სასწავლო სტატია 26
„დამიბრუნდით“
„დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით“ (მალ. 3:7).
სიმღერა 102 „დაეხმარეთ უძლურებს“
მოკლე შინაარსიa
1. რას გრძნობს იეჰოვა, როცა დაკარგული მსახური უბრუნდება მას?
წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ იეჰოვა საკუთარ თავს კარგ მწყემსს ადარებს, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს თავის ფარას და ეძებს თითოეულ გზააბნეულ ცხვარს. „დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით“, — ამ სიტყვებით მიმართა იეჰოვამ ისრაელებს, რომლებმაც მიატოვეს ის. გვჯერა, რომ იეჰოვას დღემდე მსგავსი განწყობა აქვს, რადგან ამბობს: „მე არ შევცვლილვარ“ (მალ. 3:6, 7). იესომ თქვა, რომ იეჰოვა და ანგელოზები ხარობენ, როცა თუნდაც ერთი დაკარგული ღვთის მსახური უბრუნდება კრებას (ლუკ. 15:10, 32).
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ამ სტატიაში განვიხილავთ იესოს მიერ მოყვანილ სამ იგავს და გავიგებთ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც იეჰოვას ჩამოშორდა. ვისაუბრებთ, რა თვისებები გვჭირდება საიმისოდ, რომ დაკარგულ ცხვრებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სულიერად მოსუსტებულებს მხარში ამოვუდგეთ.
დაკარგული დრაქმის ძიება
3, 4. რატომ ეძებს ლუკას 15:8—10-ში მოხსენიებული ქალი გულდასმით დაკარგულ დრაქმას?
3 ჩვენ მონდომება გვმართებს მათ მოსაძებნად, ვისაც იეჰოვასთან დაბრუნება სურს. ლუკას სახარებაში ჩაწერილ იესოს იგავში საუბარია ქალზე, რომელიც ძვირფას მონეტას, დრაქმას ეძებს. იგავის არსი ისაა, რომ დაგვანახვოს გულმოდგინედ ძებნის აუცილებლობა (წაიკითხეთ ლუკას 15:8—10).
4 იესო აღწერს, რა გრძნობა ეუფლება ქალს, რომელიც მისთვის ძვირფას დრაქმას პოულობს. იესოს დროს, როგორც ჩანს, არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც დედა თავის ქალიშვილს ქორწილის დღეს ათ დრაქმას ჩუქნიდა. შეიძლება ამიტომაც იყო ქალისთვის ეს დრაქმა ასე მნიშვნელოვანი. ის ფიქრობს, რომ მონეტა ძირს დაუვარდა. ამიტომ ლამპარს ანთებს და იქაურობას ათვალიერებს, მაგრამ ვერაფერს პოულობს. შეიძლება ლამპრის შუქი არ ყოფნის პატარა ვერცხლის მონეტის მოსაძებნად. ამიტომ ის მთელ სახლს გულდასმით გვის და ბოლოს ხედავს მტვერში დაგდებულ ძვირფას დრაქმას, რომელიც ლამპრის შუქზე ბზინავს. ახლა შეუძლია შვებით ამოისუნთქოს. იგი მეგობრებსა და მეზობლებს ეძახის, რათა თავისი სიხარული გაუზიაროს.
5. რამ შეიძლება გაართულოს მათი მოძებნა, ვინც კრებას ჩამოშორდა?
5 როგორც იესოს იგავიდან ვიგებთ, დაკარგულის პოვნა ძალისხმევას მოითხოვს. იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც კრებას ჩამოშორდა. ასეთი ადამიანების მოძებნა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. შეიძლება წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტეს; ან შესაძლოა საცხოვრებლად სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ და ადგილობრივი ძმები არ იცნობენ მათ. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ზოგიერთ მათგანს მთელი გულით სწადია იეჰოვასთან დაბრუნება. მათ კვლავაც სურთ, და-ძმებთან ერთად ემსახურონ იეჰოვას, თუმცა დამოუკიდებლად ამის გაკეთება გაუჭირდებათ.
6. ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არააქტიურების ძებნაში და როგორ?
