამწუხარო შეხსენება, რომ ეს უწყინარი ბავშვი სიძულვილის ობიექტი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ჩვილია, მისადმი ეს სიძულვილი უკვე ვლინდება. მათე დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ. გავიდა რამდენიმე თვე. იოსები, მარიამი და იესო ბეთლემში ცხოვრობენ. მათთან მოულოდნელად რამდენიმე უცხო მიდის სტუმრად. უამრავი საშობაო სცენისგან განსხვავებით მათე არაფერს აკონკრეტებს იმაზე, თუ რამდენი კაცი მივიდა, და მათ „ბრძენ მამაკაცებს“ და, მით უმეტეს, „სამ მეფეს“ არ უწოდებს. ის იყენებს ბერძნულ სიტყვას „მაგი“, რაც „მოგვს“ ნიშნავს. მხოლოდ ამ სიტყვამაც კი უნდა ანიშნოს მკითხველს, რომ აქ რაღაც ბოროტებას აქვს ადგილი, ვინაიდან ვარსკვლავთმრიცხველობა არის საქმიანობა, რასაც ღვთის სიტყვა განსჯის და რასაც ერთგული იუდეველები სასტიკად ერიდებოდნენ (მეორე რჯული 18:10–12; ესაია 47:13, 14).
ეს მოგვები ვარსკვლავს აღმოსავლეთიდან გამოჰყვნენ და ‘ახლად შობილი იუდეველთა მეფისთვის’ საჩუქრები მოჰქონდათ თან (მათე 2:2). მაგრამ ამ ვარსკვლავს ისინი ბეთლემში კი არ მიჰყავს, არამედ იერუსალიმში, ჰეროდე დიდთან. მსოფლიოში არც ერთ კაცს არ ჰქონია პატარა იესოსთვის ზიანის მიყენების ისეთი საშუალება და სურვილი, რამდენიც ამ კაცს ჰქონდა. ამ პატივმოყვარე მკვლელმა საკუთარი ოჯახის რამდენიმე წევრი დახოცა, რადგან მათგან საშიშროებას მოელოდაa. „იუდეველთა“ მომავალი ‘მეფის’ დაბადებით შეწუხებული მეფე მოგვებს ბეთლემში იესოს საპოვნელად აგზავნის. მათი წასვლისთანავე უცნაური რამ ხდება. ‘ვარსკვლავი’, რომელიც იერუსალიმისკენ მიუძღოდა მოგვებს, ამოძრავდა (მათე 2:1–9).
ახლა ჩვენ არ ვიცით, ცაზე მოძრავი ეს სინათლე ნამდვილი იყო თუ, უბრალოდ, ხილვა. მაგრამ ვიცით, რომ ეს „ვარსკვლავი“ ღვთისგან არ იყო. ძნელი არ არის უკიდურესად ბოროტი განზრახვის დანახვა იმაში, რომ ამ ვარსკვლავმა ეს წარმართი თაყვანისმცემლები პირდაპირ იესოსთან — უსუსურ, უმწეო ბავშვთან — მიიყვანა, რომლის დამცველებად მხოლოდ ერთი ღარიბი დურგალი და მისი ცოლი იყვნენ. მოგვები, რომლებიც ჰეროდემ მოატყუა, ალბათ, ამ სისხლმოწყურებულ მონარქს ამბავს მიუტანდნენ, ამას კი ბავშვის სიკვდილი მოჰყვებოდა. მაგრამ საქმეში იეჰოვა ჩაერია, სიზმარში გამოეცხადა მოგვებს და სახლებში სხვა გზით გაგზავნა. მაშასადამე, „ვარსკვლავი“ ღვთის მტრის, სატანის, იარაღი უნდა ყოფილიყო — სატანისა, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა მესიისთვის ზიანის მისაყენებლად. რა მწარე ირონიაა, რომ საშობაო სცენებში ვარსკვლავი და მოგვები ღვთის მიერ გამოგზავნილებად არიან წარმოდგენილი (მათე 2:9–12).
