თავი 87
წინდახედულება სიბრძნეზე მეტყველებს
იესოს მაგალითი მოჰყავს სახლის ერთ უმართლო მმართველზე
იესო მოუწოდებს მსმენელებს, მეგობრები „უმართლო სიმდიდრით“ შეიძინონ
იესოს მიერ გზასაცდენილ შვილზე მოყვანილ მაგალითს, წესით, დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მსმენელზე, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მებაჟეები, ისე მწიგნობრები და ფარისევლები. ამ მაგალითიდან ხომ აშკარად გამოჩნდა, რომ ღმერთი მზადაა, შემოირიგოს მომნანიე ცოდვილები?! (ლუკა 15:1—7, 11). ახლა იესო თავის მოწაფეებს მიმართავს. ამჯერად მას მდიდარ კაცზე და მის უმართლო სახლის მმართველზე მოჰყავს მაგალითი.
როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, სახლის მმართველს იმაში სდებენ ბრალს, რომ ბატონის ქონებას ანიავებს. ამიტომ ეს ბატონი გადაწყვეტს, დაითხოვოს ის. შეფიქრიანებული სახლის მმართველი თავისთვის ამბობს: „რა ვიღონო? ჩემი ბატონი მმართველობას ჩამომართმევს. ბარვის თავი არა მაქვს და მათხოვრობისა მრცხვენია“. საკუთარ მომავალზე ფიქრით მოცული ასეთ გადაწყვეტილებას იღებს: „ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ სახლის მმართველობას როცა ჩამომართმევენ, ხალხმა თავიანთ სახლებში მიმიღოს“. ის სასწრაფოდ იბარებს ბატონის ყველა მოვალეს და ეკითხება: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“ (ლუკა 16:3—5).
ერთი მოვალე პასუხობს: „ასი ბათი ზეითუნის ზეთი“, რაც დაახლოებით 2 200 ლიტრი ზეთია. როგორც ჩანს, მოვალეს ზეთისხილის დიდი ბაღები აქვს ან ზეთით ვაჭრობს. მმართველი პასუხად ეუბნება: „აიღე შენი თამასუქი, დაჯექი და სასწრაფოდ დაწერე ორმოცდაათი [1 100 ლიტრი]“ (ლუკა 16:6).
შემდეგ სახლის მმართველი სხვა მევალეს მიმართავს: „შენ რამდენიღა გმართებს?“. მოვალე პასუხობს: „ასი ქორი ხორბალი“, რაც დაახლოებით 17 ტონა გამოდის. მმართველი კი ეუბნება: „აიღე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი“. ამგვარად მოვალეს 20 პროცენტით ნაკლების გადახდა მოუწევს (ლუკა 16:7).
ვინაიდან სახლის მმართველი ჯერ კიდევ თავის მოვალეობას ასრულებს, გარკვეულწილად კვლავ აქვს იმის კანონიერი უფლება, რომ ბატონის მოვალეებს ვალი შეუმციროს. მისი ასეთი საქციელი მასსა და მოვალეებს შორის მეგობრობას ჩაუყრის საფუძველს და მას შემდეგ, რაც სამსახურს დაკარგავს, ისინიც გაუწვდიან დახმარების ხელს.
გარკვეული ხნის შემდეგ მომხდარის შესახებ ბატონი იგებს. მართალია, თავისი სახლის მმართველის საქციელის გამო მან გარკვეულწილად იზარალა, მაგრამ აღფრთოვანებას ვერ მალავს და აქებს მას, რომ წინდახედულად მოიქცა. იესო დასძენს: „ქვეყნიერების ძეები უფრო წინდახედულები არიან თავიანთი თაობის ხალხში, ვიდრე სინათლის ძეები“ (ლუკა 16:8).
იესო არც მმართველის საქციელს იწონებს და არც იმისკენ გვიბიძგებს, რომ საქმიან ურთიერთობებში მზაკვრულ ხერხებს მივმართოთ. მაშ, რის თქმა სურს მას? იესო მოწაფეებს მოუწოდებს: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“ (ლუკა 16:9). დიახ, ეს მაგალითი იესომ იმის დასანახვებლად მოიყვანა, რომ ადამიანი წინდახედული და გონიერი უნდა იყოს. „სინათლის ძეებმა“ ანუ ღვთის მსახურებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ თავიანთი ქონება, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ წინ მარადიული სიცოცხლე ელით.
მხოლოდ იეჰოვასა და მის ძეზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ადამიანი ზეციერ ჯილდოს ან იცხოვრებს თუ არა დედამიწაზე იესოს მმართველობის დროს. ღმერთთან და იესოსთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად არანაირი სახსრები არ უნდა დავინანოთ. ამ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ოქრო, ვერცხლი თუ სხვა მატერიალური ქონება ყველანაირ ფასს დაკარგავს, დაპირებულს აუცილებლად მივიღებთ და მარადიულად ვიცხოვრებთ.
იესო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით ბრძნულად იქცევა და ერთგულებას ავლენს, ის მაშინაც ერთგული იქნება, როცა გაცილებით მნიშვნელოვანს მიანდობენ. „ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ ხართ ერთგული, ჭეშმარიტს [ისეთს, როგორიცაა სამეფოს საქმე] ვინ მოგანდობთ?“ (ლუკა 16:11).
იესო მოწაფეებს უჩვენებს, რომ თუ ნამდვილად სურთ, „სამუდამო სამკვიდროში“ მიიღონ, მაშინ მზად უნდა იყვნენ, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღონ, რადგან მათ ბევრი მოეთხოვებათ. ვერავინ შეძლებს, ღვთის მსახურიც იყო და, ამავდროულად, უმართლო სიმდიდრისაც. დასკვნის სახით კი იესო ასეთ სიტყვებს ამბობს: „ვერც ერთი მოსამსახურე ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს თან გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც“ (ლუკა 16:9, 13).