6 ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არააქტიურების ძებნაში? კრებაში ამის გაკეთება ყველას შეუძლია — უხუცესებს, პიონერებს, ნებისმიერ მაუწყებელსა თუ არააქტიურის ოჯახის წევრებს. გყავთ ვინმე მეგობრებს ან ნათესავებს შორის, ვინც კრებას ჩამოშორდა? ხომ არ შეხვედრიხართ არააქტიურ მაუწყებელს კარდაკარ ან სტენდით ქადაგების დროს? შეგიძლიათ ასეთებს შესთავაზოთ, რომ სიამოვნებით გადასცემთ მათ საკონტაქტო ინფორმაციას ადგილობრივი კრების უხუცესებს, თუ ამის სურვილი ექნებათ.
7. რას ვსწავლობთ ერთი უხუცესის სიტყვებიდან?
7 კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს, რომ არააქტიურებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმარონ? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ესპანეთში მცხოვრები უხუცესი, სახელად ტომასი,b რომელიც ორმოცზე მეტ არააქტიურ მაუწყებელს დაეხმარა იეჰოვასთან დაბრუნებაში: „ჯერ და-ძმებს ვეკითხები, ამჟამად სად ცხოვრობენ კრების არააქტიური მაუწყებლები. ან ხომ არ ახსენდებათ, ვინ აღარ დადის კრებაზე. როგორც წესი, ბევრი სიამოვნებით თანამშრომლობს ჩემთან, რადგან ხედავენ, რომ თავადაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. როცა არააქტიურ და-ძმებს ვინახულებ, ვეკითხები ხოლმე თავიანთი შვილებისა და ნათესავების შესახებ. ზოგჯერ საუბარში ირკვევა, რომ ადრე მათი შვილებიც დადიოდნენ კრებაზე ან მაუწყებლებიც კი იყვნენ. ასე რომ, მათ შვილებსაც შეიძლება დავეხმაროთ იეჰოვასთან დაბრუნებაში“.
იეჰოვას დაკარგული შვილების დაბრუნება
8. ლუკას 15:17—24-ში მოთხრობილ იგავში, როგორ მოექცა მამა მომნანიებელ შვილს?
8 რა თვისებები გვჭირდება, რომ არააქტიურებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ? ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს იგავიდან გზასაცდენილ შვილზე (წაიკითხეთ ლუკას 15:17—24). როგორც იგავიდან ვიგებთ, ბოლოს შვილი გონს მოეგო და შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მამა სირბილით გამოეგება მას და გულში ჩაიკრა, რითაც თავის სიყვარულში დაარწმუნა. შვილს სინდისი ქენჯნიდა და თავს უღირსად თვლიდა, რომ კვლავ შვილის სტატუსით დაბრუნებოდა ოჯახს. მამა თანაგრძნობით განიმსჭვალა შვილის მიმართ, რომელმაც გულწრფელად გამოხატა თავისი გულისტკივილი. მან გულთბილად მიიღო ის, არა როგორც მოჯამაგირე, არამედ როგორც ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამის ნიშნად მან ნადიმი გამართა და საუკეთესო ტანსაცმლით შემოსა შინ დაბრუნებული შვილი.
9. რა თვისებები გვჭირდება, არააქტიურებს იეჰოვასთან დაბრუნებაში რომ დავეხმაროთ? (იხილეთ ჩარჩო „როგორ დავეხმაროთ მათ, ვისაც იეჰოვასთან დაბრუნება სურთ“)
9 იეჰოვა ამ იგავში აღწერილ მამას ჰგავს. მას კვლავაც უყვარს თავისი შვილები, რომლებიც კრებას ჩამოშორდნენ და სურს, დაუბრუნდნენ მას. თუ იეჰოვას მივბაძავთ, ასეთ და-ძმებს დაბრუნებაში დავეხმარებით. ამისთვის კი მოთმინება, თანაგრძნობა და სიყვარული გვჭირდება. რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისებები და რა დაგვეხმარება ამაში?
10. რატომ გვჭირდება მოთმინება, როცა სულიერად მოსუსტებულს ვეხმარებით?
