შეგიძლიათ ‘სწორისა და არასწორის გარჩევა’?
„გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი“ (ეფესელთა 5:10).
1. რა მხრივ შეიძლება დღეს ცხოვრება იყოს რთული და რატომ?
„ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იერემიას მიერ გონივრულად შენიშნული ეს ჭეშმარიტება დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ყოველდღე ვაწყდებით რთულ სიტუაციებს, რომლებიც გადაწყვეტილებების წინაშე გვაყენებს. ამ გადაწყვეტილებებს, სერიოზული იქნება ისინი თუ შედარებით უმნიშვნელო, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობაზე.
2. რასთან დაკავშირებით შეიძლება არჩევნის გაკეთება უმნიშვნელოდ მივიჩნიოდ, მაგრამ როგორი თვალსაზრისი აქვთ მიძღვნილ ქრისტიანებს ამის თაობაზე?
2 მრავალი არჩევანი, რომელთა გაკეთებაც დღენიადაგ გვიწევს, შეიძლება ყოველდღიურ და უმნიშვნელო პროცედურად მივიჩნიოთ. მაგალითად, ყოველდღე გვიხდება იმის შერჩევა, თუ რას ჩავიცვამთ, რას შევჭამთ, ვის შევხვდებით და ასე შემდეგ. ასეთ არჩევნებს თითქმის ავტომატურად, დიდი დაფიქრების გარეშე, ვაკეთებთ. მაგრამ, ნუთუ მართლაც უმნიშვნელოა ეს საკითხები? მიძღვნილი ქრისტიანები დიდად არიან დაინტერესებული, რომ არჩევანი, რომელსაც ისინი აკეთებენ ჩაცმულობასა და გარეგნობასთან, საკვებსა და სასმელთან, საუბრის სტილსა და ქცევის მანერებთან დაკავშირებით, ყოველთვის მეტყველებდეს იმაზე, რომ ისინი უზენაესის, იეჰოვა ღმერთის მსახურები არიან. ყოველივე ეს შეგვახსენებს მოციქული პავლეს სიტყვებს: „ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31; კოლასელთა 4:6; 1 ტიმოთე 2:9, 10).
3. რომელია ზოგი, მართლაც რომ, სერიოზული და დიდმნიშვნელოვანი არჩევანი?
3 გარდა ამისა, ზოგი არჩევანი კიდევ უფრო სერიოზული და დიდმნიშვნელოვანია. დაქორწინების ან დაუქორწინებლად დარჩენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მართლაც რომ, დიდ ზემოქმედებას ახდენს და ხანგრძლივი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. უეჭველია, შესაფერი მეგობრის შერჩევა, რომელზეც დაქორწინდები და რომელიც მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება, უმნიშვნელო საკითხი არ არისa (იგავნი 18:22). გარდა ამისა, ჩვენი არჩევანი მეგობრებისა და ნაცნობების წრესთან, განათლებასა და სამსახურთან, გართობასა და დასვენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ გავლენასაც კი ახდენს ჩვენს სულიერობაზე — და აქედან გამომდინარე ჩვენს მარადიულ კეთილდღეობაზე (რომაელთა 13:13, 14; ეფესელთა 5:3, 4).
4. ა) რისი უნარი იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე სასურველი? ბ) რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?
4 რადგან ამ მრავალი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ჩვენთვის უდავოდ სასურველი იქნებოდა სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი გვქონოდა; ანდა იმის გარჩევის უნარი, რაც ერთი შეხედვით ჩანს სწორი და რაც სინამდვილეში სწორია. „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ — გვაფრთხილებს ბიბლია (იგავნი 14:12). ამგვარად, შესაძლოა დაგვებადოს კითხვები: როგორ შეგვიძლია განვივითაროთ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი? სად შეგვიძლია ვიპოვოთ ის საჭირო ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება? რა გაუკეთებიათ წარსულში მცხოვრებ და თანამედროვე ადამიანებს ამ მხრივ და რა მოჰყოლია მათ ქმედებას შედეგად?