სატანა ფარ-ხმალს მაინც არ ყრის. მისი განზრახვის შემსრულებელი მეფე ჰეროდე იძლევა განკარგულებას, რომ ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ბავშვი დახოცონ. მაგრამ სატანა იეჰოვასთან ომს ვერ იმარჯვებს. მათე აღნიშნავს, რომ ღმერთმა დიდი ხნით ადრე განჭვრიტა უმწეო ბავშვის მოკვლის ეს ბოროტი განზრახვა. იეჰოვამ სატანას იმით შეუტია, რომ იოსები ანგელოზის მეშვეობით გააფრთხილა, ეგვიპტეში გაქცეულიყო. მათე გვამცნობს, რომ მოგვიანებით იოსებმა ისევ შეუცვალა ადგილსამყოფელი თავის ოჯახს და, საბოლოოდ, ნაზარეთში დამკვიდრდა, სადაც იესო თავის უმცროს და-ძმებთან ერთად იზრდებოდა (მათე 2:13–23; 13:55, 56).
იესოს დაბადება — რას ნიშნავს თქვენთვის?
ხომ არ გაგაოცათ იესოს დაბადებისა და ბავშვობის მოვლენების შესახებ მოყოლილმა ამ მოკლე ინფორმაციამ? მრავალს ეს აოცებს. მათს განცვიფრებას იწვევს ცნობების ურთიერთშეთანხმებულობა და სიზუსტე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები თავდაჯერებულად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათს განცვიფრებას იმის გაგებაც იწვევს, რომ ამ მოვლენებიდან ზოგი ასობით წლით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. მათთვის საოცარია ისიც, რომ სახარებები, ტრადიციული საშობაო გადმოცემები და გამოქვაბულებში დასურათებული მოვლენები ზოგ მთავარ საკითხში საკმაოდ განსხვავებულია.
მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ შობის ტრადიციულ ზეიმებში სახარების ცნობებიდან ასე ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია გამოტოვებული. მაგალითად, ძალიან მწირი ინფორმაციაა მოცემული იესოს მამის, იეჰოვა ღმერთის, — და არა იოსების — შესახებ. წარმოიდგინეთ მისი გრძნობები, როდესაც თავისი საყვარელი ძე იოსებსა და მარიამს ჩააბარა, რათა ამ უკანასკნელთ გაეზარდათ და ეზრუნათ მასზე. წარმოიდგინეთ ზეციერი მამის სულიერი ტკივილი, როდესაც ის უშვებდა, რომ თავისი ძე გაზრდილიყო წუთისოფელში, სადაც სიძულვილით აღსავსე მეფე საიდუმლოდ მისი შვილის მოკვლას განიზრახავდა და ამის გაკეთებას იესოს ბავშვობიდანვე შეუდგებოდა! კაცობრიობისადმი უსაზღვრო სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, რომ ეს მსხვერპლი გაეღო (იოანე 3:16).
ნამდვილი იესოსთვის საშობაო დღესასწაულებში ხშირად ადგილი აღარ რჩება. არ არსებობს აგრეთვე არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ იესოს თავისი მოწაფეებისთვის ოდესმე ეთქვას თავისი დაბადების თარიღის შესახებ, და არც იმის არავითარი მინიშნება, რომ მის მიმდევრებს აღენიშნათ ეს თარიღი.
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ აღენიშნათ არა მისი დაბადების, არამედ სიკვდილის დღე — სიკვდილისა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა (ლუკა 22:19, 20). არა, იესოს არ სურდა, რომ ის ბაგაში მწოლიარე უმწეო ჩვილად მოეგონებინათ, ვინაიდან ახლა ის ბავშვი აღარ არის. მისი მოკვლიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ იესო ხილვაში მოციქულ იოანეს ცხენზე ამხედრებულ ძლევამოსილ მებრძოლ მეფედ გამოეცხადა (გამოცხადება 19:11–16). იესო დღეს ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველია და საჭიროა გავიგოთ, რომ ის არის მეფე, რომელიც მსოფლიოს შეცვლის.
[სქოლიო]
a კეისარი ავგუსტუსი აღნიშნავდა, რომ ჰეროდე მოსაკლავად ვაჟს უფრო ადვილად გაიმეტებდა, ვიდრე ღორს.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
ცდებოდა ლუკა?
