მიბაძეთ იეჰოვას გულმოწყალებას
„იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).
1. როგორ გამოავლინეს ფარისევლებმა, რომ უმოწყალოები იყვნენ?
ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხატად არიან შექმნილი, ხშირად არ ბაძავენ შემოქმედის გულმოწყალებას (დაბადება 1:27). მაგალითად, განვიხილოთ ფარისევლების შემთხვევა. როგორც ჯგუფს, მათ არ გახარებიათ იესოს მიერ გულმოწყალების გამოვლენა და შაბათს ხელგამხმარი კაცის განკურნება. ნაცვლად ამისა, მათ მოითათბირეს იესოს წინააღმდეგ, „თუ როგორ დაეღუპათ იგი“ (მათე 12:9–14). სხვა შემთხვევაში იესომ დაბადებიდან ბრმა განკურნა. ‘ზოგი ფარისეველი’ სიხარულის ვერავითარ მიზეზს ვერ პოულობდა იესოს გულმოწყალებაში. ნაცვლად ამისა, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს“ (იოანე 9:1–7, 16).
2, 3. რას გულისხმობდა იესო გამოთქმაში „მოერიდეთ ფარისეველთა. . . საფუარს“?
2 ფარისევლების უგულობა ბოროტმოქმედება იყო ადამიანთა მიმართ და ცოდვა — ღვთის წინაშე (იოანე 9:39–41). შემთხვევით არ იყო, რომ იესო მოწაფეებს აფრთხილებდა, ‘მორიდებოდნენ’ ამ მაღალი ფენის წარმომადგენლებისა და სხვა რელიგიების წევრების, მაგალითად, სადუკევლების, „საფუარს“ (მათე 16:6). საფუარი ბიბლიაში ცოდვის ან გახრწნილების სიმბოლოდ გამოიყენება. ასე რომ, იესო ლაპარაკობდა ‘მწიგნობართა და ფარისეველთა’ მოძღვრებაზე, რომელსაც წმინდა თაყვანისმცემლობაზე გამხრწნელი გავლენის მოხდენა შეეძლო. როგორ? ისინი ხალხს ასწავლიდნენ, რომ ღვთის რჯულად მხოლოდ მათ მიერ თვითნებურად დადგენილი კანონები და რიტუალები მიეჩნიათ, მაშინ როდესაც უგულებელყოფდნენ ‘უფრო მთავარს’, მათ შორის გულმოწყალებას (მათე 23:23). რიტუალებზე დაფუძნებულმა ამ რელიგიამ ღვთის თაყვანისცემა აუტანელ ტვირთად აქცია.
3 უძღებ შვილზე იგავის მეორე ნაწილში იესო იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა გახრწნილ აზროვნებას ამხელს. იგავში მამას, რომლითაც იეჰოვაა წარმოდგენილი, მთელი გულით სურდა მიეტევებინა მომნანიებელი ძისთვის. ამ ბიჭის უფროს ძმას, რომელიც ‘ფარისევლების და მწიგნობრების’ ტიპიური წარმომადგენელია, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარი თვალსაზრისი ჰქონდა (ლუკა 15:2).
ძმის გაბრაზება
4, 5. რა გაგებით იყო უფროსი ძმა „დაკარგული“?
4 „უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა“ (ლუკა 15:25–28).
5 ცხადია, რომ იესოს იგავში მხოლოდ უძღები შვილის საქმე არ იყო ცუდად. „მოყვანილ აღწერილობაში ორივე ძე დაკარგულია, — აღნიშნავს ერთი ცნობარი. — ერთი უმართლობამ დასცა, ხოლო მეორე საკუთარ სამართლიანობაში დაჯერებულობამ დააბრმავა“. ყურადღება მიაქციეთ, რომ უძღები შვილის ძმა, გახარების ნაცვლად, „გაბრაზდა“. იმ ბერძნული სიტყვის ფუძე, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გაბრაზდა“, იმდენად უცაბედ განრისხებას არ ნიშნავს, რამდენადაც განუწყვეტლივ გაღიზიანებულ აზროვნებას. როგორც ჩანს, უფროს ძმაში ღრმად იყო გამჯდარი გულისწყრომა და ამიტომ უმართებულოდ მიიჩნევდა ისეთი ვინმეს დაბრუნების ლხინით აღნიშვნას, რომელსაც სახლი არც უნდა დაეტოვებინა.