წუთისოფლის ‘ფილოსოფია და ფუჭი ცდუნება’
5. როგორ მსოფლიოში ცხოვრობდნენ ადრინდელი ქრისტიანები?
5 პირველი საუკუნის ქრისტიანები ცხოვრობდნენ მსოფლიოში, სადაც ბერძნულ-რომაული ფასეულობანი და იდეალები იყო გაბატონებული. ერთი მხრივ, ბევრი ეხარბებოდა იმ კომფორტსა და ფუფუნებას, რაც ცხოვრების რომაული სტილისთვის იყო დამახასიათებელი; ხოლო მეორე მხრივ, იმ დროის ინტელექტუალთა წრე არა მარტო პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური იდეებით იყო გატაცებული, არამედ ისეთი ახალი სკოლებითაც, როგორებიც იყო ეპიკურელთა და სტოიკოსთა სკოლა. როდესაც მოციქული პავლე მეორე მისიონერული მოგზაურობისას ათენში ჩავიდა, მას ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ‘ამ მოლაყბეზე’ უფრო აღმატებულნი იყვნენ (საქმეები 17:18).
6. ა) რა ცდუნების წინაშე იდგა ზოგიერთი ადრინდელი ქრისტიანი? ბ) რა გაფრთხილება მოგვცა პავლემ?
6 აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რატომ იზიდავდა ზოგიერთ ადრინდელ ქრისტიანს მათ გარშემო მყოფი ხალხის მოქმედების მოჩვენებითი სახე და ცხოვრების სტილი (2 ტიმოთე 4:10). ისე ჩანდა, რომ თითქოსდა ისინი, ვინც იმდროინდელი სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო, მრავალ სარგებლობას იღებდნენ და უპირატესობებით სარგებლობდნენ, ხოლო მათ მიერ გაკეთებული სხვადასხვა არჩევანი გონივრული იყო. თითქოსდა მაშინდელ მსოფლიოს ისეთი ძვირფასი რამის შემოთავაზება შეეძლო, რაც ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, რომელიც ღვთისადმი ერთგულებითა და მიძღვნით ხასიათდებოდა, არ მოიპოვებოდა. მაგრამ, მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8). რატომ თქვა პავლემ ეს?
7. რას წარმოადგენს სინამდვილეში წუთისოფლისეული სიბრძნე?
7 პავლემ იმიტომ მისცა ეს გაფრთხილება ქრისტიანებს, რომ ის გრძნობდა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც წუთისოფლით მოხიბლულთა აზროვნების მიღმა იმალებოდა. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ ფრაზის — ‘ფილოსოფია და ფუჭი ცდუნება’ — გამოყენება. სიტყვა „ფილოსოფია“ სიტყვასიტყვით „სიბრძნის სიყვარულსა და ძიებას“ ნიშნავს. ეს, თავისთავად, შეიძლება სასარგებლო იყოს. სინამდვილეში ბიბლია, განსაკუთრებით კი წიგნი „იგავნი“, საჭირო ცოდნისა და სიბრძნის ძიებისკენ მოგვიწოდებს (იგავნი 1:1—7; 3:13—18). მაგრამ, პავლემ „ფილოსოფია“ „ფუჭ ცდუნებასთან“ დააკავშირა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე იმ სიბრძნეს, რომლის შემოთავაზებაც წუთისოფელს შეეძლო, ფუჭად და მაცდუნებლად მიიჩნევდა. გაბერილი ჰაერბურთის მსგავსად, რომელშიც სიცარიელეა, მასაც, ასე ვთქვათ, სოლიდური შესახედაობა ჰქონდა, მაგრამ მოკლებული იყო შინაარსს. მართლაც რომ ფუჭი, და დამღუპველიც კი, იქნებოდა სწორსა და არასწორს შორის არჩევანის გაკეთებისას ისეთ უსაფუძვლო რამეს დავყრდნობოდით, როგორიც წუთისოფლისეული ‘ფილოსოფია და ფუჭი ცდუნებაა’.
„ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას“
8. ა) ვის მიმართავს ხალხი რჩევა-დარიგებისთვის? ბ) როგორ რჩევა-დარიგებას გვთავაზობენ დღეს?
8 დღევანდელი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება მაშინდელისგან. ადამიანთა მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროში სპეციალისტების სიმრავლე შეინიშნება. კონსულტანტები ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების საკითხებში, საგაზეთო მიმომხილველები, ექიმბაშები, ასტროლოგები, მედიუმები და სხვანი მზად არიან გასამრჯელოს საზღაურად რჩევა-დარიგების მოსაცემად. როგორ რჩევა-დარიგებას გვთავაზობენ ისინი? ხშირად ისინი ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს ივიწყებენ და ეგრეთ წოდებული ახალი ზნეობრიობით ხელმძღვანელობენ. კანადის მთავარი გაზეთის, „გლოუბ ენდ მეილის“, მოწინავე წერილში მთავრობის მიერ „ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების“ რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „ერთმანეთის მოსიყვარულე და ერთგული წყვილისთვის მათი უნაზესი სურვილის აღსრულებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ საბაბით, რომ ისინი ერთი და იმავე სქესს განეკუთვნებიან, აბსურდული ჩანს 2000 წლისთვის“. დღესდღეობით შეინიშნება ტენდენცია, რომ ადამიანები შემწყნარებლები უნდა იყვნენ და არა კრიტიკულად განწყობილი. ყველაფერი პირობითად არის მიჩნეული; მეტად აღარ არსებობს სწორისა და არასწორის აბსოლუტურად მკაფიო გაგება (ფსალმუნი 9:24, 25).
9. რას აკეთებენ ხშირად საზოგადოებაში პატივცემული ადამიანები?
9 სხვები სოციალურ და ბიზნესის სფეროში წარმატებულებს — მდიდარსა და სახელგანთქმულ ადამიანებს — სამაგალითო პიროვნებებად მიიჩნევენ და გადაწყვეტილებების მიღებისას ბაძავენ მათ. თუმცა მდიდარ და სახელგანთქმულ ადამიანებს დღევანდელ საზოგადოებაში პატივსაცემ პიროვნებებად მიიჩნევენ, მათი საუბრები ისეთ მაღალზნეობრივ თვისებებზე, როგორიცაა პატიოსნება და ნდობა, ხშირად მხოლოდ ლიტონ სიტყვებად რჩება. ბევრი, ვინც ძალაუფლებისა და მოგების ძიებით არის გატაცებული, წარბშეუხრელად უვლის გვერდს დადგენილ წესებსა და ქცევის ნორმებს და ფეხქვეშ თელავს ზნეობრივ პრინციპებს. სახელისა და პოპულარობის მოხვეჭით დაინტერესებული ზოგი ადამიანი საზოგადოებაში მიღებულ ფასეულობებსა და ნორმებს უგულებელყოფს; უფრო მეტიც, ახირებულად და აღმაშფოთებლადაც კი იქცევა. ამის შედეგია ანგარებას გამოკიდებული, უპრინციპო საზოგადოების არსებობა, რომლის დევიზია —„ყველაფერი ნებადართულია“. განა გასაკვირია, რომ ხალხი თავგზააბნეულია და ვეღარ გაუგია, რა არის სწორი და რა — არასწორი? (ლუკა 6:39).
10. როგორ შესრულდა ესაიას სიტყვები ბოროტებასა და სიკეთესთან დაკავშირებით?
10 იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც არასწორი ხელმძღვანელობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მოაქვს, ჩვენს გარშემო ყველგან ვხედავთ — დარღვეული ქორწინებები და დაქცეული ოჯახები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, თავზე ხელაღებული ახალგაზრდების ბანდები, გარყვნილება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მართლაცდა, განა შეიძლება სხვა რამეს მოველოდეთ, როდესაც ადამიანები სწორისა და არასწორის გარჩევაში დამხმარე ყოველგვარ ნორმებსა და პრინციპებს უგულებელყოფენ? (რომაელთა 1:28—32). ამ სიტუაციას ზუსტად ასახავს ესაია წინასწარმეტყველი: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს — ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს — სიმწარედ! ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!“ (ესაია 5:20, 21).
