თავი 3
რაც მალე უნდა მოხდეს
1. როგორ შეგვიძლია, თავი დავაღწიოთ ღვთის სასჯელს, რომელიც ამ ქვეყნიერებას დაატყდება?
ჩვენ გულგრილად არ უნდა ვადევნოთ თვალყური დღევანდელ მსოფლიო მოვლენებს. ეს ქვეყნიერება ვერ გაექცევა ღვთის სასჯელს, ჩვენ კი გავექცევით, თუ არ ვიქნებით გასანადგურებლად განწირული „ქვეყნიერების ნაწილი“. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ განდეგილებივით ასკეტურად ვიცხოვროთ, არამედ იმას, რომ გავიხაროთ აზრით აღსავსე ცხოვრებით. ამასთანავე, საერთო არაფერი უნდა გვქონდეს პოლიტიკასთან, სიხარბეზე აგებულ კომერციასა და ღვთის შეურაცხმყოფელ რელიგიებთან; შორს უნდა ვიდგეთ ძალადობისა და უზნეობისგანაც, უნდა დავიცვათ ღვთის მაღალი ნორმები და შევასრულოთ ღვთის ნება (იოანე 17:14—16; სოფონია 2:2, 3; გამოცხადება 21:8). ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა.
2. რა სიტყვებით იწყებს მოციქული იოანე „გამოცხადებაში“ ჩაწერილ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას, და ვის გადასცა ღმერთმა ეს მნიშვნელოვანი ცნობა?
2 მოციქული იოანე შემდეგი სიტყვებით იწყებს შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხადება 1:1ა). ეს მნიშვნელოვანი ცნობა მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ მიიღო ღვთისგან. აქედან ჩანს, რომ იესო მამას ემორჩილება და არ არის იდუმალებით მოცული სამების ნაწილი. მსგავსად ამისა, „მონები“, რომლებიც ქრისტიანულ კრებას შეადგენენ, იესო ქრისტეს ემორჩილებიან და „მიჰყვებიან [მას], სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხადება 14:4; ეფესოელები 5:24). მაგრამ ვინ არიან დღეს ღვთის „მონები“, და რაში ეხმარება მათ წიგნი „გამოცხადება“?
3. ა) ვინ არიან „მონები“, რომლებიც იესო ქრისტეს ემორჩილებიან? ბ) რა საქმიანობას ეწევიან ერთგული „მონები“ ანგელოზების ხელმძღვანელობით?
3 მოციქული იოანე, რომელმაც „გამოცხადება“ დაწერა, თავის თავსაც მონას უწოდებს. მოციქულთაგან ისღა იყო დარჩენილი. ის იყო იმ რჩეული „მონის“ კლასის ერთ-ერთი სულითცხებული, რომელიც ზეცაში უკვდავებას მიიღებდა. დღესდღეობით მათგან რამდენიმე ათასიღაა დარჩენილი დედამიწაზე. თუმცა ღმერთს სხვა მსახურებიც ჰყავს, უამრავი ხალხი — მილიონობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი. ანგელოზების ხელმძღვანელობით ისინიც ცხებულ „მონებთან“ ერთად მარადიულ სასიხარულო ცნობას უცხადებენ ადამიანებს. ეს „მონები“ თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ მთელ დედამიწაზე თვინიერ ხალხს გადარჩენაში დაეხმარონ (მათე 24:14; გამოცხადება 7:9, 14; 14:6). „გამოცხადება“ იმასაც ჰფენს ნათელს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სასიხარულო ცნობამ ბედნიერება მოგვიტანოს.
4. ა) რატომ ამბობდა იოანე, რომ მოსახდენი მალე მოხდებოდა, თუკი მან 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ დაწერა „გამოცხადება“? ბ) რა ადასტურებს, რომ წინასწარმეტყველებები შესრულდება?