როგორ შეიძლებოდა იესო, რომელიც ნაზარეთში გაიზარდა და ნაზარეველად იყო ცნობილი, დაბადებულიყო ბეთლემში, ნაზარეთიდან 150 კილომეტრით დაშორებულ სოფელში? ლუკა განმარტავს: „იმ დღეებში [იესოს დაბადებამდე] გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში“ (ლუკა 1:1; 2:1–3).
კრიტიკოსები განსაკუთრებით ამ ადგილზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ეს ან უხეში შეცდომაა, ან გამონაგონი, რაც უფრო უარესია. ისინი ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის ეს აღწერა და კვირინოსის მმართველობა ახ. წ. 6–7 წლებში იყო. თუ კრიტიკოსები მართლები არიან, მაშინ ეს სერიოზულ ეჭვქვეშ მოაქცევდა ლუკას ცნობას, ვინაიდან ფაქტები ადასტურებს, რომ იესო ძვ. წ. 2 წელს დაიბადა. მაგრამ ეს კრიტიკოსები უგულებელყოფენ ორ ძირითად ფაქტორს. პირველი, ლუკამ იცოდა, რომ მოსახლეობის აღწერა მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა. ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს: „ეს აღწერა პირველი იყო“. მან შესანიშნავად იცოდა მოგვიანებით მომხდარი მეორე აღწერის შესახებ (საქმეები 5:37). მოსახლეობის ეს მოგვიანებით ჩატარებული აღწერა იყო სწორედ ის, რომელიც ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა მოიხსენია და რომელიც ახ. წ. 6 წელს მოხდა. მეორე, კვირინოსის მმართველობა სულაც არ მიგვითითებს იმაზე, რომ იესო ამ მეორე აღწერის დროს დაიბადა. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ჩანს, კვირინოსი ამ თანამდებობაზე ორჯერ იყო. მრავალი სწავლული აღიარებს, რომ მისი მმართველობა პირველად დაახლოებით ძვ. წ. 2 წელს დაამხეს.
ზოგი კრიტიკოსი ამბობს, რომ ლუკამ მოიგონა მოსახლეობის აღწერა, რათა ბეთლემში იესოს დაბადების საფუძველი შეექმნა და, ამგვარად, შესრულებულიყო მიქას 5:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. ეს თეორია ლუკას შეგნებულ მატყუარად ხდის, ხოლო არც ერთ კრიტიკოსს არ შეუძლია ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდება იმ კეთილსინდისიერ ისტორიკოსს მიუსადაგოს, რომელმაც დაწერა სახარება და წიგნი „საქმეები“.
არის კიდევ რაღაც, რასაც ვერც ერთი კრიტიკოსი ვერ ახსნის: მოსახლეობის აღწერით თავისთავად შესრულდა წინასწარმეტყველება! ძვ. წ. VI საუკუნეში დანიელი წინასწარმეტყველებდა მმართველის შესახებ, რომელიც ‘გზირებს დაგზავნიდა’. შეიძლება ითქვას ეს ავგუსტუსსა და მის ბრძანებაზე, რომ ისრაელში მოსახლეობის აღწერა ჩატარებულიყო? დანიელის წინასწარმეტყველებაში შემდეგ ნათქვამია, რომ მომდევნო მეფის მმართველობის დროს მესიას ანუ ‘აღთქმის მეუფეს შემუსრავდნენ’. იესო ნამდვილად ‘შემუსრეს’, ანუ მოკლეს, ავგუსტუსის შემდგომი მეფის, ტიბერიუსის, მმართველობის დროს (დანიელი 11:20–22).
[სურათები]
კეისარი ავგუსტუსი (ძვ. წ. 27 — ახ. წ. 14 წლები).
კეისარი ტიბერიუსი (ახ. წ. 14–37 წლები).
[საავტორო უფლებები]
Musée de Normandie, Caen, France
Photograph taken by courtesy of the British Museum
[სურათი 8 გვერდზე]
იეჰოვას ანგელოზმა ქრისტეს დაბადების შესახებ კეთილი ცნობა თავმდაბალ მწყემსებს ამცნო.