6. ვის განასახიერებს უფროსი ძმა და რატომ?
6 უფროსი ძმა შესანიშნავად განასახიერებს მათ, ვისაც სწყინდა, რომ იესო თანაგრძნობითა და მზრუნველობით ეკიდებოდა ცოდვილებს. საკუთარ სამართლიანობაში დაჯერებულ ამ ადამიანებზე იესოს გულმოწყალება გავლენას არ ახდენდა; ისინი არც იმ სიხარულს იზიარებდნენ, რომელსაც ცოდვილის მონანიება იწვევდა ცაში. პირიქით, იესოს გულმოწყალება მათ რისხვასა და გულში ‘ბოროტ ფიქრებს’ აღუძრავდა (მათე 9:2–4). ერთხელ ფარისევლები იმდენად განრისხდნენ, რომ დაუძახეს კაცს, რომელიც იესომ განკურნა, და სინაგოგიდან ‘გარეთ გამოაგდეს’ (იოანე 9:22, 34). უფროსი ძმის მსგავსად, რომელსაც სახლში „შესვლა აღარ უნდოდა“, იუდეველთა რელიგიური წინამძღოლებიც ჯიუტად უარზე იდგნენ, როდესაც ‘მოხარულებთან გახარების’ შესაძლებლობა ჰქონდათ (რომაელთა 12:15). იესომ იგავში კიდევ უფრო მეტად ამხილა მათი ბოროტი აზროვნება.
მცდარი აზროვნება
7, 8. ა) რა მხრივ არ ესმოდა უფროს ძმას, თუ რა იყო მამაშვილობა? ბ) რაში არ ჰგავდა უფროსი ძე მამას?
7 „მამამისი გამოვიდა და თხოვდა. მან კი პასუხად უთხრა მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი’“ (ლუკა 15:28–30).
8 ამ სიტყვებით უფროსმა ძმამ ცხადყო, რომ არ ესმოდა, თუ რა იყო ჭეშმარიტი მამაშვილობა. მამისადმი მისი დამოკიდებულება უფრო დამქირავებლისადმი მოსამსახურის დამოკიდებულებას ჰგავდა, რადგან მამას უთხრა: „გემსახურები“. მართალია, უფროსი ძე სახლიდან არასოდეს წასულა ან არასოდეს გადასულა მამის ბრძანებას, მაგრამ იყო მისი მორჩილება სიყვარულიდან გამომდინარე? ჰგვრიდა მას ნამდვილად სიამოვნებას მამისადმი მსახურება თუ თვითკმაყოფილების მორევში ცურავდა და დარწმუნებული იყო, რომ კარგი შვილი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ „მინდორში“ თავის მოვალეობას ასრულებდა? თუ ის ნამდვილად ერთგული ძე იყო, რატომ არ ირეკლავდა მამის აზროვნებას? როდესაც ძმისადმი გულმოწყალების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცა, თანაგრძნობამ რატომ ვერ მოიკიდა ფეხი მის გულში? (შეადარეთ ფსალმუნი 49:20–22).
9. განმარტეთ, რით ჰგავდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები უფროს ვაჟს.
9 იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ამ უფროსი ძის მსგავსები იყვნენ. მათ სწამდათ, რომ ღვთისადმი ერთგულები იყვნენ, ვინაიდან მკაცრად იცავდნენ რჯულის ნებისმიერ წვრილმანს. მართალია, მორჩილება ძალზე მნიშვნელოვანია (პირველი მეფეთა 15:22). მაგრამ საქმეების განსაკუთრებით ხაზგასმამ მათთვის ღვთის თაყვანისცემა რუტინად აქცია, რასაც ერთგულების მხოლოდ იერი ჰქონდა შენარჩუნებული, ხოლო, სინამდვილეში, ჭეშმარიტ სულიერობას მოკლებული იყო. მათი გონება ტრადიციებით იყო გადაჭედილი, ხოლო გული სიყვარულს მოკლებული ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ ისინი უბრალო ხალხს ფეხზე მოცხებულ ტალახად მიიჩნევდნენ და ‘დაწყევლილ ხალხადაც’ კი მოიხსენიებდნენ ზიზღით (იოანე 7:49). მართლაც, როგორ მოეწონებოდა ღმერთს ასეთი წინამძღოლების საქმეები, როდესაც მათი გულები შორს იყო მისგან? (მათე 15:7, 8).