10 არააქტიურს სულიერად მოძლიერებაში რომ დავეხმაროთ, მოთმინება გვჭირდება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია. ბევრი, ვინც ადრე არააქტიური იყო, ამბობს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა კრებას, რაც უხუცესებმა თუ სხვებმა არაერთხელ მოინახულეს. აზიაში მცხოვრები და, ნენსი, წერს: „კრებაში ერთმა დამ დიდი დახმარება გამიწია. ის უფროსი დასავით მიყურებდა. მახსენებდა ხოლმე იმ სასიამოვნო მომენტებს, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ის მოთმინებით მისმენდა, როცა გულს ვუშლიდი და თუ საჭირო იყო, რჩევასაც მაძლევდა. როგორც ნამდვილი მეგობარი, ყოველთვის მზად იყო ჩემ დასახმარებლად“.
11. რატომ უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც გული ატკინეს?
11 თანაგრძნობა შეიძლება მალამოს შევადაროთ, რომელიც ჭრილობის მოშუშებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელი გავიდა, ზოგიერთი არააქტიური დღემდე ვერ ივიწყებს, როგორ ატკინა გული თანაქრისტიანმა. ამიტომაც არა აქვთ კრებაში დაბრუნების სურვილი. ზოგი შესაძლოა ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მათ კარგი მომსმენი და თანამგრძნობი ადამიანი სჭირდებათ (იაკ. 1:19). მარია, რომელიც ერთ დროს არააქტიური იყო, ამბობს: „გვერდით ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც მომისმენდა, მანუგეშებდა და გონივრულ რჩევას მომცემდა“.
12. როგორ იზიდავს იეჰოვა თავისკენ არააქტიურებს? ახსენით.
12 ბიბლია თავისი ხალხისადმი იეჰოვას სიყვარულს თასმას ანუ თოკს ადარებს. რა გაგებით ჰგავს იეჰოვას სიყვარული თოკს? დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე: წარმოიდგინეთ, რომ აღელვებულ ზღვაში იხრჩობით და ამ დროს ვიღაც მაშველ რგოლს გიგდებთ. ცხადია, მადლიერი დარჩებით, რადგან მისი დახმარებით არ ჩაიძირებით. მაგრამ მხოლოდ მაშველი რგოლის ამარა ბევრს ვერაფერს გახდებით. თუ ნავზე არ ახვედით, გაყინულ წყალში დიდხანს ვერ გაძლებთ. ვინმემ ნავიდან თოკი უნდა გადმოგიგდოთ და თავისკენ მიგიზიდოთ. იეჰოვამ გზასაცდენილ ისრაელებზე ასეთი რამ თქვა: „ვიზიდავდი . . . სიყვარულის თასმებით“ (ოს. 11:4). იეჰოვას დღესაც იგივე განწყობა აქვს მათ მიმართ, ვინც შეწყვიტა მისადმი მსახურება და ახლა პრობლემებსა თუ საწუხარში „იძირება“. მას სურს, დაარწმუნოს ისინი სიყვარულში და თავისკენ მიიზიდოს. შესაძლოა სწორედ ჩვენ აღმოვჩნდეთ ის, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა მათ სიყვარულს აგრძნობინებს.
13. როგორ აჩვენებს პაბლოს შემთხვევა, რომ ქრისტიანულ სიყვარულს დიდი ძალა აქვს?
13 არააქტიური მაუწყებლები იეჰოვასა და ჩვენს სიყვარულში უნდა დავარწმუნოთ. წინა სტატიაში ნახსენები პაბლო, რომელიც 30 წელზე მეტხანს არააქტიური იყო, გვიყვება: „ერთ დილით, როცა სახლიდან გამოვედი, ერთი საყვარელი ასაკოვანი და შემხვდა. ისე თბილად დამელაპარაკა, რომ ბავშვივით ავტირდი. ვუთხარი, რომ მისი თავი იეჰოვამ გამომიგზავნა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე იეჰოვასთან დაბრუნება“.
სიყვარულით იზრუნეთ მოსუსტებულებზე
14. ლუკას 15:4, 5-ში მოთხრობილ იგავში, როგორ მოიქცა მწყემსი დაკარგული ცხვრის პოვნის შემდეგ?
14 არააქტიურებს გამუდმებით სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილის მსგავსად, არც მათთვის იქნება ადვილი ემოციური ჭრილობების მოშუშება. სატანის ქვეყნიერებაში ყოფნა მათაც დააჩნევდა თავის კვალს და სულიერად მოასუსტებდა. ამიტომაც სჭირდებათ არააქტიურებს დახმარება, რომ იეჰოვას მიმართ რწმენა დაიბრუნონ. იგავში დაკარგულ ცხვარზე იესო აღწერს, როგორ იქცევა მწყემსი. მან დიდი დრო და ძალისხმევა მოახმარა ცხვრის პოვნას, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა, ისევ თავად შეისვა ცხვარი მხრებზე და ფარაში დააბრუნა, რადგან მიხვდა, რომ ცხვარს საამისოდ ძალა არ ეყოფოდა (წაიკითხეთ ლუკას 15:4, 5).