4 რატომ ამბობდა იოანე, რომ ეს „მონები“ იხილავდნენ იმას, რაც მალე უნდა მომხდარიყო? ეს სიტყვები ხომ 1 900-ზე მეტი წლის წინათ დაიწერა! იეჰოვას თვალსაზრისით, რომლისთვისაც ათასი წელი „გუშინდელი“ დღესავით არის, 1 900 წელი საკმაოდ მოკლე პერიოდია იმ ათასწლეულებთან შედარებით, რაც ღმერთმა დედამიწის შექმნასა და საცხოვრებლად მომზადებას მოანდომა (ფსალმუნი 90:4). პავლე მოციქული წერდა, რომ ‘მოუთმენლად ელოდა და იმედოვნებდა’ ჯილდოს მიღებას, რაც, როგორც თავად ამბობდა, მალე მოხდებოდა (ფილიპელები 1:20). თუმცა დღეს არაერთი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ყველაფერი, რაც ნაწინასწარმეტყველებია, თავის დროზე შესრულდება. კაცობრიობას დღეს ისე სჭირდება გადარჩენა, როგორც არასდროს, და ეს მხოლოდ ღვთის ხელით არის შესაძლებელი! (ესაია 45:21).
როგორ აძლევს ღმერთი ხალხს ცოდნას
5. როგორ გადაეცა „გამოცხადება“ ჯერ იოანე მოციქულს და მერე კრებებს?
5 გამოცხადების 1:1ბ, 2 მუხლები ასე გრძელდება: „მან [იესომ] გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს [გამოცხადება] თავის მონა იოანეს, რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და ნანახის შესახებ“. იოანეს ღვთის ცნობა ანგელოზმა გადასცა. იოანემ კი ის გრაგნილზე დაწერა და იმდროინდელ კრებებს გადასცა. ჩვენდა საბედნიეროდ, ღმერთმა ეს ცნობა იმისთვის შემოინახა, რომ გაემხნევებინა თავისი მსახურები, რომლებიც დღეს მთელ დედამიწაზე თითქმის 100 000 კრებად ერთიანდებიან.
6. იესოს სიტყვების თანახმად რომელი „არხით“ მიაწვდიდა ის დღეს სულიერ საზრდოს თავის „მონებს“?
6 ღმერთს ჰქონდა „არხი“, რომლის მეშვეობითაც იოანეს დროს თავის მსახურებს გადასცა „გამოცხადება“. იოანე ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი იყო. ღმერთს დღესაც აქვს არხი, რომლის საშუალებითაც სულიერად კვებავს თავის „მონებს“. ქვეყნიერების აღსასრულზე თავის ცნობილ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა, რომ ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი „ერთგული და გონიერი მონა“ იქნებოდა, „რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის“ (მათე 24:3, 45—47). ის იოანეს კლასს აძლევს წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ახსნის შესაძლებლობას.
7. ა) რისკენ აღგვძრავს „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ნიშნები? ბ) რამდენი ხანია, რაც იოანეს კლასი „გამოცხადების“ ხილვების შესრულებაში მონაწილეობს?
7 მოციქული იოანე წერს, რომ იესოსგან „გამოცხადება“ „ნიშნებით“ ანუ სიმბოლოებით მიიღო. ეს ცოცხალი სიმბოლოებია და მათი გამოკვლევა მეტად საინტერესო იქნება. გავიგებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რამაც უნდა აღგვძრას, ხალხს წინასწარმეტყველებასა და მის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ. „გამოცხადებაში“ საოცარ ხილვებს შევხვდებით. იოანე ზოგჯერ ამ ხილვების უშუალო მონაწილე იყო და ზოგჯერ დამკვირვებელი. იოანეს კლასი კი, რომელთაგან ზოგიერთი ათწლეულებია, რაც ამ ხილვების შესრულებაში მონაწილეობს, ბედნიერია, რადგან ღმერთმა თავისი სულით განუცხადა მათ წინასწარმეტყველებათა მნიშვნელობა, რათა მათ სხვებისთვის აეხსნათ.