11. რატომ არის არაგონივრული საკუთარ თავზე დაიმედება, როდესაც ვწყვეტთ, რა არის სწორი და რა — არასწორი?
11 ის ფაქტი, რომ ღმერთმა პასუხი მოსთხოვა ძველად მცხოვრებ იუდეველებს, რომლებიც ‘თავიანთ თვალში ბრძენნი’ იყვნენ, კიდევ უფრო კარგად გვანახვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე დანდობას მოვერიდოთ, როდესაც ვწყვეტთ, რა არის სწორი და რა — არასწორი. დღეს ბევრი იზიარებს ასეთ თვალსაზრისს: „აკეთე, რასაც გული გიკარნახებს“, ანდა „გააკეთე ის, რაზეც ფიქრობ, რომ სწორია“. ნუთუ გონივრულია ასეთი მიდგომა? ბიბლია არ უჭერს მხარს ასეთ აზროვნებას. მასში გარკვევით არის ნათქვამი: «უნდოა ყველას გული და უკურნებელი [„ვერაგი, აქ], ვინ შეიცნობს მას?» (იერემია 17:9). ნუთუ მიენდობოდით უნდო და ვერაგ ადამიანს, რომ მას ეხელმძღვანელა შენთვის გადაწყვეტილების მიღებისას? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში შენ, ალბათ, იმის საწინააღმდეგოს უფრო გააკეთებდი, რასაც ასეთი ადამიანი გეტყოდა. აი, რატომ შეგვახსენებს ბიბლია: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება“ (იგავნი 3:5—7; 28:26).
ვისწავლოთ, რა არის ღვთის მოსაწონი
12. რატომ უნდა შევიცნოთ „ღვთის ნება“?
12 სწორისა და არასწორის გარჩევისას თუ არც წუთისოფლისეულ სიბრძნეს უნდა დავეყრდნოთ და არც საკუთარ თავს, მაშ როგორ გვმართებს მოქცევა? ვნახოთ, როგორი ნათელი და არაორაზროვანი რჩევა მოგვცა მოციქულმა პავლემ: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). რატომ გვჭირდება ღვთის ნების შეცნობა? ბიბლიაში იეჰოვა გულახდილად გვამცნობს ამის საფუძვლიან მიზეზს: „როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (ესაია 55:9). ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ჭკუას ან გრძნობებს მივენდოთ, ბიბლია მოგვიწოდებს, ‘გამოვცადოთ, რა არის უფლის მოსაწონი’ (ეფესელთა 5:10).
13. როგორ უსვამს იოანეს 17:3-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები ხაზს იმის ცოდნის აუცილებლობას, თუ რა არის ღვთის მოსაწონი?
13 იესომ ხაზი გაუსვა ამის აუცილებლობას, როდესაც თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თავდაპირველ ბერძნულ გამოთქმას, რომელიც აქ თარგმნილია, როგორც „გიცნობდნენ“, ძალიან ღრმა გაგება აქვს. „ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად ეს გამოთქმა „მიანიშნებს ცოდნის მიმღებ პირსა და იმ ობიექტს შორის კავშირზე, რომლის შესახებაც მან მიიღო ცოდნა; ამ მხრივ იმ ადამიანისთვის, ვინც ცოდნა შეიძინა, ღირებული ანუ მნიშვნელოვანია მიღებული შემეცნება და, შესაბამისად, ღირებულია დამყარებული ურთიერთობა“. ვინმესთან ურთიერთობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მისი ვინაობისა და სახელის ცოდნას. ეს იმის ცოდნასაც ნიშნავს, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს მას, ეს მისი შეხედულებებისა და ნორმების ცოდნას და მათდამი პატივისცემასაც გულისხმობს (1 იოანე 2:3; 4:8).
გავიწაფოთ აღქმის უნარი
14. პავლეს სიტყვების თანახმად, რა ძირითადი განსხვავება არსებობს სულიერად ჩვილ და მოწიფულ ადამიანებს შორის?