10. ა) რატომ იყო მართებული რჩევა: „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“? ბ) რამდენად სერიოზული საკითხია შეუწყალებლობა?
10 იესომ ფარისევლებს უთხრა: „წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი’“ (მათე 9:13; ოსია 6:6). ფარისევლებს პრიორიტეტებზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან გულმოწყალების გარეშე მათ მიერ გაღებულ არავითარ მსხვერპლს ფასი არ ჰქონდა. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული საკითხია, ვინაიდან ბიბლიაში „უწყალონი“ მათ შორის არიან მოხსენიებული, ვინც ‘სიკვდილის ღირსია’ (რომაელთა 1:31, 32, სსგ). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, როგორც კლასზე, რელიგიურ წინამძღოლებზე იესომ თქვა, რომ ისინი მარადიული განადგურებისთვის არიან შემონახული. აშკარაა, მათთვის ასეთი განაჩენის გამოტანაში დიდი წვლილი შეუწყალებლობას მიუძღოდა (მათე 23:33). მაგრამ დახმარება შეიძლება ამ კლასის წარმომადგენლებსაც გაეწიოთ. იგავის დასასრულს მამის მიერ უფროსი შვილისადმი მიმართული სიტყვებით იესო ცდილობდა შეესწორებინა ასეთი იუდეველების აზროვნება. მოდით ვნახოთ, თუ როგორ.
მამის გულმოწყალება
11, 12. როგორ ცდილობს იესოს მიერ მოყვანილ იგავში მამა, უფროსი შვილის შეგონებას და რა არის საგულისხმო მამის მიერ ფრაზის, ‘შენი ძმის’, გამოყენებაში?
11 „მან კი უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულობდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა’“ (ლუკა 15:31, 32).
12 ყურადღება მიაქციეთ, რომ მამამ გამოიყენა გამოთქმა „შენი ძმა“. რატომ? გავიხსენოთ, რომ მამასთან ლაპარაკისას უფროსმა ბიჭმა უძღებ შვილს „შენი ვაჟი“ უწოდა და არა „ჩემი ძმა“. ის, როგორც ჩანს, არ აღიარებდა თავისსა და ღვიძლ ძმას შორის არსებულ ოჯახურ კავშირს. ამიტომ ახლა მამა, ფაქტობრივად, უფროს ბიჭს ეუბნება: „ის მხოლოდ ჩემი ძე კი არ არის, არამედ შენი ძმაცაა, შენი სისხლი და ხორცი. შენ ყოველგვარი საფუძველი გაქვს, გაიხარო მისი დაბრუნებით!“. იუდეველი წინამძღოლებისთვის იესოს სიტყვები ნათელი უნდა ყოფილიყო. ცოდვილები, რომლებიც მათ სძულდათ, სინამდვილეში, მათი ‘ძმები’ იყვნენ. მართლაც, „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ამიტომ ხელმძღვანელ იუდეველებს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ, გაეხარათ ცოდვილების მონანიებით.
13. რა გამომაფხიზლებელი კითხვის წინაშე გვაყენებს იესოს იგავის მოულოდნელი დასრულება?
13 მამის თხოვნის შემდეგ იგავი მოულოდნელად მთავრდება. იესო თითქოს მსმენელებს უტოვებს იგავის დასრულების შესაძლებლობას. როგორიც უნდა ყოფილიყო უფროსი შვილის რეაქცია, თითოეული მსმენელი დადგებოდა შემდეგი კითხვის პირისპირ: „გაიზიარებდი შენ იმ სიხარულს, რომელიც ზეცაში ცოდვილის მონანიების შედეგად ისადგურებს?“ დღეს ქრისტიანებსაც აქვთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. როგორ?