8. ა) რითი გამოირჩევა „გამოცხადებაში“ აღწერილი თითოეული ხილვა? ბ) როგორ გვეხმარება დანიელის წინასწარმეტყველება, გავიგოთ, ვის განასახიერებენ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცები?
8 ეს ხილვები „გამოცხადებაში“ ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არ არის აღწერილი. თითოეულს თავისი შესრულების დრო აქვს. ბევრი მათგანის ახსნა ადრინდელი წინასწარმეტყველებების საფუძველზეა შესაძლებელი. მაგალითად, დანიელმა წინასწარმეტყველებაში აღწერა ოთხი საზარელი მხეცი და ახსნა, რომ ეს მხეცები მიწიერ მმართველებს განასახიერებდნენ. აქედან ვიგებთ, რომ გამოცხადებაში ნახსენები მხეცებიც პოლიტიკური ძალების სიმბოლოა და ისინიც მმართველებს განასახიერებენ დღევანდელი მმართველების ჩათვლით (დანიელი 7:1—8, 17; გამოცხადება 13:2, 11—13; 17:3).
9. ა) რამ ცხადყო, რომ იოანეს კლასი იოანეს მსგავსად მოქმედებდა? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის?
9 იოანე ერთგულად აცხადებდა იმ ცნობას, რომელიც მას ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით გადასცა. მან დაწვრილებით აღწერა ის, რაც იხილა. იოანეს კლასიც გულმოდგინედ ეძებდა ღვთისა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომ ბოლომდე ჩასწვდომოდა წინასწარმეტყველებებს და ღვთის ხალხისთვისაც გადაეცა მათი მნიშვნელობა. ცხებულების შესახებ (აგრეთვე უამრავი ხალხისგან შემდგარი საერთაშორისო საძმოს შესახებ, რომელიც დიდ გასაჭირს გადაიტანს) იოანემ დაწერა: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“ (გამოცხადება 1:3).
10. რა უნდა გავაკეთოთ, რომ „გამოცხადებამ“ ბედნიერება მოგვიტანოს?
10 დიდ სარგებლობას მივიღებთ, თუ წავიკითხავთ „გამოცხადებას“ და, განსაკუთრებით, თუ წაკითხულის თანახმად ვიმოქმედებთ. იოანემ თავის ერთ-ერთ წერილში დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის. ყოველივე, რაც ღვთისგან არის შობილი, სძლევს ქვეყნიერებას; ჩვენი რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას“ (1 იოანე 5:3, 4). ასეთი რწმენის განვითარება ნამდვილი ბედნიერების საწინდარია!
11. ა) რატომაა აუცილებელი წინასწარმეტყველური სიტყვების დაცვა? ბ) რა დღის ზღურბლზე ვდგავართ?
11 აუცილებლად უნდა დავიცვათ წინასწარმეტყველური სიტყვები, „რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“. რისთვისაა ეს დრო დანიშნული? „გამოცხადების“ წინასწარმეტყველების შესრულებისა და ღვთის განაჩენის აღსრულებისთვის. მალე ღმერთი და იესო ქრისტე საბოლოო განაჩენს აღასრულებენ სატანის ქვეყნიერებაზე. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა, რომ მხოლოდ მამამისმა იცოდა „იმ დღეზე და საათზე“. იესომ წინასწარ განჭვრიტა, რა საშინელი მოვლენები განვითარდებოდა ჩვენს დროში და თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განაჩენის აღსრულების დღე კარსაა მომდგარი (მარკოზი 13:8, 30—32). აბაკუმის 2:3-ში ნათქვამია: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“. დიდ გასაჭირში ხსნა იმაზეა დამოკიდებული, დავიცავთ თუ არა ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვებს (მათე 24:20—22).
[ჩარჩო 15 გვერდზე]
გამოცხადების წიგნის გასაგებად აუცილებელია:
● იეჰოვას სულის დახმარება;
● ვიცოდეთ, როდის დაიწყო უფლის დღე;
● ამოვიცნოთ, ვინ არის დღეს ერთგული და გონიერი მონა.