14 მაშ, როგორ შეგვიძლია სწორისა და არასწორის გარჩევის უნარის განვითარება? ამ კითხვაზე პირველ საუკუნეში მცხოვრები ებრაელებისადმი პავლეს მიერ მიწერილი სიტყვები გვპასუხობს. მან დაწერა: «ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია [„მოწიფულთათვის, რომლებსაც გამოყენებით აქვთ გაწაფული აღქმის უნარი“, აქ] კეთილისა და ბოროტის გასარჩევად». პავლემ აქ „რძე“, რომელიც წინა მუხლში ‘ღვთის სიტყვის პირველ საწყისებად’ მოიხსენია, „მოწიფულთათვის“ განკუთვნილ „მაგარ საჭმელს“ დაუპირისპირა; ამ მოწიფულ ადამიანებს ‘გაწაფული აქვთ აღქმის უნარი კეთილისა და ბოროტის გასარჩევად’ (ებრაელთა 5:12—14).
15. რატომ არის საჭირო დიდად გარჯა ღვთის შესახებ შემეცნების შესაძენად?
15 ეს ნიშნავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, დიდად უნდა გავისარჯოთ, რათა ზუსტად შევიცნოთ ღვთის ნორმები, რომელიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული. ჩვენ არ გვსურს, წესების კრებული ვიქონიოთ, რომელიც გვიკარნახებს, რა გავაკეთოთ და რა — არა. ბიბლია არ არის ასეთი წიგნი. სინამდვილეში, როგორც პავლემ განმარტა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). სარგებლობა რომ მივიღოთ ამ სწავლებიდან, მხილებიდან და დარიგებიდან, გონებისა და აზროვნების უნარის ამ კუთხით გამოყენება უნდა დავიწყოთ. ეს დიდ გარჯას მოითხოვს ჩვენი მხრიდან, მაგრამ შედეგი — ‘ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადება’ — მართლაც რომ ღირს ძალისხმევად (იგავნი 2:3—6).
16. რა ნიშნავს აღქმის უნარის გაწაფვა?
16 გარდა ამისა, როგორც პავლემ მიუთითა, მოწიფულ ადამიანებს ‘გაწაფული აქვთ აღქმის უნარი კეთილისა და ბოროტის გასარჩევად’. აქ ჩვენი განსახილველი საკითხის უმთავრეს მომენტს მივადექით. ფრაზა ‘გაწაფული აქვთ აღქმის უნარი’ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შეგრძნების ორგანოების გაწაფვას (ტანმოვარჯიშის მსგავსად)“ („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). ნაწრთობ ტანმოვარჯიშეს ტანვარჯიშის ისეთ საუკეთესო იარაღებზე, როგორიცაა რგოლები და დვირი, თვალისდახამხამებაში შეუძლია საოცრად მარჯვე მოძრაობების შესრულება — თითქოსდა მიზიდულობამ მასზე ძალა დაკარგა და ბუნების სხვა კანონებსაც აღარ ემორჩილებაო. ის ყოველწამს სრულად აკონტროლებს სხეულის ორგანოებს და თითქმის ინსტინქტურად გრძნობს, რა მოძრაობა უნდა გააკეთოს თავისი გამოსვლის წარმატებით დასასრულებლად. ყოველივე ეს მკაცრად დისციპლინებული და გამუდმებული ვარჯიშის შედეგია.
17. რა გაგებით უნდა ვგავდეთ ტანმოვარჯიშეს?
17 თუ გვინდა, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გაკეთებული არჩევანი ყოველთვის გონივრული იყოს, მსგავსად ტანმოვარჯიშისა, — სულიერი გაგებით, — ჩვენც გაწაფული უნდა ვიყოთ. ყოველ წუთს უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენს გრძნობებსა და სხეულის ორგანოებს (მათე 5:29, 30; კოლასელთა 3:5—10). მაგალითად, წვრთნი თუ არა შენს თვალებს, რომ მათ არანაირ უზნეობას არ უყურონ, ან ყურებს — რომ არ მოუსმინონ გამხრწნელ მუსიკასა და საუბარს? მართალია ასეთ არაჯანსაღ გავლენას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, მაგრამ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, დავრთავთ თუ არა მას ნებას, ფესვები გაიდგას ჩვენს გულსა და გონებაში. შეგვიძლია ფსალმუნმომღერალს მივბაძოთ, რომელმაც თქვა: „არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. . . ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ“ (ფსალმუნი 100:3, 7).