15. როგორ დავეხმაროთ არააქტიურებს იეჰოვასთან დაბრუნებაში? (იხილეთ ჩარჩო „შესანიშნავი დამხმარე საშუალება“)
15 შეიძლება დიდი დრო და ენერგია დაგვჭირდეს არააქტიურთა დასახმარებლად, რათა გადალახონ ის პრობლემა, რაც ხელს უშლით იეჰოვასთან დაბრუნებაში. თუმცა ღვთის სულის, ბიბლიისა და ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მეშვეობით, შეგვიძლია მათ სულიერად მოძლიერებაში დავეხმაროთ (რომ. 15:1). როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ერთი გამოცდილი უხუცესი ამბობს: „არააქტიურების უმეტესობას, რომელთაც იეჰოვასთან დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი, ბიბლიის ხელახლა შესწავლა სჭირდებათ“.c ამიტომ ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, თუ არააქტიურისთვის ბიბლიის შესწავლის ჩატარებას გთხოვენ. ეს უხუცესი დასძენს: „მაუწყებელი, რომელიც შესწავლას ატარებს, მეგობრული და სანდო უნდა იყოს, რათა არააქტიურმა გულღიად შეძლოს მასთან საუბარი“.
სიხარული ზეცაში და დედამიწაზე
16. საიდან ვიცით, რომ ძიების საქმეში ანგელოზები გვიჭერენ მხარს?
16 მრავალი შემთხვევა ცხადყოფს, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ იმ არააქტიურთა ძებნაში, რომელთაც იეჰოვასთან დაბრუნება სურთ (გამოცხ. 14:6). მაგალითად, ეკვადორელი სილვიო კრებაში დასაბრუნებლად იეჰოვას დახმარებას მთელი გულით სთხოვდა. ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ ლოცულობდა, ორმა უხუცესმა მის კარზე ზარი დარეკა. მათ ძალიან გაუხარდათ, რომ სილვიოს დახმარების შესაძლებლობა მიეცათ.
17. რა ჯილდოს ვიღებთ, როცა სულიერად სუსტებს ვეხმარებით?
17 უდიდეს სიხარულს გვანიჭებს, როცა სულიერად მოსუსტებულებს იეჰოვასთან დაბრუნებაში ვეხმარებით. ერთი პიონერი, სახელად სალვადორი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არააქტიურებს, ამბობს: „ზოგჯერ სიხარულის ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ძალიან მსიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ძვირფას ცხვარს, თავი დააღწიოს სატანის ქვეყნიერებას. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო“ (საქ. 20:35).
18. რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, თუ არააქტიური გახდით?
18 თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ჩამოშორდა ღვთის ხალხს, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას კვლავაც უყვარხართ და სურს, დაუბრუნდეთ. თუმცა თქვენგანაც მოითხოვება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. იესოს იგავში მოხსენიებული მამის მსგავსად, იეჰოვაც მთელი გულით ელის თქვენს დაბრუნებას და სიხარულით მიგიღებთ სულიერ ოჯახში.
სიმღერა 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით
a იეჰოვას სურს მათი დაბრუნება, ვინც კრებას ჩამოშორდა. ჩვენც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, რომ ასეთებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c ზოგი არააქტიურისთვის შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს წიგნიდან „დარჩი ღვთის სიყვარულში“ კონკრეტული თავების განხილვა, ზოგისთვის კი — წიგნიდან „დაუახლოვდი იეჰოვას“. კრების სამსახურებრივი კომიტეტი გადაწყვეტს, ვინ გაართმევს თავს საუკეთესოდ ამ დავალებას.
d სურათის აღწერა: სამი სხვადასხვა ძმა ეხმარება არააქტიურს, რომელსაც კრებაში დაბრუნება სურს. ისინი ხშირად ეკონტაქტებიან მას, სიყვარულით ეპყრობიან და გულისხმიერებით უსმენენ.