ღვთის გულმოწყალების მიბაძვა დღეს
14. ა) გულმოწყალების საჭიროების შემთხვევაში როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს რჩევა, რომელიც ეფესელთა 5:1-შია მოცემული? ბ) რომელი არასწორი გაგების მიმართ უნდა ვიყოთ ფხიზლად ღვთის გულმოწყალებასთან დაკავშირებით?
14 პავლე ეფესელებს შეაგონებდა: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). მაშასადამე, როგორც ქრისტიანები, ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთის გულმოწყალებისთვის, ღრმად უნდა ჩავინერგოთ გულებში და სხვებთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ეს თვისება. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე. ღვთის გულმოწყალება ცოდვის შერბილებაში არ უნდა აგვერიოს. მაგალითად, შეიძლება ვინმემ დაუდევრად იფიქროს: „თუ შევცოდავ, ყოველთვის შემიძლია ღმერთს ლოცვაში პატიება ვთხოვო, ის კი შემიწყალებს“. ასეთი თვალსაზრისი იმის ტოლფასი იქნებოდა, რასაც ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, იუდა, ‘ღვთის მადლის გახრწნილების საბაბად გადაქცევას’ უწოდებდა (იუდა 4, სსგ). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა გულმოწყალეა, მოუნანიებელ შემცოდველთან ის ‘შურისმგებელია’ (გამოსვლა 34:7; შეადარეთ იესო ნავეს ძე 24:19; 1 იოანე 5:16).
15. ა) რატომ არის განსაკუთრებით უხუცესებისთვის აუცილებელი გულმოწყალებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება? ბ) რას უნდა ცდილობდნენ უხუცესები მაშინ, როდესაც არ უნდა შეიწყნარონ შეგნებულად ცოდვის ჩამდენნი და რატომ?
15 ამავე დროს, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ და მოვერიდოთ მეორე უკიდურესობას — გავხდეთ უდრეკები და კრიტიკულები მათ მიმართ, რომლებიც ნამდვილ მონანიებასა და ღვთის გულისთვის თავიანთი ცოდვების გამო დანაღვლიანებას ავლენენ (2 კორინთელთა 7:11). რადგან უხუცესებს მიენდოთ იეჰოვას ცხვრებზე მზრუნველობა, მნიშვნელოვანია, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი შეინარჩუნონ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სამართლებრივ საკითხებს წყვეტენ. აუცილებელია ქრისტიანული კრების სიწმინდის შენარჩუნება; ამიტომ ბიბლიურად მართებულია გარიცხვის საშუალებით ‘ბოროტების მოშორება’ (1 კორინთელთა 5:11–13). ამავე დროს, კარგია გულმოწყალების გამოვლენა მაშინ, როდესაც ამისთვის აშკარა საფუძველი არსებობს. ამგვარად, უხუცესები არ იწყნარებენ შეგნებულად ჩადენილ ცოდვას, მაგრამ, ამავე დროს, ცდილობენ, სამართლიანობის ფარგლებში სიყვარულითა და გულმოწყალებით მოიქცნენ. მათ ყოველთვის ახსოვთ ბიბლიური პრინციპი: „მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია“ (იაკობი 2:13, სსგ; იგავნი 19:17; მათე 5:7).
16. ა) ბიბლიის გამოყენებით აჩვენეთ, რომ იეჰოვას ნამდვილად სურს, დაუბრუნდნენ გზასაცდენილები. ბ) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიხარია მომნანიებელი შემცოდველების დაბრუნება?
16 უძღები შვილის შესახებ იგავი ნათელს ხდის, რომ იეჰოვას სურს გზასაცდენილი პიროვნების შემობრუნება. მართლაც, ღმერთი იწვევს შემცოდველს მანამ, სანამ იმის იმედი არსებობს, რომ ის მოინანიებს (ეზეკიელი 33:11; მალაქია 3:7; რომაელთა 2:4, 5; 2 პეტრე 3:9). უძღები შვილის მამასავით, იეჰოვა უპატივცემლოდ არ ეპყრობა დაბრუნებულებს და მათ ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ღებულობს. ბაძავთ ამაში იეჰოვას? როგორ რეაგირებთ თანამორწმუნის აღდგენაზე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გარიცხული იყო? უკვე ვიცით, რომ ამის გამო ‘სიხარულია ზეცაში’ (ლუკა 15:7). მაგრამ არის სიხარული დედამიწაზე, თქვენს კრებაში ან თქვენს გულში? თუ ვინმე, იგავში მოყვანილი უფროსი შვილის მსგავსად, განაწყენებულია და ფიქრობს, რომ სულაც არ არის საჭირო სიხარულით შეხვდეს მას, ვისაც თავიდანვე არ უნდა მიეტოვებინა ღვთის სამწყსო?
