ᲭᲐᲛᲐ-ᲡᲛᲐ
ძველად ებრაელებსა და მოგვიანებით, ადრეულ ქრისტიანებს შორის მიღებული იყო ერთობლივი ჭამა-სმა, რაც მათ შორის არსებულ სასიამოვნო მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებდა. ასეთი ღონისძიებები მათ სულიერადაც აღაშენებდა. საკვების ერთობლივი მიღება სხვებისადმი სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის გამოხატვის საშუალებასაც იძლეოდა. როგორც ჩანს, ებრაელებსაც და ადრეულ ქრისტიანებსაც ჩვევად ჰქონდათ ლოცვა ჭამის დაწყებამდე (1სმ. 9:13; სქ. 27:35; 1ტმ. 4:1, 3; იხ. ᲡᲢᲣᲛᲐᲠᲗᲛᲝᲧᲕᲐᲠᲔᲝᲑᲐ; ᲣᲤᲚᲘᲡ ᲕᲐᲮᲨᲐᲛᲘ; ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡ ᲜᲐᲓᲘᲛᲔᲑᲘ).
ისრაელები, როგორც ჩანს, ძირითადად, ორჯერ იღებდნენ საკვებს დღის განმავლობაში: ერთს დილით, ხოლო მეორეს — საღამოს, სამუშაო დღის ბოლოს (შდრ. რთ. 3:2, 3, 7; 1მფ. 17:6). მართალია, უმეტესობა სახლში საუზმობდა, დანარჩენებს, მათ შორის მეთევზეებს, რომლებიც მთელ ღამეს შრომაში ატარებდნენ, საგზალი თან მიჰქონდათ. ზოგჯერ მეთევზეები ახალდაჭერილი თევზითაც საუზმობდნენ (შდრ. მრ. 8:14; ინ. 21:12, 15).
თუმცაღა, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ხალხი შუადღეზეც რაღაცას მსუბუქად მიირთმევდა (სქ. 10:9, 10). ალბათ ამ დროისთვის ყანაში მომუშავენი წყვეტდნენ მუშაობას და ცოტას წაიხემსებდნენ ხოლმე (შდრ. რთ. 2:14).
ჩვეულებრივ, სუფრას ქალები ემსახურებოდნენ (ინ. 12:1—3). თუმცა ზოგჯერ ისინიც მამაკაცებთან ერთად მიირთმევდნენ საჭმელს (1სმ. 1:4, 5; იობ. 1:4). შეძლებულ ოჯახებში, განსაკუთრებით კი სამეფო ოჯახში, სუფრას მომსახურე პერსონალი ემსახურებოდა. მეფე სოლომონის სუფრას განსაკუთრებულ სამოსში გამოწყობილი მომსახურეები ემსახურებოდნენ (1მფ. 10:4, 5; 2მტ. 9:3, 4).
სასმელს ინდივიდუალურ სასმისებში ასხამდნენ, ხოლო კერძს ხშირ შემთხვევაში საერთო ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. მას იღებდნენ თითებით ან პურის ნატეხით, რომელსაც ერთგვარი კოვზივით ხმარობდნენ (მრ. 14:20; ინ. 13:25, 26; იხ. აგრეთვე იგ. 26:15).
საკვებს, ჩვეულებრივ, ნახევრად მწოლიარე ან დამჯდარნი მიირთმევდნენ (დბ. 18:4; 27:19; მსჯ. 19:6; ლკ. 9:14). ასურეთის მეფე ასურბანიფალის სასახლის ბარელიეფზე ვხვდებით გამოსახულებას, სადაც მეფე ნადიმის დროს ნახევრად წამოწოლილია ტახტზე, ხოლო დედოფალი შემაღლებულ სკამზე ზის. ჭამის დროს ტახტებზე ნახევრად წამოწოლა, როგორც ჩანს, სპარსელებს შორისაც მიღებული იყო (ესთ. 7:8). ეზეკიელის დროს ზოგ ისრაელსაც ჰქონდა სახლში მაგიდები და ტახტები (ეზკ. 23:41).
იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში. ახ. წ. პირველ საუკუნეში ებრაელები ჩვეულებისამებრ, ჭამის წინ ხელებს იბანდნენ. მწიგნობრებისა და ფარისევლებისთვის ეს ჩვევა ნამდვილ რიტუალს წარმოადგენდა (მრ. 7:1—8; იხ. ᲮᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲜᲐ).
იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში წვეულებებისა თუ დიდი ნადიმების დროს მიღებული იყო მაგიდის გარშემო სამი მხრიდან ტახტების განლაგება. მეოთხე მხრიდან ტახტს არ დგამდნენ, რათა სუფრის მომსახურენი მაგიდასთან თავისუფლად მისულიყვნენ. ერთ ტახტზე, ჩვეულებრივ, სამი ადამიანი იყო განთავსებული, თუმცა ზოგჯერ მასზე ოთხი ან ხუთი ადამიანიც თავსდებოდა. ჩვეულებრივ, ისინი ეყრდნობოდნენ ხოლმე მარცხენა იდაყვს, რომელიც, შესაძლოა, ბალიშზე ჰქონდათ დადებული, ხოლო თავები მაგიდისკენ ჰქონდათ მიმართული. საჭმელს მარჯვენა ხელით იღებდნენ. ტახტზე ყველაზე საპატიო ადგილი ეკავა ადამიანს, რომლის უკანაც არავინ არ იყო. ვინმეს მკერდთან, ანუ ვინმესთან ახლოს ყოფნა, ნიშნავდა იმას, რომ ეს ადამიანი ვიღაცის წინ იმყოფებოდა და მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა (ინ. 13:23, სსგ). ორი ადამიანის ერთმანეთთან ასე ახლოს ჯდომა, მათ შორის გულღია საუბრის შესაძლებლობას იძლეოდა.
ის, თუ ვინ სად იჯდა თითოეულ ტახტზე, მიუთითებდა მის საპატიო, ნაკლებად საპატიო თუ შედარებით დაბალ მდგომარეობაზე. როდესაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ტახტი იდგა, მას, ვინც მასპინძლისგან ყველაზე შორს მდებარე ტახტის დაბალ ადგილზე იჯდა, სუფრაზე ყველაზე უმნიშვნელო ადამიანად მიიჩნეოდა (შდრ. მთ. 23:6; ლკ. 14:7—11).
ზოგჯერ გარკვეულ სადღესასწაულო ნადიმებს სუფრის გამრიგე მეთვალყურეობდა (ინ. 2:9); ხშირად ასეთ დროს მუსიკითა და ცეკვითაც ერთობოდნენ (ლკ. 15:25).
სწორი შეხედულება ჭამა-სმაზე. ღვთის ნებაა, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს ჭამა-სმისგან (ეკ. 2:24). თუმცა მისთვის მიუღებელია უკიდურესობებში გადავარდნა (იგ. 23:20, 21; ეკ. 10:17; რმ. 13:13; 1პტ. 4:3; იხ. ᲡᲘᲛᲗᲕᲠᲐᲚᲔ; ᲦᲝᲠᲛᲣᲪᲔᲚᲐ, ᲒᲐᲣᲛᲐᲫᲦᲐᲠᲘ). ვინაიდან საკვების ზომიერად მიღება სასიამოვნო პროცესია, გულმხიარული ადამიანი შეიძლება შევადაროთ მას, ვისაც მუდამ ლხინი აქვს (იგ. 15:15). გარდა ამისა, თბილ ატმოსფეროში საკვების მიღება უფრო სასიამოვნოა. იგავებში ნათქვამია: „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგ. 15:17).
გადატანითი მნიშვნელობა. ვინმესთან ერთად საკვების მიღება იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ ადამიანებს შორის მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა. აქედან გამომდინარე, ვისაც მეფის სუფრიდან რეგულარულად ჭამის პატივი ჰქონდა, მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა (1მფ. 2:7). სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობას დაჰპირდა იესო თავის ერთგულ მოწაფეებს, როცა უთხრა, რომ მის სამეფოში მასთან ერთად შეჭამდნენ და დალევდნენ (ლკ. 22:28—30; იხ. აგრეთვე ლკ. 13:29; გმც. 19:9).
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის მოწინააღმდეგეების განადგურების შემდეგ „დიდი ვახშამი“ გაიმართება. ეს ვახშამი განკუთვნილი იქნება ფრინველებისთვის, რომლებიც დახოცილთა გვამებით გამოიკვებებიან (გმც. 19:15—18). ესაიას 25:6-ში კი საუბარია სრულიად განსხვავებულ ნადიმზე, რომელსაც ღმერთი ყველა ხალხს გაუმართავს.