დიდება
ებრაულ წერილებში დიდების აღმნიშვნელი ძირითადი ებრაული სიტყვა არის ქავოდ, რომლის პირველადი მნიშვნელობაა „სიმძიმე“ (შდრ. 1სმ. 4:18, რომელშიც ქავოდის მონათესავე ზედსართავი სახელი ქავედ ნათარგმნია, როგორც მძიმე). აქედან გამომდინარე, დიდება არის ის, რაც ადამიანს, მოვლენასა თუ საგანს წონას მატებს ან შთამბეჭდავს ხდის. ეს შეიძლება იყოს მატერიალური სიმდიდრე (ფს. 49:16), სტატუსი ან რეპუტაცია (დბ. 45:13). ქავოდის ბერძნული ეკვივალენტია დოქსა, რომელიც თავდაპირველად აზრსა და რეპუტაციას ნიშნავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ დიდების მნიშვნელობა შეიძინა და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამავე მნიშვნელობით გვხვდება. დოქსა პატივსაც ნიშნავს (ლკ. 14:10) და ისეთი რამის აღსანიშნავადაც გამოიყენება, რაც მის მფლობელს ან შემქმნელს პატივს მიაგებს (1კრ. 11:7).
წმინდა წერილებში „დიდება“ ხშირად იეჰოვა ღმერთთან დაკავშირებით იხმარება. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: „როცა ადამიანთან დაკავშირებით გამოიყენება, [ქავოდ] არის ის, რითაც ადამიანი სხვაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და რასაც მისთვის აღიარება მოაქვს. ეს შეიძლება იყოს მატერიალური სიმდიდრე ან ნებისმიერი რამ, რაც თვალში საცემია [ღირსება ან პრესტიჟი], ხოლო როცა ღმერთთან დაკავშირებით გამოიყენება, [ქავოდ] არის ყველაფერი ის, რაც ღმერთით აღფრთოვანებას იწვევს“ (Theological Dictionary of the New Testament, გ. კიტელის რედაქციით, 1971, ტ. II, გვ. 238, ნათარგმნია ჯ. ბრომილის ინგლისური თარგმანიდან). ასე რომ, დიდება იეჰოვას ყოვლისშემძლეობის შთამბეჭდავი გამოვლინებაა. ამიტომაა, რომ ხილული ციური სხეულები „ღვთის დიდებას აუწყებს“ (ფს. 19:1). სინას მთაზე „იეჰოვას დიდება“ შიშისმომგვრელი „შთამნთქმელი ცეცხლის“ სახით გამოვლინდა (გმ. 24:16—18; შდრ. გმ. 16:7, 10; 40:34).
იესოს პირველ სასწაულზე ბიბლია ამბობს, რომ მან „თავისი დიდება ცხადი გახადა“ (ინ. 2:11). „დიდებაში“ აქ იგულისხმება ზებუნებრივი ძალის შთამბეჭდავი გამოვლინება, რაც ხალხს მიახვედრებდა, რომ იგი აღთქმული მესია იყო (შდრ. ინ. 11:40—44). ერთხელ იესომ ასე ილოცა: „მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (ინ. 17:5). იესომ „დიდებაში“ იგულისხმა ის მაღალი მდგომარეობა, რომელიც მას დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ეკავა. ლოცვის პასუხად იეჰოვა ღმერთმა „განადიდა თავისი მსახური იესო“ — მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში დააბრუნა (სქ. 3:13—15). როდესაც იესო გარდაისახა, იქ მყოფმა მოციქულებმა მისი დიდება დაინახეს (ლკ. 9:29—32). ეს მოვლენა იმ სამეფო დიდებულებაზე მიანიშნებდა, რომელსაც იესო სამეფო ძალაუფლებით მოსვლისას მიიღებდა (2პტ. 1:16).
ბიბლია ღვთის მსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთონ (1კრ. 10:31). ღვთის განდიდება შესაძლებელია მისადმი პატივისა და ქების მიგებით. ადამიანს თავისი ქცევით შეუძლია სხვები ღვთის განდიდებისკენ აღძრას (მთ. 5:16; 1პტ. 2:12). ის ქრისტიანები, რომლებიც იეჰოვას მითითებებს ითვალისწინებენ, „დიდებიდან დიდებაში“ გარდაიქმნებიან, ანუ უფრო და უფრო მეტად ირეკლავენ ღვთის დიდებას (2კრ. 3:18). მეორე მხრივ, ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ ადამიანთაგან დიდებას, როგორც ზოგიერთები ეძებდნენ პირველ საუკუნეში (ინ. 12:42, 43). იესომ და პავლე მოციქულმა ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს, რადგან არ ეძებდნენ და არ იღებდნენ ადამიანთაგან დიდებას (ინ. 5:41; 8:50; 1თს. 2:5, 6).