17. ა) რა მდგომარეობა შეიქმნა პირველ საუკუნეში კორინთში და ამ საკითხთან დაკავშირებით რა რჩევა მისცა პავლემ კრების წევრებს? ბ) რატომ იყო პავლეს დარიგება პრაქტიკული და როგორ შეგვიძლია დღეს მისი გამოყენება? (იხილეთ მარჯვნივ მოცემული ჩარჩოც).
17 ამ საკითხში საკუთარი თავის გამოკვლევის მიზნით, განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 55 წელს მოხდა კორინთში. იქ ერთმა კაცმა, რომელიც კრებიდან გარიცხული იყო, საბოლოოდ, სრულიად სუფთა ზნეობრივი ცხოვრება დაიწყო. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ძმები? უნდობლობა უნდა გამოევლინათ ამ მომნანიებლის მიმართ და მორიდებოდნენ მას? პირიქით, პავლე კორინთელებს მოუწოდებდა: „აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ“ (2 კორინთელთა 2:7, 8). ხშირად მომნანიებელი შემცოდველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა — ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში და თავს არარაობად მიიჩნევს. ამიტომ ასეთებისთვის აუცილებელია, დაარწმუნონ, რომ თანამორწმუნეებსა და იეჰოვას უყვართ ისინი (იერემია 31:2; რომაელთა 1:12). ეს მნიშვნელოვანია. რატომ?
18, 19. ა) როგორ გამოავლინეს პირველ საუკუნეში კორინთელებმა მეტისმეტი შემწყნარებლობა? ბ) როგორ შეიძლებოდა შეუწყალებლობის შედეგად კორინთელებისთვის ‘სატანას ზიანი მიეყენებინა’?
18 როდესაც პავლემ კორინთელებს მიმტევებლობის შესახებ რჩევა მისცა, ამის გაკეთების ერთ-ერთ მიზეზად შემდეგი ფაქტორი მოიყვანა: „ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელთა 2:11). რა ჰქონდა მას მხედველობაში? ადრე პავლემ კორინთის კრება გაკიცხა მეტისმეტი შემწყნარებლობისთვის. ისინი ზემოთ მოხსენიებულ კაცს საშუალებას აძლევდნენ, განეგრძო ცოდვის ჩადენა, და არ სჯიდნენ. ასე მოქმედებით კრება, განსაკუთრებით კი უხუცესები, სატანის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რადგან მას ახარებს ქრისტიანული კრების გახრწნა (1 კორინთელთა 5:1–5).
19 თუ ახლა უხუცესები მეორე უკიდურესობაში მოექცეოდნენ და არ აპატიებდნენ მომნანიებელს, სატანა, უბრალოდ, სხვა მეთოდით გააბამდა მათ მახეში. როგორ? ის ისარგებლებდა მათი უდრეკობითა და შეუწყალებლობით. რა მძიმე პასუხისგებას დაექვემდებარებოდნენ უხუცესები იეჰოვას წინაშე, მომნანიებელი შემცოდველი რომ ‘მეტისმეტ ნაღველს შთაენთქა’ ან, როგორც ერთ-ერთი თარგმანი აღნიშნავს, ‘იმდენად დამწუხრებულიყო, რომ, შედეგად, სულ მოდუნებულიყო’! (Today’s English Version) (შეადარეთ ეზეკიელი 34:6; იაკობი 3:1). მას შემდეგ, რაც თავის მიმდევრებს ‘ამ მცირეთაგანთა შეცდენის’ შესახებ აფრთხილებს, იესო უსაფუძვლოდ არ ამბობს: „ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას; თუ მოინანიოს, მიუტევე“a (ლუკა 17:1–4).
20. როგორ ისადგურებს სიხარული ზეცაშიც და დედამიწაზეც, როდესაც შემცოდველი ინანიებს?