გამოყენებით გაწაფეთ აღქმის უნარი
18. რა დატვირთვა აქვს სიტყვას „გამოყენებით“, რომელიც პავლემ აღქმის უნარის გაწაფვაზე საუბრისას მოიხსენია?
18 გვახსოვდეს, რომ მხოლოდ „გამოყენებით“ შეგვიძლია სწორისა და არასწორის გასარჩევად აღქმის უნარის გაწაფვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის, როდესაც რაიმე გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, გონების გამოყენება უნდა ვისწავლოთ იმის მისახვედრად, თუ რა ბიბლიური პრინციპები მიესადაგება ჩვენს სიტუაციას და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ჩვევად გაიხადეთ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოკვლევა (მათე 24:45). რა თქმა უნდა, მოწიფულ ქრისტიანებსაც შეგვიძლია მივმართოთ დახმარებისთვის. მაგრამ თუ პირადად მოვახმართ ძალ-ღონეს ღვთის სიტყვის შესწავლას და იმავდროულად იეჰოვას ლოცვით მივმართავთ ხელმძღვანელობისა და მისი სულის მისაღებად, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, უხვი კურთხევებით დაგვაჯილდოებს (ეფესელთა 3:14—19).
19. რა კურთხევები შეგვიძლია მივიღოთ, თუ სულ უფრო და უფრო გავიწაფავთ აღქმის უნარს?
19 ჩვენი მიზანი, რაც უფრო ვიწაფავთ აღქმის უნარს, ის არის, რომ „აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“ (ეფესელთა 4:14). პირიქით, ჩვენ გვაქვს შემეცნება და ცოდნა. ამ შემეცნებისა და ცოდნის წყალობით ვიცით, რა არის ღვთის მოსაწონი და სწორედ მათზე დაფუძნებით შეგვიძლია მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, სერიოზული თუ შედარებით უმნიშვნელო, რომლებიც სასარგებლო იქნება ჩვენთვის, განამტკიცებს ჩვენს თანამორწმუნეებს და, რაც ყველაზე მთავარია, სიამოვნებას მოჰგვრის ჩვენს ზეციერ მამას (იგავნი 27:11). რაოდენ დიდი კურთხევა და დაცვაა ეს ამ კრიტიკულ ჟამს!
[სქოლიოები]
a დ-რ ტომას ჰოლმზისა და რიჩარდ რეის მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც ადამიანთა ცხოვრებაში ყველაზე სტრესული 40-ზე მეტი სიტუაციაა ჩამოთვლილი, მეუღლის სიკვდილს, განქორწინებასა და მეუღლეთა ცალკე ცხოვრებას პირველი სამი ადგილი უკავია. დაქორწინება მეშვიდე ადგილზე დგას.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რისი უნარია საჭირო გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად?
• რატომ არის არაგონივრული გამოჩენილ ადამიანებზე ან საკუთარ გრძნობებზე დაიმედება, როდესაც ვწყვეტთ, რა არის სწორი და რა — არასწორი?
• რატომ უნდა გვქონდეს შეცნობილი, თუ რა არის ღვთის მოსაწონი, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
• რას ნიშნავს ‘გაწაფული გვქონდეს აღქმის უნარი’?
[სურათი 9 გვერდზე]
მდიდარი და სახელგანთქმული ადამიანების პრინციპებით ხელმძღვანელობის ძიება ფუჭია.
[სურათი 10 გვერდზე]
ტანმოვარჯიშის მსგავსად, სრულად უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენს ყველა გრძნობასა და სხეულის ორგანოს.