20 ყოველწლიურად წმინდა თაყვნისმცემლობას დაბრუნებული ათასები მადლიერები არიან იეჰოვას მიერ მათ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებისთვის. „ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი მომენტი“, — ამბობს ერთი აღდგენილი და. რა თქმა უნდა, მისი სიხარულით ანგელოზებმაც გაიხარეს. მოდით ჩვენც შევუერთდეთ იმ ‘სიხარულს ზეცაში’, რომელსაც შემცოდველის მონანიება იწვევს (ლუკა 15:7). ასე მოქმედებით იეჰოვას გულმოწყალებას მივბაძავთ.
[სქოლიოები]
a თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კორინთელი შემცოდველი საკმაოდ მოკლე პერიოდის შემდეგ აღადგინეს, ეს არ შეიძლება კრებიდან გარიცხულების აღდგენის ნიმუშად იქნეს გამოყენებული. შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი შემცოდველი თითქმის გარიცხვის მომენტიდანვე ავლენს ნამდვილ მონანიებას. სხვებს კი მსგავსი პოზიციის გამოვლენამდე გარკვეული დრო სჭირდებათ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აღდგენილებმა თავიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება უნდა გამოავლინონ და, სადაც შესაძლებელია, მონანიების ღირსი საქმეებიც (საქმეები 26:20; 2 კორინთელთა 7:11).
გამეორებისთვის
◻ რით ჰგავს უფროსი ძმა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს?
◻ რა მხრივ არ ესმოდა უფროს ძმას მამაშვილობა?
◻ რომელ ორ უკიდურესობას უნდა მოვერიდოთ, რომ ღვთის გულმოწყალება ავირეკლოთ?
◻ დღეს როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღვთის გულმოწყალებას?
[ჩარჩო 17 გვერდზე]
‘სიყვარული დაუდასტურეთ მას’
გარიცხული შემცოდველის შესახებ, რომელმაც მოინანია, პავლე კორინთის კრებას სწერდა: „გევედრებით, სიყვარული დაუდასტუროთ მას (2 კორინთელთა 2:8; სსგ). ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დაუდასტუროთ“, იურიდიული ტერმინიდან არის ნათარგმნი და „კანონიერად დასაბუთებულს“ ნიშნავს. დიახ, აღდგენილი მომნანიებლებისთვის აუცილებელია, აგრძნობინონ, რომ ისინი უყვართ და რომ სიხარულით იღებენ კრების წევრებად.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კრებაში უმრავლესობამ არ იცის ის მდგომარეობები, რამაც პიროვნება გარიცხვამდე ან აღდგენამდე მიიყვანა. გარდა ამისა, კრებაში შეიძლება იყოს ვინმე, ვისაც მომნანიებელმა შემცოდველმა ისეთი ზიანი ან ტკივილი მიაყენა, რომელიც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა. ამიტომ გვესმის, რომ, როდესაც აღდგენის შესახებ განცხადება კეთდება, შეიძლება იმ დროს სიხარულით ვერ შევხვდეთ მომნანიებელს, მაგრამ პირადად მასთან გამოვხატოთ ეს გრძნობა.
რა რწმენის განმამტკიცებელია აღდგენილებისთვის იმის ცოდნა, რომ სიხარულით იღებენ კვლავ ქრისტიანული კრების წევრებად! ისინი შეგვიძლია გავამხნევოთ მათთან საუბრით, სამეფო დარბაზში ურთიერთობით, მსახურებაში მათთან ერთად წასვლით ან სხვა შესაფერისი შემთხვევების დროს. ამგვარად, ამ ძვირფასი პიროვნებების მიმართ სიყვარულის დადასტურებით, ანუ კანონიერი დასაბუთებით, სულაც არ ვამცირებთ იმ ცოდვის სერიოზულობას, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ ზეციერ ანგელოზთა ლაშქართან ერთად ვხარობთ იმ ფაქტით, რომ მათ დატოვეს ცოდვილი გზები და იეჰოვას დაუბრუნდნენ (ლუკა 15:7).
[სურათი 15 გვერდზე]
უფროს ძმას არ გაუხარდა ძმის დაბრუნება.